ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება - 2020-2021 წწ.

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ანგარიში 25 მაისი 2022

საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გამოწვევების დროულად და ეფექტიანად გადაჭრისთვის. საჯარო-კერძო დიალოგი ხელს შეუწყობს ინკლუზიური, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას. ასევე, უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების ეფექტიან აღსრულებას.

 

წინამდებარე ანგარიშის მიზანია, შეაფასოს კერძო სექტორის ჩართულობის ხარისხი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის მქონე კანონებისა და დადგენილებების მომზადების პროცესში. ანგარიში მოიცავს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასებას 18 ნორმატიული აქტის მომზადების პროცესში, რომლებიც მიღებული იქნა 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის სექტემბრამდე პერიოდში. შესაფასებლად შეირჩა 8 კანონი, 8 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი და 2 მუნიციპალიტეტის ორგანოს ნორმატიული აქტი. შერჩეული მუნიციპალიტეტებია ოზურგეთი და ზუგდიდი.

 

ძირითადი მიგნებები

 

შერჩეული 18 აქტის კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები:


- საჯარო-კერძო დიალოგის ყველაზე სუსტ რგოლს პოლიტიკის შემუშავების ეტაპი წარმოადგენს. საჯარო უწყებების მხოლოდ მესამედმა უზრუნველყო კერძო სექტორთან სრულყოფილი დიალოგი საწყის ეტაპზე.


- თითქმის ყველა ნორმატიული აქტის მომზადებამდე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეისწავლეს დარგში არსებულ გამოწვევები ან/და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. თუმცა, განხორციელებული კვლევა არ ჩამოყალიბებულა დოკუმენტის სახით და ხშირ შემთხვევაში მიუწვდომელი იყო კერძო სექტორისთვის.

 

- ნორმატიული აქტის ტექსტზე მუშაობის დაწყებამდე ჩატარებული დიალოგი საჯარო და კერძო სექტორს შორის ძირითადად იყო ზოგადი ხასიათის. საჯარო სექტორი კერძო სექტორს წარუდგენდა კონცეპტუალურ საკითხებს, ხოლო კერძო სექტორი შემოიფარგლებოდა ზოგადი კომენტარებით.

 

- საჯარო დაწესებულებები აყალიბებდნენ სამუშაო ჯგუფებს კერძო სექტორის მონაწილეობით, მხოლოდ კანონპროექტების შემუშავების შემთხვევაში. მაგალითისათვის, სამუშაო ჯგუფები ჩამოყალიბდა ინვესტორთა საბჭოში და იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელ საკონსულტაციო საბჭოში.

 

- კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემთხვევაში პირველად ვერსიებს ძირითადად საჯარო უწყებები ამზადებდნენ, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების დახმარებით. ხოლო კერძო სექტორის წარმომადგენლები ერთვებოდნენ სამუშაო ვერსიის განხილვის პროცესში.


- საჯარო დაწესებულებები წინასწარ ახდენდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლების (ძირითადად, კომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების) იდენტიფიცირებას, რომელთაც უზიარებდნენ ნორმატიული აქტის ტექსტს და იწვევდნენ განხილვებზე.

 

- თითქმის ყველა ნორმატიული აქტის ტექსტზე მუშაობის ეტაპზე იყო კერძო სექტორი ჩართული კომენტარებისა და შენიშვნების გაზიარების თვალსაზრისით. ხშირ შემთხვევაში საჯარო უწყებები ღია იყვნენ კომუნიკაციისთვის და კომენტარების გათვალისწინება/გაუთვალისწინებლობის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებდნენ კერძო სექტორთან კომუნიკაციის შედეგად. თუმცა, რამდენიმე ნორმატიული აქტის მომზადებისას საჯარო უწყება ნაკლებად იყო შენიშვნების გასათვალისწინებლად მზად.


- საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით ყველა საჯარო დაწესებულებას დანერგილი აქვს ან ნერგავს ნორმატიული აქტის სამუშაო ვერსიის ვებგვერდზე გამოქვეყნების პრაქტიკას. გარდა ამისა, საბოლოო ვერსიები კერძო სექტორთან იგზავნება ელ. ფოსტით.

 

- თითქმის ყველა საჯარო უწყებამ მოაწყო სულ მცირე ერთი საჯარო-კერძო დიალოგი ნორმატიული აქტის საბოლოო ვერსიის განსახილველად. თუმცა, დამატებითი, პროაქტიული ზომებით რამდენიმე უწყება გამოირჩეოდა.

 

- საჯარო დაწესებულებები უკუკავშირისთვის იყენებდნენ როგორც ზეპირ, ისე წერილობით მეთოდს. კერძო სექტორისთვის საჯარო უწყების დასაბუთება ყოველთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო. ხშირ შემთხვევაში დეტალური უკუკავშირის ნაცვლად კერძო სექტორი პირდაპირ განახლებულ ვერსიებს იღებდა.

 

- კერძო სექტორმა დადებითად შეაფასა საჯარო სექტორის ღიაობა ნორმატიული აქტების განხილვის დროს. თუმცა, რიგ შემთხვევებში, უარყოფითად შეაფასა შენიშვნების გათვალისწინებისთვის მზაობა.


კერძო სექტორის ჩართულობა და ინტერესი განსხვავდებოდა თემატიკის მიხედვით. რიგ შემთხვევებში, საჯარო სექტორის პროაქტიულობის მიუხედავად, კერძო სექტორი გააქტიურდა ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის შემდეგ.

 

- რეგულირების გავლენის შეფასება მომზადდა სამ კანონზე და სამ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე. RIA-ს მოუმზადებლობის მთავარ მიზეზად საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების ვალდებულება სახელდებოდა. ნაკისრი ვალდებულება დღის წესრიგიდან ხსნიდა ნორმატიული აქტის მიღება/არმიღების საკითხს.

 

- საჯარო დაწესებულებების მცირე ნაწილმა გამართა კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგი მთელი ქვეყნის მასშტაბით, დანარჩენები კონცენტრირებული იყვნენ თბილისზე. ნორმატიული აქტების სპეციფიკა ზოგჯერ ზღუდავს საჯარო სექტორს რეგიონში მყოფი საზოგადოების ჩართულობისგან, თუმცა, ნორმატიული აქტები, რომლებიც ეხება ქვეყნის ყველა მოქალაქეს საჭიროებს მათ ინფორმირებულობას.

 

- ყველა შეფასებული აქტის საჯარო განხილვაში ჩართული იყვნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები, ეს შესაძლოა ყოფილიყო მაღალი რგოლის მენეჯმენტი, ან საშუალო რგოლის მენეჯმენტი გადაწყვეტილების მიღების მანდატით.

 

- კერძო სექტორიდან დიალოგში ძირითადად ჩართული იყვნენ კომპანიები, დარგობრივი ასოციაციები და ექსპერტები. დიალოგში ნაკლებად იყვნენ ჩართული აკადემიური წრეები, სტუდენტები.

 

-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება, 2020-2021 წწ. შერჩეულ მუნიციპალიტეტებში მოხდა არსებული გამოწვევების ანალიზი ადგილობრივ კერძო სექტორთან კომუნიკაციის შედეგად. თუმცა, კერძო სექტორი ნაკლებად იყო ჩართული მუნიციპალიტეტის ორგანოს ნორმატიული აქტის ტექსტზე მუშაობის პროცესში.

 

- მუნიციპალიტეტებში ძირითადად საჯაროდ განიხილება ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი და მისი თანმდევი დადგენილებები, სხვა ადგილობრივი ნორმატიული აქტების შემთხვევაში ნაკლებად არის დიალოგი უზრუნველყოფილი.


- შეფასებული ნორმატიული აქტების შემუშავების ვადა მერყეობს 0-8 წლამდე.

 

რეკომენდაციები

 

- საჯარო სექტორმა კერძო სექტორთან დიალოგი უნდა დაიწყოს პოლიტიკის დაგეგმვის ეტაპზე. ხშირ შემთხვევაში საკანონმდებლო რეფორმები/ცვლილებები გამომდინარეობს ქვეყნის სტრატეგიული მიზნებიდან, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მონაწილეობა პოლიტიკის დაგეგმვის, სტრატეგიებისა და გზამკვლევების შემუშავების დროს.

 

- აუცილებელია მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური გავლენის მქონე აქტების რეგულირების გავლენის შეფასება. აღნიშნული ეხება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დასაახლოებელ კანონმდებლობასაც, რადგან შეთანხმება ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპულ კანონებთან, რაც კანონმდებლობის ქართულ რეალობაზე მორგების საშუალებას იძლევა.

 

- ამასთან ერთად, რეგულირების გავლენის შეფასება უნდა მომზადდეს ნორმატიული აქტის ტექსტზე მუშაობის დაწყებამდე, რათა RIA-ზე დაყრდნობით ჩამოყალიბდეს ნორმატიული აქტის ძირითადი პრინციპები.

 

- საჯარო დაწესებულებების მიერ მომზადებული ანალიტიკური დოკუმენტები (RIA, პრობლემის ანალიზის დოკუმენტი, საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა, ა.შ.) უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი კერძო სექტორის ყველა წარმომადგენლისათვის. ინკლუზიურობის უზრუნველყოფის მიზნით, პოლიტიკის დაგეგმვის ეტაპზე საჯარო უწყებებმა უნდა მოახდინონ კერძო სექტორის იმ წარმომადგენლების იდენტიფიცირება და ინფორმირება, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ეხება საკანონმდებლო რეფორმა/ცვლილება.

 

- მაღალი ხარისხის დიალოგის წარმოებისათვის საჯარო სექტორმა უნდა ჩამოაყალიბოს სამუშაო ჯგუფები საჯარო და კერძო სექტორის მონაწილეობით, რომლის ფარგლებშიც მოხდება ნორმატიული აქტების მომზადება. აღნიშნული გაზრდის ორივე მხარის პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას.

 

- საჯარო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ კომენტარების მიღებისა და უკუკავშირის სისტემატიზირებული პროცესი.

 

- საჯარო უწყებებმა პროაქტიულად უნდა გაავრცელონ ნორმატიული აქტების საბოლოო ვერსიები და უზრუნველყონ საზოგადოების ფართო სპექტრის ინფორმირება.


- ნორმატიული აქტების საჯარო განხილვები უნდა ჩატარდეს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.


- უნდა მოხდეს რეგიონში მცხოვრები საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საჯარო-კერძო დიალოგის თაობაზე და დიალოგში მათი მონაწილეობის მნიშვნელობაზე.


- ასევე, უნდა მოხდეს აკადემიური წრეების, სტუდენტების, ექსპერტების, საზოგადოების სხვა ჯგუფების ცნობიერების ამაღლება დიალოგში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე.

 

- ნორმატიული აქტები უნდა მომზადდეს გონივრულ ვადებში, რათა არ მოხდეს დროისა და ფულადი რესურსის არაეფექტიანად ხარჯვა.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024