მუქარის ზარების შემთხვევები საქართველოში

პუბლიკაციები 26 აგვისტო 2024

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის (ე.წ. „რუსული კანონის”) ინიცირებისა და საპროტესტო აქციების პარალელურად მასობრივად დაიწყო კანონის მოწინააღმდეგე საპროტესტო აქციის მონაწილეების, სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების,  დევნა და დაშინება. ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ იყენებდნენ პერსონალურ მობილურზე დარეკვების სერია იყო. მასშტაბური დარეკვები 7 მაისს დაიწყო; ზარები ხორციელდებოდა ძირითადად უკრაინული და აზერბაიჯანული ნომრებიდან, ასევე, ჰაიტიდან, ბურუნდიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ა.შ. 8 მაისს –  უკვე ქართული ნომრებიდანაც. ყველა შემთხვევაში დამრეკავი ქართულად საუბრობდა და ადრესატს შეურაცხყოფას აყენებდა და აქციაში შემდგომი მონაწილეობის შემთხვევაში ემუქრებოდა. თავიდან ადამიანებს დღის განმავლობაში ურეკავდნენ, მოგვიანებით კი ზარები ღამით ხორციელდებოდა. მალევე დაიწყეს დარეკვა მომიტინგეების ოჯახის წევრებთანაც. მათაც გინებისა და მუქარის მოსმენა მოუწიათ, თანაც ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახის წევრების ლიკვიდაციითაც იმუქრებოდნენ, თუ ისინი „რუსული კანონის” წინააღმდეგ პროტესტს არ შეწყვეტდნენ [1].

 

„აი, ფაქტისა” და OCCRP-ის ერთობლივი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აზერბაიჯანიდან საქართველოში ყალბი ზარები მიწოდებული იყო ყალბი კომპანიების მეშვეობით და არ იყო შექმნილი BAKCELL-ის ანუ იმ სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიერ, რომელსაც დამრეკავთა ნომრები ეკუთვნის. მეტიც, BAKCELL-ს ეს ნომრები “005”, “004” ან “006” ინდექსებით გასაყიდად არასდროს გამოუტანია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანიდან ზარების უდიდესი ნაწილი არარსებული ან ერთჯერადი ნომრებიდან ხორციელდებოდა [2].

 

უკრაინული ნომრებიდან განხორციელებულ მუქარის შემცველ ზარებს გამოეხმაურა უკრაინული რადის წევრი, დავით არახამია და გამოთქვა ვარაუდი, რომ პროცესი საქართველოს ხელისუფლებისგან იმართება, რადგანაც, მისი ინფორმაციით, კონკრეტული უკრაინული ნომრები ქართულ მისამართებზე ფიქსირდება [3].

 

საქართველოდან დარეკვების შესაძლო ორკესტრირებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც (საია) მიუთითებდა. საია მუქარის ზარებს მალევე გამოეხმაურა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილს, მოუწოდა, რომ უწყებას შესაბამისი რეაგირება მოეხდინა. ორგანიზაციის განცხადებით, „ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება” [4].

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებს პირველად 9 მაისს გამოეხმაურა [5]განცხადებაში ნათქვამია, რომ დაიწყო საკითხის შესწავლა. ამის შემდეგ სამსახურმა კიდევ სამი განცხადება გამოაქვეყნა. ბოლო განცხადებაში, რომელიც 24 მაისით თარიღდება, ნათქვამია, რომ სამსახურმა შეისწავლა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია. აღნიშნულის თანახმად, სამსახურში წარმოდგენილ მიმართვებში მითითებული იმ ქართული სატელეფონო ნომრების ძირითადი ნაწილი, რომლებიდანაც მონაცემთა სუბიექტებთან სატელეფონო ზარები განხორციელდა, არ არის მათ ქსელში კონკრეტულ პირებზე (მათ შორის, სატელეფონო ზარების განხორციელების დროს) რეგისტრირებული, შესაბამისად, სატელეფონო ნომრები არააქტიურია. ამდენად, მათთვის უცნობია არააქტიური სატელეფონო ნომრებიდან ზარის განმახორციელებლის ვინაობის და მისი დემოგრაფიული მონაცემების, მათ შორის, ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია. “შემოწმების ფარგლებში, ასევე დადგინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სატელეფონო ნომრის ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების ქსელში კონკრეტულ პირზე რეგისტრაციის მიუხედავად, სატელეფონო ნომრის დეტალური ამონაწერის თანახმად, მითითებული ნომრიდან, ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება გამავალი/შემავალი სატელეფონო ზარები. შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ დასახელებული შემთხვევები წარმოადგენს ზარის განმახორციელებლის იდენტიფიკატორის გაყალბებას (ე.წ. Caller ID Spoofing), რომელიც ხორციელდება შემდეგნაირად: ზარის განმახორციელებელი ადრესატთან ზარს ახორციელებს რეალური ნომრის გამოყენებით, სპეციალური ინფრასტრუქტურის გავლით, რა დროსაც ზარის განმახორციელებლის რეალური ნომერი იცვლება არარსებული ან/და მითვისებული ნომრით. შედეგად, ადრესატთან დაკავშირება ხდება იმგვარად, რომ ზარის ინიციატორად აისახება არარსებული/მითვისებული სატელეფონო ნომერი და ზარის განმახორციელებელი პირის რეალური ნომერი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებისთვის დაუდგენელია” [6].

