IDFI-ის საკანონმდებლო წინადადება საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 18 აპრილი 2022

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2022 წლის 14 აპრილს საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე.

 

საკანონმდებლო წინადადების ძირითადი მიმართულებები

 

IDFI საქართველოს პარლამენტს სთავაზობს, ახალი მოწესრიგება დაეფუძნოს შემდგომ პრინციპებს:

 

1. მკვლევრებს მიეცეთ შესაძლებლობა, გაეცნონ და გამოიყენონ პერსონალური მონაცემების შემცველი საარქივო დოკუმენტები სამეცნიერო და კვლევითი მიზნებისთვის, მიუხედავად დროითი პერიოდისა.

 

2. მკვლევრებს შეეზღუდოთ, მათთვის გამჟღავნებული პერსონალური მონაცემების სხვა მიზნებისთვის (გარდა კვლევითი) გამოყენება.

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, IDFI გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტთან ცვლილებების მისაღწევად.

 

Საკანონმდებლო წინადადების რელევანტურობა

 

სახელმწიფო არქივების ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. საქართველოში და ტოტალიტარული რეჟიმის გამოცდილების მქონე სხვა ქვეყნებში, ისტორიის გააზრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აღნიშნული კი, თავის მხრივ, პირდაპირ არის დაკავშირებული ინფორმაციის თავისუფლებასთან, დემოკრატიზაციასთან, წარსულის (განსაკუთრებით საბჭოთა ეპოქის) სწორად გააზრებასა და ერის კოლექტიური მეხსიერების ფორმირებასთან. არქივებში დაცული დოკუმენტები ქვეყნის უახლეს ისტორიის შესწავლის პირველწყაროა, ისინი იძლევა უმნიშვნელოვანესი გარდაქმნების გააზრებისა და სახელმწიფო მმართველობითი პროცესის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საშუალებას. საარქივო მონაცემები, ერთი მხრივ, დაკავშირებულია მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების დაცვასთან და, მეორე მხრივ, სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და დაწესებულებათა პასუხისმგებლობასთან საზოგადოების წინაშე.[1]

 

თანამედროვე არქივებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის მეთოდები და საქმისწარმოების პრინციპები, რომლებიც საბჭოთა მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა. აღნიშნული პრაქტიკის გაგრძელება დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში არქივების ღიაობისა და გამართული მუშაობის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად ითვლება.[2]

 

განსაკუთრებით ახლა, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებით, მნიშვნელოვანია საქართველოს თანამედროვე ისტორიის გააზრებაში ინვესტირება და ამ კუთხით, საარქივო მასალებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. რეგიონში გაჩაღებულ საინფორმაციო, ჰიბრიდულ და 2022 წლის 24 თებერვლიდან წარმოებულ, სრულმასშტაბიან ომში, მთავარი როლი ენიჭება ისტორიული ნარატივებით მანიპულაციასა და ქვეყნების უახლეს წარსულში რუსეთის (ასევე რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის) დადებითად წარმოჩენას. აღნიშნულ ფართომასშტაბიან პროპაგანდასთან დაპირისპირება მხოლოდ დოკუმენტური კვლევებითაა შესაძლებელი.

 

საბჭოთა წარსულის გადააზრების აუცილებლობა ნათლად აჩვენა უკრაინაში დაწყებულმა ომმა. ვლადიმერ პუტინის 23 თებერვლის ვრცელ მიმართვაში ტენდენციურად და დამახინჯებულად იყო წარმოჩენილი უკრაინის ისტორია, განდიდებული იყო საბჭოთა ტოტალიტარული სახელმწიფო, ხოლო უგულებელყოფილი მის მიერ კაცობრიობის, მათ შორის, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. კრემლის მიერ უკრაინის ისტორიის ინსტრუმენტალიზაციისა და პროპაგანდის გამოყენების ხარისხი უპრეცედენტო აღმოჩნდა. იქამდე, 2021 წლის 28 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ, უახლესი წარსულის კვლევითი ცენტრის, საზოგადოება “საერთაშორისო მემორიალის” ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო.

