პარლამენტმა სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილების მიღება გადადო

სიახლეები | განცხადებები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები 2 მაისი 2020

 

 

ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტისა“ და ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ სარჩელების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ დღეს მოქმედი კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას. სასამართლომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო 2020 წლის პირველი მაისიდან და პარლამენტს მისცა ვადა საკითხის კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოსაწესრიგებლად.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია, თუ არ არის მისი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის დასაბუთებული საჭიროება.  სასამართლო ასევე არ გამორიცხავს კანონმდებლის შესაძლებლობას, რომ პირის შესახებ არსებული ცალკეული კატეგორიის ინფორმაციასთან დაკავშირებით დაადგინოს იმგვარი ბალანსი, რომლის ფარგლებშიც, როგორც წესი, არ გაიცემა სასამართლო აქტებში მოცემული პერსონალური მონაცემები უშუალოდ სუბიექტის ნების გარეშე. შესაბამისად, პარლამენტი ვალდებული იყო კანონით ამომწურავად განესაზღვრა ის გამონაკლისი შემთხვევები, რომელიც კონფიდენციალობის დაცვის მომეტებულ ინტერესს ადასტურებს (მაგალითად, მონაცემები არასრულწლოვანი პირების შესახებ, ინფორმაცია ინტიმურ სფეროებთან დაკავშირებით და ა.შ.).

 

2020 წლის 7 აპრილს IDFI-მ პარლამენტს წარუდგინა მოსაზრებები იმ საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე, რაც აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

 

მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მკაფიოდ განსაზღვრული გონივრული ვადისა, პარლამენტს დადგენილ ვადაში საკანონმდებლო ცვლილებები არ მიუღია. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნახსენები, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი მომზადებულია, COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პარლამენტი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რამაც კანონპროექტის განხილვისა და დამტკიცების პროცესი შეაფერხა.

 

ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ამ საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, დაინტერესებული პირებისთვის არ არის ხელმისაწვდომი კანონში ცვლილებების მომზადებული ვერსია.

 

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა დადგენილ ვადაში სათანადო საკანონმდებლო ცვლილება არ მიიღო, 2020 წლის 1 მაისიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისი ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას, ძალადაკარგულია. შესაბამისად, აღნიშნული თარიღის შემდეგ გადაწყვეტილებების გაცემისას სასამართლოებმა კონსტიტუციური სტანდარტით უნდა იხელმძღვანელონ. თუმცა, მკაფიო საკანონმდებლო მოწესრიგების არარსებობის პირობებში, არსებობს არათანმიმდევრული პრაქტიკის წარმოშობის რისკი, რადგან ცალკეულ შემთხვევებში, სასამართლოებმა შესაძლოა საკუთარი შეხედულებით, პერსონალური მონაცემების დაცვას მიანიჭონ უპირატესობა და დაუსაბუთებლად შეზღუდონ გადაწყვეტილებების სრული ტექსტის ხელმისაწვდომობა.

 

საგანგებო მდგომარეობის ვადის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის, მათ შორის სასამართლოს აქტების გაცემის ვადები შეჩერებულია, თუმცა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, გადაწყვეტილებები ქვეყნდება ვებ-გვერდზე. (ამ მიზნით 2019 წლის ზაფხულში შეიქმნა ვებ-გვერდი: ecd.court.ge). მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდზე გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისას სასამართლოებმა დაიცვან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი და ამ გზით უზრუნველყონ სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლო სხდომები დისტანციურად ტარდება, რომლის დროსაც, მიუხედავად არასამთავრობო სექტორის მოთხოვნისა,  არ არის უზრუნველყოფილი პროცესების საჯაროობა. შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, სასამართლოს გადაწყვეტილებების სრული სახით ხელმისაწვდომობა სასამართლოს საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების ფაქტობრივად ერთადერთ მექანიზმად რჩება.

 

ამგვარი ვითარებაში, IDFI მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია:

 

- პარლამენტმა შემუშავებული კანონპროექტი მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს მოსაზრებების გაზიარების მიზნით და სათანადო პირობების დადგომისთანავე, შემდგომი გადადების გარეშე, განიხილოს და მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება;

 

- საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე, სასამართლოებმა უზრუნველყონ გადაწყვეტილებების საჯაროობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლომ „მედიააკადემიის“ წინააღმდეგ IDFI-ის სარჩელი დააკმაყოფილა

26.02.2021

სტატისტიკური მონაცემები 2018-2020 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ჯანდაცვის პროგრამებით მოსარგებლეთა შესახებ

24.02.2021

ხელოვნური ინტელექტი: არსი, საერთაშორისო სტანდარტები, ეთიკური ნორმები და რეკომენდაციები

22.02.2021

ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენება საქართველოში - კანონმდებლობა და პრაქტიკა

19.02.2021
განცხადებები

მედიაკოალიცია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება

25.02.2021

საგანგებო განცხადება ნიკა მელიას დაკავების შესახებ

23.02.2021

IDFI საქართველოს პარლამენტთან აქციების მონაწილეთა დაკავებას ეხმიანება

21.02.2021

ერთობლივი განცხადება ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით

17.02.2021
ბლოგპოსტები

გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი ისლანდიის წინააღმდეგ: მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონმდებლობის დარღვევამ სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვა გამოიწვია

10.02.2021

რატომ არ არის სახელმწიფო ავტოპარკში ელექტროავტომობილები?

08.02.2021

ღია მმართველობის პარტნიორობის გაზრდილი მნიშვნელობა - პერსპექტივა დაკვირვების საფუძველზე (OGP 2030)

26.11.2020

დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო - მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება

06.11.2020