საქართველოს პარლამენტარების საწვავის ხარჯები 2018-2020 წლებში

სიახლეები | კვლევები | კორუფციასთან ბრძოლა | აქტუალური თემები 7 ოქტომბერი 2020

2019 წლიდან საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან სრულად თბილისში გადმოვიდა. პარლამენტის ადგილმდებარეობის ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს ხელისუფლების მიერ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება დასახელდა, რაც დაკავშირებული იყო ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირებასთან. მათ შორის, აქტიურად განიხილებოდა ქუთაისის პარლამენტის შენობის დედაქალაქთან სიშორე, რაც პარლამენტარების ავტომობილით  გადაადგილებისას როგორც დროით, ასევე მატერიალურ რესურსს მოითხოვდა.

 

კვლევის ფარგლებში, IDFI-მ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვა 2018-2020 წლებში საქართველო პარლამენტარებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ მოხმარებული საწვავის და გავლილი კილომეტრაჟის შესახებ ინფორმაცია. კვლევის პერიოდი, ასევე ემთხვევა კორონავირუსის პანდემიის შედეგად ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობის პერიოდს, როდესაც დაწესებული იყო კომენდანტის საათი და მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო ავტომობილებით გადაადგილება. 

 

საქართველოს პარლამენტიდან სრულყოფილად მოწოდებულმა ინფორმაციამ IDFI-ს საშუალება მისცა შეესწავლა 2018-2020 წლებში პარლამენტარების მიერ საწვავის მოხმარების და დაფარული მანძილის მონაცემები. ამასთან, კვლევის ფარგლებში გაანალიზდა პარლამენტის შენობის ადგილმდებარეობის ცვლილების, საგანგებო მდგომარეობის პირობებში გადაადგილების დაწესებული შეზღუდვების და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გავლენა მსგავს ხარჯებზე. 

 

ძირითადი მიგნებები

 

- პარლამენტის ბალანსზე რიცხული 98 ავტომობილიდან 50 განპიროვნებულია პარლამენტის წევრებზე, რომელთა შორის ჭარბობს 2015 წელს შესყიდული TOYOTA CAMRY-ის მოდელის ავტომობილები.  

 

- 2019 წელს (პარლამენტის ქუთაისიდან  თბილისში გადმოსვლის შემდეგ),  წინა წელთან შედარებით, დეპუტატების მიერ მოხმარებული საწვავი მხოლოდ 14%-ით შემცირდა.

 

- 2019 წელს ყველაზე მეტი საწვავი ილია ნაკაშიძემ (7,791 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (7,197 ლიტრი), აკაკი ზოიძემ (7,071 ლიტრი), მამუკა მდინარაძემ (7,015 ლიტრი) და ზაზა გაბუნიამ (6,771 ლიტრი) მოიხმარა. მათ მიერ მოხმარებული საწვავი აღემატება ან/და დაახლოებით იგივე ნიშნულზეა რაც 2018 წელს, როცა პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებდა. 

 

- 2019 წელს 15 დეპუტატის შემთხვევაში, დაფარული მანძილი აღემატება 50 ათას კილომეტრს. მათ შორის ყველაზე დიდი მანძილი დაფარეს - დიმიტრი ხუნდაძე - 59,946 კილომეტრი, გიორგი ბეგაძე - 57,415 კილომეტრი, ზაზა გაბუნია  - 56,420 კილომეტრი, ილია ნაკაშიძე - 55,966 კილომეტრი.

 

- 2019 წელს საქართველოს პარლამენტარებზე განპიროვნებული ავტომობილები საშუალოდ ფარავდნენ 41,775 კილომეტრს, ხოლო 2018 წელს 48,544 კილომეტრს.

 

 

- პარლამენტარების  მიერ ათვისებული საწვავის რაოდენობა ხშირ შემთხვევაში არ იცვლება იმ თვეებშიც, როცა 1 კვირიან ან უფრო ხანგრძლივ მივლინებებში იმყოფებიან საზღვარგარეთ.

