ქართული საზოგადოებრივი აზრი ისტორიული მეხსიერების ფორმირების საწყისებთან: 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების რეპრეზენტაცია ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 23 თებერვალი 2024

ანალიტიკური სტატიის ავტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი და უახლესი ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, ნიკოლოზ სარაჯიშვილი. აღნიშნული ესე დაიწერა კონკურსისთვის „დეზინფორმაციის როლი ისტორიული მეხსიერების ჩამოყალიბებაში“.

 

კონკურსი ჩატარდა IDFI-ს მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს  შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (SIDA) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.

 

ნიკოლოზ სარაჯიშვილი არის კონკურსის გამარჯვებული  - I ადგილის მფლობელი.

 

-

თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია იმ ტენდენციებისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ იბრძვის, რომელიც საბჭოთა პერიოდში, მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის დიქტატის ქვეშ მყოფმა ქართულმა ისტორიოგრაფიამ შექმნა და დაამკვიდრა. დღესდღეობით ახალი და უახლესი ისტორიის დარგში, დიდი პოპულარობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკითხი სარგებლობს და ამ მიმართულებით, ანუ მისი რეაბილიტაციისკენ, დიდი ძალისხმევაა მიმართული. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, ვინაიდან საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა სწორედ ამ საკითხით იყო დაინტერესებული და მთელი არსით ცდილობდა ცრუ წარმოდგენების შექმნას, ერთ-ერთ მიმართულებას კი სწორედ საქართველოს პირველი რესპუბლიკა და 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყება წარმოადგენდა. ვფიქრობთ, საკითხი მეტად აქტუალურია, რადგან წელს, ამ მოვლენიდან 100 წელი სრულდება.

 

მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში მრავალი რამ წყდებოდა საქართველოსთვის, ყველაფერი ახალ რელსებზე გადადიოდა.  ცვლილება შეეხო ქართულ ისტორიოგრაფიასაც. „სსრკ-ის ნგრევამ სწრაფად გაუხსნა გზა ახალ, მოულოდნელ შესაძლებლობებს დამოუკიდებლობისაკენ, ფუნდამენტური გადაფასებისაკენ, უწინდელი რესპუბლიკების ჯერაც შეუსწავლელი ასპექტების უპრეცედენტო განხილვისაკენ“ (ჰოვანესიანი 2018: 5), თუმცა ისე მოხდა, რომ ისტორიული მეხსიერების შემდგომი ჩამოყალიბების პრივილეგია 80-იანი წლების ბოლოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ლიდერების ხელში აღმოჩნდა, რაც, ვფიქრობთ, ყურადსაღები მოვლენაა (იხ. სარაჯიშვილი 2019: 94-103; სარაჯიშვილი 2023: 282-303).

 

საბჭოთა კავშირში მიმდინარე ლიბერალიზაციის (ვგულისხმობთ მიხაილ გორბაჩოვის მიერ წამოწყებულ „გლასტნოსტისა“ და „პერესტროიკის“ კურსს) პროცესის პარალელურად, XX საუკუნის 80-იან წლებში გადამწყვეტ ფაზაში შევიდა ქართველი ხალხის ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი აღმოჩნდა ჩაბმული. 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, დამოუკიდებლობის აღდგენის შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო რეალური ხდებოდა. შესაბამისად, დაიწყო საქართველოს ისტორიის (განსაკუთრებით კი უახლესი ისტორიის) წინა პლანზე წამოწევა და პოპულარიზაცია და როგორც უკვე ვთქვით, საზოგადოების ფართო მასებზე უფრო მეტად ეროვნული მოძრაობის ლიდერების მოსაზრებები ახდენდა გავლენას.

 

ვფიქრობთ, ამ მხრივ გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და მასთან დაკავშირებული მომდევნო მოვლენების რეპრეზენტაციას 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში (სარაჯიშვილი 2019: 94-103). ერთი, რომ აქტიურად გამოიცემოდა შესაბამის პერიოდთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ლიტერატურა. მაგალითად დაგეგმილი იყო ქართული ემიგრანტული ლიტერატურის საგამომცემლო პროექტიც, საერთო სათაურით — „დაბრუნება“ (ქართული ემიგრანტული ლიტერატურის... 1990: 6), თუმცა, ამ სერიით მხოლოდ სამი წიგნი გამოიცა (ორი ექვთიმე თაყაიშვილის, თითო - რევაზ გაბაშვილისა და ვალოდია გოგუაძის). მეორე, რომ იმ პერიოდის პერიოდულ გამოცემებში ხშირად შეხვდებოდით პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებული პიროვნებებისა და მოვლენების შესახებ საგაზეთო პუბლიკაციებს.

