ადამიანის უფლებები საქართველოში 1991 წელს

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია 27 მარტი 2017

გთავაზობთ, მოსკოვში, 1991 წელს, ამერიკის საელჩოდან სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილ მოხსენებას ადამიანის უფლებებზე საბჭოთა კავშირში. დოკუმენტი მიმოიხილავს მთლიანად საბჭოთა კავშირში და მის შემავალ რესპუბლიკებში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ სიტუაციას.

 

აგვისტოს პუტჩი და მისი შედეგები, კომუნისტური პარტიის 70 წლიანი მმართველობის დასრულება, ბალტიისპირეთის დამოუკიდებლობა, უდანაშაულო ხალხის დახოცვა რიგასა და ვილნიუსში, და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ თემებისა, რომელსაც მოხსენება მოიცავს. ამ შემთხვევაში, IDFI საქართველოს შესახებ მოცემულ ინფორმაციაზე გაამახვილებს ყურადღებას.

 

22 ოქტომბერი 1991

 

საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციის პირობებში, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვა ცენტრის მაგივრად მოკავშირე რესპუბლიკების პასუხისმგებლობა ხდება, დოკუმენტის მიხედვით, საქართველო „ყველაზე ცუდი შემთხვევაა“. საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობის „მძიმე დისკრიმინაციულმა პოლიტიკამ“ გამოიწვია „ძალადობრივი ეთნიკური კონფლიქტი“.

 

სახალხოდ არჩეულმა პრეზიდენტმა ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება და შეეცადა ადგილობრივ თვითმმართველობებზე, რომლებიც ავტონომიას ითხოვდნენ, პირდაპირი მმართველობა დაემყარებინა. აგრეთვე, მან შეწყვიტა დიალოგი და კომპრომისის პოლიტიკა ოპოზიციასთან. ამ პროცესის განმავლობაში, პრეზიდენტმა გამსახურდიამ დააპატიმრა ათობით პოლიტიკური ოპონენტი, მოსპო გამოხატვის თავისუფლება და წამოიწყო ფაქტობრივი სამოქალაქო ომი, რომელიც ასობით დაღუპულ, დაჭრილ და გაუჩინარებულ ადამიანს ითვლის.

 

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობის თქმით, ბევრი ოსი მშვიდობიანი მოსახლე მოტაცებულ იქნა ქართული ჯარისა და მებრძოლების მიერ, გაუჩინარებამ ხშირად სამ თვემდე გასტანა. სხვა შემთხვევებში, გაუჩინარებული პიროვნებები აღმოჩნდნენ გარდაცვლილები, ხოლო მათი დასახიჩრებული ცხედრები ოჯახებს დაუბრუნეს. ოსების შეფასებით, 1991 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ორმოცზე მეტი ადამიანია დაკარგული.

 

ადგილობრივი და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების შეფასებით, პრეზიდენტმა გამსახურდიამ 80-ზე მეტი ოპოზიციონერი დააპატიმრა, მათ შორის ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი ჯაბა იოსელიანი[1] და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ტორეზ კულუმბეგოვი. კულუმბეგოვს ბრალად ეროვნებათაშორის შუღლის გაღვივება და თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედება.

 

სექტემბერში, საქართველოს პოლიციამ დააპატიმრა ორი მთავარი ოპოზიციური ფიგურა: ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურია, და ეროვნული კონგრესის წევრი გიორგი ხაინდრავა. ჭანტურია დადანაშაულებულია ანტი-სამთავრობო ქმედებებში. საქართველოს მთავრობის მტკიცებით, დაპატიმრებულთა უმრავლესობას ბრალად მძიმე დანაშაულის ჩადენა ედება, როგორიცაა ყაჩაღობა და იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარება. თუმცა, ოპონენტების აზრით, ეს გამოგონილი ბრალდებებია ოპოზიციონერთა დაკავების მიზნით. ბევრი დაპატიმრებული ჯერ კიდევ ელოდება სასამართლო პროცესს და გამოძიების დასრულებას.

 

საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ ეროვნებათაშორის ძალადობას მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა. ქართული მილიცია და შეიარაღებული სამოქალაქო ბანდფორმირებები ხშირ თავდასხმებს ახორციელებენ ოსებზე და მათ სოფლებზე, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. ოსი ნაციონალისტების მტკიცებით,1989 წლიდან, ქართველებმა შეტაკებებში, 300-ზე მეტი ოსი იმსხვერპლეს. ოსები ადანაშაულებენ საქართველოს მთავრობას ეკონომიკურ ბლოკადაში, კერძოდ ელექტროენერგიის, მედიკამენტებისა და სურსათის მომარაგების შეწყვეტაში რეგიონისთვის.

