2023 წლის 14 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ახალი კანონი რომელმაც არსებითად შეცვალა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მომწესრიგებელი ნორმები, გააფართოვა მონაცემთა დამუშავების საფუძვლები. აქამდე მოქმედი კანონი და მისი მოუქნელი ნორმები ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების კუთხით მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენდა. მონაცემების დამუშავების საფუძვლების ცვლილებამდე არსებული ჩამონათვალი, აგრეთვე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებთან დაკავშირებული ჩამკეტი ნორმები პერსონალური მონაცემების დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას/ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შორის არაგონივრულ არათანაზომიერ ბალანსს ადგენდა, რაც თანხლებული იყო მასობრივად ინფორმაციის თავისუფლების საწინააღმდეგოდ საკანონმდებლო დანაწესების განმარტების პრაქტიკით.
ახალმა კანონმა აღმოფხვრა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ბუნდოვანებები და არსებითად შეცვალა მკაცრი სამართლებრივი რეჟიმი. IDFI დადებითად აფასებს საკანონმდებლო ცვლილებებს და იმედს გამოთქვამს რომ მათი აღსრულება მოხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების გონივრული დაბალანსების სულისკვეთების შესაბამისად.
კანონპროექტი თავდაპირველად დაინიცირდა ჯერ კიდევ 2019 წლის 22 მაისს. პირველად ვერსიასთან დაკავშირებით IDFI-მ 2019 წლის 22 აგვისტოს საქართველოს პარლამენტს წარუდგინა თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომელთა ნაწილიც პარლამენტმა გაითვალისწინა.
კერძოდ, თავდაპირველი ვერსია შეიცავდა ჩვეულებრივი კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა შორისაც ამოღებული იყო მოქმედი კანონით გათვალისწინებული: “მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით”. IDFI-ს მოსაზრებით, აღნიშნული საფუძვლის ამოღება საფრთხეს უქმნიდა იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რომლის საჯაროობაც გამომდინარეობს სხვა საკანონმდებლო აქტებიდან (ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები; საჯარო რეესტრის მონაცემები).
გარდა ამისა, თავდაპირველი ვერსია არ ითვალიწინებდა შემდეგ საფუძველს: “მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად”. ამ საფუძვლის არ გათვალისწინებით საფრთხე ექმნებოდა იმგვარი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რომლის მიმართაც არსებობს ლეგიტიმური საჯარო ინტერესი, რომელსაც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლია გადაწონოს მონაცემთა სუბიექტის დაცვის ინტერესი. აგრეთვე, ინიცირებული ვერსია არ შეიცავდა შემდეგ საფუძველს: “კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა” - ბუნებრივია, როდესაც მონაცემთა სუბიექტი თავად ხდის მის შესახებ ინფორმაციას საჯაროდ ხელმისაწვდომს, თავისთავად გამომდინარეობს, რომ მას აღარ აქვს ლეგიტიმური ინტერესი, სახელმწიფომ დაიცვას ეს მონაცემები.
ამ მხრივ, საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა IDFI-ს მოსაზრებები და საბოლოოდ მიღებულ ვერსიაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ეს საფუძვლები ასახა.
ახალი კანონი ადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების უფრო ფართო საფუძვლებს, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო მანამდე მოქმედი კანონით. ეს დადებითად უნდა შეფასდეს, ვინაიდან განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების მომწესრიგებელი მკაცრი ნორმები მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. დამატებით აღსანიშნავია ისიც, რომ კანონში არსებული ბლანკეტური აკრძალვა - რომელიც შეუძლებელს ხდიდა მონაცემების გასაჯაროებას მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე - გაუქმდა.
მსგავსად ჩვეულებრივი კატეგორიის მონაცემებისა, უკვე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებიც ექვემდებარება დამუშავებას, მათ შორის გასაჯაროებას, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი (აქამდე არსებული კანონი ამგვარ საფუძველს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებთან მიმართებით არ ადგენდა).
