ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 22 თებერვალი 2016

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებისა და 2014 წლის 4-19 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა წინა, 2002 წლის აღწერის შედეგებთან (4 371 535 ადამიანი) შედარებით 14,7%-ით შემცირდა და მოსახლეობის საერთო რაოდენობამ 3 729 635 ადამიანი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში შობადობის მაჩვენებლის გარკვეული დადებითი ტენდენციები შეინიშნება, დემოგრაფიულ საკითხებში ექსპერტთა ვარაუდით უახლოეს პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება. ხსენებული ვარაუდი გამყარებულია იმ მოსაზრებით, რომ 2017-2018 წლებიდან ქორწინებისა და რეპროდუქციული პოტენციალის ასაკში შევა 90-იან წლებში დაბადებული მოსახლეობა, როდესაც საქართველოში შობადობა ძალიან დაბალი იყო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშაოს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.


კვლევის მიზანია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ შემუშავებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის შესწავლა და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით დანერგილი სახელმწიფო ღონისძიებების ანალიზი. კვლევა შეისწავლის საქართველოს საკანონმდებლო რეგულირებასა და საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ პოლიტიკას ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიებებთან მიმართებით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შემუშავებულ მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამებს. საბოლოოდ, კვლევა წარმოადგენს რეკომენდაციებს საქართველოში ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკისა და სტრატეგიების გაუმჯობესების მიზნით საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით.


კვლევა ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკას ორი ძირითადი მიმართულებით განიხილავს: ოჯახის ფინანსური მხარდაჭერა და ოჯახისა და სამუშაოს შეთავსებისათვის სათანადო შრომითი გარემოს შექმნა. ოჯახის ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: ოჯახის ფინანსური დახმარება, ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით ერთჯერადი ფულადი დახმარება (birth grant), ბავშვის მზრუნველობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში დახმარება (childcare allowance) და საგადასახადო შეღავათები. კვლევა წარმოადგენს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული თითოეული ფინანსური ღონისძიების ანალიზსა და საქართველოში არსებული ფინანსური დახმარების პროგრამების შეფასებას. შვებულებისათვის სათანადო პირობების შეფასების მიზნით, კვლევა განიხილავს საქართველოში არსებული შვებულების ხანგრძლივობისა და სახელმწიფოს მიერ შვებულების პერიოდში გაცემული თანხის ოდენობის შესაბამისობას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებულ სტანდარტებთან. 

 

კვლევაში ასევე პირველად არის განხილული საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ საკუთარი ბიუჯეტების ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახებისათვის გათვალისწინებული სოციალური შეღავათები თუ ფინანსური დახმარება. ადგილობრივი თვითმმართველობებიდან მიღებული დოკუმენტაცია ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მრავალშვილიანების დახმარების მნიშვნელოვნად განსხვავებული სტანდარტი არსებობს. მთელ რიგ ადგილობრივ თვითმმართველობებში (მაგალითად: დმანისი, საგარეჯო, ქარელი, ჭიათურა, თერჯოლა, ბაღდათი, თიანეთი, მცხეთა, გარდაბანი) 2015 წლის მდგომარეობით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ცალკეული პროგრამა საერთოდ არ გააჩნიათ. განსხვავებით, ევროკავშირის მოწინავე ქვეყნებისა, საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა არ იცნობს ოჯახის ერთჯერად დახმარებას ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით. აღნიშნული სახის დახმარებებს ვხვდებით, მხოლოდ სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სოციალური დახმარების პროგრამებში.

 

 

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის შესწავლის საფუძველზე, საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი წარმოგიდგენთ შემდეგ რეკომენდაციებს:

 

1) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ახალი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება, სადაც გათვალისწინებული იქნება ოჯახის/ბავშვის დახმარებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:

  • ოჯახის/ბავშვის ფინანსურ დახმარების სახელმწიფო პროგრამა მოდიფიცირდეს კომპლექსური დახმარების პროგრამაში, რომელშიც ასახული იქნება არა მხოლოდ ფინანსური დახმარების საკითხები, არამედ ოჯახის მხარდაჭერის სხვა ზომებიც (საგადასახადო და კომუნალური შეღავათები, ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტი, ბავშვის მზრუნველობასთან დაკავშირებით ხარჯების თანადაფინანსება და სხვა);

  • ოჯახის/ბავშვის ფინანსურ დახმარების სახელმწიფო პროგრამა გათვლილი იქნეს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ოჯახებზე და გავრცელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული ხელს შეუწყობს პროგრამის შეზღუდული ბიუჯეტის ეფექტურ ხარჯვას, ფინანსური დახმარების ოდენობის გაზრდას და ბავშვის საჭიროებებთან მიახლოებას. ამავე დროს პროგრამის ბიუჯეტის ზრდა შესაძლებელია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასთან, საჯარო-კერძო პარტნიორობის ახალი მექანიზმების დანერგვასთან, სოციალური პასუხისმგებლობის ფონდის შექმნასთან, რათა ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორც ოჯახის მხარდაჭერის პროგრამა და ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების ხელშეწყობაა თავის წვლილი (სურვილის შემთხვევაში) შეიტანონ მეწარმეებმაც;

