პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობის ხარჯები

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 19 ნოემბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტის  რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის ძვირადღირებული  ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და სხვა ინტერიერის აქსესუარების შესყიდვა განხორციელდა სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, შესაბამისი ბაზრის დაჩქარებული შესწავლა/ექსპერტიზის  და კონკურენციის არ არსებობის პირობებში.

 

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში შექმნილი სარეზერვო ფონდები გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად გამოიყენება. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის თანხის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, აჩენს კითხვებს რამდენად შეესაბამება ეს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდის განკარგვის პრინციპებს.   კერძოდ, პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობა, წარმოადგენს იმ ტიპის ხარჯებს, რომლის გათვალისწინებაც შესაძლებელია ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და ნაკლებად არის განპირობებული ფორს-მაჟორული ან გაუთვალისწინებელი სიტუაციიდან. 

 

წინამდებარე კვლევის ფარგლებში IDFI შეეცადა გამოერკვია  როგორ წარიმართა ათონელის რეზიდენციის ანტიკვარული და თანამედროვე ნივთებით კეთილმოწყობის პროცესი და რა დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს თითოეული სამუზეუმე ექსპონატის თუ თანამედროვე ნივთის  შესყიდვა.  შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებით IDFI-მ მიმართა პროცესის სავარაუდო მონაწილეებს:  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს, სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას,  სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს.

 

 

 

აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

 

- საქართველოს  პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის  სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი;

 

- სულ გაიხარჯა 2 174 783 ლარი, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი მათ რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი - თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას;

 

- ოქმების მიხედვით,  ეროვნული მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა ორ დღეში,  ადგილზე შეისწავლა 58 ანტიკვარული ნივთი და  მათი ვიზუალური დათვალირებით განსაზღვრა მათი შესყიდვის მიზანშეწონილობა;

 

- ეროვნული  მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა სულ  შეისწავლა 62 ანტიკვარული ნივთი, საიდანაც 51-ზე შესაძლებლად მიიჩნია  ნივთის შეძენა შემოთავაზებულ ფასად, ხოლო 11 შემთხვევაში დაასკვნა, რომ შემოთავაზებული ფასი აღემატებოდა მის რეალურ ღირებულებას

 

- კომისიის თანხმობით სულ შესყიდულია 47 ოქმის მიხედვით შეფასებული ანტიკვარული ნივთები, მათ შორის:  10 გარნიტური/სამეული, 7 ბული/ბიურო მარკეტრი, 7 ჭაღი, 5 მაგიდა, 3 ბუხრის საათი, 3 სარკე, 3 შანდალი, 2 ხალიჩა და სხვა;

 

- ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის  ყველაზე ძვირადღირებულია  რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი - 59 000 აშშ დოლარი;

 

- ოთხ  ანტიკვარულ ჭაღში - ჯამში 133 410 აშშ დოლარი/391 112 ლარი დაიხარჯა; 

 

- შესყიდულ ანტიკვარულ ავეჯს (გარნიტურები, ბული, მაგიდა) შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსული - პავლე პირველის პერიოდის (1754-1801) „ბიუროს სეკრეტერი“ - საწყისი ღირებულებით 18 100 აშშ დოლარი;

 

- შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორის,  ვხდებით სხვადასხვა ძვირადღირებულ  ინტერიერის აქსესუარებს. მაგალითად, 8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად - ირანული მამლის ფიგურების წყვილი,  3 წყვილი შანდალი - თითოეულის ფასი  3000 დან 8000 აშშ დოლარამდე,  3 ბუხრის საათი - თითოეულის ფასი 7000 დან 18 000 აშშ დოლარამდე, შუა აზიური ორი ხალიჩა - თითოეულის საწყისი  ფასი 5000 დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა;

 

- შესყიდულ  ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული -  ფრანგული, 6 ერთეული - რუსული,  3 ერთეული ირანული, ხოლო  2 ერთეული - შუა აზიური;

 

- პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის ანტიკვარული ნივთების გარდა, ტენდერის გარეშე დამატებით შესყიდულია 111 ერთეული სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ავეჯი (1 ბიბლიოთეკის კედელი, 2 ტახტი, 13 მაგიდა, 60 სკამი/სავარძელი, 22 კონსოლი, 5 ტუმბო/დესაო, 8 პედესტალი);

 

- თანამედროვე ავეჯს შორის ყველაზე ძვირადღირებულია 13 000 ევროს და 10 300 ევროს ღირებულების ტახტები;

 

- პრეზიდენტის რეზიდენციისთვის  შესყიდულია  120 ერთეული თანამედროვე  სანათი საშუალება (17 ჭაღი, 49 ბრა, 38 ტორშერი, 9 მაგიდის ლამპა,  7 ნათურა);

 

- შესყიდული 17 თანამედროვე ჭაღიდან თითოეულის ფასი 1900-დან 6 000 ლარამდე მერყეობს,  38 ტორშერიდან თითოეულის ფასი -  300-დან 4 000 ლარამდე,  49 ბრიდან - თითოეულის ფასი - 700- დან  2700 ლარამდე, 9 მაგიდის ლამპიდან - თითოეულის ფასი 1100-დან 1 500 ლარამდე,  7 ნათურა - თითოეულის ფასი 41,9 ევრო.

 

IDFI მიიჩნევს რომ, მსგავსი შინაარსის შესყიდვებისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა, მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სარეზერვო ფონდის განკარგვის მთავარ პრინციპს, რაც თანხების გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გამოყოფას გულისხმობს, ხოლო  ბაზრის სათანადო შესწავლის და კონკურენციის  არ არსებობის პირობებში განხორციელებული სოლიდური ღირებულების შესყიდვები, მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს.  

 

პრეზიდენტის რეზიდენციისათვის ანტიკვარული ნივთების შესყიდვის პროცესის (მაგალითად, ეროვნული მუზეუმის მიერ ვიზუალური დათვალიერებით 2 დღეში დასრულებული ანტიკვარული ნივთების  უდიდესი ნაწილის შესწავლის პროცესი) და ცალკეული ნივთების ფასი (მაგალითად, 59 000 აშშ დოლარად შესყიდული ჭაღი, 13 800 აშშ დოლარად შესყიდული სამეული მაგიდით და ა.შ. ) საეჭვოს ხდის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას ანტიკვარული ნივთების  შესყიდვით გარკვეული ეკონომიის გაკეთებასთან დაკავშირებით. ასევე, ეჭვქვეშ აყენებს  საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მოტივით პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილმდებარეობის საჭირო ცვლილებასთან დაკავშირებით. 

 

ამასთან, საბიუჯეტო სახსრებით პრეზიდენტის რეზიდენციის მაღალ ფასიანი ანტიკვარული ნივთებით კეთილმოწყობა, ვერ ჩაითვლება საზოგადოებისათვის და მომავალი თაობებისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნების ოპტიმალურ  გადაწყვეტილებად და  პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესატყვის საქმიანობად. ინსტიტუტი მიიჩნევს რომ, ამგვარი ღონისძიებებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები უნდა გამოეყოს იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს (მაგალითად ეროვნულ მუზეუმი) რომელთა უშუალო კომპეტენციაა კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა და  სამუზეუმო ექსპონატების  გადარჩენა-ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

 

საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვის თვალსაზრისით განსაკუთრებული რისკის მატარებელია, ტენდერის გარეშე 720 225 ლარი ღირებულების თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ფარდების  შესყიდვა.

 


IDFI მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დეტალურად შეისწავლოს სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის გამოყოფილი თანხების  განკარგვის მიზნობრიობა და ხარჯთეფექტურობა.

 

ანალიზი მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.

 

 

/public/upload/goga/Antique Refurbishment Costs of the Atoneli Presidential Residence.pdf

 

 

/public/upload/goga/Annex.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არასათანადო რეაგირება საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე

09.12.2024

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024