ავტორები: სანდრო ქევხიშვილი და გიორგი ლომთაძე
ამ კვლევის მიზანია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ანალიზი, კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენა, მისი ფუნქციონირების შეფასება, მისი სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა და პრობლემების გადასაწყვეტად რეკომენდაციების წარდგენა.
კვლევა დაფუძნებულია საქართველოს სახელწმიფო შესყიდვების კანონმდებლობის შეფასებაზე, რომელიც ჩატარდა პროექტ „გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის“ ფარგლებში. შეფასება ეყრდნობა გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების შეფასების მეთოდოლოგიას და ის მხედველობაში იღებს შემდეგ მაჩვენებლებს:
1. საკანონმდებლობო ჩარჩოს ერთგვაროვნება
2. ეფექტიანობა
3. გამჭვირვალობა
4. ანგარიშვალდებულება და კეთილსინდსიერება
5. კონკურენცია და მიუკერძოებლობა
შეფასება აერთიანებს რაოდენობრივი მონაცემების ანალიზსა და თვისებრივი კვლევის მეთოდებს, როგორიცაა მეორადი კვლევა და საქართველოს საკანონმდებლობა ბაზის, სახელმწიფო ინსტიტუტების ვებგვერდების და სახელმწიფო ორგანოების (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური) ანგარიშების მიმოხილვა, ინტერვიუები სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების (მსოფლიო ბანკი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) წარმომადენლებთან. კვლევითმა ჯგუფმა გაანალიზა 2011-2016 წლებში ჩატარებულ შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემები, მაგრამ კონცენტრირდა უახლესს პერიოდზე, 2015-2016 წლებზე.
კვლევის შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი მეტწილად დამაკმაყოფილებელია და არ აქვს მნიშვნელოვანი პრობლემები. კანონმდელობა უზრუნველყოფს შესყიდვების სისტემის ეფექტიანობასა და სამართლიანობას. ელექტრონული პლატფორმა აძლიერებს კანონმდელობის არადისკრიმინაციულ ხასიათს და უზრუნველყოფს ზოგად გამჭვირვალობას.
წლების განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ფუნქციონირება დამაკმაყოფილებელი იყო. თუმცა, გარკვეული საკითხები და ინდიკატორები საჭიროებს გაუმჯობესებას, როგორიცაა წარუმატებელი ტენდერების რაოდენობა, პირდაპირი შესყიდვების წილი, შესყიდვების კანონმდებლობიდან გამონაკლისების რაოდენობა და აგრეგირებული მონაცემების შედგენა და გამოქვეყნება. საჭიროა შემდეგი ცვლილებების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის და კონკურენციის პრინციპები, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკის დონეზე:
ქვეკონტრაქტორები - შესყიდვების შესახებ კანონმდელობაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლითაც სავალდებულო იქნება ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფრომაციის ელექტრონულ პლატფორმაზე გამოქვეყნება. ქვეკონტრაქტორების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს შემდეგი ინფორმაცია:
- სახელი
- რეგისტრაციის ქვეყანა
- საიდენტიფიკაციო ნომერი
- მისამართი
- საკონტაქტო ინფორმაცია
- ბანკის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია
კანონში გამონაკლისების რაოდენობის შემცირება - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანომდელობაში უნდა შემცირდეს კანონის გავრცელების სფეროსთან დაკავშირებული გამონაკლისების რაოდენობა. კონკრეტულად კი, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობით გამონაკლისების სიიდან (მე-3¹ მუხლი) უნდა ამოიღოს სარეზერვო ფონდებიდან და სახელმწიფო კომპანიების მიერ განხორციელებული შესყდივები.
შესყიდვების მონაცემთა ბაზის სისრულე – შესაბამისმა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია, სრულად უნდა გამოაქვეყნონ მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების, მათ შორის პირდაპირი შესყიდვების შესახებ ინფორმაცია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს და უზრუნველყოს ელექტრონულ პლატფორმაზე არსებული მონაცემთა ბაზის სისრულე.
უფრო დეტალური მონაცემები - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა გააგრძელოს უკვე გამოქვეყნებულ მონაცემთა რესტრუქტურიზაცია და სტანდარტიზაცია, და წლიურ გეგმებსა და კონტრაქტებს დაამატოს უფრო დეტალური მონაცემები:
1. წლიურ გეგმებს უნდა დაემატოს უფრო კონკრეტული CPV კოდები, შესყიდვის ვადები (თვე) და ადგილი (რეგიონი და მუნიციპალიტეტი).
2. კონტრაქტებს უნდა დაემატოს შემდეგი საინფორმაციო ველები:
- შესყიდული საქონლის ან მომსახურების მთავარი CPV;
-შესყიდული საქონლის ან მომსახურების დეტალურიCPV (შესაძლებელია კიდევ უფრო დაკონკრეტება იმისა, თუ რა იქნა შესყიდული, მაგალითად, სკამი, მაგიდა, სასმელი, ალკოჰოლი და ა.შ.);
- პროდუქტის ან მომსახურების მწარმოებელი ქვეყანა;
- კონტრაქტის გაუქმების თარიღი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კონტრაქტის გაუქმების მიზეზი (ასეთის არსებობის შემთხვავში);
- კონტრაქტის ხანგრძლივობის ცვლილება;
- კონტრაქტის ღირებულების ცვლილება;
- შესყიდული საქონლის რაოდენობაში შესული ცვლილება.
აგრეგირებული, უფასო მონაცემები - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ელექტრონულ პლატფორმაზე შესყიდვების შესახებ აგრეგირებული მონაცემები ყველა დაინტერესებული მხარისთვის ადვილად და ავტომატურად ხელმისაწვდომი უნდა გახადოს. ამ მონაცემების გამოყენება უნდა შეიძლებოდეს უფასოდ და ისე, როგორც ამას დაინტერესებული მხარე ჩათვლის საჭიროდ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა გააგძელოს OჩDშ-ის დანერგვაზე მუშაობა, რათა დასკანერებულ დოკუმენტებში (მაგალითად, კონტრაქტები) არსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს მანქანის მიერ წაკითხვად ფორმატში.
დავების საბჭო - უნდა დადგინდეს საბჭოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი წევრების ანაზღაურების სისტემა და დასაშვებობის კრიტერიუმი უნდა გახდეს ნაკლებ შემზღუდავი და უფრო კონკრეტულად დაკავშირებული შესყიდვების სფეროსთან.
კონტრაქტების მიმდინარეობის მოდული - კონტრაქტების მიმდინარეობის მოდული უნდა იყოს ხელმისაწვდომი ელექტრონული პლატფორმის ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის არარეგისტრირებული მომხმარებელებისთვის. შესყიდვების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ ხარვეზის აღმოფხვრა.