  • ოჯახის/ბავშვის ფინანსური დახმარების მიღების უფლება სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის გავრცელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიუხედავად იმისა, აღნიშნულ რეგიონში წინა მე-2 და მე-3 წლის განმავლობაში დაფიქსირდა თუ არა წლიური მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენი გამოთვლებით მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნული პროგრამის განხორციელება ყოველწლიურად მოითხოვს დაახლოებით 38 000 000 ლარს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ყოველ მე-3 და შემდგომ ბავშვზე დაწესდება ერთჯერადი ფინანსური დახმარება (მე-3 ბავშვი 800 ლარი, მე-4 ბავშვი 1000 ლარი, მე-5 და შემდეგი ბავშვი 1500 ლარი) აღნიშნულისათვის დამატებით საჭიროა დაახლოებით 10 000 000 ლარი. აღნიშნული გათვლები წარმოდგენილია პროგრამის ნებისმიერ მოქალაქეზე გავრცელების პირობებში. იმ შემთხვევაში თუ პროგრამა მოიცავს მხოლოდ დაბალ და საშუალო შემოსავლიან ოჯახებს, პროგრამის ბიუჯეტი შესაბამისად შემცირდება.

  • ოჯახის/ბავშვის ფინანსური დახმარების მიღების უფლება წარმოიშვას პირველი ბავშვის შეძენის მომენტიდან და დახმარების ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნას დაბადებული ბავშვის რიგითობა, ისე რომ ყოველი მომდევნო ბავშვის გაჩენისას მეტი ფინანსური გარანტიები გაუჩნდეს ოჯახს. ამასთან ფინანსური დახმარების პერიოდი გაიზარდოს და მაქსიმალურად მიუახლოვდეს ბავშვის სრულწლოვანების ასაკს;

  • სახელმწიფო პროგრამამ უზრუნველყოს განსაკუთრებული მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვისათვის ან ერთი მშობლის მიერ ბავშვის დამოუკიდებლად აღზრდის შემთხვევაში ფინანსური დახმარების დამატებითი გარანტიების შექმნა.

 

2) ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საკუთარი ბიუჯეტიდან ოჯახის/ბავშვის მხარდაჭერის პოლიტიკა განახორციელონ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამასთან კოორდინირებულად. კერძოდ:

  • ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან განხორციელდეს დამატებით იმგვარი სახის დახმარება, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამით;
  • ადგილობრივი თვითმმართველობებში ფინანსური სახსრების მობილიზება მოხდეს იმგვარად, რომ თითოეულ რეგიონში მსგავსი სოციალური ფენის ოჯახებისათვის არსებობდეს სახელმწიფო დახმარების ერთიანი სტანდარტი;
  • ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საკუთარი ბიუჯეტით უზრუნველყონ მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სოციალური შეღავათების დაწესება კომუნალურ გადასახადებზე, სახელმწიფო ტრანსპორტით სარგებლობაზედა სხვა სახელმწიფო სერვისებზე, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის აღზრდასა და მზრუნველობასთან.

 

3) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოს შესაბამისი კანონპროექტის მომზადება, სადაც გათვალისწინებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესება.

 

4) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მრავალშვილიანი ოჯახებისათვის უკეთესი პირობების და ჯანმრთელობის დაზღვევის მეტი გარანტიების შექმნა.

 

5) საქართველოს შრომის კოდექსში შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება დასაქმებულის შვებულებაში გასვლის წინა თვის ანაზღაურების ოდენობის 100%-ით და გაუქმდება შრომის კოდექსით დადგენილი ანაზღაურების ოდენობის ზედა ზღვარი (1000 ლარი).


მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს წარმოდგენილი რეკომენდაციების იმპლემენტაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და ასახოს ისინი სტრატეგიულ დოკუმენტში.შესაძლებელია, ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული რეკომენდაციების დანერგვის რამდენიმეწლიანი გეგმის შედგენა, მათი ეტაპობრივი განხორციელების მიზნით, იმისთვის, რომ სტრატეგიულ დონეზე განისაზღვროს დღეს მიღწეული გაუმჯობესებული მაჩვენებლების შენარჩუნება და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესების მოსალოდნელი კრიზისული პერიოდის (2017 წლიდან) რისკების შემცირება.

 

კვლევა სრულად იხილეთ ბმულზე: ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა - ევროკავშირის  წევრი სახელმწიფოები და საქართველო.

 

შესბამის ბმულებზე იხილეთ  მედიცინის აკადემიური დოქტორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ ვერულავას და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი) დოქტორანტის ლელა რეხვიაშვილის წინამდებარე კვლევაზე შექმნილი რეცენზიები. 

 

/public/upload/IDFI/IDFI/family support policy.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024