საპენსიო სააგენტოს საქმიანობისა და ადმინისტრაციული ხარჯების მიმოხილვა

ბლოგპოსტები 2 მარტი 2020

ანალიტიკური სტატიის ავტორია ანა გოგოლაძე და ის დაიწერა კონკურსისთვის „ჟურნალისტები დემოკრატიული მმართველობისთვის“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის, Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს Luminate-ის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.

 

ანა გოგოლაძე არის კონკურსის გამარჯვებული - III ადგილის მფლობელი.

 

------

 

შესავალი

 

2018 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო მთავრობის მიერ ინიცირებული კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, რითაც ქვეყანამ გადადგა ნაბიჯი საპენსიო სისტემის რეფორმირებისაკენ. პროგრამა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა და შესაბამისად, ამავე პერიოდში დაიწყო საპენსიო ფონდში კერძო და საჯარო სექტორიდან სახსრების აკუმულირება.

 

დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა ყველა დაქირავებით დასაქმებულისთვის სავალდებულოა. საპენსიო სისტემაში ნებაყოფლობით გაწევრიანება შეუძლიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებსა და იმ პირებს, ვისაც კანონის ამოქმედებამდე 1 შეუსრულდათ 60 წელი (ქალების შემთხვევაში − 55 წელი).

 

კანონის თანახმად, საპენსიო შენატანის განხორციელება ევალება ყველა დასაქმებულს, მის სასარგებლოდ ყველა დამსაქმებელს და სახელმწიფოს დასაქმებულის დაუბეგრავი შრომითი ანაზღაურების 2%-ის ოდენობით. აღნიშნული თანხა პირის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აკუმულირდება.

 

კანონი სისტემიდან გასვლის შესაძლებლობას აძლევს მხოლოდ დასაქმებულს, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი. აღნიშნული პირი, უფლებამოსილია დატოვოს სისტემა, დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრიანებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრიანებიდან 3 თვისა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ აღნიშნული პირი ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მოასწრებს სისტემის დატოვებას, იგი საპენსიო ასაკის მიღწევამდე რჩება სქემაში.

 

საპენსიო რეფორმის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საპენსიო სააგენტო“, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე. საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირებას პირველი 3 წლის განმავლობაში მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი უზრუნველყოფს. შემდგომ წლებში კი, მისი დაფინანსება მოხდება საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხებიდან, რომელმაც მომდევნო 10 წლის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს საპენსიო აქტივების 0,5 პროცენტს, ხოლო ამ პერიოდის გასვლის შემდეგ − 0,25 პროცენტს.

 

სტატიის მიზანი

 

საპენსიო რეფორმის ძალაში შესვლიდან 10 თვეზე მეტი გავიდა. ვინაიდან, აღნიშნული ფონდი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ახორციელებს მასში ჩართული ასი ათასობით მოქალაქის მიერ შეტანილი მილიონობით ლარის განკარგვას, როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან საჭიროებს მუდმივ მონიტორინგსა და შედეგების კონტროლს.

 

აღნიშნული მიზნით, 2019 წლის 14 ნოემბერს, წერილობით მივმართე საპენსიო სააგენტოს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების თანახმად, მოვთხოვე საჯარო ინფორმაციის მოწოდება სააგენტოში დასაქმებული პირების და მათზე გასაცემი თანამდებობრივი სარგოს, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებული და სქემიდან გასული პირების, ფონდში აკუმულირებული სახსრებისა და ამ სახსრების განკარგვის


შესახებ. ასევე, ინფორმაცია სააგენტოს მიერ განხორციელებულ საინფორმაციო კამპანიისა და გაწეული ხარჯების შესახებ (კითხვების დეტალური ფორმულირება გთხოვთ იხილოთ თანდართულ წერილში).

 

საპენსიო სააგენტომ, კანონით გათვალისწინებულ ათი დღის ვადაში, მომაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია, მაგრამ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მოწოდება არ მომხდარა სრულყოფილად.

