თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების წარდგენასთან დაკავშირებული დარღვევები

სიახლეები | პუბლიკაციები | ანალიზი 6 ოქტომბერი 2014

 

 

როგორც ცნობილია, საქართველოში თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კანონით დადგენილ ვადებში წარდგენის კონტროლს ახორციელებს სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო. მაგალითად, მათი მონაცემებით 2012-2014 წლებში თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დატოვებიდან 2 თვის ვადაში ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება დაარღვია ცხრა თანამდებობის პირმა. რვა მათგანს დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ასპინძის გამგებლის ყოფილი მოადგილე სასამართლოს გადაწყვეტილებით განთავისუფლდა დაკისრებული სახდელისგან. 

 

 

 

ამავე დროს, დეკლარაციის წარდგენის ვადების კონტროლისგან განსხვავებით, დეკლარირებული ფინანსური მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება თანამდებობის პირს, რომელიც წარადგენს აღნიშნულ მონაცემებს, თუმცა არცერთ უწყებას არ აქვს აღნიშნული მონაცემების სიზუსტის მონიტორინგის ვალდებულება.


აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კანონით გათვალისწინებულ ვადაში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ამასთან საქართველოს კანონმდებლობით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს ქონებრივი მდოგმარეობის დეკლარაციის წარუდგენლობისთვის (იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ორი კვირის შემდეგაც თანამდებობის პირი არ აღმოფხვრის სამართალდარღვევას), ისევე როგორც ქონებრივი მდოგმარეობის დეკლარაციაში განზრახ არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენისთვის. მოცემული მუხლის თანახმად, კი აღნიშნულ ქმედებისთვის გათვალისწინებულია სასჯელი ჯარიმის, საზოგადოებრივი შრომის, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით.


IDFI-ი პერმანენტულად ახორციელებს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს და ამ სტატიაში გვინდა წარმოგიდგინოთ ზოგიერთი თანამდებობის პირის დეკლარაციაში ჩვენს მიერ დაფიქსირებული არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევები.
მაგალითად, ქარელის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულებიდან მიღებული სახელფასო უწყისების მიხედვით ქარელის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის პაატა ღვინიაშვილის - 2013 წელს სამუშაო შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა (ხელფასი და პრემია) სულ შეადგინა 76 850 ლარი, აქედან პრემიის სახით მას მიღებული აქვს - 45 050 ლარი. თუმცა, მას შემდეგ რაც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე ჩვენ გადავამოწმეთ 2014 წელს მის მიერ განთავსებული ქონებრივი დეკლარაცია აღმოჩნდა, რომ ქარელის საკრებულოს თავმჯდომარეს 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულ შემოსავლებში დეკლარირებული ჰქონდა მხოლოდ 32 070 ლარი. (2014 წელს განთავსებულ დეკლარაციაში აისახება 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები)

 

    ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის 2013 წლის სახელფასო უწყისი : 

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის დეკლარირებული სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები:

 

 

 

მეორე შემთხვევა, რომელზეც გვინდა მკითხველის ყურადღება გავამახვილოთ ეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებს. 2014 წლის ივნისის თვეში მედია საშუალებებით გავრცელებული დოკუმენტაციის მიხედვით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეზე და მის მოადგილეებზე 2013 წლის დეკემბრის თვეში დარიცხული შრომის ანაზღაურების ოდენობა (პრემია, სახელფასო დანამატი, თანამდებობრივი სარგო) მერყეობს 18 000 დან 40 000 ლარამდე, თუმცა აღნიშნული მონაცემები მათ მიერ 2014 წელს დეკლარირებულ შემოსავლებში არ იქნა ასახული.


კერძოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის 2014 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ არის მითითებული ამ თანამდებობაზე მის მიერ 2013 წელს მიღებული შემოსავლების შესახებ ცნობები. აღსანიშნავია, რომ დიმიტრი დარბაისელი აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა 2013 წლის 29 ნოემბერს და შესაბამისად დეკლარაციაში ასახული უნდა იყოს, მისი დეკემბრის თვის შრომის ანაზღაურება, რამაც გავრცელებული ინფორმაციით შეადგინა 18 225 ლარი (ხელფასი, პრემია, დანამატი).

მსგავს შემთხვევას ვაწყდებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის ასევე ყოფილი სამი მოადგილის (სიმონ მაჩაიძე, გოგი გახარია, ვლადიმერ ბუნტურიძე) შემთხვევაში. მათ დეკლარაციებში მითითებულია, მხოლოდ 2013 წლის დეკემბრის თვეში თანამდებობრივი სარგოს სახით (დაახლოებით 2000 ლარის ოდენობით) მიღებული შემოსავალი, ხოლო პრესაში გავრცელებული სხვა შემოსავლების (პრემია ან/და სახელფასო დანამატი) შესახებ მონაცემები ამ შემთხვევაშიც არ იქნა მითითებული ქონებრივ დეკლარაციებში.

