“დაკარგული” მილიონის ისტორია (ერთი წლის შემდეგ)

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 24 დეკემბერი 2013

 

cidf-pic

2013 წლის თებერვალში IDFI-იმ მოითხოვა ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან „სხვა ხარჯებისათვის“ გამოყოფილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ხარჯთაღრიცხვის შესახებ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012 წლის სექტემბერში ჯერ განაცხადა, რომ არ ფლობდა ინფორმაციას ბიუჯეტიდან „სხვა ხარჯებისთვის“ გამოყოფილი ერთი მილიონი ლარის დეტალური ხარჯთაღრიცხვის შესახებ. შემდგომ, 2012 წლის ნოემბერში, განმეორებითი მოთხოვნის საპასუხოდ სამინისტრომ აღნიშნა, რომ  გაფორმდა ხელშეკრულება ა(ა)იპ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდთან და ის დაფინანსდა ერთი მილიონი ლარით სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის როლის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ამასთან, სამინისტრომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა თანხის დეტალურ ხარჯთაღრიცხვას და ამიტომ მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოეწოდებინა დამატებითი ინფორმაცია. როგორც წერილიდან ირკვევა, ფონდს სამინისტროსთვის არ ქონდა წარდგენილი ფინანსური ანგარიში და თანხა ირიცხებოდა განათლების სამინისტროს ანგარიშზე როგორც დებიტორული დავალიანება.

მიღებული პასუხიდან ერთი წლის შემდგომ, 2013 წლის ნოემბერში, ინსტიტუტი განმეორებით დაინტერესდა ერთი მილიონი ლარის განკარგვით და მიმართა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ა(ა)იპ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშის, საქმიანობის ანგარიშისა და სამინისტროს ბალანსზე რიცხული დებიტორული დავალიანების არსებობის თაობაზე.

 

როგორც მიღებული პასუხიდან ირკვევა, 2012 წლის 7 დეკემბერს სამინისტრომ წერილით მიმართა ა(ა)იპ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდს, რის შემდეგაც 2013 წლის 7 მარტს ფონდმა წარადგინა 1 000 000 ლარის ხარჯვის პროგრამული ანგარიში და ხარჯების მითითება ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების (თვეების) მიხედვით. საინტერესოა, რომ ანგარიშის მომზადებისთვის ფონდს 3 თვე დასჭირდა.

ამასთან, სამინისტრომ კვლავ აღნიშნა, რომ რადგან 2012 წლის 27 იანვრის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, ფონდს არ წარუდგენია თანხის ხარჯვის პირველადი ფინანსური დოკუმენტაცია. თუმცა, საინტერესოა, რომ როგორც ფონდის მიერ 2012 წლის 7 დეკემბერს წარდგენილ ანგარიშში ვკითხულობთ, დახარჯული თანხების პირველადი დოკუმენტაცია ინახება ფონდის ოფისში, რომელსაც ფონდი წარადგენს მოთხოვნისთანავე, ხოლო ანგარიშში წარმოდგენილია მხოლოდ მოკლე ინფორმაცია ფონდის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მონაცემების შესახებ. აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამინისტრო ჯერ-ჯერობით არ დაინტერესებულა ერთი მილიონი ლარის ხარჯვის პირველადი დოკუმენტაციით.

დებიტორული დავალიანება ჩამოწერილ იქნა მას შემდეგ, რაც სამინისტროსა და ფონდს შორის შედგა შედარების აქტი და დადასტურდა 1 000 000 ლარის ხარჯვა.

სამინისტროს პასუხში მითითებულია, რომ 2012 წლის 9 აგვისტოდან ფონდის დამფუძნებლად განისაზღვრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ფონდის დამფუძნებლების ცვლილების საინტერესო ტენდენციის შესახებ IDFI ერთი წლის წინაც წერდა. ფონდს არსებობის მანძილზე ორჯერ შეეცვალა დამფუძნებელი, რაც დიმიტრი შაშკინის მიერ თანამდებობების შეცვლას ემთხვევა.

როგორც ფონდის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, 1 000 000 ლარი შემდეგნაირად განიკარგა:

milioni laris xarjtagricxva

2012 წლის თებერვლამდე ნოემბრის ჩათვლით ფონდმა სულ დახარჯა 1 038 909 ლარი, აქედან ნოემბერში, ანგარიშის მომზადების პერიოდისთვის, გაწეული იყო მხოლოდ საგრანტო განაცემების ხარჯი – 59 111 ლარი.

