კონკურსანტების გასვლითი სამუშაო შეხვედრა ლოპოტაზე

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 5 ოქტომბერი 2015

25-27 სექტემბერს გაიმართა გასვლითი სამუშაო შეხვედრა ლოპოტას სასტუმროში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ანალიტიკოსებისათვის. ანალიტიკოსების კონკურსი ტარდება „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა“-ს ფარგლებში. პროექტს ახორციელებს IDFI ბრემენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია “საქართველო 2020”-ის შესახებ. საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების გარდა, პროექტის ფარგლებში კრიტიკულად იქნება შეფასებული სტრატეგიის არსებული გამოწვევები და განხორციელების პროცესი, იმისათვის, რომ მოხდეს ამ ეტაპზე არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია და შემუშავდეს საჭირო რეკომენდაციები.

 

ანალიტიკოსების კონკურსში მონაწილეობას იღებს 13 კონკურსანტი, რომლებიც საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში განხილულ თემებზე იმუშავებენ და თავიანთ ანალიტიკურ ნაშრომებს გააცნობენ საზოგადოებას კონკურსისთვის სპეციალურად შექმნილი ბლოგის საშუალებით.

 

გასვლითი სამუშაო შეხვედრის სადისკუსიო პანელის თემები შერჩეული იყო სტრატეგიაში განხილული სამი ძირითადი პრობლემის გათვალისწინებით:

 

  • კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა
  • ადამიანური რესურსების განვითარება
  • ფინანსებზე ხელმისაწვდომობა


სამუშაო შეხვედრის პირველი დღის საპანელო განხილვა დაეთმო საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მომხსენებლებად მოწვეულნი იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსი – ოთარ ძიძიკაშვილი და მისი მოადგილე – ირაკლი ბურჭულაძე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი – მერაბ ნარმანია და საბროკერო კომპანია „კავკასუს კაპიტალის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი – გიორგი ლოლაძე.

 


საპენსიო რეფორმის სამსახურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საპენსიო რეფორმის აუცილებლობაზე და განიხილეს საქართველოსთვის შესაფერისი კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის მოდელი. მათი თქმით, დემოგრაფიული ცვლილებები – სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა, რაც 900 ათას ადამიანამდე გაზრდის პენსიონერთა რიცხვს მომდევნო 15 წლის განმავლობაში – ზეწოლას მოახდენს სახელმწიფოს საპენსიო ხარჯებზე, და რადგან არსებული საპენსიო სისტემას მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში გაუჭირდება არსებული საპენსიო სისტემის შენარჩუნება, აუცილებელი გახდება სისტემის რეფორმირება. ძიძიკაშვილმა ისაუბრა სამი სახის დაგროვებით საპენსიო მოდელზე:

 

  • ნებაყოფლობითი – დასაქმებული თავად წყვეტს იყოს თუ არა დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილე;
  • სავალდებულო – როდესაც დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის;
  • ჰიბრიდული (შერეული) – ამ მოდელით დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ინაწილებენ საპენსიო ფონდში შენატანის განხორციელების ვალდებულებას.

 

 

დასაქმებულს შეუძლია უარი თქვას სისტემაში მონაწილეობაზე, ხოლო დამსაქმებლისთვის და სახელმწიფოსთვის სისტემაში მონაწილეობა სავალდებულოა.
ძიძიკაშვილმა აღნიშნა, რომ ჰიბრიდული მოდელი არის საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი.