 

ქვემდებარე სტატია, თემატურად მიმოიხილავს კანონის ფარგლებში მოთხოვნილ და საპენსიო სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

 

ინფორმაცია საპენსიო სააგენტოში დასაქმებული პირებისა და მათზე გასაცემი თანამდებობრივი სარგოების შესახებ

 

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირებისათვის გამოყოფილია 3,8 მლნ ლარი, საიდანაც 2 მილიონი ლარი შტატით დასაქმებულ 58 ადამიანის შრომის ანაზღაურებაზე უნდა დაიხარჯოს. აქვე აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ, შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნებისა და მათზე გასაწევი ხარჯების შესახებ. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციები, აღნიშნულ ხარჯს „მომსახურებისა და საქონლის“ მუხლიდან სწევენ.

 

საპენსიო სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 2019 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციაში დასაქმებულია 58 შტატით გათვალისწინებული და 11 შტატგარეშე თანამშრომელი. სააგენტომ წარმოადგინა ინფორმაცია საშტატო ნუსხის შესახებ, მაგრამ არ გასცა ინფორმაცია საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოების შესახებ და განმარტა, რომ „ინფორმაცია თანამდებობრივი სარგოს შესახებ, წარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემს“ . ასევე, მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირის პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. თანამდებობის პირის, აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები საჯაროა“.

 

სააგენტომ წარმოადგინა ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე თანამდებობის პირის, კერძოდ დირექტორისა და მისი სამი მოადგილის, თანამდებობრივი სარგოს შესახებ. აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტომ არ განმარტა რომელი კანონის რომელი მუხლით ითვლება საშტატო ერთეულის თანამდებობრივი სარგო პერსონალურ ინფორმაციად. ასევე, საინტერესოა რატომ არ ითვლებიან სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები თანამდებობის პირებად, მაშინ როდესაც მათი თანამდებობაზე წარდგენა და დამტკიცება მოხდა სპეციალური კომისიისა და საქართველოს პარლამენტის მიერ. მათ მიერვე გაკეთებული განმარტებით, „თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები საჯაროა“.

 

აქვე აღვნიშნავ, რომ მოკვლევის შედეგად გამოვლინდა საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2019 წლის 17 იანვარს მიღებული N3 სხდომის ოქმი, რომლითაც დამტკიცებულ იქნა საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა,  საშტატო ნუსხა და შესაბამისი თანამდებობრივი სარგოები2. აღნიშნულით, კიდევ ერთხელ დასტურდება , რომ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებზე გასაცემი სარგოები არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს და გაუგებარი რატომ არ მოახდინა სააგენტომ აღნიშნული მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება.

 

სააგენტოში, როგორც აღვნიშნეთ, შტატით სულ დასაქმებულია 58 ადამიანი. აქედან, ყველაზე მეტი, 16 პირი მონაწილეთა მომსახურების განყოფილებაში, 10 პირი საოპერაციო დეპარტამენტში, 9 პირი ადმინისტრაციულ დეპარტამენტში და 5 პირი საინვესტიციო საბჭოშია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ჯერ კიდევ ვაკანტურია უფროსი საინვესტიციო ოფიცრისა და რისკების კომიტეტის თავმჯდომარის და ორი ოფიცრის თანამდებობა, რომლებსაც კანონის მიხედვით, სააგენტოში, აქტივების ინვესტირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ.

 

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის პირველი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ მომუშავეთა შრომის ანაზღაურებამ 1,34 მილიონი ლარი შეადგინა, დანამატმა 104 ათას, ხოლო პრემიამ 31, 676 ლარი. აღსანიშნავია, რომ ხელფასის სახით, ყველაზე მეტი ოქტომბრის თვეში გაიცა 165, 372 ლარის ოდენობით, პრემია ათი თვის განმავლობაში, ასევე მხოლოდ ოქტომბრის თვეში გაიცა, ხოლო დანამატის ყველაზე დიდმა ოდენობამ, 32, 400 ლარი შეადგინა, რომელიც მარტის თვეში გასცა სააგენტომ შტატიან თანამშრომლებზე.