ახალი კანონის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ უზრუნველყოფილია მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დაცვის ამ კანონით გათვალისწინებული გარანტიები. კანონის ეს ჩანაწერი დამატებით წინაპირობას ადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების კუთხით და მისმა ბუნდოვანებამ შესაძლოა წარმოქმნას დამატებითი ბარიერები ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით IDFI საქართველოს პარლამენტისთვის გაგზავნილ მოსაზრებებშიც აკეთებდა აქცენტს, თუმცა, სამწუხაროდ, პარლამენტმა ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ახალი კანონი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს: “მონაცემთა სუბიექტმა გამოყენების აშკარა აკრძალვის დათქმის გარეშე საჯარო გახადა თავისი მონაცემები”. IDFI მიიჩნევს, რომ მონაცემთა სუბიექტის მიერ მის შესახებ მონაცემების გასაჯაროება თავისთავად უნდა იყოს მონაცემების დამუშავების საფუძველი ყოველგვარი დამატებითი დათქმის გარეშე („მათი გამოყენების აშკარა აკრძალვა“). ეს გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტიდანაც, რომლის მიხედვითაც როდესაც პირს არ აქვს მის შესახებ არსებული ინფორმაციის გამჟღავნებისგან დაცვის ინტერესი (როდესაც მონაცემი ნებაყოფლობით გახადა საჯარო), არ არსებობს მისი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის საჭიროება. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/4/693,857 საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II-31).
მიუხედავად ამ შენიშვნებისა, დადებითად უნდა შეფასდეს, ზოგადად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების საფუძვლების გაფართოება და ბლანკეტური აკრძალვების მოხსნა. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, აქამდე არსებული მოწესრიგება ნორმატიულად შეუძლებელს ხდიდა საჯარო ინფორმაციის სახით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების (მათ შორის, მაგალითად, თანამდებობის პირთა ნასამართლეობის, დანაშაულის ჩადენის და ა.შ. შესახებ მონაცემების) მიღებას. ახალმა კანონმა ეს პრობლემა აღმოფხვრა.
სასამართლო აქტების გაცემაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე მითითებით უარის თქმის პრაქტიკა 2015 წლის ოქტომბრიდან დამკვიდრდა. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას შორის უპირობო უპირატესობა ამ უკანასკნელს ენიჭებოდა. ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ და ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ სარჩელების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას. გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის მიმართ თავისთავად არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი იმის მიუხედავად, თუ რა სამართლებრივ საკითხს შეეხება, ვის მიმართ არის მიღებული და რა დატვირთვა აქვს კონკრეტულ დროში თუ კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე თითოეულ ინდივიდუალურ საქმეზე მიღებულ სასამართლო აქტს. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო 2020 წლის 1 მაისიდან და საკანონმდებლო ორგანოს მისცა ვადა საკითხის კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოსაწესრიგებლად.
აღნიშნული საკითხის მომწესრიგებელი კანონი საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ 2023 წლის 13 ივნისს მიიღო. კერძოდ, “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული უკანასკნელი ცვლილებებით სასამართლო აქტების საჯაროობა ზოგად (default) წესად განსაზღვრა: “სასამართლო აქტის სრული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით”.
2019 წლის 22 აგვისტოს წარდგენილ რეკომენდაციებში IDFI მიუთითებდა, რომ არსებითი იყო სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი სტანდარტი შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ასახულიყო. აღნიშნული რეკომენდაცია პარლამენტმა გაიზიარა და “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ახალმა კანონმა განსაზღვრა, რომ “განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის ან გამოქვეყნების მიზნით”, ხოლო ამ მონაცემების დამუშავების შემთხვევაში მათი საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა უნდა მოხდეს “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონით. სხვაგვარად, ის ნორმატიული მოწესრიგება, რომელიც წლების განმავლობაში გამორიცხავდა ღია სასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას, ახალი კანონით შეიცვალა და სასამართლო აქტების საჯაროობის სასარგებლოდ გადაწყდა, რაც მისასალმებელია ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლებისა და სასამართლო ხელისუფლებაზე ეფექტური საზოგადოებრივი ზედამხედველობის განხორციელების თვალსაზრისით.
ახალი კანონით ასევე მოწესრიგდა საარქივო დოკუმენტების ღიაობის საკითხიც. აქამდე მოქმედი “პერსონალურ მონაცემთა დამუშავების” შესახებ საქართველოს კანონი საერთოდ არ შეიცავდა კვლევით/არქივირების მიზნებს, როგორც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველს, ხოლო ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისთვის პირის მონაცემების გამჟღავნება შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უკანასკნელი გარდაიცვლებოდა და მას წერილობითი ფორმით არ ჰქონდა აკრძალული მონაცემების გამჟღავნება.
სხვაგვარად, მკვლევარი პერსონალური მონაცემების შემცველ საარქივო დოკუმენტებს მოიპოვებდა მხოლოდ მაშინ, როდესაც:
ა) ჰქონდა მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა;
ბ) მონაცემთა სუბიექტი გარდაიცვალა და წერილობით არ აუკრძალავს მონაცემთა გამჟღავნება.