 

გვინდა გამოვყოთ შემოთავაზებული საპენსიო მოდელის ძირითადი მახასიათებლები:

 

  • კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემასთან ერთად შენარჩუნდება არსებული საპენსიო სისტემით გათვალისწინებული საბაზისო პენსია;
  • ჰიბრიდული მოდელის ამოქმედებისთანავე, ყველა დასაქმებული ავტომატურად ჩაერთვება დაგროვებით საპენსიო სისტემაში, თუმცა დასაქმებულს, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ექნება სისტემიდან გამოსვლის საშუალება;
  • შენატანი კერძო საპენსიო ფონდში თანაბრად გადანაწილდება დასაქმებულზე, დამსაქმებელსა და სახელმწიფოზე. თითოეული მონაწილე კერძო საპენსიო ფონდში შეიტანს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს. შედეგად, ყოველთვიურად საპენსიო ფონდში განხორციელდება შენატანი დასაქმებულის ხელფასის 6%-ის ოდენობით;
  • პროგრამის ამოქმედებიდან 5 წლის შემდეგ იგეგმება შენატანის გაზრდა 8%-მდე. ამ შემთხვევაში, დასაქმებულის და დამსაქმებლის შენატანის მოცულობა გაიზრდება ხელფასის 3%-მდე;
  • კერძო ფონდის მიერ მოხდება დაგროვებული თანხების დაბანდება სხვადასხვა ტიპის ფასიან ქაღალდებში. სარგებელი შენატანზე, რომელსაც მიიღებს პროგრამაში ჩართული მოქალაქე იქნება საშუალოდ წლიური 7 %;
  • მოქალაქის მიერ ფონდიდან თანხის გამოტანა მოხდება ეტაპობრივად, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ. დაგროვილი თანხა გაიყოფა საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობასა და საპენსიო ასაკს შორის სხვაობაზე და მიღებული თანხა ყოველთვიურად ჩაერიცხება პენსიონერს საბაზისო პენსიასთან ერთად;


დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედდება იგეგმება 2017 წლის ოქტომბერში.

 


საბროკერო კომპანიის “კავკასუს კაპიტალის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი ლოლაძემ განიხილა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების განმაპირობებელი და ხელის შემშლელი ფაქტორები. ლოლაძემ კაპიტალის ბაზრის რეფორმის მთავარ ორიენტირებად ბანკ-ცენტრული საფინანსო სისტემის ნაცვლად პოლიცენტრული საფინანსო სისტემის ჩამოყალიბება, საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის თანაბარი პირობების შექმნა, ფასიანი ქაღალდების ბაზრის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში კონკურენტი სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობის მინიმუმადე დაყვანა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის დამოუკიდებელი რეგულატორის შექმნა დაასახელა. მოხსენებაში გაანალიზებული იყო ბოლო წლებში ამ სფეროში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები და ყურადღება იყო გამახვილებული საბანკო სექტორის, როგორც კონკურენტი სფეროს როლზე ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პროცესში.

 

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნის შესახებ ისაუბრა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა მერაბ ნარმანიამ. ნარმანიამ განიხილა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ორი ფუნქციონალური მოდელი – მარტივი გადახდის აპარატი და რისკების მინიმიზატორი. ასევე საუბარი იყო საქართველოში სისტემის ინსტიტუციონალური მოწყობის ოთხ სავარაუდო მოდელზე. განხილვის დროისათვის არსებული ინფორმაციით, ინსტიტუციური მოწყობის ტიპი ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ განსაზღვრული, თუმცა შეხვედრაზე განხილული იყო ოთხი სავარაუდო მოდელი – საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა სტრუქტურული ერთეული, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფონდი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ცალკე საჯარო სამართლის იურიდიული პირი დამოუკიდებელი ბიუჯეტით, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ნარმანიას განცხადებით, დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონპროექტი სავარაუდოდ 2015 წლის ბოლოსთვის იქნება მზად. მისი დანერგვა კი 2017 წელს იგეგმება.

 

მეორე სამუშაო დღის საპანელო განხილვა გაიმართა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობასა და ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ. კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე სასაუბროდ მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენელი – ანა ბერიშვილი და მარიამ ლაშხი, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი – თათია ბიძინაშვილი და კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელი – ირინე ჩიხლაძე. ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ ისაუბრეს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენელმა – ნინო აგაშენაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “სასკოლო კვლევების ცენტრი”-ს ხელმძღვანელმა და განათლების მკვლევარმა – მუხრან გულიაშვილმა.

