ოფიციალური კომუნიკაცია რძის პროდუქტების რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 30 მარტი 2022

2022 წლის 6 მარტს, რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ, “რია ნოვოსტიმ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსსელხოზნადზორი) 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძისა და რძის პროდუქტების მიწოდების ნება დართო. „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლის, იულია მელანოს განცხადებით, გადაწყვეტილება „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელს, სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ზურაბ ჩეკურაშვილს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს. 

 

რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გაჟღერებულმა ინფორმაციამ, რომელსაც წინ უძღვოდა რუსეთზე უკრაინაში შეჭრის გამო საერთაშორისო სანქციების დაწესება, საზოგადოების მნიშნელოვანი ვნებათაღელვა გამოიწვია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების და ბიზნესის წარმომადგენლებმა განმარტებები გააკეთეს: 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე რუსულ მხარესთან 2020 წელს კომპანიების თხოვნით, მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაცია გაიგზავნა, დამატებით კი სხვა კომუნიკაცია არ შემდგარა. ხოლო რამდენიმე დღის წინ რუსეთისგან მიიღეს პასუხი, რომ ბაზარი ღია იქნება. ამასთან, მინისტრმა განმარტა:  “ეს არის სრული პროცესი, რაზეც სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ ასე იყო. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ დაგეგმონ მეტი წარმოება, ბოლომდე ამუშაონ თავისი სიმძლავრეები და გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები”. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ასევე დაადასტურა, რომ  რამდენიმე კომპანიის ინიციატივით, რუსულ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან კომუნიკაცია 2020 წელს მოხდა, მას შემდეგ კი კომუნიკაცია არ გაგრძელებულა. ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა მთავრობას გადაჭრით თქვას, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის პერიოდში საქართველოდან რუსეთში არანაირი ექსპორტი არ იგეგმება, დავითაშვილმა უპასუხა: “ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო ბევრი გადაწყვეტილების ერთგული, მათი ნაწილი, მაგრამ ჩვენ არ ვართ ცალკე ინდივიდუალური სანქციების დამწესებელი. ამაზე მკაფიოდ ვისაუბრეთ მთელი კვირის განმავლობაში და განვმარტეთ თავისი მიზეზები და ა.შ.”

 

პოზიცია დააფიქსირა რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმაც, და აღნიშნა, რომ “სიტუაციიდან გამომდინარე, სირთულეები შეექმნათ [რუსეთში] და უნდათ საიდანღაც რაღაც პროდუქტები შეიტანონ, მაგრამ ჩვენი ასოციაციის და მასში შემავალი კომპანიების მყარი პოზიციაა, რომ არ ვაპირებთ რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების შეტანას, საერთოდ. არსებულ სიტუაციაში ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართველი მომხმარებლების სურსათით უზრუნველყოფა და არცერთ კომპანიას არ აქვს გეგმაში, მით უმეტეს, არსებულ სიტუაციაში რუსეთის ბაზარზე შევიდეს”.

 

საკითხზე განცხადებები გაავრცელეს რძის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიებმაც, მათ შორის რუსეთის ბაზარზე დაშვებული 15 კომპანიიდან ერთ-ერთმა, “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებმა” და აღნიშნა, რომ რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს არ გეგმავს.

 

2022 წლის 9 მარტს IDFI-მ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთის ფედერაციაში ექსპორტთან დაკავშირებით არსებული მოლაპარაკებების ფარგლებში, კერძო კომპანიებთან და რუსულ მხარესთან არსებული მიმოწერის ასლების მოთხოვნით. აღნიშნული წერილის პასუხი IDFI-მ მიიღო სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან.     

 