 

საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში აიკრძალა ის მედია, რომელიც მხარს კომუნისტურ პარტიას უჭერდა ან რუსულ ნაციონალიზმს აღვივებდა, ხოლო ცენტრალურ მაუწყებლობაზე გაგრძელდა სახელისუფლებო კონტროლი. 

 

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე ქვეყნის გამოცემის ჟურნალისტს აუკრძალა რეპორტაჟის კეთება მისი ტერიტორიიდან, ანტი-ქართულად აღქმული სტატიების გამო. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი პრესკონფერენციიდან გაძევებულ იქნა პირადად პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ. ადგილობრივი გაზეთი „Молодежь Грузии“ დაიხურა საქართველოს მთავრობის მიერ, გამსახურდიას ობიექტური, თუმცა კრიტიკული გაშუქებისთვის. გაზეთის რამდენიმე თანამშრომელმა შევიწროება განიცადა და შემდგომში ვერ იპოვა სამსახური. ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები ჩივიან მათი და მათი ოჯახების უსაფრთხოებაზე. საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა მოსკოვიდან და რუსეთის რესპუბლიკიდან ნებისმიერი გადაცემის ტრანსლირებაზე. ქართველი ჟურნალისტები, რომლებმაც გამსახურდიაზე კრიტიკული სტატიები გამოაქვეყნეს, მთავრობის წარმომადგენლებს მათი ოჯახების დევნაში და თვალთვალში ადანაშაულებენ.

 

საქართველოს მმართველმა ხელისუფლებამ სცადა, აეკრძალა პოლიტიკური ოპონენტების დემონსტრაცია.

 

საქართველო და მოლდოვა წარმოადგენენ ორად ორ ქვეყანას, რომელიც ალტერნატიულ სამსახურს სთავაზობს მათ, ვინც პრინციპულად ეწინააღმდეგება სამხედრო სამსახურის გავლას.

 

საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის მთავრობები აცხადებენ, რომ მტკიცედ იცავენ რელიგიის თავისუფლებას. საქართველოში მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად ილოცონ, თუმცა ზოგიერთი უმცირესობა, მათ შორის ებრაელები, მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან დასაქმების და საცხოვრებლის ძიების დროს, მიუხედავად ადგილობრივი კანონებისა.

 

გაზაფხულში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები გამსახურდიამ დიდი უპირატესობით მოიგო. თუმცა, ოპონენტების აზრით, გამსახურდიამ, რომელიც პარლამენტს უკვე არჩეული ჰყავდა პრეზიდენტად, სპეციალურად დანიშნა არჩევნები ასე ადრე, რათა ოპონენტებს არ შესძლებოდათ ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმოება.

 

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მიესალმება მისი ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესწავლას. პრეზიდენტმა გამსახურდიამ სთხოვა ამერიკის ჰელსინკის კომისიას, სიტუაციაზე დასაკვირვებლად გრძელვადიანი დამკვირვებლები გამოეგზავნა. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა დამცველებს ბიუროკრატიული შეზღუდვების გამო უჭირთ დაპატიმრებულ პოლიტიკურ აქტივისტებთან შეხვედრა.

 

საბჭოთა კავშირის დაშლამ გააუარესა იმ ეროვნებების წარმომადგენლების ბედი, რომლებიც საკუთარ რესპუბლიკაში არ ცხოვრობენ, ან ასეთი საერთოდ არ გააჩნიათ. ყველაზე ცუდ შემთხვევებში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, ეთნიკური უმცირესობების მძიმე დისკრიმინაცია გადაიზარდა კონფლიქტში, ასობით დაღუპულით, რომელსაც ცოტა უკლია, რომ სამოქალაქო ომად გადაიქცეს.

 

სომხური ორგანიზაცია „კრუნკის“, აფხაზეთში, სომხურ სათვისტომოში სომხური ენის პოპულარიზაციის მცდელობას საქართველოს პროკურორმა რესპუბლიკის ენის კანონის უხეში დარღვევა უწოდა. ორგანიზაციის თავმჯდომარისადმი წერილში პროკურორი ორგანიზაციის აკრძალვით დაიმუქრა, თუ ეს ქმედებები არ შეწყდებოდა.

 

[1] დიდი ალბათობით, დოკუმენტი შეცდომით მიაკუთვნებს მხედრიონის ლიდერს ამ თანამდებობას.

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024