2012 წელს 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება (ნაწილი მეორე)

სიახლეები 28 დეკემბერი 2012
 

ავტორი: თამარ იაკობიძე

1 gelწინა სტატიაში უკვე ვისაუბრეთ 2012 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებების საფუძველზე 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონების ნაწილის შესახებ. გთავაზობთ საკითხის გაგრძელებას, 2012 წლის იანვრიდან სექტემბრამდე გაფორმებული ხელშეკრულებების (სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს და მეორეს მხრივ სახელმწიფოს ქონების მყიდველი ფიზიკური ან იურიდიული პირებს შორის) ანალიზის სახით.

მოცემულ სტატიაში წარმოდგენილია IDFI-ის ხელთ არსებული 14 ნასყიდობის ხელშეკრულების ანალიზი, რომლებიც ადასტურებს სახელმწიფო ქონების ერთ ლარად გაყიდვას 17 იანვრიდან 2 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. აქედან ერთი ხელშეკრულება გაფორმდა ფიზიკურ პირთან, ექვსი – საქართველოს საპატრიარქოსთან, ხუთი – შპს-ებთან, ერთი – სსიპ-თან და ერთი – ა(ა)იპ-თან. სულ ამ პერიოდში სიმბოლურ ფასად გასხვისდა 269 187 კვ.მ-ზე მეტი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 27 645,5 კვ.მ-ზე მეტი ფართობის შენობა-ნაგებობები.

გაგრძელებაში იხილეთ თითოეულ იურიდიულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების ანალიზი.

 

საქართველოს საპატრიარქო

ამ პერიოდში, კერძოდ კი 2012 წლის 14 მარტიდან 2 სექტემბრამდე, გაფორმდა 6 ნასყიდობის ხელშეკრულება  საქართველოს საპატრიარქოსთან. ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ საპატრიარქოს ერთ ლარად გადაეცა:

  • 320 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქ. ფოთში, გურიის ქუჩაზე (14 მარტი, 2012)
  • 2502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქ. ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, წმ. ანდრია პირველწოდებულის სამონასტრო კომპლექსი (14 მარტი, 2012)
  • ქ. თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, სამხედრო ნაწილის მიმდებარედ, 125145 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (16 მარტი, 2012)
  • 8311 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 – 49.9 კვ.მ; №2 – 100.34 კვ.მ; №3 – 34.82 კვ.მ. და №4 – 50.22 კვ.მ შენობა ნაგებობები ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრემში (14 მაისი, 2012)
  • 2137 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 402.17 კვ.მ, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბისში და 1235 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 108.92 კვ.მ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ელბაქიაანთკარში (2 სექტემბერი, 2012)
  • 61776 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 27 შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 17055.86 კვ.მ შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტაკიძეებში, „ხიჭაურში“; 3830 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 3 შენობა-ნაგებობა ქ. თბილისში, წინანდლის ქუჩის №9-ში; 18986 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 8 შენობა ნაგებობა საერთო ფართობით 5672 კვ.მ. ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დაბა ლენტეხში, სტალინის ქუჩის №111-ში; 1864 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა ფართობით 119.54 კვ.მ. ქ. სენაკში, მშვიდობის ქუჩის №146-ში; 913.7 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები განაშენიანების ფართობით 147.8 კვ.მ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთში (2 სექტემბერი, 2012).

sapatriarqostvis ert larad gadacemuli qoneba

საპატრიარქოსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება სახელმწიფო ქონების ერთ ლარად გადაცემის თაობაზე

სამედიცინო უნივერსიტეტი

2012 წლის 15 ივნისის ხელშეკრულებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გადასცა უძრავი ქონება თბილისში – შენობა ნაგებობები (ასათიანის ქ. №7, გ. ახვლედიანის ქ. №22, ლუბლიანას ქ. №21, გუდამაყრის ქ. №4, ჭიაურელის ქ. №2ა, დავით აღმაშენებლის გამზირის №126, ცოტნე დადიანის ქ. №303, უზნაძის ქ. №2, სარაჯიშვილის ქ. №36) და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, 90.000 კვ.მ-მდე საერთო ფართობით. ამას გარდა, სამედიცინო უნივერსიტეტს გადაეცა 452 დასახელების მოძრავი ქონება, მათ შორის ქსეროქსის აპარატი, პროექტორი, სპეციალური ავტომანქანა და სხვ.).