 

 

რაც შეეხება ანაზღაურებას კონკრეტული თანამდებობების მიხედვით, სააგენტოს მხრიდან მხოლოდ დირექტორის და მისი მოადგილეების თანამდებობრივი სარგოს შესახებ მოხდა ინფორმაციის მოწოდება, რომლის მიხედვითაც, დირექტორის შრომის ანაზღაურება თვეში 15 ათასი ლარით განისაზღვრა, ერთი მოადგილის 7,500 და დანარჩენი ორი მოადგილის ხელფასები კი 6,500-6,500 ლარით. ჯამში, ყოველთვიურად დირექტორსა და მის მოადგილეებზე გასაცემი ხელფასი 35,500 ლარს შეადგენს.

 

2019 წლის ათი თვის მონაცემებით, საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტიდან შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე მიმართულმა რესურსმა 503,270 ლარი შეადგინა. შტატიანი მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების მსგავსად, ყველაზე დიდი ოდენობით თანამდებობრივი სარგო ოქტომბრის თვეში გაიცა 142 802 ლარის ოდენობით და ასევე, ამავე თვეში გაიცა პირველად პრემია. შტატგარეშე თანამშრომლებზე პრემიის გაცემა მხოლოდ ორჯერ განხორციელდა ჯამში 1,140 ლარის ოდენობით.

 

 

აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის თვის მონაცემებით, ერთ შტატგარეშე თანამშრომელზე დაახლოებით 13 ათასი ლარის გაცემა მოხდა მხოლოდ ხელფასის სახით, რაც თითქმის უტოლდება სააგენტოს დირექტორის ანაზღაურებას, რომელიც ორგანიზაციაში იკავებს ყველაზე მაღალ თანამდებობას.

 

ასევე, ოქტომბრის თვის მონაცემებით დგინდება, რომ შტატგარეშე მომუშავეთა საშუალოთვიური შრომის ანაზღაურება (დაახლოებით 13, 000 ლარი ) თითქმის 4-ჯერ აღემატება შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურებას (დაახლოებით 3,400 ლარი). აღნიშნული 2016 წლამდე, ბიუჯეტის კანონის მიხედვით წარმოადგენდა კანონის ლიმიტებიდან გადაცდომას და საჭიროებდა მთავრობასთან შეთანხმებას, ვინაიდან არ შეიძლებოდა შტატგარეშე მომუშავე პირის ხელფასი შტატიან თანამშრომლის ანაზღაურებაზე მეტი ყოფილიყო. ამ პრაქტიკის არსებობა, საბიუჯეტო ორგანიზაციის მხრიდან არასათანადო დაგეგმარებაზე მიუთითებს და საჭიროებს დამატებით შესწავლას.

 

საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, „შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად“ და როგორც წესი, შტატგარეშე თანამშრომლები, ასრულებენ არაძირითად საქმიანობას, რომლის შესაბამისი სპეციალიზაცია თვითონ უწყებას არ გააჩნია. შესაბამისად, საინტერესოა, სააგენტოში რა თანამდებობებს იკავებენ და რა სამუშაოს ასრულებენ შტატგარეშე პირები მსგავსი დიდი ოდენობის გასამრჯელოს სანაცვლოდ.

 

შტატგარეშე მომუშავეებთან დაკავშირებით, ასევე, საყურადღებოა ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობა ბიუჯეტის კანონით დადგენილ ლიმიტებთან. კერძოდ, საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის 25-ე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციაში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა აღემატება შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხოვნობის 1%-ს, აღნიშნულის შეთანხმება უნდა მოხდეს საქართველოს მთავრობასთან.