 

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, ანა ბერიშვილმა, ისაუბრა სააგენტოს ფუნქციებზე, მიზნებსა და განხორციელებულ პროექტებზე. ბერიშვილის თანახმად, GITA-ს მიზანია საქართველოს მოსახლეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, დისტანციური სწავლებისა და დასაქმების დანერგვით. მიზნის მისაღწევად, სააგენტომ დაგეგმა და განახორციელა სხვადასხვა პროექტები. ანა ბერიშვილის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ინოვაციების ლაბორატორიები, რაც გულისხმობს საქართველოში უნივერსიტეტების ბაზაზე ლაბორატორიების შექმნას გამოყენებითი სწავლების დასანერგად.

 

GITA-მ კერძო სექტორთან თანამშრომლობით 2014 წელს შექმნა 3 ინოვაციების ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია მობილურის პლატფორმების პროგრამირებაზე მუშაობა, კომპიუტერული თამაშების შექმნა, კომპიუტერულ გრაფიკასა და ვიზუალურ ეფექტებზე მუშაობა. ასევე, 2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია მიკროელექტრონიკის მიმართულებით პროტოტიპების შექმნა. GITA-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია პირველი ტექნოპარკის დაარსება საქართველოში, სადაც შეიქმნება ბიზნეს ინკუბაციის ზონა, საერთო სამუშაო სივრცე ინოვაციებისთვის და ბიზნეს იდეებისთვის, საკონფერენციო დარბაზები და ინოვაციების ლაბორატორიები, ასევე მწვანე სამუშაო სივრცე.

 

2014 წელს GITA-მ ჩაატარა 60-ზე მეტი ღონისძიება (ოლიმპიადები, ტრეინინგები, სემინარები და კონფერენციები), დააფინანსა 17 “სტარტაპი”, დააარსა 3 ინოვაციების ლაბორატორია, მოამზადა 60 ტრენერი IT მიმართულებით და 40 ტრენერი მიკროელექტრონიკის მიმართულებით.

 

კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელმა, ირინე ჩიხლაძემ, ისაუბრა კონკურენციის კანონმდებლობის მიზნებსა და კონკურენციის სააგენტოს ფუნქციებზე. კონკურენციის კანონმდებლობის მთავარ მიზნად დასახელდა საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა. ჩიხლაძის განცხადებით, 2014 წლის 14 აპრილს შექმნილი კონკურენციის სააგენტოს ფუნქციებს შორის არის კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოსავლენად სასაქონლო და მომსახურეობის ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი; კონკურენციის განვითარებისა და მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვის ღონისძიებათა განსახორციელებლად სახელმწიფო ორგანოებისთვის წინადადებების წარდგენა; კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგი. საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებისა და დროის დაზოგვის მიზნით, კონკურენციის სააგენტომ გააფორმა მემორანდუმი შემოსავლების სამსახურთან სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის ფარგლებში, რაც შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ მონაცემთა ბაზას ხელმისაწვდომს ხდის კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებისთვის. მემორანდუმის გაფორმებამდე, სააგენტოს ინფორმაციის მოძიება უწევდა პირდაპირ ეკონომიკური აგენტებისგან, რაც ინფორმაციის მოძიების პროცესს აჭიანურებდა, შესაბამისად სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებულმა მემორანდუმმა საგრძნობლად შეამსუბუქა პროცესი სააგენტოსთვის. აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტოს არ გააჩნია საგამოძიებო ფუნქციები.

 

DSCN5961მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, თათია ბიძინაშვილმა, ისაუბრა საქართველოს მთავრობის პროგრამაზე “აწარმოე საქართველოში”. პროგრამა, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო, მიზნად ისახავს საქართველოში მეწარმეობის განვითარებას; კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას; მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერას; ახალი საწარმოების შექმნას და არსებული საწარმოების გაფართოებისა და გადაიარაღების ხელშეწყობას.