 

ვიდრე უშუალოდ საკითხზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ მოკლედ იმის შესახებ, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა საბჭოთა საქართველოში 1924 წლის აჯანყების თემასთან დაკავშირებით.

 

საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს გასაბჭოების პირველი წლებიდანვე მიზნად დაისახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იდეური ლიკვიდაცია. ახალი დამპყრობლისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო პირველი რესპუბლიკის მესვეურთა ხალხის მტრის როლში გამოყვანა, შემდეგში კი ქართველების ისტორიული მეხსიერებიდან სრულიად წაშლა – დამოუკიდებლობის დღედ 25 თებერვლის დანერგვა (მაცაბერიძე 2018: 373-397).

 

უმეტესწილად კრიტიკის ობიექტი სოციალ-დემოკრატიული პარტია და მისი ლიდერები: ნოე ჟორდანია და ნოე რამიშვილი იყვნენ. მათ წინააღმდეგ ბრძოლა გასაბჭოების პირველი წლებიდანვე იწყება და ეს გასაკვირი არცაა, ვინაიდან, როგორც უკვე ითქვა, საბჭოთა ხელისუფლებას საქართველოში პოლიტიკურად სტაბილური ვითარების შესაქმნელად სწორედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის იდეური განეიტრალება სჭირდებოდა, მით უმეტეს, რომ ქართული პოლიტიკური ემიგრაცია საზღვარგარეთიდან აპირებდა ბრძოლის გაგრძელებას.

საწყის ეტაპზე ამ იდეური ბრძოლის წარმოება საბჭოთა სატირულმა (და არა მხოლოდ სატირულმა) პრესამ და მისმა ფლაგმანმა – ჟურნალმა „ტარტაროზმა“ იკისრეს (სიხარულიძე 2019: 64-78).

 

ტარტაროზი N38, 1926

 

მას შემდეგ, რაც საქართველოში 1924 წელს აჯანყება მოხდა, საბჭოთა ოფიციოზის წინაშე ახალი მისია წამოიჭრა – ქართველებში უნდა წაშლილიყო 1924 წელი, როგორც ანტიბოლშევიკური, ეროვნული გამოსვლა. საქმე მარტივად მოგვარდა, 1924 წლის აჯანყების კონტექსტში წინა პლანზე  განსაკუთრებულობით წამოიწია მენშევიკურმა მომენტმა, რაც საზოგადოებაში მათდამი ანტიპათიური განწყობის გამყარებას ისახავდა მიზნად.

 

საბჭოთა კონიუნქტურის მიერ 1924 წლის აჯანყება იმთავითვე შეფასდა როგორც „მენშევიკების ავანტიურა“, „კონტრრევოლუცია“ და „ზედა ფენების გამოსვლა“. დოკუმენტებში, რომელიც აჯანყებას ეხება და ჩვენ მიერ იქნა თარგმნილი და გამოქვეყნებული, ვკითხულობთ: „მოცემულ მომენტში ავანტიურა ლიკვიდირებულად უნდა ჩაითვალოს. დარჩნენ ცალკეული ბანდები... ...მუშები მონაწილეობას არ იღებდნენ...“ (სარაჯიშვილი 2022: 85-86). ეს მოცემულობა ღრმა იდეური დატვირთვისაა და მის გასამყარებლად სერგო ორჯონიკიძე თბილისის საბჭოს 1924 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე ამბობდა, რომ 1924 წლის აჯანყებაში არ მონაწილეობდნენ გლეხები. ცხადია, ზედა ფენებში მოიაზრებიან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრები, თავადაზნაურობა და სამღვდელოება – სწორედ ისინი, რომელთა განეიტრალებაც საჭირო იყო ქვეყანაში სტაბილური ვითარების შესაქმნელად. კომუნისტი ლევან ღოღობერიძე ნაშრომში – „ქართული ემიგრაცია და ანტისაბჭოთა პარტიების მუშაობა“ – ქართულ ემიგრაციას ასე ახასიათებს: „ქართული ემიგრაციის უბრალო მონაწილენი და ბელადები, რომლებიც შეკრებილი არიან პარიზში და თავს უწოდებენ „მთავრობას“, „პარტიულ კომიტეტს“ და სხვ. წარმოადგენენ ნამდვილ პოლიტიკურ შარლატანების საზოგადოებას, რომლებიც პირადათ გახელებული არიან ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ ყოველგვარ მორალურ და იდეურ წონას კი მოკლებული არიან. ესენი არიან წაგებული მოთამაშენი, რომელნიც ხელს აწერენ ყოველგვარ თამასუქებს და აგირავებენ თავის ტუალეტს საეჭვო ბედნიერების, შესაძლებელ შემთხვევით მოგების იმედით“ (ჯიქია 2012: 13-21).

