კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოში: შეხვედრა პრეზიდენტ გამსახურდიას ოპოზიციასთან

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | ანალიზი | სტატია 18 მაისი 2017

IDFI განაგრძობს ამერიკის სახელმწიფო უწყებების გრიფით საიდუმლო მასალების გამოქვეყნებას, რომლებიც ეხება საქართველოს უახლეს წარსულს. ამჯერად მკითხველს წარვუდგენთ 1991 წლის სექტემბერში, მოსკოვში ამერიკის საელჩოდან, სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილ საიდუმლო მოხსენებას. დოკუმენტში აღწერილია ამერიკის კონგრესმენთა დელეგაციის შეხვედრა საქართველოს იმჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

 

ონგრესმენთა ვიზიტის დღის წესრიგის თანახმად დელეგაცია თბილისში 7 სექტემბერს უნდა ჩამოსულიყო და უნდა შეხვედროდა საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, ჰელსინკის კავშირს, საპარლამენტო ოპოზიციას - „დემოკრატიულ ცენტრს“ და არა საპარლამენტო ოპოზიციას -„ეროვნულ კონგრესს“. 8 სექტემბერს დაგეგმილი იყო დელეგაციის გამგზავრება ცხინვალში.

 

კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოში: შეხვედრა პრეზიდენტ გამსახურდიას ოპოზიციასთან

 


12 სექტემბერი 1991

 

1991 წლის 7-8 სექტემბერს, კონგრესმენ ჰოიერის ხელმძღვანელობით საქართველოს ეწვია ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია. დოკუმენტი ეხება კონგრესმენების შეხვედრას ეროვნული კონგრესის წევრებსა და გამსახურდიას მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც იმდროინდელ ოპოზიციას წარმოადგენდნენ. ოპოზიციონერებმა გამსახურდია მოსკოვის 1991 აგვისტოს პუტჩის ორგანიზატორებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. მათი მტკიცებით, მხარდაჭერის სანაცვლოდ, გამსახურდია დათანხმდა საგანგებო კომიტეტის ყველა გადაწყვეტილების აღსრულებას. შეთანხმების თანახმად, გამსახურდიას უნდა გაეუქმებინა ყველა არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება, მათ შორის ეროვნული გვარდია, დაეშალა ადგილობრივი თვითმმართველობა და გადაეყენებინა მერები და პრეფექტები.

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას მტკიცებით, გამსახურდიას წარმომადგენლები იანაევს [1] 18 აგვისტოს საღამოს შეხვდნენ. ეროვნული გვარდიის სარდალმა თენგიზ კიტოვანმა განუცხადა კონგრესმენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად ის პრეზიდენტს ექვემდებარება, ის აღარ ენდობა გამსახურდიას და მხოლოდ ხალხის წინაშე იქნება პასუხისმგებელი. სიგუას მტკიცებით, გამსახურდიამ არ შეასრულა წინასაარჩევნო პირობა დემოკრატიის შესახებ და საქართველოში დიქტატურა დაამყარა. სიგუა ამბობს, რომ გამსახურდია „ცდილობს ალბანეთის მსგავსი სახელმწიფოს შექმნას“.

 