 

პროგრამის მთავარ მიმართულებად დასახელდა ფინანსური ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და საკონსულტაციო მომსახურება, რაც საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით (10%-12%), გირაოში თანადგომით, სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად (1 ლარად) გადაცემითა და საკონსულტაციო მომსახურეობის თანადაფინანსებით ხორციელდება. ასევე, სესხის უზრუნველყოფის დროს სახელმწიფო არსებულ საწარმოებს და სტარტაპებს სთავაზობს თანამონაწილეობას სესხის 50%-ის ოდენობით არაუმეტეს 48 თვის განმავლობაში.

 

ბიძინაშვილის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში ინდუსტრიული მიმართულებით უკვე განხორციელდა 89 პროექტი, რომლის ჯამურმა ინვესტიციამ შეადგინა 196.7 მილიონი ლარი; ხოლო, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელდა 24 პროექტი 92.6 მილიონი ლარიანი ინვესტიციით. “აწარმოე საქართველოში”-ს საბოლოო შედეგების მიმოხილვა კი ასე გამოიყურება: პროექტების რაოდენობა – 113, გადაცემული ქონების რაოდენობა – 47, ინვესტიციების ჯამური მოცულობა – 289.2 მილიონი ლარი, სესხების ჯამური მოცულობა – 140.4 მილიონი ლარი, დასაქმებულთა რაოდენობა – 5,986, სესხის საშუალო მოცულობა – 2.02 მილიონი ლარი.

 

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენელმა, ნინო აგაშენაშვილმა, ისაუბრა საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე. პრობლემათა შორის დასახელდა – შრომის ბაზრის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის არარსებობა, შრომის ბაზრის სტიქიური განვითარება, არასრულყოფილი საშუამავლო სერვისი, არასრული ინფორმაცია სამუშაო ძალის თავისებურებების შესახებ (პროფესია, კვალიფიკაცია, გენდერი ა.შ.). პრობლემების აღმოსაფხვრელად, სოციალური მომსახურების სააგენტომ შექმნა შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემა (worknet.gov.ge). ნინო აგაშენაშვილის თანახმად, ერთიანი სისტემის შექმნის მიზნებია სახელმწიფო მონაცემთა ბაზის შექმნა, მობილური ბიზნეს პროცესის განვითარება და ეფექტიანი საშუამავლო მომსახურების გაწევა. პროექტი დაიწყო ერთი წლის წინ და ჯერ საპილოტე რეჟიმში ფუნქციონირებს. ამჟამად პორტალი ჩართულია მხოლოდ სამსახურის მაძიებლებისთვის, რასაც წლის ბოლოს დაემატება დამსაქმებლის მოდული. აგაშენაშვილის მიხედვით, worknet-ზე უკვე დარეგისტრირებულია 53.600 ადამიანი.

 

დასაქმების პროცედურა მიმდინარეობს შემდეგნაირად – დამსაქმებელი აცხადებს ვაკანსიას, რის შემდეგაც, საიტზე დარეგისტრირებულ სამსახურის მაძიებლებს ეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინება ვაკანსიასთან დაკავშირებით. ვაკანსიებზე შემოსული განცხადებები იფილტრება დამსაქმებლის მოთხოვნების მიხედვით და გადარჩევის შემდეგ, კანდიდატებს ეგზავნებათ საგზური დამსაქმებელთან. ერთიანი ბაზის ფუნქციონირების განმავლობაში გამოცხადებული იყო 3000-მდე აქტიური ვაკანსია, რომლებზეც გაიგზავნა 2500 საგზური. აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში. სისტემის საშუალებით მოხდება შრომის ბაზარში ჩართული მონაწილეების (მაძიებელი, დამსაქმებელი, სასწავლო ცენტრები, რეკრუტერები და ა.შ) დაკავშირება და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა. აღსანიშნავია, რომ მიღებული ინფორმაცია სტატისტიკურად დამუშავდება და მათი ანალიზის საშუალებით, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება მოხდება: მაგალითად, შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვა.