 

როგორც უკვე აღინიშნა, 1924 წლის აჯანყებისა და ზოგადად, სოციალ-დემოკრატთა მენშევიკური ფრთის წინააღმდეგ აქტიურად იყო მოხმობილი საბჭოთა სატირა და მისი ფლაგმანი ჟურნალი “ტარტაროზი”, რომელიც სახალისო კარიკატურების სახით გადმოსცემდა მოვლენებს, მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლებისთვის სასარგებლო თვალით დანახულს. მაგალითად, ნოე რამიშვილს ჰბრალდებოდა მუშებისა და გლეხების დაჩაგვრა, ხალხის ფულის მითვისება და სხვა მრავალი მანკიერებანი.

 

ასე და ამგვარად, ქართული ისტორიოგრაფიისთვის უკვე მინიშნებული იყო, თუ რა კუთხით უნდა დაენახათ, შეეფასებინათ და გადმოეცათ 1924 წლის აჯანყება და მისი პერიპეტიები, მანაც ყველაფერი ისე შეასრულა, როგორც მითითებული იყო.

 

ისტორიოგრაფიასთან ერთად აუცილებლად მოკლედ უნდა შევეხოთ იმას, თუ როგორ იყო წარმოჩენილი საბჭოთა სკოლის სახელმძღვანელოებში 1924 წლის აჯანყება, ვინაიდან „ისტორიის სახელმძღვანელო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა ნაციონალური იდენტობისა და ისტორიული ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის“ (ჩიქოვანი, კაკიტელაშვილი 2010: 232). მაგალითად, საქართველოს ისტორიის 1982 წელს გამოცემულ VII-X კლასების სახელმძღვანელოში (სწორედ ამ პერიოდში განათლებამიღებული ახალგაზრდობა, ათწლეულის ბოლოს ერთვება ეროვნულ მოძრაობაში და მის ერთ-ერთ დასაყრდენ ძალას წარმოადგენს), რომელიც დაამტკიცა საქართველოს სსრ განათლების სამინისტრომ, 1921-1924 წლის ამბებს მხოლოდ 10 ხაზი ეთმობა – „1924 წლის აგვისტოში მენშევიკებმა და სხვა ანტისაბჭოთა ელემენტებმა, რომლებიც უცხოელ იმპერიალისტებთან იყვნენ დაკავშირებულნი, მემამულურ და ბურჟუაზიულ-კულაკურ ფენებზე დაყრდნობით ზოგიერთ რაიონში აჯანყება მოაწყვეს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით. ეს ავანტიურა საქართველოს წითელმა არმიამ, მშრომელთა მხარდაჭერით, სწრაფად ჩააქრო. ანტიპარტიული და კონტრრევოლუციური ძალების განადგურებამ კიდევ უფრო განამტკიცა მუშათა და გლეხთა კავშირი, აამაღლა მათი შრომითი აქტივობა, რამაც უზრუნველყო სახალხო მეურნეობის აღდგენის ძირითადად დამთავრება 1925-26 სამეურნეო წლისათვის“ (გუჩუა, მესხია 1982: 259-260).

 

საგულისხმოა, რომ აჯანყების მოთავეთა შორის, მიზანმიმართულად, მხოლოდ მენშევიკები მოიხსენიებიან, „ზოგიერთ რაიონში“ მომხდარი აჯანყების ჩახშობა კი დადებით მოვლენადაა წარმოჩენილი. ამგვარი ტენდენცია შეინიშნება საბჭოთა კავშირის თითქმის მთლიანი არსებობის მანძილზე: „საბჭოთა კავშირში, პერესტროიკამდე, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია მხოლოდ უარყოფითად იყო წარმოდგენილი: ეს გახლდათ მძიმე, ქართველი ხალხისათვის მხოლოდ პრობლემების მომტანი ხანა, რომელიც წარმატებით დაიძლია საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გზით“ (ჩიქოვანი, კაკიტელაშვილი 2010: 232).

