ანტივაქსერული მოძრაობა და რუსული პროპაგანდა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 5 მაისი 2020

მაშინ, როცა მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის და ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის მოლოდინშია, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ადამიანებში ვაქცინების მიმართ ნდობის გაზრდა. ვაქცინაცია საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობას დაეხმარა ისეთი დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებაში, როგორებიცაა წითელა, წითურა, ყბაყურა, ტუბერკულოზი, ტეტანუსი და სხვა. თუმცა, დღიდან ვაქცინის გამოგონებისა, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც დაავადებების წინააღმდეგ ამ მეთოდით ბრძოლას ამა თუ იმ მიზეზით ეწინააღმდეგებოდნენ.

 

სხვადასხვა პერიოდში, აცრისთვის ნდობის ასამაღლებლად მიმართავდნენ ხალხის დარწმუნების მეთოდებს, რაც, ძირითადად, გამოიხატებოდა პოპულარული/ ავტორიტეტული ადამიანის მიერ საჯაროდ აცრაში. არსებობს ისტორიული ცნობა, რომ როდესაც ქართლში შავი ჭირის და ყვავილის ეპიდემიები მძვინვარებდა, ერეკლე მეორემ 1772 წელს თავისი ვაჟი იულონი საჯაროდ ააცრევინა, რის შემდეგაც ხალხი ენდო სიახლეს და მათაც მასობრივად დაიწყეს საკუთარი შვილების აცრა. 1956 წელს, ედ სალივანის შოუში, იმ დროისთვის ყველაზე პოპულარული ამერიკელი, ელვის პრესლი პოლიომიელიტზე საჯაროდ აიცრა, რის შემდეგადაც ამერიკაში აცრების რაოდენობა 0.6%-დან 80%-მდე გაიზარდა.

 

მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში ანტივაქსერულმა მოძრაობებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია, რაც, ერთი მხრივ, შეიძლება საინფორმაციო საშუალებების დახვეწითა და განვითარებით აიხსნას, რამაც ადამიანებს შორის ინფორმაციის მიმოცვლა დააჩქარა. თუმცა, თანამედროვეობაში, აღნიშნული მოძრაობები უშუალოდაა დაკავშირებული ყოფილი ბრიტანელი ექიმის, ენდრიუ უეიკფილდის სახელთან, რომელსაც მოგვიანებით ექიმის კვალიფიკაცია ჩამოერთვა.

 

1998 წლის 28 თებერვალს, უეიკფილდმა თანაავტორებთან ერთად სამეცნიერო ჟურნალ The Lancet-ში გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც მოიცავდა აუტისტური სპექტრის მქონე თორმეტი ბავშვის გამოკვლევას, რის საფუძველზეც იგი ასკვნიდა, რომ არსებობდა კავშირი ბავშვებში აუტიზმის განვითარებასა და MMR (წითელა, ყბაყურა, წითურა) ვაქცინაციას შორის. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული სხვა არცერთი მსგავსი კვლევა არ ადასტურებდა კავშირს აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის, უეიკფილდის კვლევას დიდი გამოხმაურება ჰქონდა მედიასა და სამეცნიერო წრეებში და მნიშვნელოვნად გააქტიურდა ანტივაქსერული კამპანიებიც, რის შედეგადაც, მალევე, მსოფლიოში წითელას აფეთქების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 2004 წელს, უეიკფილდის კვლევამ კვლავ მიიპყრო საჯარო ინტერესი მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ბრაიან დირმა გამოცემა The Sunday Times-ში გამოაქვეყნა სტატია. სტატიაში საუბარი იყო რომ უეიკფილდის კვლევაში ჩართული თორმეტი ბავშვის მშობელი დაქირავებული იყო ბრიტანელი იურისტის მიერ, რომელიც სწორედ ამ პერიოდში სასამართლო დავას აწარმოებდა MMR ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის წინააღმდეგ. ასევე, The Sunday Times იუწყებოდა, რომ უეიკფილდმა აღნიშნული კვლევისთვის ადვოკატებისგან 400,000 ფუნტზე მეტი მიიღო. The Sunday Times-ის სტატიების გამოქვეყნების შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს გენერალურმა სამედიცინო საბჭომ ჩაატარა გამოძიება, რის საფუძველზეც მას ჩამოერთვა ექიმის ლიცენზია. ასევე, მისი სტატია გაქრა The Lancet-ის პუბლიკაციებიდან, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა უკვე აგორებულ ანტივაქსერულ კამპანიას მსოფლიო მასშტაბით, რომელიც დღემდე აქტიურია.