2012 წლის თებერვლამდე ნოემბრის ჩათვლით სულ დაფინანსდა 44 პროექტი. ფონდის მიერ წარდგენილ ანგარიშში მითითებულია თითოეული პროექტის დაფინანსების საფუძველი (ოქმისა და ხელშეკრულების ნომრები), თუმცა, სამწუხაროდ, ცალკე არ არის გამოყოფილი პროექტის განმახორცილებელ პირთა/ორგანიზაციათა დასახელება, რაც მეტად გამჭვირვალეს გახდიდა თანხების განკარგვას. მხოლოდ რამდენიმე პროექტის შემთხვევაში, მათ ანოტაციაშივე არის მითითებული დაფინანსებულთა სახელები.

proeqtebi-1

proeqtebi-2

ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა – 145 000 ლარი გამოიყო პროექტისთვის „წინასაარჩევნო განწყობებისა და მოლოდინების კვლევა“, რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა.

2012 წლის იანვარი-აპრილი პერიოდში განხორციელდა ა(ა)იპ საქართველოს სტუდენტთა დასაქმების ცენტრისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტი „ასწავლე მოსწავლეს“, რომელიც სტუდენტების მიერ სკოლებში შემეცნებითი სახის გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობდა. პროექტის მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 7 986 ლარი. ა(ა)იპ საქართველოს სტუდენტთა დასაქმების ცენტრი სულ რაღაც ნახევარი წლით ადრე, 2011 წლის 6 ივნისს დაფუძნდა.  [1]

საზოგადოების დამფუძნებლები არიან ლაშა მონიავა (გამგეობის თავმჯდომარე), გივი ჭლიკაძე და გერონტი მიქაძე (გამგეობის წევრები). საინტერესოა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით გავრცელდა ერთ-ერთი სტუდენტის სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ პროექტის საუკეთესო 10 მონაწილე ლიტვაში უნდა წასულიყო, მაგრამ წამსვლელთა შერჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე. „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის“ მიერ წარდგენილ ანგარიშში მოცემულ პროექტის ანოტაციაში არაფერია მითითებული ლიტვაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, საუბარია მხოლოდ სტუდენტებისთვის ტრენინგის ჩატარებასა და შემდეგ ამ სტუდენტების მიერ სკოლებში გაკვეთილების ჩატარებაზე.

„პირობა კი იყო რომ “ასწავლე მოსწავლე”-ს პროექტის 10 საუკეთესო მონაწილე ლიტვაში წავიდოდა 10 დღით. კაი ხნის ლოდინის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს რომ უნდა გავსულიყავი სკოლაში. 166-ე სკოლა გვქონდა მე და ჩემს მეწყვილეს არჩეული და სკოლებში გავედით, არც დაპირებული შემმოწმებლები იყვნენ, ვინც გაარკვევდა იმას თუ ვინ უნდა წასულიყო ლიტვაში და არაფერი. მეტიც შემდეგ გავიგე რომ პროექტის დამთავრებამდე ამ თვითმარქვია ორგანიზაციის პრეზიდენტს ვინმე ლაშა მონიავას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა თუ ვის წაიყვანდა ლიტვაში. ყველაზე საშნელება კი ის იყო რომ ლიტვაში წამსვლელთა სიაში მოხვდნენ ისეთებიც ვისაც ერთი გაკვეთილიც არ ჰქონდათ ჩატარებული.“ [2]

N

ფონდმა 2012 წლის მარტიდან 2013 წლის იანვრამდე პერიოდში  60 000 ლარი გასცა http://www.onlinenews.ge-ზე, ინტერნეტ-პორტალზე, სადაც ახალი ამბები თავსდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. „უახლესი ამბების პორტალი“, როგორც თავის თავს http://www.onlinenews.ge უწოდებს, Facebook-ზე ბოლოს 2013 წლის 1 დეკემბერს განახლდა

ხოლო მითითებული ორი ვებ-გვერდიდან (http://www.onlinenews.ge/ და http://www.onn.ge/) არც ერთი არ ფუნქციონირებს.  შესაბამისად, დღესდღეობით შეუძლებელია იმის გაგება, თუ კონკრეტულად რას მოხმარდა გასულ წელს გაცემული 60 000 ლარი.

