საინფორმაციო შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 21 ივლისი 2021

დეკომუნიზაციის და, ზოგადად, დერუსიფიკაციის პროცესში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) წლებია აწარმოებს კვლევებსა და შესაბამის ადვოკატირებას საზოგადოებაში. 2021 წელს, IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების თაოსნობით ჩატარდა ფართომასშტაბიანი კვლევა „საბჭოთა ტოტალიტარული ტოპონიმიკა საქართველოში.“ კვლევა  მოიცავს  საქართველოს სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ 80 დასახლებულ პუნქტს, სადაც კვლავ გვხვდება კომუნისტური რეჟიმის სახელწოდებების მატარებელი ქუჩები, სკვერები, მოედნები და სხვა ტოპონიმიკა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 46 დასახლებულ პუნქტში ქვეყნის მასშტაბით, კვლავ ვხვდებით საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის წარმომადგენელი პიროვნებების, მოვლენების, ორგანიზაციების და ა. შ. სახელებს.  კვლევის ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტებისთვის.

 

აღნიშნული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, IDFI-ის გუნდმა თავადაც დაიწყო ადვოკატირების კამპანია. დეზინფორმაციისა და მეხსიერების მიმართულების ხელმძღვანელი - ანტონ ვაჭარაძე - იმყოფებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომლის შემადგენლობაშიცაა ადმინისტრაციული ერთეული - „ციხისძირი, სტალინისუბანი, შუაღელე“.

 

ღონისძიების ორგანიზებაში IDFI-ის დაეხმარა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები: ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, ანტონ ვაჭარაძესთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა „ციხისძირი, სტალინისუბანი, შუაღელის" ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, რუსლან ანთაძე. ადგილობრივი ხელისუფლება იზიარებს IDFI-ის აზრს იმის თაობაზე, რომ სახელი „სტალინისუბანი“ პრობლემურია. მოსახლეობასთან დიალოგში, IDFI-ის წარმომადგენელმა ისაუბრა საბჭოთა ტოპონიმიკაზე, როგორც რუსიფიკატორული პოლიტიკის გავლენასა და მის მნიშვნელობაზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის გადააზრებისთვის. შეეხო საბჭოთა რეპრესიების საკითხს, მოსახლეობას წარუდგინა ფოტოები და სხვა მის ხელთ არსებული მასალა.

 

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ხელისუფლებისგან განსხვავებით, ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრაზე დამსწრე ნაწილი კვლავ ეწინააღმდეგება სტალინისუბნისთვის სახელის შეცვლას. შესამჩნევია, რომ მათთვის, მიუხედავად საბჭოური რეჟიმის სისასტიკეზე გარკვეული ცნობადობისა, სტალინის ფიგურა კვლავ ხელშეუხებელია. მათ შორის ერთ-ერთმა დამსწრემ განაცხადა, რომ მისი ბაბუა დახვრიტეს, ოჯახს ბათუმში მთელი ქონება ჩამოართვეს, თუმცა ისიც შეეწინააღმდეგა სტალინისუბნისთვის სახელის გადარქმევას.

 

აღსანიშნავია, რომ ციხისძირი საქართველოს ერთ-ერთი ლამაზი დასახლებული პუნქტია, მისი ისტორიული მნიშვნელობით, ძეგლებით (მაგ. პეტრას V საუკუნის ციხესიმაგრე და 1930-იანი წლების ლიმონარიუმი) და ტურისტული პოტენციალით. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მხარე, ადგილობრივების განცხადებით, ხშირად გამხდარა უცხოელი ინვესტორების ინტერესის სფერო და ისინი მიესალმებიან მათთან ტურიზმის განვითარებას. ანტონ ვაჭარაძის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ტურისტებმა დასავლეთის განვითარებული ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სტალინზე ობიექტური, სწორი ინფორმაცია - თავი შეიკავონ იმ კურორტზე ჩასვლისგან, რომელიც ერთ-ერთი დიდი ტირანის სახელს ატარებს - შეხვედრაზე დამსწრეთა ნაწილს პასუხი არ ჰქონია. IDFI თვლის, რომ შესაძლოა, მრავალმა ტურისტმა უბრალოდ უარი თქვას სტალინთან დაკავშირებული სახელდების მქონე კურორტზე ჩასვლაზე და ამით სოფელმა და მისმა მოსახლეობამ სოლიდური შემოსავალი დაკარგოს.

 

ამრიგად, მნიშვნელოვანია დიალოგის გაგრძელება და ტოტალიტარული რეჟიმის ტოპონიმიკასა და მისი მატერიალური თუ სიმბოლური მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე ადგილობრივებთან. IDFI გააგრძელებს კამპანიას და სხვა მუნიციპალიტეტებშიც, ორგანიზაცია ამ პროცესში ადგილობრივი მმართველობითი და საგანმანათლებლო ორგანოების როლს უმთავრესად მიიჩნევს.

 

___

 

 

შეხვედრა ორგანიზებულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

17.06.2025

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024