კოალიცია მკვეთრად უარყოფითად აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თვითნებურად გათავისუფლებას

განცხადებები 26 ივლისი 2017

 

24 ივლისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, გიორგი ებანოიძე. კოალიციის შეფასებით, საბჭოს გადაწყვეტილება უკანონოა და მის მიერ უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების კიდევ ერთ მკაფიო მაგალითს წარმოადგენს.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განსახილველად იქნა გამოტანილი საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიასთან მიერთების საკითხი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლადდანიშნული თავმჯდომარის, ვასილ მშვენიერაძის, განმარტებით ცვლილება სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განტვირთვას ემსახურებოდა. თავდაპირველად, აღნიშნული ინიციატივა საბჭოს ყველა წევრმა მოიწონა, თუმცა როგორც გადაწყვეტილების პროექტის კენჭისყრამდე გაირკვა, ცვლილება რეალურად, კანონის გვერდის ავლით, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას ემსახურებოდა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც არამოსამართლე წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა, საბჭოს წევრებს მოუწოდა კოლეგიების გაერთიანების შედეგად გიორგი ებანოიძეს თანამდებობა შეენარჩუნებინათ, საბჭოს წევრების მხრიდან ცვლილების რეალური მიზეზი პირდაპირ გაჟღერდა. მათი განმარტებით, ისინი უკმაყოფილო იყვნენ გიორგი ებანოიძის მუშაობით და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მენეჯმენტის ცვლილება სურდათ.

 

საბჭომ იმავე სხდომაზე მიიღო კოლეგიების გაერთიანების, თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მის ადგილზე ბადრი შონიას თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ გიორგი ებანოიძე 2016 წელს 5 წლიანი ვადით დაინიშნა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ, ხოლო ბადრი შონია 2017 წლიდან ასრულებდა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობას. ასეთ პირობებში, ბადრი შონიას დანიშვნა გაერთიანებული კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დამატებით ადასტურებს, რომ საბჭოს რეალური მიზანი მათთვის არასასურველი თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება იყო. უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს ამ თვითნებურ გადაწყვეტილებას მხოლოდ 3 - მა არამოსამართლე წევრმა (ვახტანგ მჭედლიშვილი, ნაზი ჯანეზაშვილი, ირმა გელაშვილი) არ დაუჭირა მხარი.

 

საყურადღებოა, რომ გიორგი ებანოიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საბჭოს დღის წესრიგით საერთოდ არ ყოფილა გათვალისწინებული. გარდა ამისა, სხდომაზე არ ყოფილა მოწვეული თავად გიორგი ებანოიძეც, რომელსაც აღნიშნულ საკითხზე აზრის გამოთქმის საშუალება მიეცემოდა. ასევე, სრულიად გაუგებარია საბჭოს წევრების არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი ებანოიძე სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში შესულ საქმეთა ნაკადს ვერ უმკლავდება, ვინაიდან სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიები საქმეებით გაცილებით გადატვირთულნი არიან, რასაც ამ კოლეგიების თავმჯდომარეების მენეჯერული უნარების ეჭქვეშ არ დაუყენებია. ამასთან, გაუგებარია რაში გამოიხატა კონკრეტულად გიორგი ებანოიძის ბრალი, ვინაიდან სასამართლოში საქმეები დადგენილი წესით უნდა ნაწილდებოდეს, ხოლო კოლეგიაში მოსამართლეთა ოდენობას იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს.

 

კოალიციამ არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოს მიერ სასამართლოების და სასამართლოს კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეების დანიშვნა და გათავისუფლება საბჭოს ხელში სასამართლოზე კონტროლის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს. სწორედ ეს მოიაზრება ძირითად მიზეზად, რატომაც საბჭო წლებია უპირისპირდება მოსამართლეებისთვის თავმჯდომარის არჩევის უფლების გადაცემას. აღსანიშნავია, რომ 24 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავმჯდომარე უკანონოდ გათავისუფლდა. 2016 წელს საბჭომ კრიტიკული განცხადებების გაკეთებიდან 2 თვეში, კანონის გვერდის ავლით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. მაშინ საბჭოს ეს გადაწყვეტილება შეფასებულ იქნა საშიშ პრეცედენტად, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას.

 

კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოს ახალი შემადგენლობა აგრძელებს წინა საბჭოს მიერ დადგენილ მანკიერ პრაქტიკას და კვლავ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს იღებს. კოალიციის შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემა არა კანონის საფუძველზე, არამედ კლანური ინტერესებიდან გამომდინარე იმართება. ამგვარი ვითარება კიდევ ერთ მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას. კოალიცია მოუწოდებს საბჭოს, დაუყოვნებლივ შეცვალოს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება და შეწყვიტოს სასამართლოსა და სასამართლოს კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეების თვითნებურად დანიშვნის/გათავისუფლების პრაქტიკა.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024