 

ბოლო პერიოდში ანტივაქსერული მოძრაობების წახალისებაში გამოიკვეთა რუსული პროპაგანდის კვალიც.

 

2018 წელს, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, დეივიდ ბრონიატოვსკიმ თანაავტორებთან ერთად გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ სოციალურ ქსელებში ათასობით რუსული ანგარიში ავრცელებდა დეზინფორმაციას ვაქცინაციასთან დაკავშირებით და აღვივებდა ანტივაქსერულ განწყობებს. მკვლევრებმა შეაგროვეს 2014 წლიდან 2017 წლამდე გამოქვეყნებული 2 მილიონამდე Tweet-ი, რომელთა ანალიზის საფუძველზეც დაასკვნეს, რომ რუსული ტროლები უფრო ხშირად პოსტავდნენ ვაქცინაციის შესახებ, ვიდრე ჩვეულებრივი მომხმარებლები. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ვაქცინაციის თემას რუსული პროპაგანდა იყენებდა აშშ-ის საზოგადოებაში ჯანდაცვის უწყებებისა და ხელისუფლების მიმართ უნდობლობის, განხეთქილებისა და ქაოსის გასაღვივებლად.

 

აღსანიშნავია, რომ რუსული „ტროლ გვერდები“ აქვეყნებდნენ ინფორმაციას როგორც ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ, ასევე - მის სასარგებლოდ, თუმცა დეზინფორმაციის უდიდესი წილი ანტივაქსერულ მესიჯებზე მოდიოდა (იხ. გრაფიკი №1. მაგალითად, რამდენიმე Tweet გვაუწყებდა: „ვაქცინები მშობლის არჩევანია! არჩევანი პატარა კუბოს ფერის შესახებ“; „იცოდით, რომ არსებობს საიდუმლო სამთავრობო მონაცემთა ბაზა ვაქცინაციით დაზარალებული ბავშვების შესახებ?“; „თქვენ კვლავ მკურნალობთ თქვენ შვილებს ფოთლებით? არა? აბა, რატომ არ ცრით მათ? ეს წამალია!“ კვლევის მიხედვით, ამგვარი ორაზროვანი მესიჯების გავრცელებით, რუსული პროპაგანდა ცდილობდა საზოგადოებაში ვაქცინებთან დაკავშირებით ფართო დებატების არსებობის შესახებ ილუზიის შექმნას, რაც ამერიკელების პოლარიზაციას უწყობდა ხელს.

 

გრაფიკი 1. წყარო: https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6137759/

 

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთმა საინფორმაციო ომი გამოუცხადა აშშ-ის ჯანდაცვის სისტემას. საბჭოთა ხელისუფლება ასევე იყენებდა დეზინფორმაციას აშშ-ის წინააღმდეგ, რისი თვალსაჩინო მაგალითიც იყო ე.წ. „ოპერაცია ინფექცია“ - მსოფლიო მასშტაბით დეზინფორმაციის გავრცელებას იმის შესახებ, რომ შიდსის ვირუსი შექმნა აშშ-მა ფორტ დეტრიკის კვლევით ცენტრში.[1] საბჭოთა პროპაგანდისტული ნარატივის მიხედვით, ეს იყო პენტაგონის მცდელობა, რომ შეექმნა ბიოლოგიური იარაღი, რომელიც წარმატებით გამოიცადა ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში და პაკისტანში. „ოპერაცია ინფექცია“-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, ასევე, იხილოთ IDFI-ის სტატიაში „საბჭოთა კავშირის მოჩვენებითი ბრძოლა შავი ჭირისა და შიდსის წინააღმდეგ“.

 

საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან და ვაქცინებთან დაკავშირებული რუსული დეზინფორმაცია აქტიურია დღემდე და ვრცელდება არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის სტრატეგიული ინტერესების არეალში ხვდება. ამ მხრივ კი, არც საქართველოა გამონაკლისი. 

