მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმოხილვა

ბლოგპოსტები 30 ნოემბერი 2017

ავტორი: გიორგი ბერაია

 

2016 წლის 14 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ, 7 მოსამართლის შემადგენლობით, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერ მინისტრის ივანე მერაბიშვილის საქმეზე. სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. სახელმწიფომ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ამჯერად საკითხი დიდი პალატის 17 მოსამართლის შემადგენლობით იქნა განხილული. 2017 წლის 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  სასამართლოს დიდმა პალატამ გაიზიარა 7 მოსამართლისგან შემდგარი პალატის შეფასება სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით, თუმცა დასაბუთებაში უფრო დეტალურად და გამოკვეთილად იმსჯელა ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს ფარული მოტივი მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნით ჩამოეცილებინა იგი პოლიტიკური საქმიანობიდან.

 


2016 წლის 14 ივნისს პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეჯამება

 

სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხება 2013 წელს ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოყენებული წინასწარი პატიმრობის შესაბამისობის საკითხს ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან.

 

ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ 2013 წლის 22 და 25 მაისს ადგილობრივი სასამართლოების მიერ გამოყენებული წინასწარი პატიმრობა იყო დასაბუთებული,  კანონიერი და ემყარებოდა განჭვრეტად საკანონმდებლო ნორმებს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მერაბიშვილს ჰქონდა სავარაუდოდ ყალბი საერთაშორისო პასპორტი, ამასთან მის საკუთრებაში აღმოჩნდა  დიდი რაოდენობის ნაღდი ფული, ხოლო მისმა მეუღლემ სწრაფად დატოვა საქართველო მას შემდეგ რაც მერაბიშვილი დაბარებულ იქნა გამოძიების მიერ. ასევე, მოსარჩელემ სავარაუდოდ განახორციელა ზეწოლა სასაზღვრო პოლიციის უფროსზე და პოლიციის ოფიცერზე. ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გამოძიების სათანადოდ წარმართვის ხელშეშლის საფრთხეები და შესაბამისად წინასწარი პატიმრობის გამოყენება დასაბუთებული იყო. აქედან გამომდინარე, კონვენციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების) დარღვევა სასამართლომ არ დაადგინა.

 

თუმცა, სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ შემდგომში წინასწარი პატიმრობის გაგრძელების საჭიროება ადგილობრივი სასამართლოების მიერ არ იქნა სათანადოდ დასაბუთებული. კერძოდ წინასწარი პატიმრობის გამოყენებიდან 4 თვის გასვლის შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დაასაბუთა წინასწარი პატიმრობის გაგრძელების საჭიროება და განმარტებების გარეშე უთხრა უარი აპლიკანტს წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე. ამ კუთხით სასამართლომ კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევა დაადგინა.

 

ამასთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლომ მიიჩნია, რომ საგამოძიებო ორგანოები წინასწარ პატიმრობას კონვენციასთან შესაბამისი, ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან ერთად, ასევე იყენებდნენ არაკონვენციური, არალეგიტიმური მიზნების მისაღწევადაც, რის გამოც სასამართლომ ჩათვალა, რომ სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მე-18 მუხლიც დაირღვა. ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის მიზანს წარმოადგენს არ მისცეს სახელმწიფოებს შესაძლებლობა შეზღუდონ ადამიანის უფლებები კონვენციასთან შეუსაბამო „ფარული მიზნების” მისაღწევად.

 

აპლიკანტის, ივანე მერაბიშვილის,  მტკიცებით, მის მიმართ გამოყენებული წინასწარი პატიმრობის რეალურ, “ფარულ” მიზანს მისი პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორება და ამით მისი პარტიის პოლიტიკური შესუსტება წარმოადგენდა. ამის დასადასტურებლად ვანო მერაბიშვილს სარჩელში მოჰყავდა სხვადასხვა ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ინსტიტუციების და არასამთავრობო ორგანიზაციების  განცხადებები. სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი მხედველობაში იღებს ზოგად პოლიტიკურ კონტექსტს, თუმცა, სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. სასამართლოსთვის გადამწყვეტია კონკრეტული სამართლებრივად დადგენადი ფაქტები და შესაბამისად იგი ვერ დაეყრდნობა სხვადასხვა პოლიტიკურ შეფასებებს.

