საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს გლობალური ლიდერი

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 აპრილი 2018

ჯო პაუელი, ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

 

Freedom House-ის თანახმად, 2017 წელს, დემოკრატიამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სერიოზული კრიზისი განიცადა, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, კანონის უზენაესობა და სამოქალაქო საზოგადოება დარტყმის ქვეშ მოექცა. ღია მმართველობის მხარდამჭერებმა ნახეს, თუ როგორ შეირყა ბევრ ქვეყანაში მათ მიერ დიდი ძალისხმევით მიღწეული წარმატებები, ხოლო ღიაობის მომხრე პოლიტიკოსებმა ბევრგან ვერ შეძლეს ჩაკეტილი მთავრობების აღზევების შეჩერება.


საქართველო სწორედ ამ კონტექსტში გახდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGPOpen Government Partnership) თანათავმჯდომარე, რაც დიდი მიღწევა და აღიარებაა იმისა, თუ რამდენად წინ წავიდა ქვეყანა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ და რამდენად სერიოზულად აღიქვამს იგი ღია მმართველობის პარტნიორობას. ივლისში, თბილისი უმასპინძლებს სახელმწიფოთა მეთაურებს, მინისტრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს 75-ზე მეტი ქვეყნიდან. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო შეხვედრა, რაც კი ოდესმე ჩატარებულა საქართველოში. ამ ღონისძიებაზე საქართველოს აქვს შესაძლებლობა მსოფლიოს უფრო იმედიანი გზა დაანახოს – გზა, რომელიც მოქალაქეზეა ორიენტირებული და რომელიც მიმართულია ღია მმართველობის რეფორმის გაღრმავებისკენ, რათა გაიზარდოს სახელმწიფო სერვისების ეფექტურობა და შემცირდეს კორუფცია.


საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მყოფ საქართველოს მის ბევრ წარმატებაზე შეუძლია ისაუბროს. ღია მმართველობის პარტნიორობის შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმის (Independent Reporting Mechanism – IRM) ბოლო ანგარიში გამორჩეულ პროგრესზე მიუთითებს: თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ამოქმედება, მოქალაქეთა ჩართულობა აუდიტის პროცესში და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღება. 2017 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, ფისკალური გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა, რითიც წინ უსწრებს ბევრ ძველ დემოკრატიას, მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. საქართველოს იუსტიციის სახლის იდეა, როგორც ერთიანი სივრცე, სადაც მოქალაქეებს მარტივად და ქრთამის გარეშე შეუძლიათ ძირითადი სამთავრობო სერვისების მიღება, რამდენიმე ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე. სხვა ქვეყნებს შეუძლიათ გაიზიარონ ამ რეფორმების შედეგად მიღებული გამოცდილება, რათა აღადგინონ მთავრობის მიმართ ნდობა, სამართლიანად განკარგონ ბიუჯეტი და შეამცირონ კორუფცია.

 

საქართველოს შემთხვევაში გამორჩეული კიდევ ის არის, რომ ღია მმართველობის დღის წესრიგში აღმასრულებლის გარდა ხელისუფლების სხვა შტოებიც არიან ჩართულნი, მათ შორის პარლამენტი, სასამართლო და სხვა საზედამხედველო დაწესებულებები, თბილისის მერია და ადგილობრივი თვითმმართველობები. „ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი“, სადაც სამოქალაქო საზოგადოება და სახელმწიფო უწყებები თანასწორუფლებიანები არიან , ღიაობის მხარდამჭერი ძლიერი კოალიციაა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისთვის, რომელიც ჯერ კიდევ განიცდის გარე ჩარევებს მის პოლიტიკაში და რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია.


ასეთი წარმატების პირობებში, უმნიშვნელოვანესია, რომ ღია მმართველობის მოძრაობისთვის ამ გადამწყვეტ წელს საქართველო არ დაჯერდეს წარსულ მიღწევებს, და ამის ნაცვლად წარმოადგინოს მომავლის გაბედული ხედვა, რომელიც რეფორმების გაგრძელებას დაადასტურებს. დემოკრატიული უკანდახევა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს; ეს საფრთხე ღია მმართველობის პარტნიორობის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ დაადასტურა ბოლო წლების განმავლობაში. საქართველოს მრავალი მოქალაქე და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია ითხოვს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას; საჭიროა ელექტრონული პეტიციების ახალი პლატფორმის (Ichange) შესახებ ცნობიერების ამაღლება; უნდა შეიქმნას მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური მექანიზმები მმართველობის ყველა დონეზე; უახლოეს თვეებში მოსალოდნელია დიდი ხნის განმავლობაში არსებული დაპირების შესრულება – ინფორმაციის თავისუფლების კანონის მიღება. გარდა ამისა, საქართველომ უნდა დაიწყოს 2016 წელს ლონდონის ანტიკორუფციულ სამიტზე აღებული ვალდებულებების განხორციელება; ესენია ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ბენეფიციარი მფლობელების რეესტრის შექმნის შესაძლებლობის განხილვა და ღია კონტრაქტების სტანდარტის პრინციპების დანერგვა.


ეს ის რეფორმებია, რომლებიც პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეუძლია გამოაცხადოს თბილისის სამიტის გახსნით შეხვედრაზე, რათა დაარწმუნოს საქართველოს მოქალაქეები, რომ ქვეყნის განვითარება სწორი მიმართულებით მიდის და მაგალითი მისცეს მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ სხვა პოლიტიკურ ლიდერებს.


დემოკრატია და ღიაობა დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას. სწორედ ამიტომ არის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ ასეთი მნიშვნელოვანი. საქართველოს ცალსახად აქვს უნიკალური შესაძლებლობა, შეითავსოს ლიდერის ფუნქცია და მსოფლიოს შესთავაზოს განსხვავებული გზა – მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ტოტალიტარული მმართველობიდან დემოკრატიაზე წარმატებით გადასვლა და მოქალაქესა და ხელისუფლებას შორის ახალი შეთანხმების ჩამოყალიბება. 2018 შეიძლება იყოს ის წელი, როდესაც საქართველო გააორმაგებს მის ძალისხმევას და მსოფლიოს დაანახებს, თუ რატომ არის ღიაობა ასეთი მნიშვნელოვანი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024