 

Caller ID Spoofing-ის გამოყენებაზე “აი, ფაქტი” აზერბაიჯანული და სხვა ქვეყნების ნომრების შემთხვევაშიც მიუთითებდა [7].

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ისიც აღნიშნა, რომ “ზარის განმახორციელებელი პირებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, ცნობილია ზარის ადრესატების სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრებთან/ნათესაურ კავშირებთან დაკავშირებული ინფორმაცია” [8].  საქართველოს ამომრჩეველთა რეესტრი მხოლოდ ადამიანის დაბადების თარიღს, რეგისტრაციის მისამართსა და ამავე მისამართზე რეგისტრირებულ ადამიანებს, ნათესაური კავშირების იდენტიფიცირების გარეშე, გვიჩვენებს. თუმცა, ეს ინფორმაცია რომ ვნახოთ კონკრეტული პიროვნების პირადობის ნომერი და გვარი უნდა ვიცოდეთ. აღნიშნულმა გააჩინა ეჭვი, რომ  მუქარის ზარების ავტორებს მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურების გავლით ჰქონდათ. 


30 ივლისს ჰელსინკის კომისიის წევრმა კონგრესმენებმა ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ ერთობლივ წერილში დაასახელეს მათთვის არსებული ცნობა, რომ „ქართული ოცნება“ შემოსავალს იღებს თაღლითური ქოლცენტრებით. ტექსტში არის ვარაუდი საქართველოში გამოვლენილ სატელეფონო ტერორთან დაკავშირებითაც: „შესაძლებელია, რომ იგივე ქოლცენტრები იყო სხვადასხვაგვარად მობილიზებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, აქტივისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების შევიწროებისა და დაშინების მიზნით". 12 აგვისტოს ჰელსინკის კომისიამ მიმართა სახელმწიფო დეპარტამენტს - დაუპირისპირდეს ქოლცენტრებს, "რომლებიც აფინანსებენ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ"
 [9].

 

ჰელსინკის კომისიის განცხადებებში ასახულ ბრალდებებზე საუბრობენ ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. „გახარია საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ 13 აგვისტოსაც მოუწოდებდა საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ, რასაც ექსპრემიერის პარტია 2023 წლის აპრილშიც მოითხოვდა. „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ „პენსიონერების ფულის მოპარვის პარალელურად 2024 წლის აპრილიდან „ოცნებამ“ ქოლცენტრების გამოყენება "აქციების მონაწილე ხალხის წინააღმდეგ დაიწყო“ [10].

 

ბოლო პერიოდში დარეკვების სიხშირემ საგრძნობლად იკლო და ჩანაცვლდა WhatsApp-ზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით: “გამარჯობა. რაღაც მაქვს შენთან სალაპარაკო”. ამ შემთხვევაშიც ადრესანტის ნომერი ან ქართულია, ან უცხოური.

 

მსგავსი პრაქტიკა დაფიქსირებულია რუსეთში, სადაც მას უკვე წლებია იყენებენ ოპოზიციონერი და უკრაინის ომის წინააღმდეგ გამოსული აქტივისტების დასაშინებლად. მაგალითად, 2022 წლის აპრილში ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუში აქტივისტი მიხეილ სამინი აღნიშნავს, რომ ანტისაომარი საჯარო განცხადების შემდეგ მას დღეების მანძილზე უცნობი პირები ურეკავდნენ მობილურზე და ემუქრებოდნენ, რომ თუ ყველა განცხადებას წაშლის, მშვიდად დაიძინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასსა და მის საყვარელ ძაღლს აივნიდან გაისვრიდნენ. “მოღალატეების ადგილი აქ არ არის”  [11].

 

საქართველოში მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, IDFI განაახლებს აღნიშნულს სტატიას და დაამატებს შესაბამის ახალ გარემოებებს. 

 

 

[1]https://netgazeti.ge/life/721550/

[2]https://ifact.ge/ris-pasad-mivighet-rusuli-kanoni/

[3] https://mtavari.tv/news/155537-es-aris-shemtkhveviti-ukrainuli-nomrebi

[4]https://netgazeti.ge/life/721550/

[5] https://pdps.ge/ka/content/979/728/gancxadeba-ucnobi-pirebis-mier-moqalaqeTa-satelefono-nomrebis-damuSavebis-kanonierebas-Seiswavlis-dawyebis-Sesaxeb

[6]https://pdps.ge/ka/content/979/755/gancxadeba-moqalaqeebTan-satelefono-zarebis-ganxorcielebis-Sesaxeb

[7]https://ifact.ge/ris-pasad-mivighet-rusuli-kanoni/

[8]https://pdps.ge/ka/content/979/755/gancxadeba-moqalaqeebTan-satelefono-zarebis-ganxorcielebis-Sesaxeb

[9]https://www.radiotavisupleba.ge/a/33077406.html

[10]https://www.radiotavisupleba.ge/a/33077406.html

[11]https://www.golosameriki.com/a/threats-towards-anti-war-activists-in-russia-article/6527336.html

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024