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი ხოშტარიამ განუცხადა დელეგაციას, რომ დემოკრატია და თავისუფლება ერთმანეთთან გადაჯაჭვულია და საქართველოს ვერ ექნება მათგან ერთი მეორის გარეშე. მაისში, ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, ხოშტარიამ შესთავაზა გამსახურდიას დემოკრატიის გასაძლიერებლად მოეხსნა შეზღუდვები კრიტიკულად განწყობილ პრესაზე, მიეცა ოპოზიციონერებისთვის საეთერო დრო ტელევიზიაში და დაეჩქარებინა პრივატიზაციის პროცესი. ხოშტარიას თქმით, თავდაპირველად, გამსახურდია დასთანხმდა ამ წინადადებებს, თუმცა, შემდგომ უარყო და „უღალატა საქართველოს”. ხოშტარიამ ურჩია გამსახურდიას დაევიწყებინა წარსული წყენა და შეეთავაზებინა ედუარდ შევარდნაძისთვის საქართველოში დაბრუნება, რათა მისი საერთაშორისო ავტორიტეტით დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბებაში დახმარებოდა. როგორც მსოფლიო რეპუტაციის მქონე პიროვნება, ხოშტარიას აზრით, შევარდნაძე პოზიტიურ როლს ითამაშებდა ტრანზიციის პერიოდში. ხოშტარიას თქმით, გამსახურდია ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ თანამშრომლობას შევარდნაძესთან.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსგავსი, შევარდნაძის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა 11 სექტემბერს მოსკოვში, ამერიკის საელჩოს თანამშრომელთან შეხვედრაზე, როდესაც (ვინაობა დაშიფრულია) განაცხადა, რომ ოპოზიციური ძალები საქართველოში აღიქვამენ შევარდნაძეს, როგორც დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის უდიდეს იმედს.

 

ოპოზიციონერებმა უთხრეს კონგრესმენ ჰოიერს, რომ ქართულმა ტელევიზიამ არასწორად გადათარგმნა მისი განცხადებები გამსახურდიასთან შეხვედრისას, რათა წარმოეჩინა კონგრესმენების ძლიერი მხარდაჭერა პრეზიდენტისადმი.

 

სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ ნოდარ ნათაძემ პრეზიდენტი საკანონმდებლო ხელისუფლების ძალაუფლების უზურპაციაში, მედიის გაჩუმებაში და საარჩევნო კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.

 

ეროვნული კონგრესის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს საპრეზიდენტო კამპანიის დროს განხორციელებულ დარღვევებზე. ხოლო კონგრესმენის კითხვაზე, თუ რატომ არ აღნიშნეს ეს დარღვევები საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ოპოზიციონერებმა უპასუხეს, რომ მათ ეს დარღვევები შეამჩნიეს, თუმცა დუმილი ამჯობინეს, რადგან ისინი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იყვნენ შერჩეული.

 

ეროვნულ დემოკრატიული პარტიის პრესმდივანმა ირინა სარიშვილმა უთხრა კონგრესმენებს, რომ დამკვირვებლები არჩევნების დღეს ჩამოვიდნენ და მათ არ ჰქონდათ საშუალება წინასაარჩევნო პერიოდისთვის ედევნებინათ თვალი. მან დასძინა, რომ თბილისის ამომრჩევლების მხოლოდ 25%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და რომ დემოკრატიული არჩევნები დემოკრატიის გარანტია არ არის. სარიშვილის მტკიცებით, საქართველოში მოსკოვში გამოცემული მრავალი გაზეთის შემოტანა აკრძალულია, ხოლო რამდენიმე ადგილობრივი გაზეთი დაიხურა.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კრიტიკის დროს ქართველმა ოპოზიციონერებმა ნაკლებად წარმოადგინეს მტკიცებულებები, განსაკუთრებით გამსახურდიას იანაევთან და საგანგებო კომიტეტთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

 

დოკუმენტის მიხედვით, 7 სექტემბერს თბილისში გაიმართა მთავრობის მხარდამჭერი დემონსტრაცია. ოპოზიციის ლიდერებმა გამსახურდია დაადანაშაულეს საკუთარი მხარდამჭერების ავტობუსებით ჩამოყვანაში.

 

11 სექტემბერს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრებმა ქუჩაში საკუთარ შტაბ-ბინასთან ბარიკადების აღმართვა დაიწყეს. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი წერეთელმა განუცხადა ჟურნალისტებს, „ეს არის პროტესტის ერთადერთი ფორმა, რომ ხალხს დავანახოთ რომ დიქტატორმა ჩაიგდო ხელისუფლება“.

 

[1] გენადი იანაევი -  საბჭოთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი 1990-1991 წლებში. 1991 წლის აგვისტოს პუტჩის დროს თავი სსრკ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა.

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/achieves/Gamsakhurdia_12_Sep_1991.PDF

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023