 

პერსონალურ მონაცემთა შემცველი საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობა კვლევითი მიზნებისთვის: იდენტიფიცირებული პრობლემები

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) წლების განმავლობაში მუშაობს მეხსიერების კვლევებისა და საარქივო ღიაობის საკითხებზე. 2018 წელს, IDFI-მ შეისწავლა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საარქივო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის პრაქტიკა, რის საფუძველზეც დაიწერა კვლევა, სადაც აღწერილია ის საკანონმდებლო და პრაქტიკული პრობლემები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია საქართველოს არქივების მეტი გამჭვირვალობის და ღიაობის უზრუნველსაყოფად. Ამ მიმართულებით, IDFI-მ გამოყო რამდენიმე ძირითადი გამოწვევა, რომელიც საქართველოში რიგი პრაქტიკული და სამართლებრივი პრობლემის სახით ვლინდება. Აქედან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, პერსონალური მონაცემების შემცველ მასალას შეეხება.

 

საქართველოს კანონის ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ 22-ე მუხლის თანახმად, 75 წლის განმავლობაში იზღუდება დაშვება  „პერსონალური მონაცემების შემცველ“ ზოგიერთ დოკუმენტზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი არქივებს ხშირად აძლევს შეზღუდვის გავრცელების საშუალებას დოკუმენტთა უფრო ფართო კატეგორიაზე. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს განსხვავებულ რეჟიმს სხვადასხვა ტიპის პერსონალური მონაცემისთვის, მათი გამჟღავნება კვლევითი მიზნებისთვის, ფაქტობრივად, მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამასთან, ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად „გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემები შეიძლება გამჟღავნდეს ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარდაცვლილმა პირმა წერილობითი ფორმით აკრძალა მათი გამჟღავნება.“

 

მსგავსი მდგომარეობა და დოკუმენტებთან დაშვების შეზღუდვის ბერკეტი  კანონში პერსონალურ მონაცემთა მაიდენტიფიცირებელი ზუსტი ნიშნების დაკონკრეტების არარსებობით აიხსნება. შესაბამისად, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტაციაზე წვდომის ავტომატური შეზღუდვა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და საკანონმდებლო დონეზე კორექტირებას საჭიროებს. არქივების შექმნა და შენახვა სახელმწიფოს ინტერესებშია და სწორედ სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა დოკუმენტზე წვდომის კონტროლი. თუმცა, გარდაუვალია კონფლიქტი ინფორმაციის თავისუფლებისა და კონფიდენციალურობის/ პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებებს შორის. თანამედროვე სახელმწიფოების დისკრეციას წარმოადგენს აღნიშნულ ინტერესთა შორის ბალანსის დადგენა, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით.[3] IDFI-ს კვლევის მიხედვით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით სახელმწიფო არქივების უმეტესობა გასცემს პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებს კვლევითი მიზნებისთვის, ხოლო პასუხისმგებლობას პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და კანონსაწინააღმდეგო გავრცელებაზე აკისრებს თავად მკვლევარს.[4]

 

ამრიგად, როგორც ეს დასაბუთებულია საკანონმდებლო ინიიატივაში, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია მკვლევარს უწესებს აშკარად არათანაზომიერ სამართლებრივ ვალდებულებას. ამგვარი საკანონმდებლო მოწესრიგება არსებითად ართულებს საქართველოს მდიდარი საარქივო ფონდების ჯეროვნად გამოკვლევას და, შესაბამისად, იმ ღირებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, რასაც არქივების ღიაობა ისახავს მიზნად.

 

აღსანიშნავია, რომ IDFI-მ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით 2019 წელსაც მიმართა, თუმცა აღნიშნულს 2019 წელს ცვლილებები არ მოჰყოლია.

 

 

___

 

[1] EXECUTIVE OFFICE OF THE PRESIDENT and OFFICE OF MANAGEMENT AND BUDGET, “MEMORANDUM FOR THE HEADS OF EXECUTIVE DEPARTMENTS AND AGENCIES AND INDEPENDENT AGENCIES, M-12-18: Managing Government Records Directive,” 2012, https://www.archives.gov/files/records-mgmt/m-12-18.pdf.

 

[2]ვაჭარაძეანტონ, “სარეჟიმოარქივებისაქართველოში,” accessed May 27, 2021, http://www.idfi.ge/archive/?cat=read_topic&topic=141&lang=ka.

[3] Gruodytė E., Gervienė S., Access to Archives in Post-Communist Countries: The Victim’s Perspective, Baltic

Journal of European Studies, Tallinn University of Technology, Vol. 5, No. 2 (19), 2015, pp.148.

[4]ვაჭარაძე, „სარეჟიმო არქივები საქართველოში.“

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არასათანადო რეაგირება საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე

09.12.2024

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024