 

სწორედ ამგვარი ტენდენციების წინააღმდეგ უნდა ებრძოლა ქართულ ისტორიოგრაფიას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თანადროულ პერიოდში. მართალია, მაშინდელი პრესის ფურცლებზე არცთუ იშვიათად შეხვდებოდით გურამ შარაძის, დიმიტრი შველიძის, პაატა სურგულაძის, ოთარ ჯანელიძისა და სხვა ისტორიკოსების პუბლიკაციებს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

 

80-იანი წლების ბოლოს, როდესაც საბჭოთა საქართველოში ცენზურა შერბილდა, ეს პირველ რიგში ლიტერატურის გამოცემაზე აისახა და მალევე ქართულ რეალობაში ისეთმა სახელებმა წამოიწია წინ, რომლებიც პირველ რესპუბლიკასთან იყვნენ დაკავშირებული. მაგალითად, ქაქუცა ჩოლოყაშვილი (კალანდაძე 1990: 1-2), გიორგი მაზნიაშვილი, ზურაბ ავალიშვილი და მრავალი სხვა. წიგნების შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ გამოსაცემად მზადდებოდა და იბეჭდებოდა იმ ავტორთა მოგონებები, რომლებიც ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიისადმი უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ რევაზ გაბაშვილის, ზურაბ ავალიშვილის, გიორგი მაზნიაშვილისა და სხვათა მოგონებები.

 

მაგალითად, ზურაბ ავალიშვილის წიგნიდან ორი მონაკვეთი საკმაო პოპულარობით სარგებლობდა და სხვადასხვა ავტორი (მაგალითისთვის კმარა აკაკი ბაქრაძეც (ბაქრაძე 2005: 66) იყენებდა მას საკუთარ პუბლიკაციაში:

„როდესაც 1921 წ. თებერვალ-მარტის მძიმე დღეებში საქართველო მაგიდაზე დააწვინეს და ნაცადმა დასტაქარმა, საბჭოთა ხელისუფლებამ, სასტიკი ოპერაცია ჩაუტარა, ამ ქირურგმა იცოდა, რომ პაციენტი ქლოროფორმით დაბანგა და საოპერაციოდ მოამზადა საქართველოს ს.დ.-ის ასევე გამოცდილმა, თუმც ნაკლებ კადნიერმა ხელმა “ (ავალიშვილი 1990: 11).

 

აგრეთვე ზურაბ ავალიშვილის ზემოხსენებულ წიგნშია ნათქვამი — „1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატია, რომელიც ს.დ.-ის დიქტატურის, ე. ი. მემარჯვენე ფრთის მარქსიზმის ფორმა იყო, წარმოადგენდა საქართველოში საბჭოთა დიქტატურის გამარჯვების მოსამზადებელ პერიოდს, სოციალური პოლიტიკის მთელი შინაარსითა და თავისი სულისკვეთებით“ (ავალიშვილი 1990: 11). ავტორის ეს მოსაზრებები, მით უფრო სარწმუნო იქნებოდა, ვინაიდან ის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, მაშინ როცა, რომ შევადაროთ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისადმი დამოკიდებულება სრულიად განსხვავებულია და ერთ-ერთი პირველი პარტია, რომელიც 80-იან წლებში იქმნება, სწორედ ამ სახელს ატარებდა. მის თავმჯდომარეს, გია ჭანტურიას კი ეროვნული მოძრაობის ლიდერთა ჯგუფში წამყვანი ადგილი ეკავა. აგრეთვე აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი უმთავრესი  ფაქტორი, რომელიც განაპირობებდა სიმპათიებს ედპ-ის მიმართ, იყო ილია ჭავჭავაძის პიროვნება, რადგანაც სწორედ ის იყო ინიციატორი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაარსებისა, რაც განახორციელა სპირიდონ კედიამ 1917 წელს, ხოლო 1981 წელს გია ჭანტურიამ ის აღადგინა (სარაჯიშვილი 2019: 95-96).

 

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანო, გაზეთ „ქართული ქრონიკის“ 1990 წლის ერთ-ერთ ნომერში ვკითხულობთ: „გუშინ დაიწყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობა. ეს პარტია, ცნობისთვის, არის პარტია, რომლის უგვანო, უნიჭო მმართველობის შედეგადაც 1921 წელს ბოლშევიკები შემოვიდნენ საქართველოში. და როცა სოც.-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს პეტრე გელეიშვილს ჰკითხეს, რა მოხდაო, — არაფერი, ერთმა პარტიამ მეორე შეცვალაო, – უპასუხა“ (ჭანტურია 1990: 1-2).