სააგენტოს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის და განმარტებების მიხედვით, საქართველოდან რძისა და რძის პროდუქტების რუსეთის ფედერაციაში ექსპორტის საკითხზე კომუნიკაცია შესაბამის სამსახურთან (რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახური)  დაიწყო 2019 წელს, ქართული კომპანიების წერილობითი მომართვის, სააგენტოში თემატურ შეხვედრებზე დაფიქსირებული პოზიციისა და მათ მიერ შევსებული შესაბამისი კითხვარების საფუძველზე. მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ საკითხზე სურსათის ეროვნულ  სააგენტოსთან მიმოწერა იწყება  2019 წლის 17 ივნისს, როდესაც შპს “ლილო ჩიზმა” სააგენტოს წერილობით აცნობა, რომ რუსულ კომპანიებთან მიღწეული იყო შეთანხმება ყველის ექსპორტთან დაკავშირებით და სააგენტოსგან ითხოვდა შუამდგომლობას რუსეთის შესაბამის სამსახურებთან სათანადო პროცედურების გასავლელად. კერძოდ, შპს ლილო ჩიზი წერილში განმარტავდა, რომ მათ ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები ჰქონდათ რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა კომპანიებთან, რომელთა წარმომადგენლები 4-ჯერ იყვნენ ჩამოსულები მათი ქარხნის დასათვალიერებლად, რის შემდეგაც მიღწეული იქნა საბოლოო შეთანხმება და პირველი ნაკადის ექსპორტი იგეგმებოდა მიმდინარე წლის მაისი-ივნისის თვეში. ამ წერილის პასუხად შპს ლილო ჩიზის განემარტა, რომ სააგენტოსა და რუსეთის ვეტერინალური და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურს შორის მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში რძის პროდუქტების ექსპორტის უფლებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადებასა და მიწოდებაზე. 

 

შპს “ლილო ჩიზთან” აღნიშნული კომუნიკაციის შემდეგ  2019 წლის 16 აგვისტოს, სააგენტო რუსეთის შესაბამის ზედამხედველობის სამსახურს უგზავნის 4 ქართული კომპანიის (შპს ლილო ჩიზი, სანტე ჯი-მ-თი პროდუქტი, შპს წიფორა სამცხე, შპს რესპუბლიკა) შესახებ  საჭირო ტექნიკურ (საწარმოო სიმძლავრეებს, რეგიონში რძის რესურსს და ა.შ.) ინფორმაციას. შესაბამისად, როგორც ირკვევა, საწყის ეტაპზე შპს ლილო ჩიზის გარდა, რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით სურვილს გამოთქვამდა დამატებით სამი კომპანია.    მათ შორის, ერთ-ერთმა შპს რესპუბლიკამ 2019 წლის 12 ნოემბერს სააგენტოს მიმართა წერილით და აცნობა, რომ რუსეთის მხარისთვის  სააგენტოს მიერ არ იყო სათანადო დოკუმენტაცია გაგზავნილი  და თხოვდა განმეორებით გაეგზავნათ აღნიშნული დოკუმენტაცია.  სააგენტომ თავის მხრივ 2019 წლის 15 ნოემბერს შპს რესპუბლიკას განუმარტა, რომ საგარეო საქმეთა სამინიტროს მეშვეობით რუსეთის ფედერაციის შესაბამის ორგანოს უკვე გაგზავნილი ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია.   

 

კომპანიები, რომლებიც საწყის ეტაპზე გამოთქვამდნენ რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის სურვილს:

 

- შპს ლილო ჩიზი (405313236) - კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია გიორგი დანელიშვილი, რომელიც თავადვე იკავებს დირექტორის პოზიციას.  კომპანია საჯარო რეესტრში 2019 წლის 25 იანვარსაა რეგისტრირებული. სურსათის ეროვნულ სააგენტოს კი რუსეთის ბაზარზე ექსპორტის სურვილის შესახებ წერილი 2019 წლის 17 ივნისს გაუგზავნა. 

 

- შპს რესპუბლიკა - 70% წილის მფლობელია კონსტანტინე რუსაძე, ხოლო 30% წილს ფლობს ბელარუსის მოქალაქე ალეჰ ლეანეთსი.

 

- შპს წიფორა-სამცხე - 100% წილს ფლობს რევაზ კაჭკაჭიშვილი, საქართველოსა და საბერძნეთის ორმაგი მოქალაქე.

 

- შპს სანტე ჯი ემ თი - 100% წილს ფლობს ბელგიაში რეგისტრირებული კომპანია ბი.ეს.ეი. ინთერნეიშენალ.



სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ბაზარზე პროდუქციის დაშვების გადაწყვეტილება მიიღება მწარმოებელ ქვეყნებში საწარმოების ინსპექტირების საფუძველზე. 2020 წლის 19 მარტს რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის მიერ გამოგზავნილი წერილის მიხედვით, მზადყოფნას გამოთქვამდნენ ადგილზე მოეხდინათ თევზისა და ცხოველური  წარმოშობის პროდუქტის მწარმოებელი საწარმოების ინსპექტირება, თუმცა კოვიდის შეზღუდვებიდან გამომდინარე, თარიღი მოგვიანებით დაზუსტდებოდა. 

