საქართველოს 2022 წლის შედეგები Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | ანალიზი | სტატია 19 ოქტომბერი 2022

18 ოქტომბერს მსოფლიოში ინტერნეტ თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. 2022 წელს საქართველომ 100-დან 78 ქულა აიღო და ინტერნეტ თავისუფლების მხრივ შეფასდა, როგორც „თავისუფალი“ ქვეყანა. 2021 წელთან შედარებით, ქვეყნის ქულა, საერთო ჯამში, ერთით გაუმჯობესდა. მიზეზი წინა წლებთან შედარებით მასშტაბური კიბერშეტევების ნაკლებობაა. 

 

აღნიშნული დადებითი ტენდენციის მიუხედავად, ანგარიშში გამოყოფილია რამდენიმე გამოწვევა:

 

- სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების, სასულიერო პირებისა და ოპოზიციური ლიდერების ფარგული მიყურადების ჩანაწერების გავრცელებამ აჩვენა ხელისუფლების მხრიდან მიყურადების პრაქტიკის მასშტაბურობა; 

 

- საანგარიშო პერიოდში, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დროს ჟურნალისტები და 2021 წლის ივნისში თბილისი პრაიდის აქტივისტები გახდნენ ფიზიკური თავდასხმის ობიექტები. 

 

ამავდროულად, 2021 ივნისსა და 2022 მაისის პერიოდში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს შორის გამოყოფილია ინფორმაციული უსაფრთხოების კანონში შეტანილი ცვლილებები, რამაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს (OTA) გაუზარდა უფლებამოსილებები ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. 

 

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით ინფრასტრუქტურულ დაბრკოლებებს აწყდებიან, თუმცა ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა თანდათან იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის ივლისის მონაცემების მიხედვით, შინამეურნეობების 88.4%-ს ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე. თუმცა, შეინიშნება ე.წ. ციფრული ნაპრალი დიდ ქალაქებსა და სოფლებს, ასევე ასაკობრივ ჯგუფებს შორის. გამოწვევაა ინტერნეტ მომსახურების ხარისხი და სიჩქარეც. კომპანია Ookla-ს მიერ 2022 წლის მაისში ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფიქსირებული ინტერნეტის გადმოწერის საშუალო სიჩქარე 19.8 მგ/წმ იყო. მობილური ინტერნეტის გადმოწერის სიჩქარე იმავე პერიოდში კი 32 მგ/წმ-ს შეადგენდა. 

 

Freedom House-ის ანგარიში განიხილავს ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებს შორის მომხმარებელთა გადანაწილების საკითხსაც. ნათქვამია, რომ საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე დიდი კომპანია დომინირებს. კერძოდ, ბაზრის ¾-ს ორი მიმწოდებელი აკონტროლებს (საკაბელო ინტერნეტი). მობილური ინტერნეტის ბაზრის დიდი ნაწილი სამ პროვაიდერს უკავია. 

 

საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სფეროს მთავარი მარეგულირებელი უწყების, კომუნიკაციების კომისიის (ComCom) საქმიანობის შეფასებისას აღნიშნულია, რომ კრიტიკა დაიმსახურა მისი მხიდან ინიცირებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა სატელეკომუნიკაციო კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლების შესახებ, რომელიც საბოლოოდ ცალკეული ცვლილებებით იქნა მიღებული. 

 

ქვეყანაში ინტერნეტ თავისუფლების ხარისხის შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ ინტერნეტ აქტივისტებს თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ სოციალური მედია ინფორმაციის გავრცელების, ხალხის მობილიზებისა და ონლაინ კამპანიების ჩატარების მიზნით. 

 

ქვეყანაში იშვიათია ონლაინ კონტენტის შეზღუდვის ფაქტები. ამ კონტექტში აღნიშნულია, რომ 2021 წლის დეკემბერში ხელისუფლებამ აკრძალა ონლაინ სათამაშო ბიზნესის რეკლამა, და 25 წლამდე გაიზარდა აზარტულ და მომგებიან თამაშებში ონლაინ მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვრი. ცვლილებები ძალაში 2022 წლის მარტში შევიდა. 

 

ქვეყნის ერთ-ერთ გამოწვევად დასახელებულია პროსამთავრობო და სხვა ადგილობრივი პოლიტიკური აქტორების მხრიდან ონლაინ კონტენტის მანიპულაციის მცდელობები, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისებისა და საარჩევნო კამპანიის დროს. 2020-2021 წლებში Facebook-მა წაშალა ათობით გვერდი და ანგარიში, რომლებიც სოციალურ ქსელში ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ონლაინ აუდიტორიაც გახდა რუსული დეზინფორმაციის კამპანიის ობიექტი, ისეთ საკითხებზე როგორიცაა კოვიდ პანდემია, ვაქცინები, 5G ტექნოლოგია და ა.შ. 

 

ონლაინ პლატფორმები, განსაკუთრებით კი Facebook, აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა საკითხზე დემონსტრაციების ორგანიზებისთვის. სხვა მაგალითებთან ერთად, მოყვანილია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სოლიდარობის აქციები, რომლის მონაწილეები უკრაინასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, ორაზროვან განცხადებებს აკრიტიკებდნენ. 

 

ციფრული უფლებების კონტექსტში აღნიშნულია, რომ მართალია არსებობს საკანონმდებლო გარანტიები ამ კუთხით, თუმცა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნაკლებობა ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის მთავარი დაბრკოლებაა. 

 

წლების მანძილზე პრობლემად რჩება ფარული მიყურადების საკითხიც. 2022 წლის ივნისში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკამათო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც გაიზარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადა და დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს. 

მართალია პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ამავე წლის სექტემბერში ვეტო დაძლია. 

 

ინტერნეტის თავისუფლების კუთხით Freedom House-ის ყოველწლიური შეფასება თითოეული ქვეყნის შემთხვევაში მოიცავს დეტალურ ნარატიულ ანგარიშსა და ქულებს, რომლებიც სამ კატეგორიად იყოფა: 1. ხელმისაწვდომობის დაბრკოლებები; 2. კონტენტის შეზღუდვა; და 3. მომხმარებელთა უფლებების დარღვევა. 2022 წლის ანგარიში 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

 

დეტალური ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კამპანიის „გმირობის ნაყოფის“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

07.12.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

04.12.2023

IDFI-მ აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა

01.12.2023

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ხარჯები

27.11.2023
განცხადებები

„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციასა და დეზინფორმაციის მიმართულებით ახალ დათქმას ეხმაურება

10.11.2023

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ევროკომისიას

02.11.2023

ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს

30.10.2023

ვეხმიანებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან ნემსაძის კენჭისყრის პროცესს

18.10.2023
ბლოგპოსტები

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023

საქართველოს შრომის ბაზარზე ახალგაზრდების უმუშევრობის დონე

05.10.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების აღიარება: კონვენციის განვითარების პროცესი და ძირითადი პრეცედენტები

29.09.2023