 

სწორედ რიგ მოღვაწეთა მოგონებები 1924 წლისა და ზოგადად, სოციალ-დემოკრატიული პარტიის შესახებ, უწყობდა ხელს საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიერ შექმნილი ნარატივის შემდგომ სიცოცხლისუნარიანობას, რომელმაც, კოლექტიური მეხსიერების სახით დღევანდელ დღემდეც მოაღწია. ამ მოგონებებში შეინიშნება სოციალ-დემოკრატთა მწვავე კრიტიკა და მეტიც, მათ ბრალად ედებოდათ 1924 წლის აჯანყების წარუმატებლობა (სულხანიშვილი 2007: 135-136, 232, 257; ზალდასტანიშვილი 1989: 13-14, 43, 54).

 

აქვე უნდა ვთქვათ, „ისტორიულ მეცნიერებაში სიახლეს არ წარმოადგენს, რომ მხოლოდ მოგონებებზე დაყრდნობით არ შეიძლება შევიქმნათ რაიმეს მიმართ წარმოდგენა და გავიაზროთ ესა თუ ის მოვლენა, თუმცა მაშინ ეს მიდგომა ჩვეულებრივი მკითხველისთვის უცხო იყო და მოგონებები თუ ავტორთა პირადი მოსაზრებები, ხალხის მასებზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენდა. მით უმეტეს, უფრო დამაჯერებელი იყო მათთვის ამ მოვლენების მონაწილეთა მოგონებები“ (სარაჯიშვილი 2019: 98-99). მაგალითად, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მემუარებში აჯანყების შესახებ ვკითხულობთ: „როდესაც შევეხე სვანეთში და დუშეთის მაზრებში მომხდარ აჯანყებებს, გამოვთქვი ის აზრი, რომ ამ აჯანყებებს ჰქონდათ ავანტიურისტული ხასიათი, რომ ის არ იყო მოწყობილი ბრძოლა არსებულ წესწყობილების წინააღმდეგ და რომ ამ აჯანყებების მეთაურნი, როგორც საქმიდანა სჩანს, მოტყუებულნი დარჩნენ, საზღვარგარედ მყოფ თავის ხელმძღვანელების მიერ... და ამასთან დავუმატე, რომ ამგვარი აზრისა იყო ტფილისის ციხეებში დატუსაღებულ პოლიტიკურ მოღვაწეების უმრავლესობაც“ (მაზნიაშვილი 2015: 169). მათ, ვინც ამ წყაროებს ენდობოდა, ავიწყდებოდათ, რომ მემუარებში ასახული ფაქტოლოგიური მასალა ითხოვს შემოწმებას, ამასთან ერთად მემუარები გარკვეული სახით მაინც შეიცავს ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას რიგი მოვლენების მიმართ (ნადირაძე 2005: 79).

 

აქვე გვსურს ვახსენოთ, რომ ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი და შეფიცულთა რაზმის წევრი, ალექსანდრე სულხანიშვილი 1990 წლის 18 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნდა, 94 წლის ასაკში, რასაც საკმაოდ დიდი რეზონანსი მოყვა. გამოჩნდა საგაზეთო პუბლიკაციებიც (ალექსანდრე სულხანიშვილს 1990: 4; ნაცვლიშვილი 1990: 6). მისი მოგონებები 1989-1990 წლებში ჟურნალ „ცისკარში“ იბეჭდებოდა. და რომ აღვიქვათ, თუ რა გავლენა ექნებოდა მის მოგონებებს, ეს პასაჟიც კმარა, მენშევიკებზე საუბრის დროს, ალექსანდრე სულხანიშვილი შენიშნავს — „სწორედ ჩვენი მთავრობის ასეთმა მოღვაწეობამ დაღუპა კიდეც რის ვაი-ვაგლახით მოპოვებული დამოუკიდებლობა“ (სულხანიშვილი 2007: 265).