ეს მოცემულობა მკვლევარს აკისრებდა რთულად დასაძლევ მტკიცების ტვირთს. კერძოდ, მას უნდა მოეპოვებინა მონაცემთა სუბიექტთა თანხმობები ან დაედასტურებინა, რომ პირი გარდაიცვალა.
ამ კუთხით, ახალმა კანონმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შემოიტანა. კერძოდ, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების ახალ საფუძვლად განისაზღვრა არქივირებისა და სამეცნიერო კვლევის მიზნები, კერძოდ: “განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად საჯარო ინტერესებისთვის არქივირების, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის”. ამგვარად, კანონმდებელმა გაითვალისწინა IDFI-ს პოზიცია და ახალი კანონით დადგინდა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი საარქივო დოკუმენტების ღიაობა (დამუშავება/გამჟღავნების სამართლებრივი შესაძლებლობა), რაც ცალსახად დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს.
მიუხედავად ამისა, პრობლემურად რჩება ის, რომ კვლევითი/სამეცნიერი/არქივირების მიზნებით მონაცემების დამუშავება/გამჟღავნების სამართლებრივი შესაძლებლობა გაჩნდა მხოლოდ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით, ხოლო ჩვეულებრივი კატეგორიის მონაცემების დამუშავების საფუძვლად იგი მითითებული არ არის. კანონი ამ მხრივ ერთგვარ პარადოქსულ მდგომარეობას გვთავაზობს - კვლევითი მიზნებისთვის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება დაშვებულია, ხოლო ჩვეულებრივის - არა, მაშინ როდესაც, თავისი არსით, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები უნდა სარგებლობდნენ დაცვის ბევრად მაღალი ხარისხით, ვიდრე სხვა სახის პერსონალური მონაცემები.
ამგვარი მოწესრიგების პირობებშიც კი, თუკი კანონი განმარტებული იქნა მისი მიღების მიზნების სულისკვეთებით, არქივების ღიაობის წესი უნდა გავრცელდეს ჩვეულებრივ მონაცემებზეც - თუკი კანონი უშვებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გამჟღავნებას, იგი, მით უმეტეს, უნდა უშვებდეს ჩვეულებრივი მონაცემების გამჟღავნებასაც (კანონის განმარტების მეთოდი: Argumentum a fortiori – (arg a majore ad minus od a minore ad maius - დიდიდან მცირეზე და მცირედან დიდზე ე.წ “მით უმეტეს დასკვნის” მეთოდი). თუმცა, ბუნდოვანების აღმოსაფხვრელად, უმჯობესია, რომ კანონში გაიწეროს პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლად კვლევითი/სამეცნიერი/არქივირების მიზნები. აღსანიშნავია, რომ ეს რეკომენდაცია IDFI-მ საქართველოს პარლამენტს 2019 წლის 22 აგვისტოს წარდგენილ მოსაზრებებშიც შესთავაზა, თუმცა პარლამენტმა, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა იგი.
დადებითად უნდა შეფასდეს ისიც, რომ ახალი კანონით საარქივო დოკუმენტები ნებისმიერ შემთხვევაში (პირს აკრძალულიც რომ ჰქონდეს მონაცემთა გამჟღავნება) ღია იქნება თუკი პირის გარდაცვალებიდან გავიდა 30 წელი.
ახალი კანონით არსებითად შეიცვალა პერსონალური მონაცემების დაცვისა და ინფორმაციის გამჭვირვალობის ბალანსი და დადგინდა საჯაროობის ახალი სტანდარტები, რაც წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს. პარლამენტმა გაითვალისწინა IDFI-ს არაერთი რეკომენდაცია და ნორმები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საფუძველი ხდებოდა, შეიცვალა და შეივსო არაორაზროვანი ჩანაწერებით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 14 ივნისს მიღებული ცვლილებები მნიშვნელოვნად ცვლის პერსონალური მონაცემების დაცვის რეჟიმს ქვეყანაში. IDFI უახლოეს მომავალში წარმოადგენს მიღებული კანონის სრულ ანალიზს, რომელიც მათ შორის მიმოიხილავს საკითხებს რომელიც შეეხება მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტს, დავიწყების უფლებას, კერძო სექტორის ახალ ვალდებულებებს, აუდიომონიტორინგის საფუძვლებსა და მოთხოვნებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. გათვალისწინებული სიახლეების უმრავლესობა ძალაში შედის 2024 წლის 1 მარტიდან.
“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია
03.10.2024