 

საკითხის განხილვა განახლდა 2021 წლის ბოლოს. სურსათის ეროვნული სააგენტო ასევე დაინტერესდა სხვა კომპანიები რამდენად გამოთქვამდნენ მზაობას რუსეთში რძის პროდუქტის ექსპორტთან დაკავშირებით. ამ მიზნით,  2021 წლის  20 დეკემბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  წერილით მიმართა რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია “საქრძეს”  და აცნობა რუსეთის ფედერაციაში რძის პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.  ამასთან,  სააგენტო დაინტერესდა, თანახმა იყვნენ თუ არა განეხორციელებინათ რუსეთში ექსპორტი, რისთვისაც საჭირო იყო რუსეთის შესაბამისი სამსახურების მიერ კომპანიების ადგილზე შემოწმება. 2021 წლის 29  დეკემბერს რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია “საქრძე”  სააგენტოს უგზავნის 12 კომპანიის შესახებ ინფორმაციას,  რომლებიც გამოხატავდნენ რუსეთში რძის პროდუქტების  ექსპორტის და  შესაბამისი პროცედურების გავლის  მზადყოფნას.  

 

2022 წლის 26 იანვარს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსეთის შესაბამის სამსახურს აცნობა  15 კომპანიის მიერ  რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის სურვილთან დაკავშირებით.  ამასთან, კოვიდიდან გამომდინარე, სამსახურს სთხოვეს დისტანციური ინსპექტირების შესაძლებლობის განხილვა. აღნიშნული წერილის მიხედვით, რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის სურვილს გამოთქვამდნენ შემდეგი კომპანიები (სააგენტოს მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაში პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით დაფარულია ოთხი კომპანიის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც სავარაუდოდ ინდმეწარმის სტატუსით არიან წარმოდგენილი): 

 

- შპს სანტე ჯი-მ-თი პროდუქტი,

- შპს ვიმ- ბილ-დან საქართველო

- შპს ქართული რძის პროდუქტები

- შპს აგროჰაბი

- შპს ჩვენი ფერმერი

-  შპს სანტა

- შპს ოდლისი

- შპს ლეანკა

- შპს ბაგი

- შპს წიფორა სამცხე

- შპს ზენა

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ კომპანიებს შორის ვერ ვხვდებით შპს ლილო ჩიზის და შპს რესპუბლიკას, რომელთა წერილების საფუძველზე 2019 წელს დაიწყო რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესი.   

 

2022 წლის 22 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შესაბამისმა ორგანომ (რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახური)

 

სააგენტოს გამოუგზავნა საპასუხო წერილი, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ბაზარზე საქართველოში წარმოებული რძის პროდუქტების დაშვებისთვის, ქართული კომპანიების ინსპექტირება დაიგეგმა 2022 წლის მეორე ნახევარში.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, სააგენტოსა და რუსეთის მხარეს შორის ოფიციალური კომუნიკაცია წყდება 2022 წლის 22 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე 2 დღით ადრე. ამასთან, სააგენტოს განმარტებით რუსეთის ბაზარზე საქართველოში წარმოებული რძისა და რძის პროდუქტების ინსპექტირების გარეშე დაშვების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის მხარის მიერ მიღებულ იქნა ცალმხრივად და ინფორმაცია გავრცელდა რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ. თუმცა, საქართველოში წარმოებული რძისა და რძის პროდუქტების რუსეთის ბაზარზე დაშვების თაობაზე ოფიციალური წერილობითი დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსგან ქართულ მხარეს ჯერ არ მიუღია.


 

სურსათის ეროვნული სააგენტოდან ამ ეტაპზე მიღებული დოკუმენტაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ქართული მხარის მიერ რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით არსებული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე. ხოლო, ომის დაწყების შემდგომ, რუსეთის მხარის მიერ აღნიშნული საკითხის ფორსირებულ რეჟიმში ცალმხრივი გააქტიურება სავარაუდოდ მიზნად ისახავდა ქვეყნისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას. ამასთან, IDFI მიიჩნევს, რომ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში გაჟღერებულ ინფორმაციაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების საპასუხო განმარტებები არ იყო მკაფიო და თანმიმდევრული, რაც იძლეოდა ინტერპრეტაციის საშუალებას და როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საზოგადოების უკმაყოფილების პროვოცირებას.    

 

 

____

 

კვლევა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არასათანადო რეაგირება საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე

09.12.2024

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024