 

 

პრესაში გავრცლებული დოკუმენტი : 

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის და მისი მოადგილეების დეკლარირებული შემოსავლები:

 

 

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალ თანამდებობის პირებს ოფიციალურად არ უარყვიათ 2013 წლის დეკემბრის თვეში მაღალი ოდენობის პრემიების მიღება. მეტიც, ამ მონაცემების გასაჯაროებას შედეგად მოჰყვა მათი თანამდებობების დატოვება. აღნიშნული ამყარებს ჩვენს ვარაუდს, იმასთან დაკავშირებით, რომ დეპარტამენტის ყოფილმა თანამდებობის პირებმა დეკლარაციებში შეგნებულად არ მიუთითეს დეკემბრის თვეში მიღებული შემოსავლები. ეს კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სისხლის სამართლის კოდექსის 355–ე მუხლით გათვალისწინებული დასჯადი ქმედებაა. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის დეკლარაციაში განზრახ არასწორი ინფორმაციის შეტანის საფუძველზე არის აღძრული საქმეები საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეზე დავით ბაქრაძეზე  და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელზე თემურ ჯანაშიაზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კი ამ სტატიაში მოყვანილი ფაქტები ფინანსური მონაცემების დეკლარაციებში არ შეტანის თაობაზე მართებულია, ვფიქრობთ, რომ ამას სათანადო რეაგირება უნდა მოყვეს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, მინიმუმ საქმის გარემოებების გამორკვევის მიზნით.

 

დამატებით ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ვცდილობთ მოვიღოთ ოფიციალური საჯარო ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან 2013 - 2014 წლებში თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ, რაც ნათელს მოფენდა დეკლარაციების სიზუსტესთან დაკავშირებულ საკითხს. 2014 წლის 4 ივნისს IDFI - იმ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ბატონ სოზარ სუბარს მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ. სამინისტრომ განიხილა IDFI - ის საჩივარი და დეპარტამენტი დაავალდებულა ინფორმაციის სრულად გაცემა ინსტიტუტის მოთხოვნებზე, რომელიც უკავშირდება 2013-2014 წლებში დეპარტამენტში გაცემული პრემიების, სახელფასო დანამატების, წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების და დეპარტამენტის ხელმძღვანელების დიპლომების შესახებ ინფორმაციას. თუმცა, მიუხედავად ზემდგომი ორგანოს ამ გადაწყვეტილებისა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დღემდე არ მოუწოდებია ჩვენთვის მოთხოვნილი მონაცემები, რის გამოც ჩვენ მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

 

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემა მსოფლიოში აღიარებულია როგორც პროაქტიული გამჭვირვალობის მართლაც რომ სამაგალითო მაღალი სტანდარტი. თუმცა, ბოლო პერიოდში აღმოჩენილმა ფაქტებმა თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციებში მონაცემების განზრახ თუ შეცდომით არ შეტანასთან დაკავშირებით, დაადასტურა დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნის აუცილებლობა. საქმე იმაშია, რომ დეკლარაციებში ასახული მონაცემების სიზუსტის დადგენა დღესდღეობით ხდება მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა თუ მედიის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებსაც ვერ ექნებათ წვდომა ისეთ მონაცემთა ბაზებთან თუ წყაროებთან, როგორიც შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფო ორგანოებს. შესაბამისად, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემების განზრახ არასწორი შეტანის თუ ამ მონაცემების დამალვის ფაქტები რჩება სათანადო რეაგირების გარეშე, რაც აფერხებს კორუფციასთან ბრძოლის და მისი პრევენციის ეფექტური მექანიზმების დამკვიდრებას.

 

აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა კარგად არის გააზრებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 18 სექტემბრის #557-2 დადგენილების (“ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა ვალდებულებათა ჩამონათვალი”) და საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში უკვე აიღო ვალდებულება, რომ შექმნის და დანერგავს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემას. ვფიქრობთ, რომ ეს სტატია კიდევ ერთხელ ადასტურებს მონიტორინგის და გამოვლენილი გადაცდომებთან ბრძოლის ეფექტური სისტემის შექმნის აუცილებლობას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გაერომ 28 სექტემბერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა

18.10.2019

საქართველოს პარლამენტმა IDFI-ის რეკომენდაციით საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტრონული პლატფორმა შექმნა

16.10.2019

IDFI-მ ჟურნალისტებისა და პროკურორებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა

14.10.2019

სტალინიზმი საბჭოთა სკოლებში და სკოლის მოსწავლეების საქმე

11.10.2019
განცხადებები

კვლავ არსებობს კითხვები გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით

17.10.2019

განცხადება სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის აუცილებლობის შესახებ

18.09.2019

იურიდიული კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების შეფასება

17.09.2019

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა

15.09.2019
ბლოგპოსტები

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019

ინტერესთა შეუთავსებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში

05.08.2019

რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში

13.05.2019

დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

22.04.2019