2012 წლის მარტიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით ფონდმა 60 000 ლარი გამოუყო ორგანიზაცია „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“-ს პროექტ „მდგრადი ორგანიზაცია 2012“-თვის, რომლის მთავარი მიზანიც ორგანიზაციულ განვითარებაში, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და PR-ის გაუმჯობესებაში მდგომარეობდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდა 2004 წლის 3 დეკემბერს კონსტანტინე იონათამიშვილის, მიხეილ დევდარიანის, შალვა გელაშვილის, გიორგი გამყრელიძისა და ალექსანდრე სილაგაძის მიერ.

კონსტანტინე იონათამიშვილი 2003-2009 წლებში ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, ხოლო 2010 წლიდან ქ. თბილისის საკრებულოს წევრი პარტიული სიით ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

2012 წლის მანძილზე, ფონდის მიერ ორგანიზაცია „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“-თვის თანხის გამოყოფის პერიოდში შალვა გელაშვილი მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტატისტიკურ-ანალიტიკური სამმართველოს უფროსად, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსად და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს უფროსად (დეკლარაციის შევსების თარიღია 31/08/2012). შალვა გელაშვილს გამგეობის წევრობა შეუწყდა 2012 წლის 31 დეკემბერს (ძალაში შევიდა 2013 წლის 25 იანვარს).

ალექსანდრე სილაგაძე 2012 წლის 31 ოქტომბრისთვის იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.  ალექსანდრე სილაგაძე საჯარო რეესტრის 2010 წლის 10 მარტის ამონაწერში მითითებულია როგორც ორგანიზაციის დირექტორი, უკვე 16 მარტის ამონაწერის მიხედვით ის დირექტორთა ჩამონათვალიდან ამოღებულია და მითითებულია როგორც დამფუძნებელი, ხოლო 2011 წლის 14 აპრილის ამონაწერში საერთოდ არ ფიგურირებს.

40 260 ლარი გამოყო ფონდმა საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობების ხელმძღვანელებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად, თუმცა, არ არის მითითებული, თუ ვინ ჩაატარა ტრენინგები, რამდენად კვალიფიციური იყო პროექტის ორგანიზატორთა ჯგუფი და შესაბამისად, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა ბიუჯეტის თანხა.

10 000 ლარი იყო გამოყოფილი სოფლის განვითარების პროგრამის მონიტორინგზე, თუმცა, იმის გამო, რომ არ არის მითითებული პროექტზე პასუხისმგებელი პირების ვინაობა, შეუძლებელია როგორც საბიუჯეტო თანხების ხარჯვის მიზნობრიობის, ისე მონიტორინგის შედეგების ნახვა.

ასევე გაუგებარია, ვის გამოეყო 19 997,8 ლარი პროექტისთვის „კვლევის მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის სკოლა“, რომელიც 30 მკვლევრის გადამზადებას და კვლევების ჩატარებას ისახავდა მიზნად.

საინტერესოა ვინ განახორციელა პროექტი „ინფორმირებული მოქალაქე = აქტიური მოქალაქე“, რომლის განხორციელებისთვისაც ფონდმა 99 800 ლარი გამოყო. პროექტი მიზნად ისახავდა 150 საჯარო შეხვედრის ორგანიზებას და საინფორმაციო მასალების გავრცელება საარჩევნო და ადამიანის სხვა უფლებებზე.

aqtiurimoqalaqe1

პროექტისთვის „რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ“, რომლის მიზანსაც კვლევის მომზადება, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან სავარაუდო მოქმედებების განსაზღვრა და პროგნოზების გაკეთება წარმოადგენდა, ფონდმა 49 900 ლარი გამოყო ბიუჯეტიდან. უცნობია როგორც კვლევის განმახორციელებელი პირების ვინაობა, ისე კვლევის შედეგები.

9760 ლარით დაფინანსებულ პროექტს „დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრისა და ანანურის თემებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება“ ახორციელებს ორგანიზაცია „მთისა და ბარის კავშირი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრიც არის რევაზ ყარმაზანაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.

IDFI შეეცადა ფონდისგან დამატებით მიეღო ინფორმაცია პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და მათ მიერ ფონდისთვის წარდგენილი ანგარიშების შესახებ, თუმცა მითითებულ მისამართზე ფონდის ოფისის მოძიება ვერ მოხერხდა. საკონტაქტო ტელეფონები არ ფუნქციონირებს, ხოლო ვებ-გვერდი საერთოდ გაუქმებულია. 


[1] დეკლარაცია 2012 წლის 15 ივნისს აქვს შევსებული, მაგრამ შემოსავლების სამსახურში განხორციელებული ზარის შედეგად გაირკვა, რომ იგი 2012 წლის 5 ნოემბრამდე იკავებდა ამ თანამდებობას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024