სსიპ საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნულ ბანკს 2012 წლის 19 ივლისის ხელშეკრულებით გადაეცა თბილისში, სანდრო ეულის ქ. №7-ში მდებარე 2724 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საერთო ფართობით 172.84 კვ.მ.

შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფის სერვისი“

2012 წლის 7 ივნისის ხელშეკრულებით ეკონომიკის სამინისტრომ შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფის სერვისს“ ერთ ლარად მიყიდა ქ. თბილისში, სანაპიროს ქუჩის №2-ში მდებარე 28145 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობების კანონმდებლობით დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მიღებული ფართობის ნულოვან სართულზე განსათავსებელი 83 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება შპს

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება შპს “სახელმწიფო უზრუნველყოფისა” და შპს “სახელმწიფო უზრუნველყოფის სერვისის” კაპიტალის სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე.

შპს სახელმწიფო უზრუნველყოფის სერვისი 2006 წლის 25 ივლისს დარეგისტრირდა. მისი 100% წილის მფლობელი იყო შპს სახელმწიფო უზრუნველყოფა, რომელიც ეკონომიკური განვითარების მინისტრის კახა ბენდუქიძის ბრძანებით შეიქმნა 2004 წლის 13 აგვისტოს. შპს “სახელმწიფო უზრუნველყოფის“ 100% წილის მფლობელი, თავის მხრივ, იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო. საინტერესოა, რომ 2012 წლის ოქტომბერში მოხდა როგორც შპს სახელმწიფო უზრუნველყოფის სერვისის (სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებით), ისე შპს სახელმწიფო უზრუნველყოფის ლიკვიდაცია. ლიკვიდაციის მომენტისთვის, 2012 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფის“ ანგარიშზე ირიცხებოდა 67 996 ლარი, გააჩნდა 12 702 443 ლარის 3522 დასახელების უძრავ-მოძრავი ქონება და 13 672 072,68 ლარის დებიტორული დავალიანება რაც ლიკვიდაციის დასრულებისთანავე გადაეცა სახელმწიფოს. აუდიტორის 2012 წლის 4 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე, შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფის სერვისის“ საერთო ღირებულება შეადგენს 73 932 431.37 ლარს, რაც სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, შპს-ს ლიკვიდაციის შედეგად სრულად გადაეცა სახელმწიფოს (ამას გარდა, იგივე ბრძანებით, სახელმწიფოს გადაეცა 800 000 ლარი შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის” კაპიტალიდან).

likvidatoris werili - qoneba saxelmwifostvis gadasacemad

შპს “სახელმწიფო უზრნველყოფის” ლიკვიდატორის წერილი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით

შპს კავკასიის სამთო ჯგუფი

შპს კავკასიის სამთო ჯგუფს სახელმწიფომ 2012 წლის 10 თებერვალს ერთ ლარად გადასცა 29 813 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქ. ბოლნისში, აღმაშენებლის ქუჩის №2-ში. კავკასიის სამთო ჯგუფი დარეგისტრირდა 2011 წლის 30 აგვისტოს, და მისი პარტნიორი და 100% წილის მფლობელია კვიპროსში დარეგისტრირებული შპს Pamtilon Holdings Limited, რომელიც სულ რაღაც სამი თვით ადრე, 2011 წლის 6 ივნისს დარეგისტრირდა. შპს კავკასიის სამთო ჯგუფის დირექტორია ჯონდო შუბითიძე.

2011 წლის 3 ოქტომბრიდან შპს კავკასიის სამთო ჯგუფმა მოიპოვა ბოლნისში სასარგებლო წიაღისეულის, მათ შორის ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალების და ბარიტის შესწავლა–მოპოვების ლიცენზია (ლიცენზია ნომრით 1000226, ძველი ნომრით 0730). ეს და კიდევ ერთი, ლიცენზია ნომრით 1000577, 2005 წლიდან ეკუთვნოდა სს „მადნეულს“, რომელსაც ისინი სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო ენერგეტიკისა და  ბუნებრივი რესურსების სამინიტროს მიერ ჩამოერთვა 2011 წლის ზაფხულში. კერძოდ, ლიცენზია ნომრით 1000226 სს „მადნეულს“ ჩამოერთვა 2011 წლის 27 ივლისს, და 2011 წლის 30 აგვისტოს შექმნილმა შპს კავკასიის სამთო ჯგუფმა 2011 წლის 3 ოქტომბერს ეს ლიცენზია აუქციონზე 93.5 მილიონ ლარად იყიდა. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს განცხადებით, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა–მოპოვების ლიცენზია ასეთ მაღალ ფასად პირველად გაიყიდა. [1]

