პარლამენტის შენობის განახლების ხარჯები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 ოქტომბერი 2014

2009 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ქალაქი ქუთაისი გამოცხადდა საპარლამენტო ქალაქად. ქალაქ ქუთაისის პარლამენტის შენობის მშენებლობა 2009-2012 წლებში მიმდინარეობდა, რომელზეც ქვეყნის ძალიან დიდი ეკონომიკური რესურსი იქნა დახარჯული. IDFI-ის კვლევის მიხედვით, ქ. ქუთაისის პარლამენტის მშენებლობის ხარჯებმა დაახლოებით 330 მილიონი ლარი შეადგინა, რომლის უდიდესი ნაწილი მობილიზებული იქნა სახელმწიფო ქონების გაყიდვის საშუალებით. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ქუთაისის პარლამენტის მშენებლობაზე საქართველოსთვის უპრეცენდენტოდ დიდი თანხა იქნა დახარჯული, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ახალი მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტი კვლავ გადასულიყო თბილისში და შესაბამისად დაიწყო ქალაქ თბილისის პარლამენტის შენობის განახლების სამუშაოები.


2014 წლის სექტემბრის თვეში IDFI-იმ საქართველოს პარლამენტის აპარატს მიმართა თბილისის პარლამენტის შენობის განახლებასა და მოწყობასთან დაკავშირებული დეტალური ხარჯების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. ინსტიტუტის მოთხოვნა სრულყოფილად იქნა დაკმაყოფილებული.


როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა ქ. თბილისის პარლამენტის შენობის განახლებასა და მოწყობაზე გაწეული ხარჯები სულ შეადგენს 22 732 346 ლარს. აღნიშნული თანხიდან პარლამენტის შენობის განახლებასა და მოწყობასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების უდიდესი ნაწილი პარლამენტის აპარატმა განახორციელა გამარტივებული შესყიდვის (ერთ პირთან მოლაპარაკების გზით) გზით - რაზეც გაიხარჯა 16 479 613 ლარი. ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელდა 5 656 468 ლარის ღირებულების შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით - 410 265 ლარის შესყიდვა, ხოლო კონკურსის გზით - 186 000 ლარის შესყიდვა.


სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით კონკურსის საშუალებით შესაძლებელია განხორციელდეს საპროექტო მომსახურების ან შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვა. პარალმენტის აპარატის შემთხვევაში აღნიშნული თანხით კონკურსის გზით შესყიდულია საპროექტო მომსახურება.

პარლამენტის განახლებასა და მოწყობასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს შორის გამარტივებული შესყიდვების უდიდესი წილი განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს პარალმენტის აპარატმა 15 957 462 ლარის ღირებულების შესყიდვა განახორციელა არარეზიდენტი საწარმოებისგან (SONY PROFESSIONAL SOLUTIONS MEA FZ LLC და JSC "ARES LINE").

 

 

 

  • არარეზიდენტი საწარმოები

 

თბილისის პარლამენტის შენობის განახლებასთან დაკავშირებით არარეზიდენტი საწარმოებისათვის გადახდილი 15 957 462 ლარიდან კომპანია SONY PROFESSIONAL SOLUTIONS MEA FZ LLC - ის მიერ მოწოდებული პროდუქციის და მომსახურების შესყიდვაზე გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 15 439 579 ლარი, ხოლო კომპანია ARES LINE - ის - 517 883 ლარი.

პარლამენტის აპარატსა და კომპანია SONY PROFESSIONAL SOLUTIONS MEA FZ LLC შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 7 865 654 აშშ დოლარი, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ კომპანიას პარლამენტის აპარატისათვის უნდა მიეწოდებინა კენჭისყრის, ტელე კონფერენციის, აუდიო, სამაუწყებლო და სხვა სისტემებთან დაკავშირებული ტექნიკა და მომსახურება. აგრეთვე შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული მასალები და მომსახურება.


აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით გამყიდველს უფლება აქვს მოიზიდოს მესამე მხარის მომწოდებლები. მაგალითად ხელშეკრულების მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ მომსახურებას განახორციელებს შპს „ორნამენტი“, ხოლო კენჭისყრის, ტელე კონფერენციის და აუდიო სისტემების გამართვასთან დაკავშირებულ მომსახურებას შპს „AVB”. ხელშეკრულების ფასში, სრულად არის გათვალისწინებული მესამე მხარის მომსახურების ანაზღაურება, თუმცა აღნიშნული ფასი არ შეიცავს დამატებული ღირებულების, საბაჟო და სხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს, რომლის გადახდა ხდება მყიდველის მიერ. პარლამენტის აპარატის მიერ მოწოდებული თანხის ოდენობა 15 439 579 ლარი სავარაუდოდ მოიცავს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს, ვინაიდან აღნიშნული თანხა არსებული სავალუტო კურსის პირობებში მნიშვნელოვნად აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას (7 865 654 აშშ დოლარი).

