პარლამენტმა სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილების მიღება გადადო

სიახლეები | განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 2 მაისი 2020

 

 

ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტისა“ და ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ სარჩელების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ დღეს მოქმედი კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას. სასამართლომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო 2020 წლის პირველი მაისიდან და პარლამენტს მისცა ვადა საკითხის კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოსაწესრიგებლად.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია, თუ არ არის მისი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის დასაბუთებული საჭიროება.  სასამართლო ასევე არ გამორიცხავს კანონმდებლის შესაძლებლობას, რომ პირის შესახებ არსებული ცალკეული კატეგორიის ინფორმაციასთან დაკავშირებით დაადგინოს იმგვარი ბალანსი, რომლის ფარგლებშიც, როგორც წესი, არ გაიცემა სასამართლო აქტებში მოცემული პერსონალური მონაცემები უშუალოდ სუბიექტის ნების გარეშე. შესაბამისად, პარლამენტი ვალდებული იყო კანონით ამომწურავად განესაზღვრა ის გამონაკლისი შემთხვევები, რომელიც კონფიდენციალობის დაცვის მომეტებულ ინტერესს ადასტურებს (მაგალითად, მონაცემები არასრულწლოვანი პირების შესახებ, ინფორმაცია ინტიმურ სფეროებთან დაკავშირებით და ა.შ.).

 

2020 წლის 7 აპრილს IDFI-მ პარლამენტს წარუდგინა მოსაზრებები იმ საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე, რაც აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

 

მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მკაფიოდ განსაზღვრული გონივრული ვადისა, პარლამენტს დადგენილ ვადაში საკანონმდებლო ცვლილებები არ მიუღია. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნახსენები, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი მომზადებულია, COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პარლამენტი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რამაც კანონპროექტის განხილვისა და დამტკიცების პროცესი შეაფერხა.

 

ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ამ საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, დაინტერესებული პირებისთვის არ არის ხელმისაწვდომი კანონში ცვლილებების მომზადებული ვერსია.

 

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა დადგენილ ვადაში სათანადო საკანონმდებლო ცვლილება არ მიიღო, 2020 წლის 1 მაისიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისი ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას, ძალადაკარგულია. შესაბამისად, აღნიშნული თარიღის შემდეგ გადაწყვეტილებების გაცემისას სასამართლოებმა კონსტიტუციური სტანდარტით უნდა იხელმძღვანელონ. თუმცა, მკაფიო საკანონმდებლო მოწესრიგების არარსებობის პირობებში, არსებობს არათანმიმდევრული პრაქტიკის წარმოშობის რისკი, რადგან ცალკეულ შემთხვევებში, სასამართლოებმა შესაძლოა საკუთარი შეხედულებით, პერსონალური მონაცემების დაცვას მიანიჭონ უპირატესობა და დაუსაბუთებლად შეზღუდონ გადაწყვეტილებების სრული ტექსტის ხელმისაწვდომობა.

 

საგანგებო მდგომარეობის ვადის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის, მათ შორის სასამართლოს აქტების გაცემის ვადები შეჩერებულია, თუმცა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, გადაწყვეტილებები ქვეყნდება ვებ-გვერდზე. (ამ მიზნით 2019 წლის ზაფხულში შეიქმნა ვებ-გვერდი: ecd.court.ge). მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდზე გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისას სასამართლოებმა დაიცვან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი და ამ გზით უზრუნველყონ სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლო სხდომები დისტანციურად ტარდება, რომლის დროსაც, მიუხედავად არასამთავრობო სექტორის მოთხოვნისა,  არ არის უზრუნველყოფილი პროცესების საჯაროობა. შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, სასამართლოს გადაწყვეტილებების სრული სახით ხელმისაწვდომობა სასამართლოს საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების ფაქტობრივად ერთადერთ მექანიზმად რჩება.

 

ამგვარი ვითარებაში, IDFI მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია:

 

- პარლამენტმა შემუშავებული კანონპროექტი მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს მოსაზრებების გაზიარების მიზნით და სათანადო პირობების დადგომისთანავე, შემდგომი გადადების გარეშე, განიხილოს და მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება;

 

- საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე, სასამართლოებმა უზრუნველყონ გადაწყვეტილებების საჯაროობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024