ხუთშაბათს, 15 იანვარს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამართა დისკუსია სახელწოდებით „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა და მისი გამოწვევები საქართველოში“. დისკუსია გაიმართა პროექტის "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)" ფარგლებში.
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“ მოიცავს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელებას. 15 იანვრის დისკუსია დაეთმო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პირველადი შედეგების საფუძველზე მისი საშუალო და მოკლევადიანი გამოწვევების განხილვას დასახელებულ სტრატეგიასთან მიმართებაში.
ძირითადმა მომხსენებლებმა სხვადასხვა საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ზაზა სოფრომაძემ და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ დირექტორმა ბატონი გაიოზ თალაკვაძემ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პირველად შედეგებზე ისაუბრეს. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა, დევი ხიჩნაშვილმა შეაფასა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა კერძო სადაზღვევო სექტორის გადმოსახედიდან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თენგიზ ვერულავამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოში სოციალური დაზღვევის კონკურენტული სადაზღვევო მოდელის არსებობის პერსპექტივები.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გიგი წერეთელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლევან ალაფიშვილი, სანდრო ურუშაძე და სახელმწიფო, საერთაშორისო, პოლიტიკური, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სხვა სპეციალისტები.
დისკუსიიდან გამოიკვეთა, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამის გაფართოვების გეგმა ჯერ-ჯერობით არ არსებობს, რამდენადაც, სახელმწიფო ელოდება პირველად შედეგებს, რომლის საფუძველზეც შეიმუშავებს შემდგომი განვითარების სტრატეგიას. ზაზა სოფრომაძის შეფასებით, პროგრამა წარმატებულია, რამდენადაც საზოგადოებაში არსებობს საყოველთაო ჯანდაცვის მიმართ კმაყოფილების მაღალი მაჩვენებელი.
გიგი წერეთლის პოზიცია მინისტრის მოადგილისგან განსხვავებული იყო. მისი თქმით, წინა მთავრობასაც ჰქონდა სურვილი მსგავსი პროგრამის ამუშავების, თუმცა საკმარისი რესურსების არ არსებობის გამო თავი შეიკავა. ახალ მთავრობას კი არ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ რა თანხით უნდა გაუმკლავდეს იმ ხარჯებს, რაც საქართველო 2020-ის სტრატეგიით თავის თავზე აიღო.
კიდევ ერთი არგუმენტი, რითიც დისკუსიის მონაწილეებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გააკრიტიკეს, პაციენტების საკუთარი ჯიბიდან გადახდილი თანხების შემცირებას უკავშირდება, რომლის აღებას სახელმწიფო, საქართველო 2020-ის დოკუმენტის მიხედვით, საკუთარ თავზე აპირებს, თუმცა ჯერ არაა განსაზღვრული რამდენად გამონახავს სახელმწიფო საკმარის რესურსებს.
2011 წლის მდგომარეობით. პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხა 70% შეადგენს. სტრატეგიაში გაწერილია, რომ 2020 წლამდე საკუთარი ჯიბიდან გადახდილი თანხის რაოდენობა 70%-დან მინიმუმ 30%-მდე უნდა შემცირდეს. ასევე, 2011 წლის მდგომარეობით საკუთარი ჯიბიდან გადახდილი თანხის 60% მოდის მედიკამენტებზე, თუმცა სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით 2020 წლამდე ეს მაჩვენებელი მინიმუმ 20% -მდე უნდა შემცირდეს, რაც სახელმწიფოსათვის ხარჯების გაზრდას გარდაუვალს ქმნის.
ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შეეფერება სიტყვები „ყველას და ცოტა“ რაც არ არის კარგი მოდელი. მისი თქმით, აღნიშნულ პროგრამაში მიზნობრიობა დაკარგულია, რამდენადაც ის ყველა მოქალაქეზეა გათვლილი, თუმცა სხვადასხვა სოციალურ საფეხურზე მყოფ ადამიანებს არათანაბრად შეუძლიათ მისი გამოყენება. კერძოდ, იმ პირობებში, როცა ექიმთან ვიზიტი და გეგმიური ოპერაცია უფასოა, ოპერაციის დასაგეგმად პაციენტმა უნდა ჩაიტაროს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოკვლევა, რაც ფასიანია. შედეგად, შედარებით შეძლებული ადამიანები იხდიან საჭირო თანხას და მიდიან გეგმიურ ოპერაციამდე, ხოლო ღარიბი პაციენტები ვერ ახერხებენ ხარჯებთან გამკლავებას.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის იმპლემენტაციის დაწყების შემდეგ პრობლემები შეექმნა კერძო სადაზღვევო სექტორს, რომელიც კლიენტებს კარგავს. დევი ხიჩინაშვილის თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფოს არ აქვს ამ პროგრამის განვითარების გეგმა, შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიებმაც არ იციან, როგორ განვითარდნენ და რითი მოიზიდონ კლიენტები.
დისკუსიაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველოში საავადმყოფოების თითქმის 100% კერძო საკუთრებაშია, რაც სფეროზე ნეგატიურად აისახება.
თენგიზ ვერულავამ პროგრამის როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებზე ისაუბრა. მისი თქმით, ექიმებისთვის ახლა გაცილებბით უკეთესი პირობებია, ვიდრე წინა პროგრამების დროს, რომლებიც მედპერსონალის ხელფასების შემცირების ხარჯზე ხორციელდებოდა. მისი თქმით, მართალია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წინა პროგრამებს სჯობს, თუმცა ზოგადად, ეს მოდელი არაა საუკეთესო და მსოფლიო უპირატესობას კონკურენტულ მოდელს ანიჭებს.
„აუცილებელია არსებობდეს საბაზისო პაკკეტი რომლის შეთავაზება მოქალაქეებისთვია შეეძლებათ როგორც სახელმწიფო სადაზღვევო ფონდებს, ასევე კერძო სადაზღვევო კომპანიებს, რაც შექმნის შედარებით კონკურენტულ კარემოს“ განაცხადა ვერულავამ.
,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს: "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)". პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო - 2020"-თან დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვების პროცესში.