 

 

ანტივაქსერები და საქართველო

 

საქართველოში ანტივაქსერული კამპანია დღესდღეობით იმხელა მასშტაბებს ვერ აღწევს, როგორსაც აშშ-სა და ევროპაში, თუმცა ვაქცინების შესახებ კონსპირაციული თეორიები ვრცელდება და ამ კუთხით საქართველოშიც შეინიშნება რუსული კვალი. მაგალითად, 2019 წელს, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 25 თებერვალი - 3 მარტის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ Veterans Today-ს ქართული ბიუროს ხელმძღვანელთან ჯეფრი სილვერმანთან, რომელშიც იგი საუბრობს იმაზე, რომ ღორის გრიპისა და წითელას ვაქცინები იქმნება არა ევროპაში, არამედ საქართველოში, ამერიკულ ლუგარის ლაბორატორიაში.

 

 

ჯეფრი სილვერმანი

 

ზოგადად, ლუგარის ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციის სამიზნე წლების წინ გახდა და მის შესახებ კონსპირაციის თეორიები დღემდე ვრცელდება. რუსული პროპაგანდა წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ საქართველოში არსებულ ლუგარის ლაბორატორიას, ამერიკა ბიოლოგიური იარაღის გასავრცელებლად იყენებდა. „ასავალ-დასავალში“ დაბეჭდილი ინტერვიუც ჯეფრი სილვერმანთან ამ დეზინფორმაციის ნაწილია. თავად სილვერმანი საქართველოში მცხოვრები ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც რუსული და პრორუსული მედიასაშუალებების ერთ-ერთი წყაროა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით  დეზინფორმაციის გავრცელებაში.

 

“თუ იმის აუცილებლობა შეიქმნა, რომ ვაქცინა უნდა გავიკეთო, რუსული წარმოებისას გავიკეთებ და არა ამერიკაში წარმოებულს ან ლუგარის ლაბორატორიაში შექმნილს!  საქმე ის არის, რომ ვაქცინებით უფრო მეტია ადამიანი დაიღუპა, ვიდრე გრიპით“ - ჯეფრი სილვერმანი, „ასავალ-დასავალი“, 25 თებერვალი - 3 მარტი, 2019.

 

“აქ [ლუგარის ლაბორატორიაში] არის ბიოლოგიური აგენტები, განსაკუთრებით საშიში ნივთიერებები. მათი იარაღად გამოყენება შეიძლება. თქვენ ხომ გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოსა და რუსეთის სამხრეთში ადამიანები ღორის გრიპით იღუპებოდნენ. ეს შემთხვევითი არ იყო” - ჯეფრი სილვერმანი, “ასავალ-დასავალი,” როსია 24, ვესტი ნედელი, 16 სექტემბერი.

 

ჯეფრი სილვერმანის ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებდა ონლაინ გამოცემა „საქართველოს და მსოფლიო“ (geworld.ge) ჯერ კიდეც 2015 წელს:

 

„ლაბორატორიაში განთავსებულია ოთახები, სადაც წვავენ გვამებს… რაც შეეხება ექსპერიმენტებს ადამიანებზე, ის მიმდინარეობს, საზოგადოდ, მოსახლეობაზე სხვადასხვა სახის გრიპით (ვირუსით) და საექსპერიმენტო ვაქცინით. ეს საექსპერიმენტო ვაქცინები, რომლებიც გადასცეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ძალიან საეჭვოა, რადგან შემოწირულია აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ. გაითვალისწინეთ, რომ ცხოვრებაში არაფერია უფასო, ხაფანგში დაგებული სატყუარას გარდა.“

 

სინამდვილეში, ლუგარის ლაბორატორია ვაქცინებს, ან რაიმე სხვა სახის მედიკამენტებს საერთოდ არ აწარმოებს. შესაბამისად, სილვერმანის განცხადებები სრული დეზინფორმაციაა. წითელასა და ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) ვაქცინების საქართველოში შემოდის აშშ-სა და ევროკავშირიდან. აღნიშნული ვაქცინები შესწავლილი და კვალიფიცირებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ (WHO) და მათ იყენებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ თავად რუსეთიც.