 

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, სწორედ მოგონებებში გადმოცემული მცდარი და ტენდენციური ფაქტები ამყარებდა საბჭოთა პერიოდში შექმნი სტერეოტიპებს და ვინაიდან, მოგონებები თუ ავტორთა პირადი მოსაზრებები, ხალხის მასებზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენდა, ვინაიდან საგაზეთო პუბლიკაციების საშუალებით ამ მოსაზრებების უცილობელ და ჭეშმარიტ ფაქტებად ტირაჟირება ხდებოდა. მით უმეტეს, უფრო დამაჯერებელი იყო მათთვის ამ მოვლენათა მონაწილეთა მოგონებები. ამ ყველაფერს კი ხელს უწყობდა ეროვნული მოძრაობის ლიდერთა უარყოფითი დამოკიდებულება 1918-1921 წლების საქართველოს მესვეურთა მიმართ. თუმცა ამაზე ჩვენ აქ არ შევჩერდებით.

 

ჩვენ ზემოთ ილია ჭავჭავაძის პიროვნება ვახსენეთ. ამ შემთხვევაში, ის თეზა, რომ ილია ჭავჭავაძე ქართველი სოციალ-დემოკრატების მიერ იქნა მოკლული, 80-იან წლებში საკმაოდ პოპულარული იყო (შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ვერსიას ახლაც არც თუ მცირე რაოდენობის მომხრე ჰყავს). ერთი მხრივ, ამ თეზიდან ამოჰყავდათ თავიანთი მსჯელობა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მომხრეებს, ვინაიდან ისინი თავს ილიას იდეურ მემკვიდრეებად თვლიდნენ და მეორე მხრივ, თავად ილია ჭავჭავაძის საზოგადოება და მათი ორგანო „ივერია“.

 

ამ უკანასკნელის 1989 წლის 12 სექტემბრის ნომერში, მოწინავე გვერდზე გამოქვეყნდა პუბლიკაცია სახელწოდებით „1924“. მართალია ავტორი მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს ხსენებულ აჯანყებას, თუმცა მისი დამარცხების მიზეზად შემდეგს ასახელებს: „ქართველი ერი XX საუკუნეში ცდუნებული და გატაცებული უტოპიითა და ხელოვნური თეორიებით (ცხადია, ავტორს მხედველობაში აქვს სოციალ-დემოკრატია, სოციალიზმი, ანუ იგივე სენი, როგორც შემდეგში ბოლშევიზმი – ნ. ს.) დღემდე იცდება თავის არასწორი გულისთქმით. როდესაც იგი დაუბრუნდება წმინდა ილია მართლის მიერ დასახულ ბუნებრივი განვითარების გზას, მაშინვე გაქრება ყოველი უბედურება (ხაზი ჩვენია – ნ. ს.), რაც ჩვენს ერს აწუხებს“ (კახაძე 1989: 1).

 

გაზეთ სარანგის 1990 წლის 6 სექტემბრის ნომერში, 1924 წლის აჯანყება შედარებულია დიდგორის ბრძოლასთან. აღნიშნულია: „ამ ორ მოვლენას საუკუნეები აშორებს, მაგრამ მათ ერთი აზრი და სულისკვეთება — ქვეყნის გათავისუფლება დამპყრობთაგან — აერთიანებთ. 24 წლის ამბები, ტრაგიკული დასასრულის მიუხედავად, უფრო ამაღლებულადაც შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან, როგორც ბატონი გერონტი ქიქოძე ბრძანებდა, ეს იყო ზნეობრივი აჯანყება ბედისწერის წინააღმდეგ“ (გიორგაძე 1990: 1). იქვეა გამოქვეყნებული ვალიკო ჯუღელის ფოტო, რომელიც პუბლიკაციის ავტორის თქმით, პირველად ქვეყნდებოდა.

 

გაზეთი სარანგი, 1990, N6

 

საინტერესოა ამ პუბლიკაციაში ერთი მომენტი. ავტორი აღნიშნავს, რომ „ასეთ ღირსმნიშვნელოვან ისტორიულ ფენომენს ვერც ქართულმა ისტორიოგრაფიამ, ვერც ქართულმა მწერლობამ და ხელოვნებამ ჯერხნობით ვერ მიუზღო ვერავითარი ხარკი. ეს მოხდა იმის გამოისობით, რომ ამ ეროვნულ გმირთა სახელებს წელთა მანძილზე ტაბუ ედოთ“ (გიორგაძე 1990: 1). ამ სტატიის გვერდზე კი, ნუგზარ მგალობლიშვილის ავტორობით გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ წერილში ვკითხულობთ: „... გადამწყვეტი არჩევანი საუკუნის დასაწყისში დაგვიდგა; ჩვენდა საუბედუროდ, სოციალ-დემოკრატიის ბანგით გაბრუებულმა, სწორი გზა ვერ ავირჩიეთ — რაც მოგვიტანა შეცდომამ, ყველა კარგად ხედავს. 70-წლიანმა მონობამ და სისხლიანმა ტერორმა მთელი თაობები შეიწირა...“ (მგალობლიშვილი 1990: 1).

