თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შემოწმების შესახებ ინფორმაცია საჯაროა -სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე IDFI Vs. შემოსავლების სამსახური

სიახლეები | სასამართლო პრაქტიკა | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა 25 დეკემბერი 2017

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დაადგინა, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზი) შემოწმების შესახებ ინფორმაცია არ განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას, შესაბამისად ის წარმოადგენს ღია საჯარო ინფორმაციას და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. საკუთარ განჩინებაში საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ „თიზის შემოწმებისას სსიპ შემოსავლების სამსახური არ მოქმედებს, როგორც საგადასახადო ორგანო, შემოწმება არ ხორციელდება გადასახადების ადმინისტრირების მიზნით, შემოწმებისას არ წარმოიშვება საგადასახადო-სამართლებრივი ურთიერთობა, შესაბამისად .... ინფორმაცია ვერ განიხილება საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობებად“.


უზენაესი სასამართლოს მოცემული განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი. უწყების მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების იმ გადაწყვეტილებების გაუქმება, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისრა IDFI-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შემოწმების შესახებ. აღნიშნული მოთხოვნით IDFI-იმ სსიპ შემოსავლების სამსახურს 2015 წლის 16 აპრილს მიმართა. უწყებამ უარი განაცხადა ამ ინფორმაციის გაცემაზე და აღნიშნა, რომ ის წარმოადგენდა საგადასახადო საიდუმლოებას.


საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, IDFI-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა (იხილეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეჯამება). შემოსავლების სამსახურმა არ გაიზიარა სასამართლოს არგუმენტაცია და გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ მსგავსად პირველი ინსტანციისა, განმარტა, რომ თიზის შემოწმების შესახებ ინფორმაცია არ იყო დაცული საგადასახადო საიდუმლოებით (იხილეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეჯამება). სასამართლოს გადაწყვეტილება კვლავაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურის მიერ და უწყებამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.


საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, შესაბამისად უწყებას დაეკისრა თიზის შემოწმების ამსახველი ოქმების გაცემა მოთხოვნილი სახით.


ქვემოთ წარმოგიდგენთ დავის მხარეთა პოზიციების მოკლე აღწერას, ისევე როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობის შეჯამებას.


სსიპ შემოსავლების სამსახურის პოზიცია


შემოსავლების სამსახურმა უარი თქვა IDFI-სთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, იმის შესახებ განახორციელდა თუ არა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შემოწმება და, შესაბამისად, უარი თქვა გაეცა ასეთი შემოწმების ამსახველი დასკვნები/ოქმები. ინფორმაციის გაცემაზე უარის საფუძვლად შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლზე. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა, საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა, მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას“.


სსიპ შემოსავლების სამსახურის განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ თიზის შემოწმებისას დგინდება ისეთი ტექნიკური დეტალები, როგორიც არის თიზამდე მისასვლელი გზის არსებობა, საინფორმაციო დაფების განლაგება, სასაზღვრო ღობეთა პარამეტრები და ა.შ. აღნიშნული ტექნიკური ბაზისა და ძირითადი საშუალებების შესახებ ინფორმაცია გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის, შესაბამისად მიეკუთვნება ფინანსურ საიდუმლოებას.


სსიპ შემოსავლების სამსახური საქართველოს ფინანსთა მინისტრის #996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაზე მითითებით ასაბუთებდა, რომ გასაიდუმლოებულ ინფორმაციათა რიგს მიეკუთვნება საგადასახადო შემოწმების შედეგები, ხოლო თიზის ფიზიკურ შემოწმებას სწორედ საგადასახადო შემოწმებასთან ათანაბრებდა.

 

IDFI-ის პოზიცია


IDFI სასამართლოს წინაშე ასაბუთებდა, რომ დაუშვებელია საგადასახადო საიდუმლოებას მიეკუთვნოს ინფორმაცია თიზის ფიზიკური შემოწმების შესახებ.


მოქმედი კანონმდებლობის თანახამად, უშუალოდ თიზის ფუნქციონირების დაწყებამდე შემოსავლების სამსახურმა ფიზიკურად უნდა შეამოწმოს თუ რამდენად აკმაყოფილებს ის „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ“ ინსტრუქციის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მათ შორის არის თუ არა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოწყობილი თიზში შესასვლელი და გამოსასვლელი პუნქტები ფეხით მოსიარულეთათვის, გააჩნია თუ არა ზონას ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი, კაპიტალურად დამონტაჟებული მასალის არანაკლებ 2 მეტრი სიმაღლის ღობე, გასდევს თუ არა მას გარე განათება, საინფორმაციო ნიშნების განთავსება და სხვ. ყოველივე ზემოაღნიშნული არ წარმოადგენს ფინანსურ ინფორმაციას და დაუშვებელია ცნობილ იქნეს საგადასახადო საიდუმლოებად.


თიზის ფიზიკური შემოწმება არ წარმოადგენს გადასახადების ადმინისტრირებების პროცესის ნაწილს. შემოწმება შემოსავლების სამსახურის მიერ ხორციელდება მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. კერძოდ, აღნიშნული უფლებამოსილება დაწესებულებას მიენიჭა ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.


IDFI-ის განცხადებით არ იქნა მოთხოვნილი თიზის ორგანიზატორის (გადასახადის გადამხდელად აღრიცხული მეწარმე სუბიექტის) ფინანსური მდგომარეობის, მისი გადახდისუნარიანობის ამსახველი ინფორმაცია. მოთხოვნილი ინფორმაცია, თიზის ფიზკური შემოწმების შესახებ არ წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადების ადმინისტრირების პროცესში მოპოვებულ ფინანსური ინფორმაციას.


