ავტორი: საბა ბუაძე
საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს ახალი კანონი საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 27 ოქტომბერს მიიღო. ახალი კანონი მიმდინარე საჯარო სამსახურის რეფორმის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის #627 დადგენილებით 2014 წლის 19 ნოემბერს დამტკიცდა.[1] თავის მხრივ საჯარო სამსახურის რეფორმა ქვეყნის წინაშე მდგარი გლობალური ამოცანის, საჯარო მმართველობის ტრანსფორმაციის ნაწილია. საჯარო სამსახურის რეფორმა და მის ფარგლებში საჯარო სამსახურის ახალი კანონის შემუშავება ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს წარმოადგენს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის განვითარებისა და ინსტიტუციონალიზაციის კუთხით, თუმცა მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია საზოგადოებრივი ინტერესის მობილიზება და მონაწილეობის უზრუნველყოფა.
საჯარო სამსახურის რეფორმა ასახულია საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევ 2020-ში, რომელიც საქართველო მთავრობამ 2015 წლის 19 აგვისტოს დაამტკიცა. საჯარო სამსახურის რეფორმა ეფუძნება შემდეგ 10 მიმართულებას:
1. საჯარო სამსახურის განმარტება;
2. საჯარო სამსახურის საზღვრები
3. საჯარო სამსახურის მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის ცენტრალიზებული სისტემა;
4. კლასიფიკაციის სისტემა;
5. ანაზღაურების სისტემა;
6. საჯარო სამსახურში მიღება;
7. საჯარო მოხელეების მართვა;
8. საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები;
9. სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება;
10. თანაბარი შესაძლებლობები კაცებისა და ქალებისთვის.
საჯარო სამსახურის რეფორმის ზოგიერთი საკითხი დარეგულირებულია სწორედ საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონით, რომელიც 2017 წლის 1 იანვარს ამოქმედდება. თუმცა, თავად კანონის შინაარსიდან და ჩანაწერებიდან გამომდინარე, მრავალი საკითხის დარეგულირება ხდება მთავრობის ცალკეული ნორმატიული აქტების მეშვეობით, რაც კანონის შემუშავების პროცესში ნეგატიურად შეფასდა, როგორც IDFI-ს, ისე სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციების მიერ.[2] მთავრობის დადგენილებებით მნიშვნელოვანი საკითხების მოწესრიგება სისტემის მდგრადობის კუთხით გარკვეულ რისკებს წარმოშობს და საშუალებას აძლევს საქართველოს მთავრობას რეფორმის მიმდინარეობის პროცესში მარტივად შეცვალოს ისეთი ძირეული საკითხები, როგორებიცაა საჯარო მოხელეთა შეფასებისა და სერტიფიცირების საკითხები, კონკურსის ჩატარების და მობილობის წესები, მოხელეთა კლასებისა და რანგირების საკითხები და ა.შ. აღნიშნული საკითხები ახალ კანონში მხოლოდ პრინციპების დონეზე არის განმარტებული.
ამავე დროს, საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის 126 მუხლში მოცემულია იმ საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა მიიღოს. ახალი კანონის 126 მუხლში ასევე ჩამოთვლილია რამდენიმე სამართლებრივი აქტი, რომელიც მთავრობას 2016 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღო ან წარედგინა საქართველოს პარლამენტისთვის [3]:
- „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;
- 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონების პროექტები სპეციალურ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
- 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიებად დაყოფა, მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიებად დაყოფის გათვალისწინებით.
ამასთანავე, 2016 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე აქტების მიღება:
- „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;
- საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;
- „ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება.
დღეის მდგომარეობით საქართველოს მთავრობას არ მიუღია და პარლამენტში არ გადაუგზავნია საჯარო სამსახურის შესახებ საქართველო ახალი კანონის 126 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები. ამავე დროს, თუ დადგენილებების მიღებისთვის საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს ვადა 31 დეკემბრამდე, 4 მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტის შემთხვევაში, საიდანაც 2 კანონპროექტია ,მთავრობამ უკვე დაარღვია კანონით განსაზღვრული ვადები.
მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ 2016 წლის 21 ივლისს ჩაატარა რამდენიმე ნორმატიული აქტის პროექტის საჯარო განხილვა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ დაეფიქსირებინათ საკუთარი შენიშვნები და შეთავაზებები. ახალი კანონის 126 მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებიდან, საჯარო კონსულტაცია გაიმართა საქართველოს მთავრობის შემდეგი დადგენილებების პროექტებზე:
-„პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესის, სტანდარტისა და თემატიკის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი;
- „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი;
- „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი;
- პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი;
- „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი;
- „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი;
- „პროფესიულისაჯარომოხელისშეფასებისწესისადაპირობებისშესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი;
- „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ ჯეროვნად მოახდინა ზემოთაღნიშნული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და სამოქალაქო საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გონივრულ ვადაში დაეფიქსირებინა საკუთარი შენიშვნები.
რაც შეეხება იმ ნორმატიული აქტებისა და კანონების პროექტებს, რომლებიც კანონის მიხედვით 2016 წლის 31 დეკემბრამდე უნდა იქნეს მიღებული და მათი საჯარო განხილვა დღეის მდგომარეობით არ მომხდარა IDFI თვლის, რომ აუცილებელია საქართველოს მთავრობამ დაიცვას გონივრული ვადები, რათა საზოგადოებას საკუთარი შენიშვნების გამოხატვის საშუალება მიეცეს. 2016 წლის 31 დეკემბრამდე დასამტკიცებელ/მისაღებ სამართლებრივ აქტებს შორის არის რამდენიმე აქტი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის. მაგალითისათვის, 2016 წლის 1 სექტემბრისათვის საქართველოს მთავრობას პარლამენტისათვის უნდა გადაეგზავნა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელმაც საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის მიხედვით ძირეულად უნდა შეცვალოს საჯარო სამსახურში ანაზღაურების სისტემა. დამატებით, მთავრობას 2016 წლის 1 სექტემბრამდე პარლამენტისათვის უნდა წარედგინა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის საზღვრების და თავად საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციების განსაზღვრისთვის.
IDFI მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დროულად უზრუნველყოს საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების შემუშავების პროცესის საჯარო კონსულტაციების ფორმატში წარმართვა და საზოგადოებრივი განხილვების შედეგად შემუშავებული დოკუმენტების დამტკიცება და საქართველოს პარლამენტში ინიცირება.
[1] http://csb.gov.ge/uploads/matsne-2582972.pdf
[2]https://idfi.ge/ge/civil-service-reform-expectations-and-reality
[3]საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 126 https://matsne.gov.ge/ka/document/view/3031098