ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება მომზადების პროცესში არსებულ დოკუმენტთა საჯაროობის შესახებ

საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა 3 აპრილი 2018

„ღიაობა აძლიერებს დემოკრატიას და ხელს უწყობს საზოგადოების მიერ ინსტიტუტთა საქმიანობის კონტროლს ... საზოგადოებისთვის შესაძლებლობის მიცემა ხელი მიუწვდებოდეს იმ განხილვებისა და დოკუმენტებისადმი, რომლებიც საფუძვლად უდევს საკანონმდებლო პროცესს დემოკრატიულ უფლებათა ეფექტური განხორციელების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.“ აღნიშნული წარმოადგენს ამონარიდს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებიდან, საქმეზე ემილიო დე კაპიტანი ევროპარლამენტის წინააღმდეგ.


აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა მომზადების პროცესში არსებულ დოკუმენტთა საჯაროობის აუცილებლობა და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას თანამონაწილეობითი დემოკრატიის სისტემებისთვის.


ქვემოთ წარმოგიდგენთ დავის საგნის მოკლე აღწერას, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეთა პოზიციებსა და სასამართლოს მსჯელობას მოცემულ საქმესთან დაკავშირებით.


დავის საგანი


მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა საკანონდებლო პროცესთან დაკავშირებით ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებათა ღიაობა და მომზადების პროცესში არსებულ რეგულაციათა სამუშაო ვერსიების ხელმისაწვდომობა ფართო საზოგადოებისთვის. კერძოდ, 2016 წელს ემილიო დე კაპიტანიმ მიმართა ევროკავშირის პარლამენტს და მოითხოვა ე.წ. სამეულის (ევროკავშირის პარლამენტი, ევროკომისია და მინისტრთა საბჭო) მიერ საკანონმდებლო პროცესში შემუშავებული რეგულაციის სამუშაო ვერსია, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის საპოლიციო თანამშრომლობასა და ევროპოლის ფუნქციონირების საკითხებს. აღნიშნული დოკუმენტის სამუშაო ვერსია შედგებოდა 4 სვეტისგან, რომელიც მოიცავდა ევროკავშირის პარლამენტის, ევროკომისიის და მინისტრთა საბჭოს პოზიციებს და ბოლო მეოთხე სვეტს, რომელიც სფეროს რეგულირების კომპრომისულ მიდგომას ასახავდა. ევროკავშირის პარლამენტმა უარი განაცხადა დოკუმენტთა მეოთხე სვეტის გაცემაზე. ემილიო დე კაპიტანიმ, რომელიც ევროკავშირის პარლამენტის ყოფილ თანამდებობის პირს წარმოადგენდა, გამოიყენა ლისაბონის ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და ევროკავშირის პარლამენტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში.


მოპასუხის პოზიცია


ევროპარლამენტი სასამართლოს წინაშე ასაბუთებდა, რომ მეოთხე სვეტის გაცემა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რადგან ევროკავშირის ინსტიტუტები მომავალში მეტ სიფრთხილეს გამოიჩენდნენ ევროპარლამენტისთვის დოკუმენტთა გაზიარების პროცესში.

 

მოპასუხე მიუთითებდა დოკუმენტთა განსაკუთრებით სენსიტიურ საგანზე, პოლიციის თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და აღნიშნავდა, რომ მათი გაცემა ნეგატიურ გავლენას მოახდენდა წევრ სახელმწიფოთა ნდობაზე ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ და გააუარესებდა მათ შორის თანამშრომლობის ხარისხის.

 

პარლამენტი აღნიშნავდა, რომ საკანონმდელო პროცესის გამართული ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მიდგომა „არაფერია შეთანხმებული სანამ ყველაფერი არ შეთანხმდება“ და ხაზს უსვამდა, რომ განხილვის პროცესში არსებულ დოკუმენტთა გაცემა არასწორ შთაბეჭდილებას შეუქმნიდა საზოგადოებას განხილვის საგანზე ინსტიტუტთა პოზიციების შესახებ.

