სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე IDFI ა(ა)იპ „მედიააკადემიის” წინააღმდეგ

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 12 ნოემბერი 2021

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა IDFI-ს სამართლებრივი პოზიცია და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირი (“მედიააკადემია”) სასამართლომ ფუნქციონალური გაგებით ადმინისტრაციულ ორგანოდ მიიჩნია და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის საფუძველზე საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა. IDFI-ის მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის მიღება ა(ა)იპ „მედიააკადემიაში" ხელშეკრულებით დასაქმებულთა შესახებ (ხელშეკრულების საგნისა და ყოველთვიური ანაზღაურების მითითებით); ა(ა)იპ „მედიააკადემიის" 2018 და 2019 წლის რეკლამის დამზადებისა და განთავსების ხარჯები ცალ-ცალკე, დამზადებისა და განთავსების ადგილის მითითებით და „მედიალაბის", „მედიაკრიტიკისა" და მედიასკოლის" ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ჩამონათვალი, თითოეულის დეტალური ხარჯების მითითებით, მათ შორის მოწვეული ექსპერტების ანაზღაურების ჩათვლით.  

 

სასამართლო დავის ქრონოლოგია

 

2020 წლის 7 აპრილს, IDFI-მ “მედიააკადემიის” წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოპასუხისათვის დავალდებულება, რამდენადაც დელეგირების საფუძველზე “მედიააკადემია” წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს ფუნქციონალური გაგებით. 2021 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნათია ბუსკაძემ დააკმაყოფილა IDFI-ს სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე მხარეს დაავალა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა.

 

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა 2021 წლის 20 აპრილს. მეორე ინსტანციით საქმის განხილვისას ა(ა)იპ „მედიააკადემიამ“ ჩაანაცვლა წარმომადგენლები  და სააპელაციო სტადიაზე მას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის ყოფილი მოსამართლე და ადმინისტრაციული სამართლის პროფესორი ნათია წკეპლაძე წარმოადგენდა. 

 

სააპელაციო დავის მიმდინარეობისას IDFI სასამართლოს ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ა(ა)იპ „მედიააკადემია“ შექმნილია, მედიაწიგნიერების სფეროში, კანონის საფუძველზე კანონით გაწერილი ფუნქციების შესასრულებლად და მას მოქმედება მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში შეუძლია. ამავდროულად, მისი დაარსების მიზანიც და საფუძველიც კანონმდებლობით დადგენილი კომისიის ფუნქციის - ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაა, რის გამოც ის ფუნქციური გაგებით ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. 

 

აპელანტის მტკიცებით, კანონით გათვალისწინებული კომისიის ფუნქცია (მედიაწიგნიერების ხელშეწყობა) არ წარმოადგენდა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, მის ძირითად არგუმენტს კი იმ გარემოებაზე ამყარებდა, რომ „მედიააკადემია” საქმიანობისა და ორგანიზაციული მოწყობის კერძო-სამართლებრივ ფორმებს იყენებს. აპელანტი ასევე ავითარებდა მოსაზრებას, რომ საკანონმდებლო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც „საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა” კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციას წარმოადგენს (რაც შემდგომში ნაწილობრივ „მედიააკადემიას“ გადაეცა დელეგირების გზით) ამ უფლებამოსილებას ავტომატურად საჯაროდ არ აქცევდა. აპელანტი ასევე მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ „მედიააკადემია“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას არ იღებს.

 

სასამართლოს დასაბუთება

 

2021 წლის 20 ოქტომბერის დასაბუთებული განჩინების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა სრულად გაიზიარა IDFI-ს არგუმენტები და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ცნების განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია მისი ფუნქციონალური გაგება. ადმინისტრაციული ორგანოს ცნების ლეგალური დეფინიცია ორი ნაწილისაგან შედგება. დეფინიციის პირველი ნაწილი მოიცავს ყველა სახელმწიფო მმართველობის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, აგრეთვე – საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. როდესაც ეს სუბიექტები ასრულებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს, ისინი წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოს სზაკ-ის გაგებით. ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციური გაგება, რომელიც ცნების დეფინიციის მეორე ნაწილშია მოცემული, აერთიანებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემის სუბიექტები, მაგრამ კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებებს. Სწორედ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში განიხილებიან კერძო სამართლის იურიდიული პირები ადმინისტრაციულ ორგანოებად და ამ დროს არიან ვალდებულნი მიიღონ გადაწყვეტილებები და ან განახორციელონ ქმედებები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. Სასამართლო დაეთანხმა IDFI-ს მსჯელობას, რომ პირის საჯარო დაწესებულებად მიჩნევისთვის დაფინანსების წყარო არ არის მთავარი კრიტერიუმი.