 

ინფორმაცია საპენსიო სქემაში მონაწილე და სქემიდან გასული პირების შესახებ

 

კანონის მიხედვით, რეფორმის ამოქმედების დღიდან, ყველა დაქირავებით დასაქმებულისთვის, გარდა ზემოთ ნახსენები გამონაკლისი შემთხვევებისა, სისტემაში ჩართვა სავალდებულო ხასიათს ატარებდა. კომპანიები, რომლებიც არ ჩაერთვებოდნენ სისტემაში დაჯარიმდებოდნენ შესაბამისი ფულადი სანქციით. აღსანიშნავია, რომ პირველივე დღეებში, აღნიშნულ სისტემაში ჩართვა საჯარო უწყებების დიდმა ნაწილმა მოახერხა, მაგრამ გარკვეული ტექნიკური თუ ადმინისტრაციული შეფერხებების გამო, კერძო სტრუქტურები ეტაპობრივად უერთდებოდნენ სქემას. ამას მოწმობს სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციაც. კერძოდ, 1 თებერვლის მონაცემებით, სისტემაში ჩართული იყო 209 ათას ადამიანზე მეტი, საიდანაც დიდი ნაწილი 165 ათასი ადამიანი საჯარო და დარჩენილი 44 პირი კერძო სექტორზე მოდიოდა. მარტის თვეში ეს მონაცემი 2,5 ჯერ გაიზარდა და სისტემის უნიკალურ მონაწილეთა რაოდენობამ 522 ათას კაცს გადააჭარბა. ზრდა ძირითადად კერძო სექტორზე მოვიდა და კერძო სექტორში დასაქმებულთა მაჩვენებელი 290 ათასი კაცით , ხოლო საჯარო სექტორში 43 ათასი კაცით გაიზარდა. 1 ნოემბრის მონაცემებით, დღიდან ამოქმედებისა, სისტემის უნიკალურ მონაწილეთა რაოდენობამ 918 ათას ადამიანზე მეტი შეადგინა, საიდანაც დაახლოებით 704 ათასი კერძო, ხოლო დანარჩენი 214 ათასი საჯარო სექტორზე მოდის.

 

 

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ციფრები გამოხატავს დღიდან რეფორმის ამოქმედებისა კონკრეტულ თარიღამდე ჩართულ მონაწილეთა სრულ რაოდენობას და მოიცავს გასულ მონაწილეთა რაოდენობასაც. შესაბამისად, იმისათვის, რომ დავადგინოთ კონკრეტული თარიღისთვის რამდენია აქტიური მონაწილე, ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ გასულ მონაწილეთა რაოდენობაც.

 

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 1 ნოემბრის მონაცემებით, სისტემიდან სულ გავიდა 162, 601 მონაწილე, აქედან 120 ათას მონაწილეზე მეტი კერძო და 42 ათას მონაწილეზე მეტი საჯარო სექტორიდან. სისტემიდან გასვლის ყველაზე მასშტაბური ტალღა ივნისი-ივლისის თვეში განხორციელდა, როდესაც სისტემა 100 ათას ადამიანზე მეტმა დატოვა.

 

 

 

მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ 1 ნოემბრის მონაცემებით სისტემაში სულ აქტიური 752 ათასი მონაწილეა - 583 ათასი კერძო და 172 ათასი საჯარო სექტორიდან.  მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეეძლო 310,671 მონაწილეს, აქედან სქემა დატოვ  162,326 მონაწილემ. სისტემაში დარჩენილი 148 ათასი ადამიანმა, ვინც სისტემიდან გასვლის შესაძლებლობით არ ისარგებლა, ცალსახად არ გამოხატავს მათ ნებას სისტემაში დარჩენის თაობაზე. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ინფორმაციის არ ქონას და შესაბამისად 5 თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ სისტემაში ავტომატურ დარჩენას.

