კოალიცია ეხმიანება ევროსაბჭოს კომიტეტის გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის არდამტკიცების შესახებ

განცხადებები 30 იანვარი 2017

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ეხმიანება ევროპის საბჭოს შესაბამისი კომიტეტის მიერ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სამკაციანი სიის არდამტკიცების ფაქტს.

 

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ კოალიცია წარმოდგენილი იყო ეროვნულ დონეზე კანდიდატთა შერჩევის მიზნით შექმნილ კომისიაში. როგორც გასაუბრებების მიმდინარეობისას, ასევე მოგვიანებით, კოალიციამ კომისიის სხვა წევრების, საქართველოს მინისტრთა კაბინეტისა და ფართო საზოგადოების ყურადღება გაამახვილა იმ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზე, რაც ახასიათებდა კომისიის მიერ განხორციელებულ კანდიდატთა შერჩევის პროცესს. აღნიშნული  შენიშვნები და მოსაზრებები, კოალიციამ, ასევე გაუგზავნა ევროპის საბჭოს შესაბამის ორგანოებს.

 

მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კომისიის საქმიანობაში  უშუალო მონაწილეობამ თვალნათლივ გვაჩვენა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი წევრების მიერ გაკეთებული შეფასებები, ეფუძნებოდა არა დადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატთა შესაბამისობის დადგენას, არამედ - მიზნად ისახავდა, წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას და მათ მთავრობისადმი წარსადგენ კანდიდატთა შორის მოხვედრას. სწორედ ამიტომ, ვთვლიდით, რომ ფაქტობრივად, აზრი დაეკარგა კომისიის მუშაობას და იმ მნიშვნელოვან ინიციატივას - შერჩევა განხორციელებულიყო გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის მეშვეობით - შინაარსი გამოეცალა.

 

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოგვიანებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელდა წარდგენილ სამკაციან სიაში კანდიდატის ჩანაცვლება ბუნდოვანი პროცედურისა და არგუმენტაციის საფუძველზე.

 

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონკურსში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების პოზიციები და რჩევები, რაც დიდი ალბათობით, თავიდან ააცილებდა საქართველოს კანდიდატთა სიის ჩავარდნას ევროსაბჭოში.

 

აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს შესაბამისი კომიტეტი, სახელმწიფოების მიერ წარდგენილ სიას არ ამტკიცებს იშვიათ და უკიდურეს შემთხვევებში და, ძირითადად, ორი მიზეზის გამო: 1) ხელისუფლების მიერ ჩატარებული შიდა კონკურსი ხარვეზიანია და ვერ უზრუნველყოფს ღირსეული კანდიდატების შერჩევას; 2)  კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატურების კვალიფიკაცია და სხვა თვისებები ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

საქართველოს შემთხვევაში, ევროპის საბჭომ მიიჩნია რომ ყველა კანდიდატი ვერ აკმაყოფილებდა კვალიფიკაციის კრიტერიუმს.  ცხადია,  ამგვარი ნეგატიური პრეცედენტი უარყოფითად აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც ევალებოდათ შიდა შესარჩევი კონკურსის სათანადოდ ჩატარება და კვალიფიციური კანდიდატების შერჩევა.

 

კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, ყურადღებით მოეკიდოს იმ ნაკლოვანებებს, რაც  ახასიათებდა აღნიშნული პროცესს და  შესაბამისი ცვლილებები  ასახოს ახალი კომისიის დაკომპლექტების, საქმიანობის წესის განსაზღვრისა და მუშაობის პროცესში, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის სიჯანსაღეს და მის შესაბამისობას ევროსაბჭოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან.

 

კოალიცია  მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან ხარვეზების დასაძლევად და დასახელებული მიზნების მისაღწევად.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023

“დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა” - 2023 წლის გაზაფხულის სემესტრი იწყება

22.02.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022