 

“სასკოლო კვლევების ცენტრი”-ს ხელმძღვანელმა და განათლების მკვლევარმა მუხრან გულიაშვილმა ისაუბრა სტრატეგიულ დოკუმენტში განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა რომ “საქართველო 2020” არის ერთადერთი დოკუმენტი, სადაც ზუსტად არის გაწერილი წარმატების ის ინდიკატორები, რის მიღწევასაც მთავრობა 2020 წლისთვის გეგმავს განათლების სფეროში. მიმდინარე რეფორმის კონტექსტში გულიაშვილმა განიხილა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა და განათლების განვითარების 10 წლიანი სტრატეგია.

 

DSCN6467გასვლითი სამუშაო შეხვედრის ბოლო დღეს გაიმართა შეხვედრა ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენელ – ზურაბ ჯაფარიძესთან. ჯაფარიძემ ისაუბრა სტრატეგიის განხორციელების პრობლემებზე, გამომდინარე დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან. მისი აზრით, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმები იშვიათად ამართლებს, რადგან ეკონომიკური ცვლადები მუდმივად იცვლება და ზუსტი პროგნოზების გაკეთებაც რთულდება. საქართველოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონში და რეგიონს მიღმა არსებული ეკონომიკური ვითარება, შესაბამისად გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება ზუსტი პროგნოზებით თუ მიზნებით საეჭვოა. მისივე აზრით, სტრატეგიული გეგმა “საქართველო 2020” შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ მიზნებს, მაგალითად მთავრობის ზომისა და მისი ხარჯების შემცირებას და ამასთანავე პროგრამების განსახორციელებლად ახალი ბიუროკრატიული ერთეულების შექმნას. ასევე, სტრატეგიის მიხედვით, ერთი მხრივ იგეგმება თავისუფალი ეკონომიკური სისტემის განვითარება, რისი წინაპირობაც სტაბილური საგადასახადო გარემოა, ხოლო მეორე მხრივ, ხდება ცვლილებებისა და ახალი რეგულაციების შეტანა არსებულ საგადასახადო სისტემაში. ზურაბ ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ სტრატეგიაში დასახული მიზნების შესრულება, მათ შორის ეკონომიკის ეტაპობრივი განვითარება, მთავრობის მიერ ვერ განხორციელდა და უმეტეს დასახულ მაჩვენებლებში შეინიშნება გაუარესება. კონკურსანტებმა, ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად ასევე განიხილეს სამუშაო შეხვედრისას განხილული სხვა თემები და იმსჯელეს თუ სად ხედავენ პრობლემებსა და გამოსავალს სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევისთვის.

 

გასვლითი სამუშაო შეხვედრის ბოლო დღეს სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა გააკეთეს პრეზენტაცია საკუთარ კვლევით და ანალიტიკურ ნაშრომებზე დაყრდნობით. ნაშრომების წარდგენის შემდეგ, მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია ნაშრომებში განხილულ პრობლემატიკაზე, მათ მიერ გამოყენებულ კვლევის მეთოდებსა და დიზაინზე. ასევე, მონაწილეებმა იმსჯელეს პრობლემების გადაჭრის გზებზე და მათ მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებზე.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI აზარტული თამაშების წინააღმდეგ ელექტრონული პეტიციის განხილვას დააკვირდება

09.12.2019

რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია - სახელმწიფო არქივების ღიაობა და მეხსირების კვლევები

06.12.2019

საპროცესო შეთანხმების შესახებ კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის პრეზენტაცია

04.12.2019

კარგი მმართველობის ფორუმი (GGF)

30.11.2019
განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

18.11.2019

არასამთავრობო ორგანიზაციათა საგანგებო განცხადება

14.11.2019

კვლავ არსებობს კითხვები გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით

17.10.2019

განცხადება სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის აუცილებლობის შესახებ

18.09.2019
ბლოგპოსტები

გამოკითხვის ექსპერიმენტი

31.10.2019

პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია

30.10.2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ

21.10.2019

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019