საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ვადის განმავლობაში ელექტრონული საქმისწარმოების, ადმინისტრაციული წარმოებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის განსხვავებული წესები იმოქმედებს

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 23 მარტი 2020

 

2020 წლის 21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით კონსტიტუციით გარანტირებული ცალკეული უფლებები იზღუდება. მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილებით განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი დადგინდა ელექტრონულ საქმისწარმოებასთან, ადმინისტრაციულ წარმოებასა და საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.

 

 

1. ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (სზაკ) თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. საგანგებო მდგომარეობისას ეს ვადები შეჩერებულია, რაც გულისხმობს იმას, რომ ვადის გაშვება არ ჩაითვლება კანონის მოთხოვნების დარღვევად და ვადის დენა განახლდება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ.

 

ზოგადი წესის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში, თუმცა საგანგებო მდგომარეობისას ეს ვადაც შეჩერებულია და ამ ვალდებულების შესრულება გადავადებულია საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე. შესაბამისად, იზღუდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში განხილვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.

 

2. ჩერდება საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები

 

სზაკ-ის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას მოითხოვს. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით ამ ვალდებულების მოქმედება შეჩერებულია. შესაბამისად, დროებით იზღუდება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.

 

ვადის შეჩერება ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც საჯარო ინფორმაცია მოთხოვნილ იქნა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე და არ გასულა ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილი ვადა. ვადის დენა განახლდება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ. ეს გულისხმობს იმას, რომ საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 10 დღეს იმ დათქმით, რომ ამ ვადაში არ შედის საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდი.

 

3. ჩერდება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნების მოქმედება

 

ეს კანონი ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების წესებს განსაზღვრავს. ზოგადი წესის თანახმად, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. ასევე, ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევაში, როდესაც მოითხოვება წერილობითი ფორმის მატერიალური დოკუმენტი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონი პრაქტიკულად ავალდებულებს საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ ორგანოებს, უარი არ თქვან ელექტრონულ დოკუმენტზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის წარდგენილი არ არის მატერიალური ფორმით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილება არ აკონკრეტებს ცალკეულ ნორმებს, საგანგებო მდგომარეობის ვადით, ამ კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეჩერებულია. შესაბამისად, იზღუდება მოქალაქის თავისუფლება აირჩიოს სახელმწიფოსთან ურთიერთობის ელექტრონული ფორმა.

 

4. სახელმწიფო ინსპექტორს ეძლევა ვადების შეჩერების უფლებამოსილება

 

სახელმწიფო ინსპექტორი პასუხისმგებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობაზე. საგანგებო მდგომარეობისას მას ეძლევა უფლება შეაჩეროს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და განხილვის, ადმინისტრაციული სახდელის დადების ხანდაზმულობის ვადები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების ან გაგზავნის, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებების აღსრულების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები.

 

საგანგებო მდგომარეობისას ეს ვადები ავტომატურად არ ჩერდება და სახელმწიფო ინსპექტორი შეჩერების უფლებამოსილებით სარგებლობს იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამორკვევა.

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024