შპს კავკასიური სამთო ჯგუფის ხელმძღვანელობა საინტერესოდ არის დაკავშირებული თავად სს მადნეულის ხელმძღვანელობასთან. სს მადნეული 2007 წლიდან ეკუთვნის ჯეოპრომაინინგს, ხოლო 2011 წლის 5 სექტემბრიდან 2012 წლის 21 სექტემბრამდე წილის 99,19 034 % იყიდა ჯი ემ პი ჯორჯია ბი.ვი.-იმ.  2012 წლის 7 ივნისს, ჯი ემ პი ჯორჯია ბი.ვი.-ის გადაწყვეტილებით, დროზე ადრე შეიცვალა სს მადნეულის სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებიც გახდნენ ზურაბ ქუთელია, ვახტანგ ფარესიშვილი და დიმიტრი ტროიცკი. 2012 წლის 14 ივნისს სს მადნეულის 100% 120 მილიონ დოლარად შეიძინა Capital Group-მა.[2] კაპიტალ ჯგუფმა შპს „კვარციტი”-იც შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, კაპიტალ ჯგუფის აქციონერები არიან დიმიტრი ტროიცკი და დიმიტრი კორჟევი, რომელთა ქონებასაც 800-800 მილიონი დოლარი შეადგენს და რუსული „ფორბსის“ მდიდარი რუსი ბიზნესმენების რეიტინგში უკავიათ შესაბამისად 125-ე და 123-ე ადგილები. 2012 წლის 14 ივნისსვე შეძენილი კომპანიების დირექტორად დაინიშნა  ვახტანგ ფარესიშვილი.

ზემოთდასახელებული ოთხივე პირი ფიგურირებს შპს კავკასიის სამთო ჯგუფის დარეგისტრირების საქმეში. კერძოდ, ვახტანგ ფარესიშვილი შპს Pamtilon Holdings Limited-ის დირექტორის ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილი პირია. ხოლო ზურაბ ქუთელია, დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროიცკი 2012 წლის 20 აგვისტოდან 4 წლის ვადით აირჩნენ შპს კავკასიის სამთო ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად.

შესაბამისად, დღესდღეობით ბოლნისში ნედლეულის მოპოვების ლიცენზიის მქონე შპს „კავკასიის სამთო ჯგუფის“-ა და სს „მადნეულის“ (რომელიც კიდევ 35 ლიცენზიას ფლობს[3]), ერთი და იგივე ხალხი მართავს. უფრო მეტიც, გარდა მოპოვებული ლიცენზიისა, რომელიც წიაღისეულით სარგებლობის 30 წლიან უფლებას იძლევა[4], შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“ სულ რაღაც ერთ ლარად გახდა 29 813კვ.მ. მიწის ნაკვეთის მფლობელი ბოლნისში.

paresishvili-troicki-korjevi-qutelia

შპს “კავკასიის სამთო ჯგუფის” პარტნიორის გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცებასთან დაკავშირებით.

შპს „Hospital Digomi”

შპს „Hospital Digomi”-მ 2012 წლის 30 მარტს სახელმწიფოსგან ერთ ლარად შეისყიდა შემდეგი სახელმწიფო ქონება: ქ. თბილისში, ლუბლიანას ქუჩის №5-ში მდებარე შენობა-ნაგებობა №7 ფართობით 206.89 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირველ სართულზე მდებარე 942.07 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირველ სართულზე მდებარე 23.89 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირველ სართულზე მდებარე 30 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მე-9 სართულზე თავზე მდებარე 2008.92 კვ.მ სხვენი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სხვენზე მდებარე 639.21 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

შპს „Hospital Digomi” დარეგისტრირდა 2011 წლის 25 ოქტომბერს, და მისი დირექტორი და 100% წილის მფლობელი იყო გიორგი ყიფიანი. თუმცა, შემდგომ მან გაასხვისა წილი და საჯარო რეესტრში ხელმისაწვდომი ბოლო ამონაწერის მიხედვით (2012 წლის 10 სექტემბერი) შპს-ს უკვე 11 პარტნიორი ყავს, აქედან გიორგი ყიფიანი წილის მხოლოდ 8.19%-ს განაგებს, ხოლო ყველაზე მეტს აკონტროლებს შპს ჰერა 2011 (19.71%) და შპს სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი (15.2%).