 

პარლამენტი ასევე ასაბუთებდა, რომ დემოკრატიისა და გამჭვირვალობის პრინციპების პატივისცემა თავისთავად არ მიუთითებდა მაღალი საჯარო ინტერესის არსებობაზე.

 

მოსარჩელის პოზიცია


ემილიო დე კაპიტანი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებდა ევროკავშირის საქმიანობის ორ უმნიშვნელოვანეს პრინციპზე, წარმომადგენლობით და თანამონაწილეობით დემოკრატიაზე და აღნიშნავდა, რომ საკანონდებლო პროცესის ღიაობა უზრუნველყოფდა მოქალაქეთა ინფორმირებულობას მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების პოზიციების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად ის აძლევდა მოქალაქეებს საშუალებას ჩართულნი ყოფილიყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ პარლამენტის უარი ინფორმაცის გაცემაზე იყო დაუსაბუთებელი. პარლამენტი იძლეოდა მხოლოდ ჰიპოთეტურ ვარაუდს, რომ ინფორმაციის გაცემა დააზიანებდა საკანონდებლო პროცესს, თუმცა არ განმარტავდა თუ კონკრეტულად, როგორ მოახდენდა ღიაობა ნეგატიურ გავლენას აღნიშნულ პროცესზე.

 

ემილიო დე კაპიტანი არ იზიარებდა პარლამენტის არგუმენტს, რომლის თანახმადაც მეოთხე, კომპრომისული ვარიანტის შემცველი სვეტის გაცემა გააძლიერებდა საზოგადოებრივ ზეწოლას საკანონმდებლო პროცესში მონაწილე ევროკავშირის ინსტიტუტებზე. მისი მითითებით, აღნიშნული არგუმენტი აზრს მოკლებული იყო, თუკი გავითვალისწინებთ, რომ პარლამენტმა გასცა დოკუმენტის ყველა სხვა სვეტი, რომლებიც პროცესში მონაწილე ევროკავშირის ინსტიტუტების პოზიციებს შეიცავდა, თუმცა უარი განაცხადა მხოლოდ ბოლო კომპრომისული მიდგომის ამსახველი სვეტის გაცემაზე. ამავე არგუმენტზე მითითებით, მოსარჩელე ხაზს უსვამდა, რომ გაუგებარი იყო თუ როგორ ასაბუთებდა პარლამენტი მეოთხე სვეტის გაცემაზე უარს იმაზე მითითებით, რომ „არაფერია შეთანხმებული სანამ ყველაფერი არ შეთანხმდება“.

 

ემილიო დე კაპიტანი აღნიშნავდა, რომ პარლამენტმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა, თუ რატომ წარმოადგენდა საპოლიციო თანამშრომლობა სენსიტიურ საკითხს, რომლის განხილვაც მხოლოდ საზოგადოებისგან დახურულ გარემოში იყო შესაძლებელი. მოსარჩელის განმარტებით დაუშვებელი იყო მეოთხე სვეტის გაცემაზე ბლანკეტური აკრძალვის დაწესება.

 

სასამართლოს შეფასება


სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდათ აღნიშნული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, თუ ისინი დეტალურად იქნებოდნენ ინფორმირებულნი ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის გადაწყვეტილების მიღების პროცესის მიმდინარეობის შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენდა თანამონაწილეობითი დემოკრატიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ყველა მოქალაქეს „აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის დემოკრატიული მმართველობის პროცესში“ და რომ „გადაწვეტილებები უნდა მიიღებოდეს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ახლოს მოქალაქეებთან.“

 

შესაბამისად განხილვის პროცესში მყოფ კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოხატვა ნებისმიერი მოქალაქის უმნიშვნელოვანეს უფლებას წარმოადგენს.


