ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ მიაქცია საზოგადოების ყურადღება საქართველოში შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის საკითხისადმი. ცხადად წარმოჩინდა საზოგადოების ცნობიერებაში, კანონმდებლობასა და პრატიკაში არსებული კომპლექსური პრობლემები, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ რეაგირებას სისტემურ დონეზე.
IDFI-მ ბოლო წლების განმავლობაში გამოაქვეყნა არაერთი სტატია, რომელთა მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოში ცხოველთა მიმართ სასტიკი და არასათანადო მოპყრობის, ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მეპატრონეთა პასუხისმგებლობის საკითხების შესწავლა.
დღეის მდგომარეობით მოცემული მიმართულებით არსებული პრობლემები შესაძლებელია დაჯგუფდეს რამდენიმე მიმართულებით:
- ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩოს არქონა - საქართველოში დღეის მდგომარეობით არ არსებობს შინაურ-ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობისა და მოვლა-პატრონობის მარეგულირებელი ერთიანი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც განსაზღვრავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის: შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის აუცილებლი სტანდარტები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მათი გადაადგილების წესები, ცხოველთა ტრანსპორტირების სტანდარტები, მეპატრონეთა და მიმკედლებელთა პასუხისმგელობა, ცხოველთა დაძინებისა და ევთანაზიის პირობები, ცხოველთა რეგისტრაციისა და პოპულაციის მართვის სტანდარტები და ა.შ.
შესაბამისად აუცილებელია ყოვლისმომცველი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა და ცხოველთა თანაარსებობისთვის აუცილებელი გარემოს შექმნასა და ცხოველთა, ისევე როგორც საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.
- სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების არ არსებობა - საქართველოში ძალზედ დაბალია ცხოველთა წამების და მათდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე გამოძიებათა დაწყების მაჩვენებელი. მსგავს ქმედებათა უმრავლესობა არ აღწევს სამართალდამცავ ორგანოებამდე.
პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ წლების განმავლობაში არ ხდებოდა ცხოველთა წინააღმდეგ ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სტატისტიკის სრულყოფილი სახით წარმოება. რაც შეუძლებელს ხდიდა სრული სურათის დანახვასა და პრობლემის მასშტაბის განსაზღვრას.
ამ მხრივ დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ბოლოდროინდელი ინიციატივა, რომლის თანახმადაც დეპარტამენტმა დაიწყო ცხოველისადმი არასათანადო ან/და სასტიკი მოპყრობის საქმეების მონიტორინგი. აღნიშნული მომავალში უზრუნველყოფს სრულყოფილ სტატისტიკურ მონაცემებზე წვდომას და გაამარტივებს პრობლემის მასშტაბის შეფასებას.
- საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონე - საკანონმდებლო ცვლილებათა ძალაში შესვლამდე აუცილებლია შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდის მიზნით. ცხოველთა მეპატრონეებსა და მიმკედლებლებს უნდა ქონდეთ სრული ინფორმაცია საკუთარი ვალდებულებების, მათი დარღვევის შემთხვევაში კი შესაძლო პასუხიმგებლობის ზომების შესახებ. ამასთან საზოგადოების თითოეულ წევრს სრულად უნდა ქონდეს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას შესაძლებელია დაეკისროს ცხოველთა მიმართ სასტიკი და არასათანადო მოპყრობისთვის.
ბოლო პერიოდში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ცხოველისადმი არასათანადო ან/და სასტიკი მოპყრობის საქმეების მონიტორინგის მიმართულებით. აღნიშნული მომავალში შესაძლებლობას მოგვცემს სრულად შევაფასოთ პრობლემის მასშტაბი, თუმცა შინაურ ბინადარ ცხოველთა და საზოგადოების თანაარსებობისთვის აუცილებელია კომპლექსური, ყოვლისმომცველი ნაბიჯების გადადგმა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით არსებული პრობლემები სრულად იქნეს გააზრებული მაღალ პოლიტიკურ დონეზე. ამის შემდეგ კი უნდა გადაიდგეს ქმედითი ნაბიჯები საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის შექმნის მიზნით.