IDFI-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმე მოუგო
გელა ბოჩიკაშვილი
26.09.2013
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის საქალაქო სასამართლოს მისსავე უწყებაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე საქმე მოუგო. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაევალა IDFI-ის მის მიერ მოთხოვილი ინფორმაცია ერთი თვის მანძილზე მიაწოდოს.
IDFI თბილისის საქალაქო სასამართლოს სთხოვდა მიეწოდებინა სტატისტიკური ინფრომაცია 2012 წლის 1 ნოემბრიდან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების - ,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერის" შესახებ. მაშინ თბილსის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციამ IDFI-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია საიდუმლოდ მიიჩნია.
როგორც IDFI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ავალიშვილი ამბობს, IDFI-მ საჯარო ინფორმაცია სხვადასხვა უწყებიდან გამოითხოვა.
„ინფორმაციას ვითხოვდით - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ფინანსთა სამინისტროდან და პროკურატურიდან. იგივე საქმეზე სასამართლო პროცესი წავაგეთ ქუთაისში. ყველა უწყებიდან სხვადასხვა პასუხი მივიღეთ“, - უთხრა მან Media.Ge-ს.
მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლო განჩინებას ოფიციალურად გამოაქვეყნებს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აღნიშნულ საკითხზე მასალის გამოქვეყნებას გეგმავს.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" 2009 წლის ივნისში დაფუძნდა. მისი მიზანია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, ინტერნეტ-რესურსების განვითარებით ხელისუფლების ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა.