სსიპ-ებსა და დამოუკიდებელ უწყებებში 2020 წელს გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები

სიახლეები | კვლევები | კორუფციასთან ბრძოლა | აქტუალური თემები | ანალიზი 28 მაისი 2021

2018 წელს ძალაში შევიდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც განისაზღვრა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხი. კანონის მიხედვით, მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა. კერძოდ, წლის განმავლობაში გაცემული სახელფასო დანამატის მაქსიმალური ოდენობა, წლიური სარგოს 20%-ით, ხოლო ფულადი ჯილდო (პრემია) - წლიური სარგოს 10%-ის ოდენობით შემოიფარგლა. ამასთან, სახელმწიფო-პოლიტიკურ და პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე როგორც სახელფასო დანამატების, ასევე პრემიების (ფულადი ჯილდო) გაცემა აიკრძალა.   ახალი კანონის პირობებში, პრემიებსა და სახელფასო დანამატებზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შრომის ანაზღაურების სამართლიანი სისტემის ფორმირების პროცესში, გამოწვევად იქცა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის კოეფიციენტების ახალი სისტემა.  2018 წლის შემდეგ, IDFI-ს მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებდა რომ ახალი კანონის მოქმედების პირობებშიც თანამდებობის პირების უმეტესობას, თანამდებობრივი სარგოს სახით შეუნარჩუნდათ იმ ოდენობის შრომის ანაზღაურება, რაც წლების განმავლობაში გაიცემოდა ქაოტური სახელფასო პოლიტიკის პირობებში.  

 

ამასთან, ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდა მთელ რიგ უწყებებზე და თანამდებობებზე. მაგალითად, ძალოვანი უწყებების სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე,  საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებზე და მოსამსახურეებზე და სხვა.  

 

2020 წელს, საჯარო დაწესებულებებში ფულადი ჯილდოების (პრემია) და სახელფასო დანამატების გაცემის თვალსაზრისით, კანონმდებლობით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად, მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი უნდა გამხდარიყო კორონავირუსის პანდემიით შექმნილი კრიზისული მდგომარეობა.  საქართველოს ხელისუფლება, პანდემიით განპირობებული ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მიზნით, აანონსებდა ადმინისტრაციული ხარჯების მაქსიმალურ შემცირებას.

 

პანდემიის პერიოდში საჯარო დაწესებულებებში ფულადი ჯილდოების (პრემიების) და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკის შესწავლის მიზნით,  IDFI-მ განახორციელა აქტიური მონიტორინგი.  კერძოდ, საჯარო დაწესებულებებიდან  დროის სხვადასხვა პერიოდში ორ ეტაპად (2020 წლის საწყისი და შემდეგი 6 თვის მონაცემები)  მოითხოვა თანამდებობის პირებზე, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ საჯარო ინფორმაცია.

 

წინამდებარე კვლევის ფარგლებში, წარმოდგენილია საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის და სხვა დამოუკიდებელი უწყებებისთვის (მარეგულირებელი ორგანოები და სხვა)  გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული პასუხების ანალიზი. კერძოდ, კვლევის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები გაეგზავნა 100 უწყებას, საიდანაც კვლევის მიზნებისთვის მეტნაკლებად სრულყოფილი პასუხი მიღებულია 77 უწყებიდან.

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2020 წელს, კვლევის ობიექტი 77 უწყებიდან,  საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო(პრემია) ან/და სახელფასო დანამატი გაიცა 44 საჯარო  დაწესებულებაში -  სულ 21,5 მილიონი ლარი, საიდანაც ფულადი ჯილდოს (პრემია) ოდენობაა– 9,5 მილიონი ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის- 12 მილიონი ლარი.

 

- 2020 წელს სსიპ-ებში და სხვა დამოუკიდებელ უწყებებში გაცემული ფულადი ჯილდოების (პრემია) და სახელფასო დანამატის უდიდესი ნაწილი მოდის ისეთ უწყებებზე, რომლებზეც არ ვრცელდება  „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მოქმედება.

 

- 2020 წელს, ყველაზე მეტი თანხა საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს (პრემიის) სახით გასცეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5,5 მილიონი ლარი) და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა  კომისიამ (3 მილიონი); ხოლო სახელფასო დანამატის სახით  - საქართველოს პროკურატურამ  (3,5 მილიონი ლარი) და  სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა - (2,3 მილიონი ლარი).

 

- ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ და 4-მა წევრმა 2020 წელს პრემიის სახით მიიღო სულ 218,176 ლარი.   კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის 3-მა წევრმა 2020 წელს ჯამში 128 208 ლარი, ხოლო ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯამში 94 760 ლარი;

 

- საქართველოს პროკურატურაში, თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატის სახით გაიცა  - 731 60 ლარი , ხოლო  სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში - 228 440 ლარი. 

 

- 2020 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თანამდებობის პირებზე ფულადი ჯილდო ან დანამატი აღარ გაუცია.  მაშინ როდესაც, 2019 წლის ივლისის თვეში გენერალური აუდიტორის მოადგილეებზე ფულადი ჯილდოს სახით გაიცა თანამდებობრივი სარგოს ოთხმაგი ოდენობა, ხოლო დეკემბრის თვეში ხუთმაგი ოდენობა.

 

- პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული უწყებების თანამშრომლებს, IDFI-ს შეფასებით, არ ეძლევათ  მათ მიერ გაწეული ზეგანაკვეთური შრომის ადეკვატური ანაზღაურება. მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული  ცენტრის თანამშრომლებზე, 2020 წელს ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატის სახით გაცემულია მხოლოდ წლიური სარგოს 6%.

 

- კვლევის ობიექტი 100 საჯარო დაწესებულებიდან, კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდება მხოლოდ 77-მა უწყებამ უზრუნველყო.

 

 

 

 

დასკვნა

 

2020 წელს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და სხვა დამოუკიდებელ უწყებებში ფულადი ჯილდოებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი არაერთგვაროვნად აისახა სხვადასხვა უწყების სახელფასო პოლიტიკაზე.   კვლევაში განხილული საჯარო დაწესებულებების მაგალითზე, განსაკუთრებულ პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს იმ უწყებების სახელფასო პოლიტიკა, რომლებზეც არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის მოქმედება. მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის და მარეგულირებელი ორგანოების მიერ 2020 წელს წარმოებული სახელფასო პოლიტიკა, ნაკლებად თანხვედრაშია,  პანდემიის შედეგად ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან.

 

 ასევე, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, მთელი რიგი საჯარო დაწესებულებების მიერ 2020 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის დამალვა. ინსტიტუტი მიიჩნევს რომ,  ასეთი მონაცემების დაფარვის მიზეზი შესაძლებელია განპირობებული იყოს საზოგადოებრივი უკმაყოფილებისგან თავის არიდების სურვილით.  შესაბამისად, ამ უწყებების მიერ 2020 წელს გაცემული ფულადი ჯილდოების (პრემიები) და სახელფასო დანამატების შესახებ  დაფარული მონაცემები შესაძლებელია მნიშვნელოვნად ცვლიდეს კვლევაში მოყვანილ მაჩვენებლებს და ტენდენციებს.  

 

კვლევაში განხილული გარემოებების გათვალისწინებით, IDFI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

 

- საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს მის გავრცელებას ყველა საჯარო დაწესებულებაზე;

 

- პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულ უწყებებს მიეცეთ  სახელფასო ფონდის ზრდის შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელთა ზეგანაკვეთური სამუშაოს ადეკვატურ ანაზღაურებას;  

 

- საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ, გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა;

 

- სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უზრუნველყოს საჯარო დაწესებულებებში არსებული სახელფასო პოლიტიკის ეფექტიანი მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციით საზოგადოების თანმიმდევრული ინფორმირება.

 

/public/upload/Luminate/bonuses_and_salary_supplements_issued_in_2020-min.pdf

 

___

 

 

კვლევა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023