თიზებთან დაკავშირებით არსებობს განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესი. თიზებთან დაკავშირებული საკითხები არის კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური რეგულირების ქვეშ და იქ არსებული საწარმოების მიმართ, განსხვავებით საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არსებული საწარმოებისგან მოქმედებს საგადასახადო შეღავათები. თავისუფალი ინდუსტრიული ზონები წარმოგვიდგენია, როგორც საქართველოში ინვესტორების მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება შესაბამისად, საზოგადოება უფლებამოსილია იცოდეს, ხოლო შემოსავლების სამსახური ვალდებულია გასცეს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.

 

უზენაესი სასამართლოს განმარტება


საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის #2/3/406/408 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, მიუხედავად მისი მრავალფეროვნებისა, აქვს რამდენიმე არსებითი, საერთო მახასიათებელი ნიშანი, რაც განაპირობებს მის მიმართ ერთიანი კონსტიტუციურ-სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბების აუცილებლობას. საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას აერთიანებს ისიც, რომ ის თავს იყრის გადასახადების ადმინისტრირების პროცესის შედეგად. სასამართლომ ასევე უმნიშვნელოვანესად მიიჩნია, რომ საგადასახადო საიდუმლოებაში მოაზრებული ნებისმიერი ინფორმაცია დაკავშირებული საგადასახადო ურთიერთობებთან და ასახავს მათ. გადასახადის ... გადასახადის გადამხდელზე არსებული ინფორმაცია არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია და აქედან გამომდინარე, ფინანსებთან კავშირიც მნიშვნელოვანი საერთო ნიშანია“.


საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა IDFI-ის არგუმენტაცია, და დაადასტურა რომ თიზის ფიზიკური შემოწმების შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს საგადასახადო ადმინისტრირების შედეგად მოპოვებულ, საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებული ინფორმაციას.


საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ თიზის ფიზიკური შემოწმების რეგულაციებზე და განმარტა, რომ „თიზის შემოწმებისას სსიპ შემოსავლების სამსახური არ მოქმედებს, როგორც საგადასახადო ორგანო, შემოწმება არ ხორციელდება გადასახადების ადმინისტრირების მიზნით, შემოწმებისას არ წარმოიქმნება საგადასახადო სამართლებრივი ურთიერთობა, შესაბამისად მართებული ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ განიხილება საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობად.“


სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია შემოსავლების სამსახურის მოსაზრება, რომლის თანახმადაც თიზის შემოწმების შედეგები კონფიდენციალურად უნდა იქნეს ცნობილი იქიდან გამომდინარე, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციით საიდუმლო ინფორმაციას განკუთვნება საგადსახადო შემოწმების შედეგები. თიზის ფიზიკური შემოწმებისას სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არ ხორციელდება საგადასახადო კონტროლი- საგადასახადო შემოწმება. შესაბამისად საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ თიზის შემოწმებისას განხორციელებული ქმედებები არ ექცევა საგადასახადო კოდექსის რეგულირების სფეროში.“


სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ მსჯელობისას საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; საქმეზე სავარაუდოა კონკრეტულ სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა ზემოთ მითითებული, რომელიმე გარემოების არსებობა. სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

 

შეჯამება


მოცემულ დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული მნიშვნელობის მატარებელია, საგადასახადო საიდუმლოების ცნებისა და ფარგლების განსაზღვრის მხრივ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დაუშვებელია საგადასახადო ორგანოში დაცული ნებისმიერი ინფორმაცია ჩაითვალოს საგადასახადო საიდუმლოებად. უზენაესი სასამართლოს თანახმად თიზის ფიზიკური შემოწმების შესახებ მონაცემები არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, რადგან აღნიშნული ინფორმაცია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არ ხორციელდება საგადასახადო შემოწმების ფარგლებში და დაუშვებელია მიჩნეულ იქნას საგადასახადო ადმინისტრირების პროცესის ნაწილად.


თიზების შემქნის ერთ-ერთ მთავარ მიზანს კონკრეტულ ტერიტორიაზე საგადასახადო შეღავათების დაწესების გზით ინვესტიციათა მოზიდვა წარმოადგენს. აღნიშნული მიზნის მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესია ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყო ინფორმაცია თიზების შემოწმების შესახებ.


საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თიზების შემოწმების ამსახველი დოკუმენტაციის (ცნობა/დასკვნა) გაცემას IDFI 2015 წლის 16 აპრილიდან ითხოვს. სსიპ შემოსავლების სამსახური მოცემულ პერიოდამდე უარს აცხადებს აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე. ვიმედოვნებთ, რომ უწყება შეასრულებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და პროცესის შემდგომი გაჭიანურების გარეშე სრული სახით გასცემს IDFI-ის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI აზარტული თამაშების წინააღმდეგ ელექტრონული პეტიციის განხილვას დააკვირდება

09.12.2019

რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია - სახელმწიფო არქივების ღიაობა და მეხსირების კვლევები

06.12.2019

საპროცესო შეთანხმების შესახებ კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის პრეზენტაცია

04.12.2019

კარგი მმართველობის ფორუმი (GGF)

30.11.2019
განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

18.11.2019

არასამთავრობო ორგანიზაციათა საგანგებო განცხადება

14.11.2019

კვლავ არსებობს კითხვები გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით

17.10.2019

განცხადება სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის აუცილებლობის შესახებ

18.09.2019
ბლოგპოსტები

გამოკითხვის ექსპერიმენტი

31.10.2019

პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია

30.10.2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ

21.10.2019

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019