 

საინტერესო იყო ინფორმაცია იმ კანონმდებლების შესახებ, ვინც აღნიშნულ რეფორმას მხარი დაუჭირა, კანონის ამოქმედების შემდეგ დატოვეს თუ არა დაგროვებითი საპენსიო სისტემა. სააგენტომ განგვიმარტა, რომ იგი არ ფლობს და არ ამუშავებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილე დასაქმებულების თანამდებობების შესახებ ინფორმაციას.

 

 

ინფორმაცია ფონდში აკუმულირებული ფულადი სახსრების განკარგვის შესახებ

 

საპენსიო სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ამოქმედების დღიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, საპენსიო ფონდში მოხდა დაახლოებით 445 მილიონი ლარის მობილიზება. მოთხოვნის მიუხედავად, ფონდმა არ მოგვაწოდა იფერენცირებული მაჩვენებელი, აღნიშნული თანხიდან რა რაოდენობის ნაწილი მობილიზდა კერძო და საჯარო სექტორებიდან ცალ-ცალკე და განმარტა, რომ „აღნიშნული მონაცემების კერძო და საჯარო სექტორის მიხედვით დამუშავება საკმაოდ მოცულობითი სამუშაოს შესრულებას საჭიროებს, შესაბამისად, საპენსიო სააგენტოსაგან მოითხოვს დამატებით დროისა და რესურსებს ხარჯვას”. შესაბამისად, სააგენტომ თავი აარიდა ამ დროის და რესურსის ხარჯვას, მათზე კანონით დაკისრებული ვალდებულების მიუხედავად.

 

სააგენტოს განმარტებით, აკუმულირებული საპენსიო შენატანები განთავსებულია კომერციულ ბანკებში და ეროვნულ ბანკში გახსნილ ისეთ ნომინალური მფლობელობის მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებზეც ხდება საპროცენტო სარგებლის დარიცხვა.

 

წერილით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია, რომელ ბანკებში, რა პირობით (სარგებლის წლიური განაკვეთი) და რა ოდენობის თანხები იქნა განთავსებული. სააგენტომ პასუხად გვაცნობა, რომ „კომერციულ ბანკებთან გაფორმებული ნომინალური მფლობელობის მიმდინარე ანგარიშის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე, სსიპ საპენსიო სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ ინფორმაცია თითოეულ ბანკთან ცალ-ცალკე ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე განთავსებული თანხების ოდენობისა და დარიცხული სარგებლის საპროცენტო განაკვეთის შესახებ“ და წარმოგვიდგინა ინფორმაცია მხოლოდ დაგროვებით საპენსიო შენატანებზე დარიცხული სარგებლის ჯამური ოდენობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, პირველი ნოემბრის მონაცემებით ფონდში აკუმულირებულ 445 მილიონ ლარზე პროცენტის სახით დარიცხულია 10,5 მილიონი ლარი (იხ. დანართი 1, დანართი 2)

 

მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც, მსგავსად თანამდებობრივი სარგოებისა, სააგენტოს მხრიდან ადგილი აქვს ინფორმაციის წარმოდგენაზე არადასაბუთებულ უარს. ამას ამტკიცებს, ერთი მხრივ, საპენსიო სააგენტოს მიერ 30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ანგარიში, სადაც საპენსიო შენატანების ინვესტირებასთან დაკავშირებით სააგენტომ განმარტა, რომ „ეროვნული ბანკიდან მიღებული განმარტების საფუძველზე, სააგენტომ კომერციულ ბანკებში გახსნილ ნომინალური მფლობელობის მიმდინარე ანგარიშებზე განთავსებული საპენსიო დანაზოგები გადაიტანა იმავე ბანკებში გახსნილ ნომინალური მფლობელობის სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, სადაც ამ დანაზოგებს ერიცხებათ 6%-დან 8.5%-მდე წლიური სარგებელი „ ასევე, სააგენტოს გაუმართლებელ და დაუსაბუთებელ უარზე მოწმობს სააგენტოს დირექტორის მიერ, სადეპუტატო შეკითხვაზე (N1807/1-6/19) გაცემული წერილობითი პასუხი, სააგენტოს სადაც დირექტორი, კითხვის ავტორს, განუმარტავს ფონდში აკუმულირებული სახსრების ინვესტირების პოლიტიკას და მოთხოვნის არ არსებობის მიუხედავად, წარუდგენს ინფორმაციას კომერციულ ბანკებსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ნომინალური მფლობელობის მიმდინარე ანგარიშებისათვის განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის შესახებ, თითოეული ბანკისთვის ცალ-ცალკე (იხ. დანართი N3 ).

