გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი ისლანდიის წინააღმდეგ: მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონმდებლობის დარღვევამ სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვა გამოიწვია

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა | ბლოგპოსტები 10 თებერვალი 2021

ავტორი: ქეთევან კუკავა

ბლოგპოსტი თავდაპირველად გამოქვეყნდა ECHR BlOG-ზე.

ტექსტი ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა სალომე ჩხაიძემ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას საქმის გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი ისლანდიის წინააღმდეგ განხილვამ (გადაწყვეტილება მიღებულია 2020 წლის 1 დეკემბერს) „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ ცნების განვრცობის შესაძლებლობა მისცა.  ეს საქმე მოსამართლეთა დანიშვნის საკითხსა და ამ პროცესში კანონის იმგვარ დარღვევას შეეხება, რომელიც შედეგად სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვას იწვევს.

 

საქმე ეხებოდა ისლანდიის ახლად შექმნილ სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში არსებულ დარღვევებს. იუსტიციის მინისტრმა თხუთმეტი კანდიდატისგან შემდგარ სიაში, რომლებიც შემფასებელი კომისიის თანახმად ყველაზე კვალიფიციურ პირებს წარმოადგენდნენ, ოთხი კანდიდატი ჩაანაცვლა უფრო დაბალი ქულების მქონე კანდიდატებით, რითიც ეროვნული კანონმდებლობა დაარღვია. მინისტრის ეს  გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული და არ ეფუძნებოდა ამ კანდიდატების დამსახურების მიუკერძოებელ შემოწმებას. გარდა ამისა, კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ,  პარლამენტმა არ ჩაატარა ცალ-ცალკე კენჭისყრა თითოეულ კანდიდატთან მიმართებით და ამის ნაცვლად, მინისტრის მიერ წარდგენილ ერთიან სიას დაუჭირა მხარი.

 

განმცხადებელი გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი ისლანდიის რაიონულმა სასამართლომ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის დარღვევისთვის დამნაშავედ ცნო. მისი საქმე განსახილველად გადაეცა ახლად ჩამოყალიბებულ ისლანდიის სააპელაციო სასამართლოს. პალატა შედგებოდა სამი მოსამართლისგან, მათ შორის იყო ა.ე. - ერთ-ერთი იმ ოთხი მოსამართლიდან, რომელიც ამ სასამართლოში დასანიშნად მინისტრმა წარადგინა.  განმცხადებელმა მოითხოვა ა.ე-ს აცილება იმ საფუძვლით, რომ მისი დანიშვნა პროცედურული დარღვევით განხორციელდა. ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

 

ისლანდიის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ მოსამართლის დანიშვნის პროცესი კანონის დარღვევებით წარიმართა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს დარღვევები დანიშვნის გაუქმებას ვერ გამოიწვევდა, შესაბამისად, განმცხადებლის საქმე სამართლიანმა სასამართლომ განიხილა. 

 

2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ 5 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა პირის სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა ეწინააღმდეგებოდა იმ ძირითად პრინციპს, რომ სასამართლო კანონის საფუძველზე უნდა იყოს შექმნილი.

 

დიდი პალატის 2020 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილებით ერთხმად დადგინდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა. დიდი პალატისთვის გადამწყვეტი იყო იმის შეფასება, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში ეროვნული კანონმდებლობის „აშკარა“ დარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი.

 

დიდი პალატის გადაწყვეტილება

 

საქმეზე გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი ისლანდიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ ცნების ფარგლები გააფართოვა. მანამდე, ამ კუთხით სასამართლოს პრაქტიკა ძირითადად  შეეხებოდა სახელმწიფოების იმ შიდა სამართლებრივი ნორმების დარღვევებს, რომლებიც პირდაპირ აწესრიგებდა სასამართლოს უფლებამოსილებას განეხილა კონკრეტული საქმე ან/და დარღვევებს, რომლებიც უშუალო გავლენას ახდენდა განმცხადებლის საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობაზე. ამ საქმეში დიდ პალატას უნდა ეპასუხა კითხვაზე - ეროვნული კანონმდებლობის დარღვევები, რომლებიც მოსამართლის თავდაპირველი დანიშვნის ეტაპზე განხორციელდა, ლახავდა თუ არა პირის უფლებას მისი საქმე განეხილა „კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლოს“.

 

როგორც ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ ცნების არსებით ელემენტს წარმოადგენს (§227). სასამართლოს, რომელიც არ არის შექმნილი კანონმდებლის მიზნების შესაბამისად, არ აქვს ის ლეგიტიმაცია, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელია სამართლებრივი დავების განსახილველად (§211).  