 

1924 წლის აჯანყების მონაწილეთაგან კიდევ ერთი ხშირად მოხსენიებადი პიროვნება იყო სოლომონ ზალდასტანიშვილი. მაგალითად, გურამ შარაძე, თავის წერილში გამოთქვამდა ინიციატივას, რომ გაეხსნათ მისი მემორიალური დაფა და ერთ-ერთი ქუჩისთვის მისი სახელი მიენიჭებინათ (შარაძე 1990: 2). იშვიათად, თუმცა მაინც, ქვეყნდებოდა 1924 წლის ანტისაბჭოთა მოძრაობასთან დაკავშირებული დოკუმენტები (ტუღუში 1990: 2).

 

ახალგაზრდა ივერიელი, 1990, N74

 

ამრიგად, დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ პირველი რესპუბლიკის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ჩვენ მიერ განხილული ფაქტორებით აიხსნება. მართალია, XX საუკუნის მიწურულს, ეროვნულ მოძრაობაში მართებულად იქცეოდნენ, როდესაც ქვეყნის უახლეს ისტორიას აქტიურად „იკვლევდნენ“ და მის ტირაჟირებას ახდენდნენ, თუმცაღა, უმეტეს შემთხვევაში, როგორც ვთქვით, წარსულის აღქმის მეთოდები არ იყო სწორი, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა ის ფაქტი, რომ დღესდღეობითაც კი ქართული სოციალ-დემოკრატიული პარტია საზოგადოების საკმაო ნაწილში უარყოფითი რეპუტაციით სარგებლობს, სწორედ მას აბრალებენ: 1. 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვასა და 2. 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყებაში წარუმატებლობას. მაგრამ აქვე ისიც აღსანიშნია, რომ თავად აჯანყება, როგორც ანტისაბჭოთა ქმედება და ქვეყნის დამოუკიდებლობის კვლავ აღდგენისაკენ მიმართული ქმედება, მაღალ შეფასებას იმსახურებდა 80-იანი წლების პერიოდულ პრესაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე ვთქვით, დღესდღეობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს (გამოიცა მრავალი სპეციალური ლიტერატურა – ალბომები, მემუარები, კრებულები, ენციკლოპედიები და ლექსიკონები, სხვადასხვა სახის წიგნი, გაიმართა სამეცნიერო კონფერენციები, დისკუსიები, გამოფენები და მრავალი სხვა ღონისძიება), უნდა ითქვას, რომ ქართულ საზოგადოებაში კვლავ მყარად აქვს ფეხი გადგმული 1918-1921 წლების საქართველოსადმი, უმთავრესად კი მმართველი პარტიის მიმართ  უარყოფით დამოკიდებულებას, რაც როგორც საარქივო, ისე სხვა მრავალი სახის წყაროზე დაყრდნობით, მცდარად უნდა მივიჩნიოთ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საკვლევი ჯერ კიდევ ბევრია და მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მსგავსი პროექტები კი სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია.

 

 


გამოყენებული ლიტერატურა:

 