 

სასამართლოს პოზიციით,  საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი მაშინ არის სახეზე, როცა ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მისთვის კანონით განსაზღვრული ძირითადი უფლებამოსილების ფარგლებში და ამ უკანასკნელის შესრულების მიზნით. ა(ა)იპ „მედიააკადემია” კი სწორედ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობს - სასამართლო აღნიშნავს, რომ ის, რაც კერძო ორგანიზაციას საჯარო დაწესებულებად აქცევს არის მისი საქმიანობის საფუძველი და მიზანი. საჯარო მმართველობა არ დაიყვანება მხოლოდ ინდ. აქტის გამოცემის, რეალაქტის განხორციელების თუ ადმინისტრაციული ხელშეკრულების  დადებაზე, არამედ მისი შინაარსი უფრო ფართოა ვიდრე ადმინისტრაციული წარმოება.

 

სასამართლოს შეხედულებით, აპელანტის წესდების თითოეული მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ მედიააკადემიის საქმიანობის სრულ ასპექტს გეგმავს და განსაზღვრავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. აქვე ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ კანონი კომისიას ავალდებულებს მედიაწიგნიერების მიმართულებით თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ასახოს წლიურ ანგარიშში.

 

მეორე ინსტანციის სასამართლომ ხაზი გაუსვა პროფესორი პაატა ტურავას სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, არჩევანი კერძო სამართლებრივი ფორმის სასარგებლოდ არ უნდა გახდეს კერძო სამართალში გაქცევის და საჯარო სამართლებრივი ვალდებულებებისგან თავის არიდების საფუძველი. 

 

სასამართლომ ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოს სახალხო დამცველის ამიკუსზე, სადაც ნათქვამია, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვაში სასამართლოს განსაკუთრებული როლი აკისრია, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების მარეგულირებელი ნორმები საკმაოდ მოძველებულია და არ არსებობს ეფექტური მანდატის მქონე საზედამხედველო ინსტიტუტი, რის გამო საჯარო დაწესებულებები სარგებლობენ არსებული საკანონმდებლო ვითარებით და ინფორმაციის გაცემას თავს არიდებენ.

 

მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ ცალსახად მიიჩნია, რომ: 

 

„ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია, რათა განხორციელებულ იქნეს დემოკრატიულ საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მონიტორინგის ფუნქცია. Ცალსახაა, რომ ამ მიმართულებით მომუშავე უწყებების მხრიდან, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა, მათი საზოგადოებრივი მეთვალყურეობის ფუნქციებში ჩარევად აღიქმება. Ამდენად, ა(ა)იპ „მედიააკადემია” ვალდებული იყო მოსარჩელისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია განცხადებით მოთხოვნილ საკითხებთან მიმართებით.”

 

სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სასამართლო დავის ამგვარი გადაწყვეტა მეტად მნიშვნელოვანია პრაქტიკის პოზიტიურად განვითარების თვალსაზრისით, რადგან ეს გახლავთ მკაფიო გზავნილი საჯარო დაწესებულებების მიმართ, რომ საკუთარ უფლებამოსილებათა კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე დელეგირების გზით ისინი საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას ვერ გაექცევიან. IDFI მოუწოდებს ა(ა)იპ „მედიააკადემიას” სრულად გააცნობიეროს მასზე დაკისრებული უმნიშვნელოვანესი როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში, გაიზიაროს სააპელაციო სასამართლოს შეფასება და უახლოეს ვადებში მოგვაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 

 

 

/public/upload/IDFI/IDFI/453453_.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024