 

სასამართლოს თანახმად, დასკვნამ იმის თაობაზე, რომ კონკრეტული სასამართლო არ არის „კანონის საფუძველზე შექმნილი“, შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს სამართლებრივი განსაზღვრულობისა და მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპებზე. შესაბამისად, აუცილებელია დაპირისპირებულ ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა (§240). დიდმა პალატამ შეიმუშავა სამი კუმულაციური კრიტერიუმი იმის განსასაზღვრად, თუ როდის აღწევს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში არსებული დარღვევები სიმძიმის იმ მასშტაბს, რომ „კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლოზე“ უფლების შელახვა გამოიწვიოს:

 

1. ეროვნული კანონმდებლობის აშკარა დარღვევა - დარღვევა უნდა იყოს ობიექტურად და ცხადად იდენტიფიცირებადი;

 

2. მოსამართლეთა შესაძლებლობა თავიანთი მოვალეობის შესრულებისას თავისუფალი იყვნენ არასათანადო  ჩარევებისგან - ამ პირობის შეუსრულებლობად ჩაითვლება დარღვევები, რომლებიც სრულად უგულებელყოფს ფუნდამენტურ წესებს დანიშვნის პროცესში. მაგალითად, მოსამართლედ იმ პირის დანიშვნა, ვინც არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დაკავებისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან დარღვევები, რომლებმაც შესაძლოა სხვაგვარად დაუკარგოს ძალა იმ მოთხოვნის მიზანს, რომ სასამართლო უნდა იყოს „კანონის საფუძველზე შექმნილი“.

 

3. ეროვნული სასამართლოების განმარტება და ადგილობრივი კანონმდებლობის გამოყენება - ეროვნული სასამართლოების მიერ საქმის განხილვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმის განსაზღვრაში, ამგვარი დარღვევა უტოლდება თუ არა „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“  უფლების შელახვას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი დასკვნები თვითნებური ან აშკარად არაგონივრულია.

 

ამ სამსაფეხურიანი ტესტით შეფასების შედეგად, დიდმა პალატამ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. როგორც ისლანდიის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, ეროვნული კანონმდებლობის აშკარა დარღვევას ადგილი ჰქონდა ორ შემთხვევაში:  პირველი, იუსტიციის მინისტრმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ გადაუხვია შეფასების კომისიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას; მეორე, პარლამენტმა არ დაიცვა კენჭისყრის სპეციალური პროცედურა.

 

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მინისტრის მოტივების ბუნდოვანებამ სერიოზული ეჭვები გააჩინა მის მიერ სასამართლო სისტემაში არასათანადო ჩარევასთან დაკავშირებით და ამგვარად, მთლიანი პროცესის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა (§265). მიუხედავად იმისა, რომ მინისტრს შეფასების კომისიის წინადადებისგან გადახვევის უფლებამოსილება ჰქონდა, მან უგულებელყო ფუნდამენტური პროცედურული წესი, რომელიც მას ავალდებულებდა ამგვარი გადაწყვეტილება სათანადო გამოკვლევასა და შეფასებაზე დაეფუძნებინა. ეს პროცედურული ნორმა მინისტრის მიერ პოლიტიკური თუ სხვა არასათანადო მოტივებით მოქმედების თავიდან აცილების მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენდა (§288). გარდა ამისა, პარლამენტმა, რომელიც დანიშვნის პროცედურის კანონიერად წარმართვის გარანტი უნდა ყოფილიყო, ვერ შეასრულა საკუთარი ვალდებულება. აღნიშნულმა კი მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურის ფუნდამენტური წესების სერიოზული დარღვევა გამოიწვია.

 

ამასთან, ისლანდიის უზენაესმა სასამართლომ ვერ უზრუნველყო განმცხადებლის სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის მიერ დარღვეული ნორმების საპასუხოდ უფლების დაცვის შიდა სამართლებრივი საშუალებები არსებობდა, როგორიც არის საპარლამენტო პროცედურა და ეროვნულ სასამართლოებში საქმის განხილვა, ყველა ეს გარანტია არაეფექტური აღმოჩნდა (§288).

 

დიდმა პალატამ აღნიშნა, რომ დანიშვნის პროცესში დარღვევები სიმძიმის ისეთ მასშტაბს აღწევდა, რომ მან კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის უფლების ძირითად არსს ძალა დაუკარგა. ამ დასკვნის შემდგომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმავე დარღვევებით სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის საფრთხის შექმნის საკითხი აღარ საჭიროებდა შემდგომ გამოკვლევას (§295).

 

სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ დროის გასვლასთან ერთად, სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპის დაცვას სულ უფრო მეტი წონა ენიჭება „კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლოზე“ პირის უფლებასთან მიმართებით ბალანსის დაცვისას (§252). ეს მიდგომა გააკრიტიკა მოსამართლე პინტო დე ალბუკერკემ თავის ნაწილობრივ თანმხვედრ და ნაწილობრივ განსხვავებულ აზრში, აცხადებდა რა, რომ თანამდებობის დაკავებისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით მოსამართლის დანიშვნის პროცესში მანიპულირება წარმოადგენს იმგვარ პროცედურულ ხარვეზს, რომლის გამოსწორება ვერც დროის გასვლით და ვერც მხარის თანხმობით ვერ მოხერხდება.

