- მიგრაციის სტატისტიკის გადაანგარიშების შედეგად, 2015-2024 წლებში საქართველოში მიგრაციის დადებითი სალდო 225.8 ათასით გაიზარდა, რითაც მოსახლეობის ჯამური მონაცემები საყოველთაო აღწერის შედეგებთან შესაბამისობაში მოვიდა.
- ამავე გადაანგარიშებით, 2015-2024 წლებში ემიგრაციაში საცხოვრებლად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების მაჩვენებელი 115.4 ათასით შემცირდა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში დამკვიდრების მაჩვენებელი 110.4 ათასით გაიზარდა.
- თუმცა, გადაანგარიშებამ ვერ უზრუნველყო ცალკეული კრიტერიუმების მიხედვით არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს შორის ბალანსის დაცვა. მაგალითად, საყოველთაო აღწერის მიხედვით, 10-წლიან პერიოდში საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ 30.1 ათასით მოიმატა; მიგრაციის თავდაპირველი სტატისტიკით მათი რიცხვი 97.1 ათასით იყო გაზრდილი, ხოლო გადაანგარიშების შემდეგ, ზრდამ 147.6 ათასი შეადგინა.
- მონაცემების გადაანგარიშებით ყველაზე დიდი ცვლილება 2023 წლის სტატისტიკამ განიცადა. ამ წელს დაფიქსირებული საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის ყველაზე მაღალი უარყოფითი სალდო (71.6 ათასი), გადაანგარიშების შედეგად, თითქმის ნულს გაუტოლდა.
- თავდაპირველი სტატისტიკის კორექტირების შედეგად, 2023 წელს საზღვარგარეთ საცხოვრებლად დარჩენილი (უარყოფითი სალდო) 20 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეების მაჩვენებელი დაახლოებით 60 ათასით (95%-ით) შემცირდა.
- 2015-2024 წლებში საქართველოში საცხოვრებლად დარჩენილი უცხო ქვეყნის 340.9 ათასი მოქალაქიდან ყველაზე დიდ ნაწილს რუსეთის მოქალაქეები შეადგენენ — 147.6 ათასი.
- გარდა ამისა, საქართველოში მიგრაციის მაღალი დადებითი სალდოთი გამოირჩევიან: უკრაინის (34 ათასი), ინდოეთის (21 ათასი), თურქეთის (19.5 ათასი), აზერბაიჯანის (19.3 ათასი), ბელარუსისა (13.6 ათასი) და ირანის (9.4 ათასი) მოქალაქეები.
- მიგრაციის გადაანგარიშებული სტატისტიკაც ადასტურებს, რომ ის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ, უმეტესწილად ახალგაზრდები ან ბავშვიანი ოჯახები არიან, სამშობლოში საცხოვრებლად კი ძირითადად საპენსიო ასაკში ბრუნდებიან.
- 2015-2024 წლებში 103.2 ათასით მეტი 30 წლამდე საქართველოს მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, ვიდრე დაბრუნდა, მაშინ როცა საქართველოში საცხოვრებლად 162.6 ათასით მეტი 30 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა.
2024 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა არის 3,93 მილიონი ადამიანი, რაც წინა 2014 წლის აღწერის შედეგებთან შედარებით 215.8 ათასით მეტია. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის 96% (3.767 მილიონი) საქართველოს მოქალაქეა, 3.4% (133,857) სხვა ქვეყნის მოქალაქეები , ხოლო დანარჩენი (0.7%) მიკუთვნებულია შემდეგ კატეგორიებს - ორმაგი მოქალაქეობა (8,865), მოქალაქეობის არმქონე (1,063), არ არის მითითებული (19,246).
საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, IDFI-მ წარმოადგინა ანალიზი რომელიც, აღწერის შედეგების ბუნდოვანებასა და ყოველწლიურ დემოგრაფიულ სტატისტიკასთან მიმართებით ცდომილების მასშტაბს ავლენდა. მაგალითად, საყოველთაო აღწერის შედეგები ბოლო 10 წელში (2015-2024) საქართველოს მოსახლეობის 215.8 ათასით ზრდაზე მიუთითებდა, ხოლო ყოველწლიური დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით მოსახლეობა 17.5 ათასით იყო შემცირებული. კერძოდ, 2015-2024 წლებში გარდაცვალების საერთო მაჩვენებელი 4.2 ათასით აღემატებოდა შობადობას, ხოლო მიგრაციის უარყოფითი სალდო იყო 13.3 ათასი.