 

სასამართლომ ამგვარ მნიშვნელოვან, კონკრეტულ ფაქტად მიიჩნია, მოსარჩელის ციხის საკნიდან გაყვანა გვიან ღამით მაშინდელ მთავარ პროკურორთან შეხვედრის მიზნით, რათა მასზე ზეწოლის განხორციელებით მიეღოთ ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და ასევე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამგვარ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, რადგანაც: 1) მოსარჩელე დეტალურად და დამაჯერებლად აღწერდა შემთხვევის დეტალებს და მზად იყო საგამოძიებო ორგანოებთან სათანამშრომლოდ. 2) სასჯელაღსრულების სამინისტრომ არ უზრუნველყო სათვალთვალო კამერებისჩანაწერების მიწოდება, რომელსაც შეეძლო დაედასტურებინა ან უარეყო აღნიშნული ფაქტი. 3) მაღალი თანამდებობის პირები, კერძოდ, პრემიერ-მინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი ეწინააღმდეგებოდნენ აპლიკანტის განცხადებების საფუძველზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას. 4) სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, დაადასტურა, რომ ამგვარ შემთხვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც იგი მალევე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.  5) სახელმწიფოს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ამ შემთხვევის რაიმე სახის ყურადსაღები ახსნა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან ერთად, ასევე ემსახურებოდა არაკონვენციური მიზნების მიღწევასაც. კერძოდ, იგი გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მექანიზმად სხვა, მის საქმესთან დაუკავშირებელ, საქმეებზე დამატებითი ინფორმაციების მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარე, სასამართლომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა თავისუფლების უფლებასთან კავშირში. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი საქმე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელშიც სასამართლომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა.

 


2017 წლის 28 ნოემბერს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეჯამება

 

დიდი პალატის 17 მოსამართლიდან უმრავლესობამ, 9 მოსამართლემ, გაიზიარა  პალატის შეფასება სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით, თუმცა დასაბუთებაში უფრო დეტალურად და გამოკვეთილად იმსჯელა ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს ფარული მოტივი მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნით ჩამოეცილებინა იგი პოლიტიკური საქმიანობიდან.

 

დიდი პალატის  შეფასებით, მართალია წინასწარი პატიმრობა გამოყენებულ იქნა ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, თუმცა აღნიშნულით ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდება უმეტესწილად ემსახურებოდა ვანო მერაბიშვილის ქართული პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ არაერთი სისხლისსამართლებრივი საქმე იქნა წარმართული საქართველოში, რაც შეიძლება მიუთითებდეს განზრახვაზე, რომ ზიანი მიადგეს პოლიტიკურ პარტიას, თუმცა ის ასევე თანაბრად შეიძლება ემსახურებოდეს იმ პირების დასჯას, რომლებსაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ დაეკისრათ პასუხისმგებლობა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის. დიდი პალატის შეფასებით არ იქნა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურდება, რომ მერაბიშვილის საქმის განმხილველი შიდა სასამართლოები არ იყვნენ საკმარისად დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. ამასთან, სისხლისსამართლებრივი პროცესის წარმართვისას არ გამოვლენილა, რომ მის წინააღმდეგ წინასწარი პატიმრობის გამოყენების განმსაზღვრელი, ძირითადი მიზანი პოლიტიკური შინაარსის იყო.