შპს „გოდაკო +“

2012 წლის 22 ივნისს შპს “გოდაკო +“-ს, რომლის საქმიანობის ძირითადი სფერო არის სამშენებლო-სამონტაჟო, სარემონტო-საკონსტრუქციო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩატარება, 1 ლარად გადაეცა სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული 520 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქ. ყვარელში, ილიას ტბაზე. საზოგადოების 100% წილის მფლობელი არის არქიტექტორი გიორგი კვიწინაშვილი.

შპს „ლოპოტა ტურ სერვისი“

შპს „ლოპოტა ტურ სერვისი“ დარეგისტრირდა 2010 წლის 19 დეკემბერს და იურიდიულ მისამართად მითითებული აქვს საქართველო, თელავი, ს. ნაფარეული. საზოგადოების საქმიანობის სფეროა სასტუმროსა და რესტორნის მომსახურება.

2012 წლის 18 მაისს დამფუძნებელმა, საზოგადოების 100%-ის წილის მფლობელმა და დირექტორმა ხათუნა ჩაჩავამ შეცვალა დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი თინათინ მაისურაძის სახით, თავად კი მხოლოდ დირექტორად დარჩა. თუმცა, 2012 წლის 4 დეკემბერს, თინათინ მაისურაძის გადაწყვეტილებით საზოგადოების დირექტორად დაინიშნა ეკატერინე ბატიაშვილი. საინტერესოა, რომ თინათინ მაისურაძე არის აგრეთვე შპს „ლოპოტას“ დამფუძნებელი, დირექტორი და საზოგადოების 50% წილის მფლობელი. დანარჩენი 50% წილი ეკუთვნის მიხეილ ნაცვლიშვილს. შპს „ლოპოტა-ს ეკუთვნის  სამი სასტუმროსგან შემდგარი სასტუმროების ქსელი თელავში, სოფ. ნაფარეულში, ლოპოტას ტბაზე. 2012 წლის 4 ივნისს შპს „ლოპოტა ტურ სერვისს“ ერთ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები თელავში, სოფ. ნაფარეულში, რომელთა საერთო ფართობიც 5 200 კვ.მ-ს აღემატება.

lopota tur servisistvis ert larad gadacemuli qoneba

შპს “ლოპოტა ტურ სერვისსა” და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება სახელმწიფო ქონების ერთ ლარად გადაცემის თაობაზე.

აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო საინტერესოა ბოლო დროის ცვლილებების გათვალისწინებით. კერძოდ, პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტორობით წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით პრეზიდენტი სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმის უფლებამოსილებას კარგავს. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას, წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემას პირდაპირი გადაცემის ფორმით მთავრობა განახორციელებს. ასევე, მთავრობა განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის წესს.

აღნიშნულ კანონპროექტამდე სახელმწიფო ქონების პირდაპირი ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებდა. საგულისხმოა, რომ

„არსებითი განსხვავება კონკურსსა და პირდაპირი მიყიდვის ფორმას შორის არის ის, რომ, პირველ შემთხვევაში, ობიექტები საპრივატიზაციოდ გამოაქვს სახელმწიფოს, წინასწარ ადგენს სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან პირობებს და ამ ფარგლებში საუკეთესო წინადადებების შემთავაზებელი ხდება გამარჯვებული. პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში კი, ქონების შესყიდვის მსურველი თავად მიმართავს განცხადებით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ეს უკანასკნელი განიხილავს და საკუთარ დასკვნას წარუდგენს პრეზიდენტს.“ (საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ 2006 №7, პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების გასხვისება).

IDFI აგრძელებს აღნიშნული საკითხის კვლევას და მალე შემოგთავაზებთ სხვა წლებში განხორციელებული შესყიდვების ანალიზს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და არსებული მოლოდინები

30.12.2024

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024