მოგვიანებით, 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებსა და ყოველწლიურ დემოგრაფიულ მაჩვენებლებს შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრის მიზნით, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015-2024 წლების დემოგრაფიული მაჩვენებლები გადაიანგარიშა. საქსტატის განმარტებით, გადაანგარიშების პროცესში დაბადებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები უცვლელად იქნა შენარჩუნებული, ხოლო არსებული ბალანსის კორექტირება განხორციელდა მიგრაციული კომპონენტის გადასინჯვის გზით. გადაანგარიშება შეეხო მიგრაციის ყოველწლიურ მაჩვენებლებს, მათ შორის ასაკის, სქესის და მოქალაქეობის მიხედვით.
მიგრაციის სტატისტიკის გადაანგარიშების შედეგად, სხვადასხვა მეთოდოლოგიით მიღებული მოსახლეობის რიცხოვნობის ჯამურ მაჩვენებლებს შორის არსებული განსხვავება დაკორექტირდა. თუმცა, გადაანგარიშებამ ვერ უზრუნველყო ცალკეული კრიტერიუმების მიხედვით არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს შორის ბალანსის დაცვა. მეტიც, ცალკეულ შემთხვევებში ცდომილება უფრო გაიზარდა. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა მოსახლეობის სტატისტიკა მოქალაქეობის მიხედვით. მაგალითად, 2024 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, წინა 2014 წლის აღწერასთან შედარებით მოსახლეობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა 111,7 ათასით. მიგრაციის ყოველწლიური სტატისტიკა თავდაპირველად აჩვენებდა რომ, იგივე პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დადებითი სალდო იყო 230,5 ათასი, ხოლო გადაანგარიშების შედეგად ეს ციფრი 340.9 ათასამდე გაიზარდა. განსაკუთრებული ცდომილება ფიქსირდება რუსეთის მოქალაქეების შემთხვევაში. საყოველთაო აღწერით 10 წლიან პერიოდში მოსახლეობაში რუსეთის მოქალაქეების რიცხვმა 30.1 ათასით მოიმატა. მიგრაციის თავდაპირველი სტატისტიკით იგივე პერიოდში რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 97.1 ათასით იყო გაზრდილი, ხოლო გადაანგარიშების შედეგად, ზრდა 147.6 ათასია.
საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 2015-2024 წლებში საქართველოს მოსახლეობა 88,7 ათასით გაიზარდა. თუმცა, მიგრაციის ყოველწლიური სტატისტიკის მიხედვით, იმავე პერიოდში ქვეყნიდან 247,3 ათასით მეტი მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, ვიდრე დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ გადაანგარიშების შედეგად ეს სხვაობა 128,3 ათასამდე შემცირდა, მონაცემთა შორის ცდომილება კვლავ მნიშვნელოვანია.
მიგრაციის ყოველწლიური სტატისტიკის გადაანგარიშების შედეგები, პროპორციულად არ ასახულა წლების მიხედვით. ყველაზე დიდი ცვლილება განიცადა 2023 წლის მონაცემებმა, როდესაც თავდაპირველი სტატისტიკით ყველაზე მაღალი იყო საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელი. მაგალითად, მიგრაციის ყოველწლიური სტატისტიკის ძველი შეფასების მიხედვით 2023 წელს ქვეყანა დატოვა საქართველოს 163,5 ათასმა მოქალაქემ, ხოლო ქვეყანაში დაბრუნდა 91.9 ათასი. შესაბამისად უარყოფითი სალდო იყო 71,6 ათასი. სტატისტიკის გადაანგარიშების შედეგად კი, 2023 წელს საქართველოს მოქალაქეების უარყოფითი სალდო თითქმის ნულს უტოლდება.
გადაანგარიშების შედეგად, 2023 წლის მიგრაციის სტატისტიკაში მიღებული განსხვავების მასშტაბს, კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მონაცემების ანალიზი. მაგალითად, მიგრაციის ყოველწლიური სტატისტიკის, ძველი შეფასების მიხედვით 2023 წელს ემიგრაციაში დარჩა (უარყოფითი სალდო) 20 წლამდე ასაკის საქართველოს 63.5 ათასი მოქალაქე. გადაანგარიშების მიხედვით კი ეს ციფრი შემცირებულია 3.4 ათასამდე. ძველი ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს ქვეყანა დატოვა 10-14 წლის ასაკის 23,4 ათასით მეტმა ბავშვმა, ვიდრე უკან დაბრუნდა. ხოლო სტატისტიკის გადაანგარიშების შედეგად, ამ ასაკის 687-ით მეტი ბავშვი დაბრუნდა ქვეყნაში საცხოვრებლად, ვიდრე დატოვა ქვეყანა.
