მოსამართლეთა გაზრდილი ანაზღაურება

სიახლეები 25 დეკემბერი 2013

Wooden justice gavel and block with brass2013 წლის 15 ოქტომბერს IDFI-იმ გამოაქვეყნა სტატია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეების ყოველთვიური ანაზღაურების შესახებ, რომლის მიხედვითაც სარგოებთან შედარებით მოსამართლეებზე გაცემული პრემიებისა და დანამატების ოდენობა 35%-დან 135%-მდე მერყეობდა. როგორც  მოსამართლეთა  ქონებრივი დეკლარაციებიდან მოყვანილმა მონაცემებმა აჩვენა, პირველი ინსტანციის მოსამართლეების საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 2012 წელს შეადგენდა დაახლოებით 3 400 ლარს, სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეების - 3 800 ლარს, ხოლო უზენაესი სასამართლოს – 6 200 ლარს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ერთი და იმავე ინსტანციის მოსამართლეები თანაბარი თანამდებობრივი სარგოს პირობებში იღებდნენ განსხვავებული ოდენობის შემოსავლებსაც, ვინაიდან მათ მიერ მიღებული დანამატები და პრემიები განსხვავებული ოდენობის იყო.

სტატიის გამოქვეყნების დროისთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო, თუ ზუსტად რა ოდენობით გაიზრდებოდა მოსამართლეების ხელფასები. დღეისთვის უკვე ცნობილია „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ (დღეს საქართველოს პარლამენტმა 85 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო აღნიშნული კანონპროექტი). როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების ეტაპობრივი ზრდა სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, ეს პროცესი 2007-2009 წლებში დაიწყო, და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე შეფერხდა. მთავარ მიზანს წარმოადგენს მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესება. სარგოების ზრდა ასევე მიზნად ისახავს სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეების სარგოების მეტ-ნაკლებ დაახლოებას. მოსამართლეების სარგოები 2014 წლის 1 იანვრიდან სავარაუდოდ შემდეგნაირად განისაზღვრება:

mosamartleebis gazrdili xelfasi

როგორც ირკვევა, პროცენტულად ყველაზე დიდი ზრდა აღინიშნება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების შემთხვევაში, მათი თანამდებობრივი სარგო 2014 წლის იანვრიდან გაორმაგდება, სხვა თანამდებობის პირთა (უზენაესი სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს, საქალაქო სასამართლოების მოსამართლეების) სარგოების ზრდის პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 24%-დან 84%-მდე.

sargoebis zrda2012 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია აგრეთვე გამოვთვალოთ, სავარაუდოდ როგორი იქნება 2014 წლის მანძილზე მოსამართლეების საშუალო წლიური შემოსავალი, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეები კანონით გათვალისწინებულ სარგოსთან ერთად გააგრძელებენ პრემიებისა და დანამატების მიღებას. 2012 წლის მანძილზე გაცემული პრემიებისა და დანამატების გათვალისწინებით, 2014 წლის 1 იანვრიდან პირველი ინსტანციის მოსამართლეების საშუალო ყოველთვიური შემოსავალი სავარაუდოდ გაიზრდება 3 400 ლარიდან 5100 ლარამდე, სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეების - 3 800 ლარიდან 6 300 ლარამდე, ხოლო უზენაესი სასამართლოს – 6 200 ლარიდან 7 800 ლარამდე.

საინტერესოა, რომ გაზრდილი სარგოების პირობებში, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოსამართლეები პრემიებსა და დანამატებს საერთოდ აღარ აიღებენ, პირველი და სააპელაციო ინსტანციების მოსამართლეების საშუალო სარგოები მაინც უფრო მეტი იქნება, ვიდრე საშუალო ყოველთვიური შემოსავალი (სარგოს, დანამატისა და პრემიის გათვალისწინებით), რასაც ისინი 2012 წლის მონაცემებით იღებდნენ. მაგ. თუკი პირველი ინსტანციის მოსამართლეების საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 2012 წელს შეადგენდა 3400 ლარს, 2014 წლიდან მხოლოდ სარგო იქნება 4000 ლარი; სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეების შემთხვევაშიც, თუკი 2012 წელს აღებული საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდა 3800 ლარს, 2014 წლიდან მხოლოდ სარგო შეადგენს 1200 ლარით მეტს, 5000 ლარს. მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შემთხვევაში გამოიკვეთა მდგომარეობა, რომ 2012 წლის მანძილზე მიღებული საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 200 ლარით აჭარბებს 2014 წლიდან განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოებს.

საქართველოს სასამართლოების შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხების  ზრდა გათვალისწინებულია აგრეთვე საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტის გეგმაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შრომის ანაზღაურების მუხლით გამოყოფილი თანხები გაზრდილია 38%-ით, უზენაესი სასამართლოსთვის - 29%-ით, ხოლო საერთო სასამართლოებისთვის - 67%-ით. აღნიშნული მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ 2014 წელს იგეგმება როგორც მოსამართლეების ასევე სასამართლოებში დასაქმებული სხვა თანამშრომლების თანამდებობრივი სარგოების ზრდა, ვინაიდან მხოლოდ მოსამართლეებისთვის ზემოთ მოყვანილი მონაცემების მიხედვით  ხელფასების ზრდა არ განაპირობებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასამართლოების შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხების აღნიშნული პროცენტით მატებას.

mosamartleebis-xelfasebi-biujetshi

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024