 

ინფორმაცია ფონდის მიერ განხორციელებულ საინფორმაციო ღონისძიებებზე

 

საპენსიო რეფორმის წარმატების ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმს მისი მასშტაბურობა და აღნიშნული რეფორმისადმი მოსახლეობის მაღალი ნდობა განაპირობებს. შესაბამისად, სააგენტოს ამოქმედებამდე და მას შემდეგაც, ფონდი აქტიურად ცდილობს სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიების და საგანმანათლებლო ღონისძიებების უზრუნველყოფას.

 

შესაბამისად, წერილით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია საინფორმაციო კამპანიების შესახებ, ღონისძიების ჩატარების დროის, ადგილის, სამიზნე ჯგუფისა და დახარჯული თანხების მითითებით.

 

წერილის გაგზავნიდან რამდენიმე დღეში, დამიკავშირდა სააგენტოს წარმომადგენელი და განმიმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაციის მოწოდება დიდი მასალის დამუშავებასთან იყო დაკავშირებული და შესაბამისად ან 10 დღიანი ვადის გახანგრძლივება ან მოთხოვნილი ინფორმაციის შეკვეცილი სახით მოწოდება შემომთავაზა. მოლაპარაკების საფუძველზე, შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე, სააგენტო მომაწვდიდა აღნიშნულ ინფორმაციას აგრეგირებული ფორმით, დაჯგუფებულს ღონისძიების სახის მიხედვით (მაგ: ტრენინგი, საინფორმაციო შეხვედრა, რეკლამა და ა.შ და მათზე ჯამურად გაწეული ხარჯები)

 

მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სსიპ საპენსიო სააგენტომ, დაგროვებითი საპენსიო სქემასთან დაკავშირებით, უზრუნველყო თბილისში 43 და რეგიონში 17 ტრენინგის ჩატარება კერძო კომპანიების ბუღალტრებისთვის და ჯამურად დატრენინგდა 1,500 პირი. ამავდროულად, სსიპ საპენსიო სააგენტოს სერვისების ეფექტურად მისაწოდებლად, ტრენინგი ჩაუტარდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 69 ფილიალის წარმომადგენელს.

 

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს სხვადასხვა მსხვილი ორგანიზაციების თანამშრომლებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, დამსაქმებელთა ასოციაციასთან, სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 შეხვედრა.

 

სსიპ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელებმა, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მიმართეს მოსახლეობას ტელევიზიით და რადიო საშუალებით (ჯამში 197 გამოსვლა). ასევე, დაგროვებითი საპენსიო სქემის სიკეთეების შესახებ გამოქვეყნდა 1,261-მდე პუბლიკაცია, როგორც ონლაინ ასევე, ბეჭდური მედიის საშუალებით.

 

მომზადდა 3 ანიმაციური და 3 ვიდეო რგოლი, რომელიც გავრცელდა სოციალური ქსელით (ფეისბუქი) და ტელევიზიით, ასევე მომზადდა 6 აუდიო კლიპი რადიოსადგურებისთვის და სხვადასხვა საინფორმაციო პოსტერები სოციალურ ქსელში (ფეისბუქი) და ვებგვერდებზე გასავრცელებლად.


