კოალიცია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შემდგომი ეტაპებიდან, საბჭოს ორი წევრის ჩამოცილებას მოითხოვს

განცხადებები 20 ივნისი 2019

 

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის დაწყებას და მოუწოდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (საბჭო) ორ წევრს ჩამოსცილდნენ კანდიდატების განხილვის შემდგომ ეტაპებს.


2019 წლის 7 ივნისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების განხილვის პროცესი. კანდიდატების რეგისტრირების თაობაზე მსჯელობის დაწყებამდე, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა საბჭოს მოსამართლე წევრის, თამარ ონიანისა და ერთ-ერთი კანდიდატის, ზურაბ აზნაურაშვილის ნათესაური კავშირის შესახებ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ცალსახად ავალდებულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში, წინასწარ განაცხადოს ამის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღოს მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. პირადი ინტერესების არსებობისას, კოლეგიური ორგანოს ინფორმირების ვალდებულებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ჩამოშორებას ითვალისწინებს ასევე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონიც.

 

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრისა და ერთ-ერთი კანდიდატის ნათესაური კავშირის შესახებ გაჟღერებული ინფორმაციის სიზუსტე საბჭოს სხდომაზევე დადასტურდა, თამარ ონიანმა უგულებელყო კანონმდებლის მოთხოვნა, კერძოდ, წინასწარ არ აცნობა საბჭოს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ და რაც უფრო პრობლემურია, რამდენიმე არამოსამართლე წევრის მოწოდების მიუხედავად, არ ჩამოსცილდა კანდიდატების განხილვის პროცესს.


რაც შეეხება საბჭოს კიდევ ერთ წევრს, 2019 წლის 14 მაისს, კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საქართველოს პარლამენტს მიმართა მოთხოვნით, შეისწავლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის - ზაზა ხარებავას არჩევის კანონიერების საკითხი. არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზაზა ხარებავას არჩევისას, მისი კანდიდატურა პარლამენტს არაუფლებამოსილმა სუბიექტმა წარუდგინა, რაც პარლამენტის რეგლამენტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის არსებითი დარღვევა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის აშკარა წინაპირობაა. თუმცა, დღემდე, საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის მიუხედავად, პარლამენტს ამ საკითხზე არ უმსჯელია, და ზაზა ხარებავა აგრძელებს საბჭოში საქმიანობას, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას.


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არაერთი ეტაპისაგან შედგება, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თითოეულ ხმას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გადაწყვეტილების მიღებაში საბჭოს იმ წევრების მონაწილეობა, რომელთა ჩართულობის კანონიერების მიმართ საზოგადოებას ლეგიტიმური კითხვები უჩნდება, კიდევ უფრო ართულებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ობიექტურად, კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად წარმართვის შესაძლებლობას და ამცირებს საზოგადოების ნდობას ამ პროცესის მიმართ.


შესაბამისად, ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, კოალიცია მოუწოდებს:


1. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრს, თამარ ონიანს, ჩამოსცილდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვისა და კენჭისყრის შემდგომ ეტაპებს;


2. საქართველოს პარლამენტს, უმოკლეს ვადებში გადაწყვიტოს ზაზა ხარებავას არჩევის კანონიერების საკითხი;


3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ზაზა ხარებავას, საკუთარი ნებით ჩამოსცილდეს საბჭოში ნებისმიერი საკითხის განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას, პარლამენტის მიერ მისი არჩევის კანონიერების საკითხის შესწავლამდე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე

10.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024