მიგრაციის სტატისტიკის გადაანგარიშების შედეგად, 2015-2024 წლებში მიგრაციის დადებითი სალდო გაიზარდა 225.8 ათასით, რითაც შესაბამისობაში მოვიდა საყოველთაო აღწერის შედეგებთან. ეს შედეგი მიღებულია საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციაში საცხოვრებლად დარჩენის მაჩვენებლის 115.4 ათასით შემცირებით, და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში დამკვიდრების მაჩვენებლის 110.4 ათასით გაზრდით. გადაანგარიშებული სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტი 125,6 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში საცხოვრებლად დარჩა 2022 წელს, რაც ემთხვევა რუსეთ უკრაინის ომის დაწყებას.
მიგრაციის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 2015-2024 წლებში საქართველოში საცხოვრებლად დარჩენილ 340.9 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქეს შორის, ყველაზე მეტად ჭარბობენ რუსეთის მოქალაქეები - 147.6 ათასი. ასევე, მიგრაციის მაღალი დადებითი სალდო აქვთ: უკრაინის მოქალაქეები - 34 ათასი, ინდოეთის მოქალაქეები - 21 ათასი, თურქეთის მოქალაქეები - 19.5 ათასი, აზერბაიჯანის მოქალაქეები - 19,3 ათასი, ბელარუსის მოქალაქეები - 13.6 ათასი, ირანის მოქალაქეები - 9.4 ათასი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შედეგად მიღებული, ასაკობრივი ჯგუფების და მოქალაქეობის მიხედვით მიგრაციის გადაანგარიშებული სტატისტიკაც ადასტურებს, რომ ემიგრაციაში მიმავალი საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას ახალგაზრდები და ბავშვიანი ოჯახები წარმოადგენენ, სამშობლოში საცხოვრებლად დაბრუნება კი, ძირითადად, საპენსიო ასაკში ხდება. ამასთან, ემიგრაციაში წასულ ქართველ ახალგაზრდობას, ანაცვლებს უცხო ქვეყნის მოქალაქე ახალგაზრდები. მაგალითად, 2015-2024 წლებში 103.2 ათასით მეტი 30 წლამდე საქართველოს მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, ვიდრე ჩამოვიდა, ხოლო საქართველოში საცხოვრებლად ჩამოვიდა 162.6 ათასით მეტი 30 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე , ვიდრე ქვეყანა დატოვა. ასევე, იგივე პერიოდში ემიგრაციაში დარჩა 30-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს 76.6 ათასი მოქალაქე, ხოლო საქართველოში საცხოვრებლად დარჩა იგივე ასაკის 126.1 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე.
ზემოთ განხილული ანალიზი, აჩვენებს რომ გადაანგარიშებამ ვერ უზრუნველყო ცალკეული კრიტერიუმების მიხედვით არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს შორის ბალანსის დაცვა. ასევე, გადაანგარიშების შედეგად ცალკეული კრიტერიუმების მიმართებით მიღებულმა მონაცემებმა კიდევ უფრო დაარღვია ლოგიკური თანმიმდევრულობა. მაგალითად, საყოველთაო აღწერის მიხედვით 10 წლიან პერიოდში ქვეყანაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 30 ათასით არის გაზრდილი, ხოლო მიგრაციის სტატისტიკის გადაანგარიშების შედეგად ზრდა დაახლოებით ხუთჯერ მეტია (147.6 ათასი).
გარდა ამისა, ცალკეულ წლებში დაფიქსირებული ცდომილების მასშტაბი სერიოზულ ეჭვქვეშ აყენებს საზღვრის კვეთის სტატისტიკის წარმოების სიზუსტეს. ამის ნათელი მაგალითია 2023 წელი: საზღვარგარეთ საცხოვრებლად დარჩენილი 20 წლამდე საქართველოს მოქალაქეების მაჩვენებელში გადაანგარიშებამ 95%-იანი ცდომილება (დაახლოებით 60 ათასი ადამიანი) აჩვენა.
მიუხედავად ცდომილების მასშტაბისა, საყოველთაო აღწერით მიღებული შედეგების შესაბამისად, გადაანგარიშებული მიგრაციის სტატისტიკა კვლავ ადასტურებს რომ ბოლო 10 წელში ქვეყნის მოსახლეობის ზრდის ერთადერთი განმაპირობებელი ფაქტორი შესაძლებელია იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში დამკვიდრება. ხოლო საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში სახეზე გვაქვს ახალგაზრდების და ბავშვიანი ოჯახების ქვეყნიდან გადინება.
სოლიდარობა ვახო სანაიას
22.07.2026