 

ამის მიუხედავად, სასამართლოს დიდმა პალატამ  მოსარჩელის ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე დაყრდნობით, მაინც მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მე-18 მუხლი დარღვეულ იქნა. დიდმა პალატამ გაიზიარა პალატის შეფასება და დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის მიმართ წინასწარი პატიმრობა ლეგიტიმურ მიზნებთან ერთად, სახელმწიფო ორგანოებმა ასევე გამოიყენეს სხვა, არალეგიტიმური მიზნისთვისაც, კერძოდ, მასზე ზეწოლის განხორციელებით მიეღოთ ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და ასევე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებით.

 

დიდი პალატის სამი მოსამართლის თანხვედრი აზრი

 

დიდი პალატის სამი მოსამართლე, მათ შორის ქართველი მოსამართლე ნონა წოწორია, დაეთანხმა მოსამართლეთა უმრავლესობის პოზიციას, რომ ადგილი ქონდა კონვენციის ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევას, თუმცა მათ, მოსამართლეთა უმრავლესობისგან განსხვავებით, ასევე მიიჩნიეს, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოყენებული წინასწარი პატიმრობა უმეტესწილად ემსახურებოდა სწორედ ფარული პოლიტიკური მიზნების მიღწევასაც.

 

მოსამართლეთა პოზიციები ემყარება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სასამართლოების მიერ  ყოფილი მაღალჩინოსნების საქართველოში ექსტრადირებაზე უარის თქმის ფაქტებს, ამასთან მოსამართლეთა შეფასებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და ასევე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ საქმეები, რომელთა მიმართებითაც ცდილობდნენ ვანო მერაბიშვილისგან დამატებითი ინფორმაციების მიღებას, თავისი არსით ასევე იყო მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის. თანხვედრ აზრში ასევე მიმოხილულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელმაც მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადა, რომ  ეს იყო ტყუილი და მერაბიშვილს ფსიქიატრთან უნდა გაევლო კონსულტაციები.

 

დიდი პალატის 8 მოსამართლის განსხვავებული აზრი

 

8 მოსამართლეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ კონვენციის  მე-18 მუხლის დარღვევა სასამართლო უნდა ადგენდეს მხოლოდ იმ საგამონაკლისო შემთხვევებში, როცა მაღალი მტკიცების სტანდარტით დასტურდება, რომ პირის უფლების შეზღუდვა ძირითადად ემსახურებოდა კონვენციასთან შეუსაბამო, “ფარული” მიზნების მიღწევას.

 

მოსამართლეებმა საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნიეს, რომ მოცემულ საქმეზე წინსაწარი პატიმრობის გამოყენების ძირითადი მიზანი ლეგიტიმური იყო - კერძოდ, სათანადოდ წარმართულიყო  ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი პროცესი. მოსამართლეებმა ასევე მიუთითეს, რომ ვანო მერაბიშვილის და ყოფილი მთავარი პროკურორის შეხვედრას არ უთამაშია რაიმე სახის მნიშვნელოვანი როლი სისხლისსამართლებრივი საქმის წარმართვაში. შესაბამისად, წინასწარი პატიმრობის გამოყენების  უპირველესი მიზანი არ იყო, რომ სახელმწიფო ორგანოებს მერაბიშვილისგან მოეპოვებინათ დამატებითი ინფორმაცია კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით.

 

 

მე-18 მუხლის დარღვევის მნიშვნელობა

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძალიან იშვიათ შემთხვევებში ადგენს კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ დღემდე მხოლოდ 6 საქმეში ცნო სასამართლომ ევროსაბჭოს წევრი სხვადასხვა ქვეყნების პასუხისმგებლობა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევისთვის.

 

ორი მათგანი შეეხებოდა ყოფილი უკრაინელი მაღალჩინოსნების ტიმოშენკოს და ლუცენკოს საქმეებს. სასამართლომ არც ამ აღნიშნულ საქმეებში მიუთითა პირდაპირ, რომ სისხლისსამართლებრივი საქმეები სრულად ემსახურებოდა პოლიტიკური მიზნების მიღწევას. მაგალითად ლუცენკოს საქმეში სასამართლომ მიუთითა, რომ წინასწარი პატიმრობა ლეგიტიმურ მიზნებთან ერთად ასევე ემსახურებოდა ბრალდებულის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მომზადებას და ამით პროცესის საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენას. ხოლო ტიმოშენკოს საქმეში, სასამართლომ მიუთითა, რომ ლეგიტიმური მიზნების პარალელურად წინასწარი პატიმრობა ასევე გამოყენებულ იქნა იმ მიზნით, რომ ბრალდებული დასჯილიყო პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს მიმართ გამოვლენილი უპატივცემლობის გამო.