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია SONY PROFESSIONAL SOLUTIONS MEA FZ LLC - თან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია სამაუწყებლო სისტემასთან დაკავშირებული მასალებისა და მომსახურების შესყიდვაზე - 3 716 457 აშშ დოლარი, რაც შეეხება კენჭისყრის, ტელე-კონფერენციის და აუდიო სისტემებთან დაკავშირებულ ტექნიკას მასზე გათვალისწინებული იყო - 2 335 924 აშშ დოლარი.

  • სამაუწყებლო სისტემასთან დაკავშირებული მასალები და მომსახურება - 3 716 457 აშშ დოლარი

 

  • კენჭისყრის, ტელე-კონფერენციის და აუდიო სისტემის მასალები და მომსახურება - 2 335 924 აშშ დოლარი

 

  • შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული მასალები და მომსახურება - 1 044 229 აშშ დოლარი

 

პარლამენტის აპარატსა და კომპანია JSC "ARES LINE" შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა ფასმა შეადგინა 164 390 ევრო (აღნიშნული თანხა არ შეიცავს საბაჟო და სხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს), რომლის მიხედვითაც აღნიშნულ კომპანიას პარლამენტის აპარატისათვის უნდა მიეწოდებინა სხვადასხვა სახის 411 ერთეული სავარძელი. აღნიშნული სავარძლების უმრავლესობა განკუთვნილია პლენარული სხდომის დარბაზებისათვის.

 

 

 

 

  • ადგილობრივი კომპანიები

 

 

ქალაქ თბილისის პარლამენტის შენობის განახლებასთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატმა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელა 28 სხვადასხვა ადგილობრივი კომპანიისგან. მათ შორის ყველაზე დიდი თანხები გადარიცხულია: შპს „გრინპროჯექტი“ - 2 238 303 ლარი , შპს „ორნამენტი“ - 1 821 319 ლარი , შპს "მოდერნ-ვილა" - 1 395 940 ლარი .

საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ ყველაზე დიდი თანხები ადგილობრივი საწარმოებისათვის გადარიცხულია ქსელური და უსაფრთხოების ტექნიკური მოწყობილობების შეძენაზე - 2 414 134 ლარი. უშუალოდ სარემონტო სამუშაოებისათვის გადარიცხულმა თანხებმა შეადგინა - 1 885 281 ლარი, ხოლო ავჯისა და სხვა ინვენტარის შეძენისთვის - 1 933 463 ლარი.

 

  • საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია - 186 000 ლარი

 

 

თბილისის პარლამენტის განახლებასთან დაკავშირებით სრული და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება გასწია შპს „ვერნიცკი & კომპანიმ“ - 111 000 ლარი და შპს "სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგმა" – 75 000 ლარი. აღნიშნულ კომპანიებთან საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო შესყიდვები აწარმოა კონკურსის საშუალებით.

 

 

 

 

 

 

  •  სარემონტო სამუშაოები - 1 885 281 ლარი

 

საქართველოს პარლამენტის შენობის სარემონტო სამუშაოების უდიდესი ნაწილი შესრულებულია შპს „ორნამენტის“ მიერ - 1 821 319 ლარი. აღნიშნული თანხიდან 215 000 ლარი მოხმარდა სველი წერტილების მოწყობას, ხოლო დანარჩენი 1 606 319 ლარი სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოებს მათ შორის: კედლებისა და ჭერის შეღებვა, დაზიანებული იატაკის და კარებების შეცვლა, დაზიანებული ელექტრო, გათბობა კონდიცირებისა და სანტექნიკური ფურნიტურის მოწყობა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ შპს „ორნამენტი“ მესამე პირის სახით ფიგურირებს აგრეთვე კომპანია SONY PROFESSIONAL SOLUTIONS MEA FZ LLC -თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში. რომლის მიხედვითაც შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული გარკვეული მომსახურება განახორციელა შპს „ორნამენტმა“.


შპს „იზოლსერვისმა“ განახორციელა 48 000 ლარის ღირებულების გადახურვის და სხვა სამშენებლო სამუშაოები. შპს „კონსტრუქცია21“ - მა სარდაფის გამაგრება (9941 ლარი), ხოლო შპს „მშენსერვისი ნ.გ“ საივენტილაციო სისტემის აღდგენა (5120 ლარი).