მოთხოვნის მიუხედავად, საპენსიო სააგენტომ არ წარმოადგინა ინფორმაცია აღნიშნულ ღონისძიებებზე რა ოდენობის თანხის დახარჯვა მოხდა და შესაბამისად, უცნობი დარჩა რა დაუჯდა სახელმწიფოს საპენსიო რეფორმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. სააგენტომ წარმოგვიდგინა მხოლოდ რეკლამაზე გაწეული ხარჯის ჯამური ოდენობა, რომელმაც 219 830 ლარი შეადგინა.

 

დასკვნა და კვლევის შემდეგი ეტაპი

 

საპენსიო სააგენტოს მიერ, კანონით განსაზღვრულ 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდა საჯარო ინფორმაციის მოწოდება. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ, მოთხოვნილი ინფორმაციის თაობაზე მოწოდებული მონაცემების ნაწილი, არასრულად იქნა წარმოდგენილი; გარკვეულ შემთხვევებში აღნიშნული უკავშირდება კანონის არასწორ/ბუნდოვან ინტერპრეტაციას, რიგ შემთხვევებში კი საააგენტოს მხრიდან, ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო ზედმეტი ძალისხმევისთვის თავის არიდებას.

 

კერძოდ, არასათანადო დასაბუთების მაგალითი გამოვლინდა საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობრივი სარგოების და ბანკში განთავსებულ, მოსახლეობის შენატანებზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებულ საკითხებზე. პასუხისმგებელმა პირმა, მოთხოვნის მიუხედავად არ წარმოადგინა ინფორმაცია, კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც, მოკვლევის შემდეგ სხვადასხვა საჯარო წყაროში განთავსებული აღმოჩნდა აღნიშნული ინფორმაცია.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, თავი აარიდა ფონდში აკუმულირებული სახსრების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდებას საჯარო და კერძო სექტორების მიხედვით, იმ მიზეზით, რომ სამუშაოს შესრულებას საპენსიო სააგენტოსაგან მოითხოვს დამატებით დროისა და რესურსებს ხარჯვას. ასევე, გაურკვეველი მიზეზით არ წამოადგინა ინფორმაცია საჯარო ღონისძიებებზე გაწეული ჯამური ხარჯების შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევის მეორე ეტაპზე, ვგეგმავ საპენსიო სააგენტოდან ხელმეორედ გამოვითხოვო ინფორმაცია საინფორმაციო ღონისძიებების დეტალური აღწერის, სექტორების მიხედვით ფონდში აკუმულირებული თანხების, თანამდებობრივი სარგოების კონკრეტული საშტატო ერთეულებისათვის და საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ. ასევე, ბანკებში განთავსებული საპენსიო სახსრების ოდენობისა და საპროცენტო განაკვეთის შესახებ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, მივმართავ ეროვნულ ბანკს, როგორც საპენსიო სააგენტოს საზედამხედველო ორგანოს.

 

ამასთანავე, მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოიკვეთა ისეთი ახალი საკითხები, რომლებიც საჭიროების დამატებით შესწავლას. კერძოდ, ინფორმაცია შტატგარეშე პირების შესახებ, რა სახის სამუშაოს ასრულებენ და როგორი იყო მათი ზრდის დინამიკა თვეების მიხედვით, შეთანხმებულია თუ არა შტატგარეშე პირების რაოდენობა მთავრობასთან. ასევე, დამატებითი ინფორმაცია, ვინ და რა ოდენობით იღებს პრემია-დანამატს და რის საფუძველზე. ამასთანავე, კვლევის მეორე ეტაპზე მოთხოვნილი იქნება ინფორმაცია სააგენტოს მიერ მივლინების და წარმომადგენლობით ხარჯების შესახებ.

 

ასევე, საპენსიო სააგენტოს მიერ გაკეთებული განმარტების თანახმად, საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის პარლამენტის დეპუტატების მიერ საპენსიო სქემაში დარჩენის/გასვლის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, მივმართავ საქართველოს პარლამენტს.

 

 

/public/upload/contest/Ana_Gogoladze.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024