 

უფრო მწვავედ იქნა სასამართლოს მიერ შეფასებული აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა დამცველის და ბლოგერის ილგარ მამადოვის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენების საკითხი. სასამართლომ ამ საქმეში განმარტა, რომ პირის დაკავება ეფუძნებოდა არა მის მიერ დანაშაულის ჩადენის გონივრულ ეჭვს არამედ მოტივირებული იყო მის მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ დაწერილი კრიტიკული ბლოგებით.

 

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და მასზე ზედამხედველბა

 

დიდი პალატის გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ივანე მერაბიშვილს მისი უფლებების დარღვევის გამო გადაუხადოს კომპენსაცია 4 000 ევროს ოდენობით. თუმცა, გადაწყვეტილების აღსრულება მხოლოდ ამით არ ამოიწურება. გადაწყვეტილება გადაეცემა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც შემდგომში თავისი რეზოლუციით განსაზღვრავს სახელმწიფოსთვის სავალდებულო იმ ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების სახეებს, რომელთა შესრულება აუცილებელი იქნება გადაწყვეტილების სათანადოდ აღსასრულებლად. 

 

ზემოთ განხილულ საქმეებზე მინისტრთა კომიტეტმა 2013 წელს მიუთითა, რომ იგი მიესალმება უკრაინის პრეზიდენტის მიერ ლუცენკოს შეწყალებას და მისი პატიმრობიდან გათავისუფლებას, რაც შეეხება ტიმოშენკოს, რომელიც იმ დროისთვის პატიმრობაში იმყოფებოდა, კომიტეტმა მოუწოდა უკრაინის სახელმწიფოს გადაედგათ შესაბამისი ნაბიჯები და მხედველობაში მიიღონ ყველა შესაბამისი ღონისძიება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ტიმოშენკოს დარღვეული უფლებების ადეკვატურად აღდგენას. შემდგომში უკრაინაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, იულია ტიმოშენკო 2014 წელს გათავისუფლდა.

 

რაც შეეხება ილგარ მამადოვის საქმეს, მინისტრთა კომიტეტმა პირდაპირ მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოსარჩელის უფლებების აღდგენის ერთადერთი რეალური მექანიზმი იყო, მისი ციხიდან დაუყოვნებლივი გათავისუფლება, თუმცა აზერბაიჯანი ამ მითითებას დღემდე არ ასრულებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ევროსაბჭოს მიერ სპეციალური პროცედურა დაიწყო.

 

 

შეჯამება:

 

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით არ დადგინდა, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდება უმეტესწილად ემსახურებოდა ვანო მერაბიშვილის ქართული პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებას. მიუხედავად ამისა, ვანო მერაბიშვილის მიმართ წინასწარი პატიმრობა, ლეგიტიმურ მიზნებთან ერთად, სახელმწიფო ორგანოებმა ასევე გამოიყენეს სხვა, არალეგიტიმური მიზნისთვისაც, კერძოდ, მასზე ზეწოლის განხორციელებით მიეღოთ ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და ასევე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებით, რის გამოც სასამართლომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა.

 

გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია ვანო მერაბიშვილს გადაუხადოს კომპენსაცია 4 000 ევროს ოდენობით, ამასთან შემდგომში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი დამატებით განსაზღვრავს სახელმწიფოსთვის იმ ვალდებულებებს, რომელთა შესრულება აუცილებელი იქნება გადაწყვეტილების სათანადოდ აღსასრულებლად.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024