 

დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ უფლების დარღვევის დადგენა წარმოადგენდა მოთხოვნის საკმარის და სამართლიან დაკმაყოფილებას და განმცხადებლისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება საჭიროდ არ მიიჩნია. გარდა ამისა, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უფლების შელახვის დადასტურება არ ავალდებულებდა მოპასუხე სახელმწიფოს ხელახლა განეხილა ყველა მსგავსი საქმე მას შემდეგ, რაც ისლანდიის კანონმდებლობის შესაბამისად, მათ res judicata (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები) ძალა მიენიჭა (§314).

 

შედეგად, სახელმწიფოს გადასაწყვეტია რა ზომებს მიიღებს არსებული პრობლემების გადასაჭრელად და მომავალში მსგავსი დარღვევები თავიდან ასაცილებლად. დიდი პალატის ეს მიდგომა გააკრიტიკა მოსამართლე პინტო დე ალბუკერკემ თავის ნაწილობრივ თანმხვედრ და ნაწილობრივ განსხვავებულ აზრში, რომელიც აცხადებდა, რომ მოპასუხე სახელმწიფოსთვის მკაფიო ინსტრუქციების მიცემის გარეშე ეს გადაწყვეტილება დარჩება “არაქმედით, ძალის არ მქონე ქაღალდად“.

 

ამდენად, მისი დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, ამ გადაწყვეტილებამ თავად განმცხადებელს ხელშესახები დახმარება ვერ გაუწია: დიდმა პალატამ მას არც ფინანსური კომპენსაცია და არც სისხლის სამართლის საქმის ხელახლა განხილვის უფლება მიანიჭა. გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი პრინციპების პრაქტიკული შედეგები კი მოპასუხე სახელმწიფოზე არის დამოკიდებული, რომელსაც სასამართლომ მიუთითა, რომ „ამ გადაწყვეტილებიდან საჭირო დასკვნები გამოიტანოს“.

 

დიდი პალატის გადაწყვეტილების მნიშვნელობა ისლანდიის ფარგლებს გარეთ

 

დიდი პალატის ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის უფლებასთან დაკავშირებული სტანდარტების განმარტების თვალსაზრისით. ის შედეგად ამ უფლების ფარგლების გაფართოებას იწვევს და მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიწვიოს: ახლა კონვენცია ეროვნულ სასამართლოებს აკისრებს ვალდებულებას შეამოწმონ, დაინიშნა თუ არა მოსამართლე შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე.

 

საქმეს, გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი ისლანდიის წინააღმდეგ, შესაძლოა ისლანდიის ფარგლებს გარეთაც სერიოზული გამოძახილი მოჰყვეს. გადაწყვეტილებით შესაძლოა ასევე სადავო გახდეს პოლონეთის სასამართლო რეფორმები და გაჩნდეს კითხვა, პოლონეთის სასამართლოების გადაწყვეტილებები, სადაც მოსამართლეები ახალი, პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი სასამართლო სისტემის ეროვნული საბჭოს მიერ დაინიშნენ, ჩაითვლება თუ არა „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებად.  

 

გარდა ამისა, გადაწყვეტილებას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს საქართველოზეც.  2019 წელს, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი მკაცრად გაკრიტიკდა. როგორც  OSCE/ODIHR-მა აღნიშნა, დამსახურების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების პრინციპს სერიოზული ზიანი მიაყენა ფარული კენჭისყრის გამოყენებამ დარანგირებისა და ნომინირების დასაბუთების მოთხოვნის არარსებობამ.

 

დიდმა პალატამ საქმეში გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი ისლანდიის წინააღმდეგაღნიშნა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის ნორმების აშკარა დარღვევის არარსებობა როგორც ასეთი არ გამორიცხავს „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ უფლების შელახვას (§245). შესაძლოა არსებობდეს ვითარება, როცა მოსამართლის დანიშვნის პროცედურა ერთი შეხედვით ეროვნულ კანონმდებლობას შეესაბამება, თუმცა მაინც იწვევს იმგვარ შედეგებს, რაც ეწინააღმდეგება კონვენციით გარანტირებული ამ უფლების მიზანს. დიდმა პალატამ ხაზი გაუსვა, რომ ანგარიში გაეწევა ეროვნული სასამართლოების განმარტებასა და შიდა სამართლებრივი ნორმების გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი დასკვნები თვითნებური ან აშკარად არაგონივრულია.

 

როგორც დიდმა პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, „სასამართლოს“ ცნების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს დამსახურების საფუძველზე შერჩეული მოსამართლეებისგან მისი დაკომპლექტება, ანუ იმ მოსამართლეებისგან, რომლებიც კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, რათა კანონის უზენაესობის პრინციპის შესაბამისად მართულ სახელმწიფოში მათზე დაკისრებული სამოსამართლო ფუნქციები განახორციელონ. მომავალი გვიჩვენებს საქართველოსა და პოლონეთის ზოგიერთ სასამართლოში  მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გახდება თუ არა ევროპული სასამართლოს განხილვის საგანი. საქმე გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი ისლანდიის წინააღმდეგმიანიშნებს, რომ სტრასბურგში ამ დანიშვნების სადავოდ გახდომას წარმატებით დასრულების პოტენციალი აქვს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023