ავტორი: საბა ბუაძე
საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოში მიმდინარე მმართველობითი რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. გარდა იმისა, რომ საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოს და ევროკავშირის შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია, ის ასევე წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ოთხ-პუნქტიანი გეგმის სტრატეგიულ ამოცანასაც. თუმცა, რეფორმის მიმდინარეობის პროცესში არსებობს რამდენიმე გამოწვევა, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიონ მის წარმატებულ და ხარისხიან განხორციელებაზე.
საჯარო სამსახურის რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღება იყო. გარდა ამისა, ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით უნდა შემუშავებულიყო საჯარო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტები. 2016 წლის 21 დეკემბერს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამ 2017 წლის 1 იანვრის ნაცვლად, 2017 წლის 1 ივლისს გადაიწია. აღნიშნული გადავადების მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ შეზღუდული ვადების გამო ვერ მოხერხდა კანონის ამოქმედებისთვის აუცილებელი კანონქვემდებარე აქტებისა და საკანონმდებლო ცვლილებების დროული შემუშავება. კანონით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შესახებ IDFI ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში საუბრობდა და მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას დაეცვა დადგენილი ვადები.
ახალი კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე დღე რჩება, თუმცა ამ დროისთვის მთავრობის მიერ პარლამენტისათვის კვლავაც არ არის წარდგენილი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტები. აღნიშნული კანონპროექტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის.[1] ამ კანონების პროექტები სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი ფართო საზოგადოებრივი განხილვისთვის, რაც ამ პროცესში არსებული კიდევ ერთი გამოწვევაა.
ჯერ კიდევ არ არის მიღებული კანონის 126 მუხლით გათვალისწინებული შემდეგი სამართლებრივი აქტები:
- „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არის წარდგენილი განსახილველად არც:
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი;
ამის ფონზე, 2017 წლის 1 ივნისს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ დარეგისტრირდა მორიგი საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის გარდამავალ პერიოდს 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე განსაზღვრავს, რაც რეფორმის სრულყოფილად განხორციელების კიდევ ერთ გადავადებას გულისხმობს. ცვლილებების პროექტის მიხედვით, გარდამავალ პერიოდში კანონის მოქმედება არ გავრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, ასევე ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის მიღებამდე იმოქმედებს საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების ძველი წესი. ამ წესის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს და დანამატებს ძირითად შემთხვევებში კვლავ დაწესებულებების ხელმძღვანელები განსაზღვრავენ.
კიდევ ერთი პრობლემა რაზეც აუცილებლად არის გასამახვილებელი ყურადღება უკავშირდება საჯარო დაწესებულებების ფუნქციური ანალიზის განხორციელებას. საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია საქართველოს მთავრობამ 2014 წელს დაამტკიცა. კონცეფციის დამტკიცებასთან ერთად, მთავრობის დადგენილებით საჯარო დაწესებულებებს, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობებს, ეთხოვათ საკუთარი დაწესებულებების ფუნქციური ანალიზის განხორციელება, ხოლო ამ პროცესიის კოორდინაციის ვალდებულება, სხვა ღონისძიებებთან ერთად სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს დაევალა. კერძოდ, თითოეული დაწესებულების ფუნქციური ანალიზის შედეგად უნდა დადგენილიყო ამ დაწესებულების ძირითადი და დამხმარე ფუნქციები და განსაზღვრულიყო სსიპ-ის და მასში დასაქმებული ადამიანების სტატუსი. რეფორმის კონცეფციის მიხედვით, ანაზღაურების სისტემის რეფორმა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ ახალი კანონის მიღება უნდა მომხდარიყო სწორედ საჯარო დაწესებულებების ფუნქციური ანალიზის მიგნებების საფუძველზე. დაწესებულებებში ფუნქციების გამიჯვნის გარდა, ფუნქციური ანალიზის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს პროფესიული საჯარო მოხელის და დამხმარე მოსამსახურის უფლება-მოვალეობების გამიჯვნა, რაც მათი სტატუსის განსაზღვრას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფუნქციური ანალიზის პროცესის დასრულება იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ახალი კანონების მომზადება.
სამწუხაროდ, საჯარო სექტორის ფუნქციური ანალიზის განხორციელების პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს. კერძოდ, საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ჩატარდა მხოლოდ 10 ცენტრალური დაწესებულების პირველადი ანალიზი. ამავე დროს ფუნქციური ანალიზი განხორციელდა იქამდე, სანამ მოხდებოდა მისი პრინციპებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება, რომელიც ბიუროს უფროსის ბრძანებით 2017 წლის 25 აპრილს დამტკიცდა. პროცესის გამართულად და ეფექტურად წარმართვისთვის მნიშვნელოვანი იყო ჯერ მომხდარიყო მეთოდოლოგიის და პრინციპების დამტკიცება, რაც საფუძვლად დაედებოდა თითოეულ დაწესებულებაში ფუნქციური ანალიზის ჩატარებას. გარდა ამისა, ჩატარებული ფუნქციური ანალიზის მიგნებები არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი.
IDFI კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით, დროულად უზრუნველყოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების შემუშავება და აღარ დაუშვას რეფორმის განხორციელების მორიგი შეფერხება.
[1] საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციაში მოცემულია 10 მიმართულება, რომელთაგან ორი არის ანაზღაურების სისტემა და საჯარო სამსახურის საზღვრები.