დეპუტატ არველაძის ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის მიზნებსა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს

განცხადებები 19 აპრილი 2018

პარლამენტში დეპუტატ რევაზ არველაძის მიერ ინიცირებულია საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონში ცვლილებების ორი პროექტი (იხ. 1-ლი პროექტიმე-2 პროექტი), რომლებიც გულიხსმობს რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის, გამოქვეყნებისა და მონიტორინგის მხრივ. კერძოდ:

 

-გაუქმდება 1000-ლარიანი ჯარიმა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში;

 

-ქონებრივი დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის არსებული 1000 ლარიანი ჯარიმა შემცირდება 100 ლარამდე;

 

-თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში საიდუმლო გახდება ინფორმაცია თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა ნაწილზე (გარდა მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის ან გერისა).

 

შემოთავაზებული პროექტი მნიშვნელოვნად ასუსტებს დღეს არსებულ პრევენციისა და სანქცირების სტანდარტს, ზრდის ინტერესთა კონფლიქტის შესაძლებლობას და ამცირებს თანამდებობის პირების მიმართ საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია წინადადება, რომ გაუქმდეს ჯარიმა თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, რადგანაც ასეთი ცვლილება არსებითად აზრს დაუკარგავს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემას, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა და ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული რეფორმა იყო უკანასკნელ წლებში. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის თანახმად.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი ქონებრივი დეკლარაციების წარდგენისა და მონიტორინგის სისტემა საერთაშორისო დონეზე კარგ პრაქტიკად არის აღიარებული და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ეროვნულ სამოქმედო გეგმებს შორის ერთ-ერთ გამორჩეულ ვალდებულებას წარმოადგენს.

 

ეს ყველაფერი მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ როგორც სტატისტიკა მოწმობს, ზოგიერთი თანამდებობის პირი არასათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება ქონებისა და შემოსავლების შეტანას დეკლარაციაში. 2017 წლის საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშის მონაცემებით მხოლოდ წარდგენილი დეკლარაციების 20% იყო სრულყოფილად შევსებული. 2017 წელს სულ შემოწმდა 287 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია, საიდანაც 224 შემთხვევაში (78%) გაიცა უარყოფითი დასკვნა და დაჯარიმდა თანამდებობის პირი, ხოლო 7 პირზე დარღვევების შეფასება შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნა.

 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის საქართველოს მონიტორინგის მე-4 რაუნდის ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები, რომელთა ძირითადი ამოცანაც კანონის მოქმედების არეალის გაზრდა და დეკლარაციების წარდგენის და მონიტორინგის სისტემის გაძლიერებაა. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტის მხრიდან მოხდეს ქონებრივი დეკლარაციების სისტემის გაძლიერება, დეკლარანტების წრის გაფართოება და სანქციების გამკაცრება, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად აუარესებს არსებულ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგის სტანდარტს, სისტემის გამჭვირვალობას და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების ხარისხს.

 

მიგვაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მაღალი დონის კორუფცია პრობლემად რჩება საქართველოს რეალობაში, დაუშვებელია თანამდებობის პირთათვის ანტიკორუფციული კანონმდებლობის შერბილება. კორუფციული რისკების ეფექტური პრევენციისთვის აუცილებელია, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაციის გარკვეული კატეგორიები არა მხოლოდ უშუალოდ თანამდებობის პირების, არამედ მათთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი პირის შესახებ. კანონში ამ პირთა წრის დავიწროება შეამცირებს თანამდებობის პირთა ქონებისა და ეკონომიკური ინტერესების გამჭვირვალობას და გაზრდის უკანონო გამდიდრებისა და ინტერესთა შეუთავსებლობის წარმოქმნის საფრთხეს.

 

შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები განსაკუთრებით უარყოფითად აისახება საქართველოს, როგორც OGP-ს თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაციაზე. ღია მმართველობის პარტნიორობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა, რაც 2018 წლის ივლისში თბილისში დაგეგმილი სამიტის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ ამჟამად საჯარო სამსახურის ბიურო დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი პარლამენტის წევრის ქონებრივი დეკლარაციის შესახებ მოკვლევას. ეს ფაქტი კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის სულისკვეთებას, მით უფრო, რომ კანონპროექტებზე თანდართულ განმარტებით ბარათებში არ არის სათანადოდ განმარტებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანი.

 

მოვუწოდებთ პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს ცვლილებებს ინფორმაციის დახურვის  და დეკლარაციის წარუდგენლობისთვის ჯარიმის შემცირების თაობაზე, რადგან ეს ინიციატივა ერთმნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯია კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ასუსტებს ამ თვალსაზრისით გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულების არსებულ სტანდარტს. ამასთან, ქონებისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების მოთხოვნების შერბილება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ანტიკორუფციული შეთახმებისა და მექანიზმის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს და აუცილებლად აისახება შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის შეფასებაზე.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023