 

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად წლების განმავლობაში გავრცელებული რუსული დეზინფორმაციისა, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულის ცენტრის 2018 წლის სტატისტიკიდან ირკვევა, საქართველოში მოსახლეობის იმუნიზაციის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია და წლიდან წლამდე უმჯობესდება. ამჟამად, ქვეყანაში ტარდება შემდეგი 12 ინფექციური დაავადების ვაქცინაცია: ტუბერკულოზი, ჰეპატიტი B, დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, წითელა, ყბაყურა, წითურა, Hib (ჰემოფილუს ინფლუენცა), Rota ვირუსი, პნევმოკოკური ინფექცია. 2018 წლის მოცვის მაჩვენებლები კი მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს. განსაკუთრებით გაზრდილია შემდეგი ვაქცინების მოცვის მაჩვენებლები: Hep B0 (ჰეპატივი B-ს საწინააღმდეგო ვაქცინა) 2017 წელს იყო 93,6%, 2018 წელს – 96.4%, MMR1 (წითელა, ყბაყურა, წითურა) 2017 წელს იყო 95.5%, 2018 წელს – 98.7%, MMR2 (წითელა, ყბაყურა, წითურა) 2017 წელს იყო 89.9%, 2018 წელს - 95.7%, Td (ტეტანუსი-დიფტერია) 2017 წელს იყო 76.0%, 2018 წელს - 88.3% (გრაფიკი 2).

 

გრაფიკი 2: იმუნიზაციის მასშტაბი (%), საქართველო, 2018

 

 

 წყარო: დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულის ცენტრი

 

 

ასევე, გაზრდილია ერთი წლის ასაკის  ბავშვთა წითელას საწინააღმდეგო

აცრია და 2018 წელს ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა (გრაფიკი 3).

 

 

გრაფიკი 3: ერთი წლის ასაკის ბავშვთა წითელას საწინააღმდეგო აცრით მოცვა (%)

 

 

წყარო: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზა „ჯანმრთელობა ყველასათვის“, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

 

 

მიუხედავად საქართველოში იმუნიზაციის პოზიტიური სტატისტიკისა, ვაქცინებთან დაკავშირებული რუსული დეზინფორმაცია საყურადღებოა იმდენად, რამდენადაც ამან შესაძლოა მნიშვნელოვანდ შეცვალოს აღნიშნული პოზიტიური მაჩვენებლები. რუსული დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც პირდაპირაა მიმართული სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების წინააღმდეგ, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამედიცინო კუთხითაც. ერთი მხრივ, რუსეთი ამ გზით ცდილობს უნდობლობა, პოლარიზაცია და ქაოსი გააღვივოს უცხო ქვეყნებში, რაც პოლიტიკური რისკების შემცველია ამ საზოგადოებებისთვის. მეორე მხრივ კი, ჯანდაცვის უწყებებისა და მედიცინისადმი უნდობლობის გაჩენამ ხალხში შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობას, რასაც ანტივაქსერული კამპანიების გააქტიურების შემდეგ, ამერიკაში მომატებული წითელას შემთხვევებიც ადასტურებს.

 

კორონავირუსით გამოწვეული გლობალური კრიზისის ფონზე,  საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციისკენ განსაკუთრებული საზოგადოებრივ ინტერესია მიმართული, რის გამოც ამ საკითხებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია კიდევ უფრო ფართო აუდიტორიამდე აღწევს და, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტ ადამიანში გააღვივოს უნდობლობა ვაქცინებისა და, ზოგადად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებისადმი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ კრიზისულ რეალობაში, საქართველოს გააჩნდეს მწყობრი სტრატეგია ამგვარ დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად, რათა ქვეყანამ თავიდან აირიდოს ჯანდაცვის უწყებებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისადმი უნდობლობის ზრდა. დეზინფორმაციით მიღებული ზიანის საფრთხე რეალურია, რადგან ამან, თავის მხრივ, შესაძლოა მნიშვნელოვანი რისკების ქვეშ დააყენოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და უარესობისკენ შეცვალოს ის პოზიტიური მაჩვენებლები, რაც ქვეყანას აქვს მოსახლეობის იმუნიზაციის კუთხით.

 

___

 

[1] Schoen, Fletcher; Lamb, Christopher J. Deception, Disinformation, and Strategic. Communications: How One Interagency Group. Made a Major Difference // Strategic Perspectives : journal. — 2012. — 1 June (vol. 11).

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024