1. ავალიშვილი 1990: ზურაბ ავალიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, თბილისი, 1990;
2. ალექსანდრე სულხანიშვილს 1990: ალექსანდრე სულხანიშვილს, გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1990, №8, გვ. 4;
3. ბაქრაძე 2005: აკაკი ბაქრაძე, თხზულებანი, ტ. VI, პუბლიცისტიკა, „ნეკერი“, „ლომისი“, თბილისი, 2005;
4. გიორგაძე 1990: ედიშერ გიორგაძე, ზნეობრივი აჯანყება ბედისწერის წინააღმდეგ, გაზ. სარანგი, 1990, №6, 6 სექტემბერი, გვ. 1;
5. გუჩუა, მესხია 1982: საქართველოს ისტორია, VII-X კლასების სახელმძღვანელო. მეთხუთმეტე გამოცემა. ვიქტორ გუჩუა, შოთა მესხია. გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1982;
6. ზალდასტანიშვილი 1989: სოლომონ ზალდასტანიშვილი, საქართველოს 1924 წლის ამბოხება. მოგონებები. თბილისი, „მერანი“, 1989;
7. კალანდაძე 1990: ლევან კალანდაძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ეროვნული გმირი, გაზ.  ქარიშხალი, 1990, №1, გვ. 1-2;
8. კახაძე 1989: კახაბერ კახაძე, 1924, გაზ. ივერია, 1989, №13, გვ. 1;
9. მაზნიაშვილი 2015: გიორგი მაზნიაშვილი. მოგონებანი 1917-1925. თბილისი, 2015;
10. მაცაბერიძე 2018: მალხაზ მაცაბერიძე, 26 მაისი მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში (1921-1922), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ – მოდელი ევროპისთვის? საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი, თსუ გამომცემლობა, თბილისი, 2018. გვ. 373-397;
11. მგალობლიშვილი 1990: ნუგზარ მგალობლიშვილი, რა ავირჩიოთ? გაზ. სარანგი, 1990 №6, 6 სექტემბერი, გვ. 1;
12. ნადირაძე 2005: ქეთევან ნადირაძე, ისტორიოგრაფია — ისტორიული მეცნიერების ისტორია, თბ., 2005;
13. ნაცვლიშვილი 1990: პაატა ნაცვლიშვილი, ისტორიიდან — ისტორიაში, გაზ. ახალგაზრდა ივერიელი, 1990, №124, გვ. 6;
14. სარაჯიშვილი 2019: ნიკოლოზ სარაჯიშვილი, პირველი რესპუბლიკის აღქმა მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ახალგაზრდა ჰუმანიტართა I კონფერენციის მასალების კრებული, თბილისი, 2019, გვ. 94-103;
15. სარაჯიშვილი 2022: ნ. სარაჯიშვილი, ახალი მასალები 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების შესახებ, სტუდენტური საისტორიო ძიებანი, 2022, №1, გვ. 81-96;
16. სარაჯიშვილი 2023: ნ. სარაჯიშვილი, 1944 წელს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან გადასახლებულთა რეპატრიაციის საკითხი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში (1989-1990), კრებულში „ოკუპაციიდან დამოუკიდებლობამდე“, უახლესი ისტორიის ცენტრი, გამომცემლობა არტანუჯი, თბილისი, 2023, გვ. 282-303;
17. სიხარულიძე 2019: ქეთევან სიხარულიძე, ქართული პოლიტიკური ემიგრაცია საბჭოთა ქართულ სატირულ პრესაში ჟურნალ „ტარტაროზის“ მაგალითზე 1926-1930 წ.წ., საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ახალგაზრდა ჰუმანიტართა I კონფერენციის მასალების კრებული, თბილისი, 2019, გვ. 64-78;
18. სულხანიშვილი 2007: ალექსანდრე სულხანიშვილი, მოგონებები შეფიცულთა რაზმზე, გამომცემლობა არტანუჯი, თბ. 2007;
19. ტუღუში 1990: აბესალომ ტუღუში, ერთი დოკუმენტი 1924 წლის ეროვნული აჯანყების შესახებ, გაზ. ნოთე, 1990, 30 აპრილი, №1, გვ. 2;
20. ქართული ემიგრანტული ლიტერატურის... 1990: ქართული ემიგრანტული ლიტერატურის საგამომცემლო პროექტი, გაზ. ახალგაზრდა ივერიელი, 1990, №125, 13 ნოემბერი, გვ. 6;
21. შარაძე 1990: გურამ შარაძე, პოლკოვნიკ სოლომონ ზალდასტანიშვილის ხსოვნისათვის, გაზ. ახალგაზრდა ივერიელი, 1990, №74, გვ. 2;
20. ჩიქოვანი, კაკიტელაშვილი 2010: ნინო ჩიქოვანი, ქეთევან კაკიტელაშვილი, 1918-1921 წლების რეპრეზენტაციის დინამიკა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში. კრებ: ქართული წყაროთმცოდნეობა, XII, თბილისი, 2010, გვ. 232-240;
23. ჭანტურია 1990: სიტყვა წარმოთქმული მიტინგზე მთავრობის სახლთან 1990 წლის 25 თებერვალს (სტენოგრამა), გაზ. „ქართული ქრონიკა“, 1990, №3, გვ. 1-2;
24. ჯიქია 2012: ლევან ჯიქია, 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, სადოქტორო ნაშრომი ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 2012;
25. ჰოვანესიანი 2018: რიჩარდ გ. ჰოვანესიანი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა: დაუსრულებელი სიმფონია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ – მოდელი ევროპისთვის? საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი, თსუ გამომცემლობა, თბილისი, 2018, გვ. 5-15.
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023