 

 

  • ავეჯი და სხვა ინვენტარი - 1 933 463 ლარი

 

საქართველოს პარლამენტის აპარატმა თბილისის პარლამენტის შენობისთვის ყველაზე მეტი ავეჯის შესყიდვა განახორციელა შპს მოდერნ ვილასგან. აღნიშნული კომპანიისგან სულ შესყიდულია 1 395 940 ლარის ღირებულების 3 704 ერთეული სხვადასხვა სახის ავეჯი. მათ შორის საოფისე და სათათბირო მაგიდები, კარადები, დივნები და ა.შ.

შპს „ მოდერნვილას“გან შესყიდული სხვადასხვა ძვირადღირებული საქონელი

 

საქართველოს პარლამენტის აპარატმა შპს „მოდერნვილას“ გარდა ავეჯისა და სხვა ინვენტარის შესყიდვა განახორციელა შემდეგი ადგილობრივი მეწარმე სუბიექტებისგან.

 

  • ქსელური და უსაფრთხოების ტექნიკური მოწყობილობები - 2 414 134 ლარი

 

საქართველოს პარლამენტის აპარატმა ქსელური და უსაფრთხოების ტექნიკურ მოწყობილობებთან დაკავშირებით ადგილობრივი საწარმოებისგან განახორციელა 2 414 134 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა. აღნიშნული თანხა გადანაწილდა შემდეგ კომპანიებზე:
-  შპს "გრინპროჯექტი" – 2 238 303 ლარი
-  შპს "გრინსისტემსი" – 94 000 ლარი
-  შპს "აი-ეს-ეი სერვისი" – 76 381 ლარი
-  შპს "სმარტ ნეტი" – 5 449 ლარი

 

  • გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრო ნათურები - 149 9126 ლარი

 

პარლამენტის აპარატმა ჭაღების რესტავრაციაზე, გასანათებელი მოწყობილობების და ელექტრო ნათურების შესყიდვაზე სულ განახორციელა 149 926 ლარის სახელმწიფო შესყიდვა.

 

  • გათბობა-კონდიცირება

 

გათბობა კონდიცირების დანადგარების მოწოდებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე ადგილობრივ კომპანიებთან განხორციელდა 60 282 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები.


1. შპს "ელიტელი" - 25 გათბობა კონდიცირების დანადგარი და მონტაჟი - 20 980 ლარი

2. შპს "თერმარსენალი" - გათბობა კონდიცირების სისტემის ფანკოლიების მიწოდება - 19 702 ლარი

3. შპს "კომპფორტი" - კონდენცირების დანადგარების ტექნიკური მომსახურება - 19 600 ლარი

 

 

  • პარლამენტის შენობის განახლების სხვა ხარჯები

 

საქართველოს პარლამენტის აპარატმა ზემოთ მოყვანილი ხარჯების გარდა თბილისის პარლამენტის შენობის განახლება-მოწყობისთვის განახორციელა სხვადასხვა სახის 146 200 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა. მათ შორის პარალამენტის შენობის ეზოში მდებარე შადრევნის რესტავრაციისათვის გადახდილია - 14 500 ლარი, საქართველოს და ევროკავშირის დროშების შესყიდვაზე - 9 200 ლარი, ტელეფონების აპარატებისათვის - 9000 ლარი, ლიფტის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე 31 450 ლარი.

2014 წლის 6 აგვისტოს ი/მ ბადრი ედილაშვილთან პარლამენტის აპარატმა გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აღნიშნულმა მეწარმემ 2015 წლის 31 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს ქუთაისის პარლამენტის შენობიდან ტვირთის გადმოზიდვა თბილისის პარლამენტის შენობაში. (90 რეისი - 71 550). შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი თბილისში მუშაობის დაწყებას სავარაუდოდ 2015 წლის გაზაფხულიდან გეგმავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით პარლამენტი მუშაობას გააგრძელებს როგორც ქუთაისის ასევე თბილისის პარლამენტის შენობაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რაიმე სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ პარლამენტის პლენარული სხდომები თბილისში უნდა ჩატარდეს დღემდე არ არსებობს. შესაბამისად, ჩნდება კითხვები პლენარული სხდომის დარბაზისთვის ძვირადღირებული მოწყობილობების შესყიდვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, იმ პირობებში როდესაც არ არსებობს მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები პარლამენტის თბილისში სრულყოფილი მუშაობისა. ამასთან, IDFI მიიჩნევს, რომ პარლამენტის ფუნქციონირების შემოთავაზებული მეთოდი, რაც გულისხმობს პარლამენტის მუშაობას სხვადასხვა ქალაქის ორ შენობაში, გამოიწვევს ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას, რაც ჩვენი მასშტაბებისა და ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყნისთვის ჩვენი აზრით დამატებით საბიუჯეტო და ადმინისტრაციულ ტვირთს წარმოადგენს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024