პარლამენტის მიერ წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ინფორმაციის გაცემა ხელს შეუშლიდა გადაწყვეტილების მიღების პროცესს, სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავსი ვარაუდი უნდა ყოფილიყო რეალური, წინასწარ განჭვრეტადი და დასაბუთებული და არა წმინდად ჰიპოთეტური. სასამართლომ მიუთითა გადაწყვეტილებაზე საქმეზე Access Info Europe მინისტრთასაბჭოს წინააღდმეგ და ხაზი გაუსვა, რომ „მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოცემულ საკითხზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება ინსტიტუტებს შორის და ჯერ კიდევ არ იყო მიღწეული საბოლოო შეთანხმება, არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მეოთხე სვეტის გაცემა ზიანს მიაყენებდა გადაწყვეტილების მიღების პროცესს.“ ამავე საქმეზე მითითებით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საზოგადოებას თავად შესწევდა უნარი გაეთვითცნობიერებინა, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარკება ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის და რომ მოლაპარაკებათა მიმდინარეობის პარალელურად შესაძლებელია შეცვლილი ყოფილიყო დოკუმენტის შინაარსი.


სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტთა საგანი - საპოლიციო თანამშრომლობა სახელმწიფოებს შორის, თავის თავად არ მიუთითებდა ინფორმაციის სენსიტიურ ხასიათზე. „წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებდით მდგომარეობას, როდესაც ევროკავშირის სამართლის მნიშვნელოვანი ნაწილი ხელმიუწვდომელი იქნებოდა საზოგადოებისთვის. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის პრინციპს.“


სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შეეხებოდა საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც მიღების შემთხვევაში შესასრულებლად სავალდებულო იქნებოდა ევროკავშირის ყველა სახელმწიფოსთვის და პირდაპირ გავლენას მოახდენდა მათ მოქალაქეებზე. შესაბამისად, უდავო იყო მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საჯარო ინტერესის არსებობა. სასამართლოს მითითებით დაფარული ინფორმაცია შეიცავდა ზოგად მარეგულირებელ ნორმებს (ევროპოლის შემადგენლობა, მანდატი, ფუნქციები და ა.შ), არ შეეხებოდა ისეთ საკითხებს როგორიც არის, ტერორიზმი ან ორგანიზებული დანაშული და არ მოიცავდა პიროვნებებთან ან პოლიციის მიერ დაგეგმილ ოპერაციებთან დაკავშირებულ სენსიტიურ ინფორმაციას.


ბოლოს სასამართლომ შეახსენა მოპასუხე მხარეებს პარლამენტის 2014 წლის 11 მარტის რეზოლუცია დოკუმენტთა საჯარო ხელმისაწვდომობის შესახებ, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუტები ხაზს უსვამენ საკანონდებლო პროცესში ე.წ. სამეულის საქმიანობის გამჭვირვალობის მნიშვნელობას და გამოხატავენ მზადყოფნას უზრუნველყონ სრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის, შეხვედრების ოქმების, დღის წესრიგებისა და განხილული დოკუმენტების ჩათვლით.


დასკვნა


ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომზადების პროცესში არსებულ დოკუმენტთა საჯაროობის ფარგლებისა და მნიშვნელობის განსაზღვრის მხრივ. სასამართლომ კიდევ ეთხელ ხაზგასმით მიუთითა, რომ გამჭვირვალობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია თანამონაწილეობითი დემოკრატიის უზრუნველყოფისთვის.


სასამართლოს მსჯელობა მოცემულ საქმეზე განსაკუთრებით რელევანტურია საქართველოსთვის. საკუთარი საქმიანობის პროცესში IDFI ხშირად აწყდება საჯარო უწყებათა მხრიდან მომზადების პროცესში არსებულ დოკუმენტთა გაცემაზე უარის თქმის პრობლემას. საკითხი არ არის ცხადად დარეგულირებული არც არსებული კანონმდებლობით. მოცემულ ეტაპზე, როდესაც მომზადების პროცესშია კანონპროექტი „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ დაიცვას ევროკავშირის სტანდარტი და საქართველოს პარალმენტისთვის წარდგენილი კანონპროექტით აღმოფხვრას მომზადების პროცესში არსებულ დოკუმენტთა ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკული და საკანონმდებლო ბუნდოვანება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023