 

- 2020 წლის აპრილი-მაისის პერიოდში (საგანგებო მდგომარეობის პერიოდი),  წინა წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით, პარლამენტარების მიერ მოხმარებული საწვავის ოდენობა დაახლოებით 30%-ით (14 ათასი ლიტრით) შემცირდა.

 

- საგანგებო მდგომარეობის  პერიოდში (აპრილი-მაისი)  ყველაზე მეტი საწვავი მოიხმარა დიმიტრი ხუნდაძემ (1,128 ლიტრი), გიორგი წერეთელმა (1,119 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (1,073 ლიტრი),  მარიამ ჯაშმა (1024 ლიტრი) და რატი იონათამიშვილმა (955 ლიტრი).

 

- საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სხვადასხვა დეპუტატზე განპიროვნებულმა ავტომობილებმა (მაგ. დიმიტრი ხუნდაძე,  გიორგი წერეთელი, გოჩა ენუქიძე, ირმა ინაშვილი, რატი იონათამიშვილი)  საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უფრო მეტი საწვავი მოიხმარეს, ვიდრე  წინა წლის იგივე თვეებში.

 

დასკვნა

 

ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, ნებისმიერი ხელისუფლების მნიშვნელოვანი გამოწვევაა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების რაციონალური განკარგვა, რადგან სახელმწიფო ავტოპარკის პერიოდული განახლება და შენახვა მნიშვნელოვან დანახარჯებთანაა დაკავშირებული.

 

ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის პარლამენტარების მიერ არაერთხელ გაჟღერებულა სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის რეფორმის აუცილებლობის საკითხი. მიუხედავად ამისა,  წინამდებარე კვლევაში პარლამენტარებზე განპიროვნებული ავტომობილების მაგალითზე წარმოდგენილი ანალიზი,  მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მზაობასა და   გულწრფელ დამოკიდებულებაზე სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის რეფორმასთან  დაკავშირებით.

 

კერძოდ,  კვლევაში მოყვანილი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის გავლენაზე საწვავის ხარჯებზე, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პერიოდში საეჭვოდ მაღალი აქტიურობა, ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის ავტოპარკში რიცხული ავტომობილების განკარგვის ხარჯთ-ეფექტურობასა და მიზნობრიობას. ამასთან, ანალიზის შედეგად, თვალსაჩინო გახდა პარლამენტარების საზღვარგარეთ  მივლინებაში ყოფნის პერიოდში ავტომობილების განკარგვის კონტროლის მექანიზმების გამკაცრების საჭიროებაც.

 

საქართველოს პარლამენტის ბალანსზე რიცხული ერთი ჰიბრიდული ავტომობილის მაგალითზეც, თვალსაჩინოა მსგავსი ავტომობილების უპირატესობა მათი ეკონომიურობის  თვალსაზრისით. კერძოდ, სხვა ნებისმიერი პარლამენტის ბალანსზე რიცხული ავტომობილის   საშუალო წვის მაჩვენებელი მინიმუმ ორჯერ აღემატება ჰიბრიდული ავტომობილის მაჩვენებელს. შესაბამისად, პარლამენტის ავტოპარკის განახლებისას მიზანშეწონილია მსგავსი  გარემოების გათვალისწინება და არჩევანის ეკონომიურ და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე გაკეთება.

 

IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ინსტიტუტის კვლევებში სახელმწიფო ავტოპარკის განკარგვასთან დაკავშირებით გამოვლენილ სისტემურ ნაკლოვანებებზე განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი და არსებული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება.

 

 

 

/public/upload/GG/fuel_expenses_of_georgian_parliamentarians_in_2018-2019.pdf

 

/public/upload/Analysis/Geo 02_Fuel Expenses of Members of Parliament_ONEPAGER-min (1).pdf

 

 

კვლევა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023