4 დეკემბერს Freedom House-მა გამოაქვეყნა ინტერნეტ თავისუფლების ანგარიში, სადაც შეფასებულია ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ცენზურა და ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები მსოფლიოს 65 ქვეყანაში. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველომ ისევე, როგორც 2013 წელს, 100 ქულიდან 26 ქულა მოაგროვა და ინტერნეტ თავისუფლების კუთხით შეფასდა, როგორც „თავისუფალი“ ქვეყანა.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენელი თეონა ტურაშვილი მიწვეული და ჩართული იყო საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების დონის შეფასებასა და ქვეყნის შესახებ ანგარიშის მომზადებაში.
საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე წინსვლაზე: საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის (GNCC) წევრების დასახელების ახალი წესის შემოღებაზე და ონლაინ სამთავრობო პორტალის ამოქმედებაზე, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, ანგარიშში ამავდროულად ნახსენებია, რომ ინტერნეტ მომხმარებლები საქართველოში კვლავ აწყდებიან ისეთ დაბრკოლებებს, როგორიცაა არაადეკვატური ინფრასტრუქტურა და ინტერნეტის დაბალი სიჩქარე.
ამას გარდა, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის დამაბრკოლებელი ფაქტორების კუთხით, განხილულია სხვადასხვა საკითხები, მათ შორის, ინტერნეტის მომხმარებელთა განაწილება ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებს შორის (ISP), სოციალური ქსელების გამოყენება და ინტერნეტის განვითარების გრძელვადიანი სახელმწიფო სტრატეგიის მნიშვნელობა. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, „ინტერნეტ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დაბალია,“რადგან „ორი პროვაიდერი აკონტროლებს ბაზრის 2/3-ზე მეტს“ (სადენიანი ინტერნეტი). ამის მსგავსად, მობილური ინტერნეტის ბაზარზეც ორი მთავარი მიმწოდებელი დომინირებს. რაც შეეხება, მთავრობის მიდგომას ინტერნეტთან დაკავშირებით, ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს ამ სფეროს განსავითარებლად ყოვლისმომცველი სტრატეგია, სადაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვები იქნება წარმოდგენილი. თუმცა, ანგარიში ამავდროულად ეხება „ელ-საქართველოს“ სტრატეგიული დოკუმენტის შექმნას 2014-2018 წლისთვის.
კონტენტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ნათქვამია, რომ 2013-2014 წლებში ონლაინ კონტენტის დაბლოკვის ფაქტები არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ცენზურას, ანგარიშის მიხედვით, „არ არსებობს ინტერნეტის მარეგულირებელი სპეციალური კანონი, რომელიც ცენზურას მოითხოვს. არ არსებობს შავი სიები ან ვებ-გვერდის რეესტრი და ონლაინ რესურსები, რომლებიც უნდა დაიბლოკოს.“ მიუხედავად ამისა, კვლევაში საუბარია თვითცენზურის შემთხვევებზე ქართველ მომხმარებელს შორის (მაგ. ჟურნალსიტები, საჯარო მოხელეები). მიუხედავად იმისა, რომ არ არის მთავრობის მხრიდან კონტენტის სისტემური მანიპულაცია, დაფიქსირდა ოფიციალურ სამთავრობო Facebook გვერდებზე მომხმარებელთა კომენტარების წაშლის შემთხვევები.
მომხმარებელთა უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, გასულ წელს ცილისწამების ან სხვა ონლაინ აქტივობების გამო ბრალის წაყენების ფაქტები არ დაფიქსირებულა. ანგარიშში, ასევე, განხილულია მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე მიმართული ახალი ინსტიტუტების შექმნა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და GNCC-თან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი. ამას გარდა, საანგარიშო პერიოდი მოიცავს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიას „ეს შენ გეხება“, რომელიც ადვოკატირებას უწევს საკანონმდებლო ცვლილებებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისა და სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან ფარული მიყურადების განხორციელების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად.