5G ტექნოლოგია, რუსული დეზინფორმაცია და კორონავირუსი

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | აქტუალური თემები | სტატია 27 მაისი 2020

მაშინ, როცა მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, სოციალურ ქსელებში საკმაოდ გახშირდა კონსპირაციული თეორიები იმის შესახებ, რომ კორონავირუსის გავრცელება 5G ტექნოლოგიასთანაა დაკავშირებული. მსგავს თეორიებს ავრცელებენ როგორც არასანდო წყაროები, ასევე - ცნობილი ადამიანებიც: მომღერალი კერი ჰილსონი, მომღერალი M.I.A, მოკრივე ამირ ხანი, ტელეწამყვანი ამანდა ჰოლდენი, მსახიობი ვუდი ჰარელსონი და სხვები.  თუმცა, მკვლევრები საუბრობენ იმაზეც, რომ 5G-სთან დაკავშირებულ კონსპირაციის თეორიებში ასევე შეინიშნება კოორდინირებული დეზინფორმაციის ნიშნები. 

 

თეორია, რომ 5G ტექნოლოგია იწვევს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის გართულებებს ჯერ კიდევ 2016 წლიდან ცირკულირებს საინფორმაციო სივრცეში. თავდაპირველად ამგვარი მოსაზრებები გაჩნდა ფორუმებსა და YouTube-ზე, თუმცა მალევე აიტაცეს ისეთმა წყაროებმა, როგორებიცაა Infowars, ამერიკული რადიკალური მემარჯვენე ვებგვერდი, რომელიც აქტიურად ავრცელებს კონსპირაციის თეორიებსა და ყალბ ნიუსებს, და RT, რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სატელევიზიო ქსელი. RT აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას, რომ 5G შეიძლება გლობალურ კატასტროფად იქცეს, რადგან იწვევს სიმსივნეს ადამიანებსა და ცხოველებში.

 

 

2019 წლიდან მოყოლებული, RT განსაკუთრებით გააქტიურდა 5G-ის შესახებ კონსპირაციული თეორიების გავრცელების კუთხით. 2019 წლის იანვარში, გამოქვეყნდა ვიდეო YouTube-ზე, რომელშიც RT-ის კორესპონდენტი, მიშელ გრინშტეინი ამტკიცებს, რომ 5G ტექნოლოგიამ შესაძლოა ადამიანები მოკლას. აღნიშნულ ვიდეოს 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. 2019 წლის იანვრის შემდეგ, გრინშტეინმა მსგავსი მოსაზრებები RT-ის მეშვეობით სულ მცირე 10-ჯერ მაინც გააჟღერა.  იგივე RT უკვე 2019 წლის აპრილში ამტკიცებდა, რომ 5G ტექნოლოგია ბავშვებში სიმსივნეს ავითარებს. მიუხედავად იმისა, რომ თავად RT-ის კორონავირუსი 5G ტექნოლოგიასთან ღიად არ დაუკავშირებია, კონსპირაციულმა თეორიებმა, რომელსაც იგი ავრცელებდა წლების განმავლობაში, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ დასავლეთის ტექნოლოგიური პროგრესი შეეფერხებინა, ნოყიერი ნიადაგი შექმნა იმისათვის, რომ კორონავირუსის შესახებ შეთქმულების თეორიებიც ამავე ნარატივის ნაწილი ყოფილიყო.  

 

2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის აფეთქების შემდეგ, გარკვეულმა ჯგუფებმა დაიწყეს კორონავირუსის დაკავშირება 5G ტექნოლოგიასთან. პირველად ბელგიურმა გაზეთმა Het Laatste Nieuws გამოაქვეყნა ინტერვიუ ექიმ კრის ვან კერკჰოვენთან, რომელიც ამბობდა, რომ 5G ტექნოლოგია სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელია და მას კორონავირუსთან აკავშირებდა. მისი კომენტარი მალევე აიტაცეს ანტი-5G აქტივისტებმა და წყაროებმა. რამდენიმე დღეში მსგავსი ინფორმაცია უკვე გავრცელებული იყო ინგლისურენოვან მედიაშიც, ასევე YouTube და Facebook მოიცვა ამგვარმა კონსპირაციულმა თეორიებმა, რომელთაგან ძირითადი ექვსი მიმართულება შეიძლება გამოიყოს:

 

- 5G ზოგადად საფრთხისშემცველია;
- 5G ასუსტებს იმუნურ სისტემას და ამდენად ამძიმებს კორონავირუსის მიმდინარეობას;
- 5G იწვევს კორონავირუსის მსგავს სიმპტომებს;
- კორონავირუსის გამო შექმნილ საგანგებო მდგომარეობას იყენებენ 5G ქსელების დასაყენებლად;
- 5G-ის განვითარებასა და კორონავირუსის აფეთქებაში ბილ გეიტსის ხელი ურევია;
- 5G-ისა და კორონავირუსის გარშემო შექმნილი ვითარება მასონური შეთქმულებაა.

 

2020 წლის აპრილიდან მოყოლებული, დეზინფორმაციის მკვლევრებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ზემოაღნიშნული ნარატივების კვლევისას სოციალურ მედიაში, აქტიურად შეინიშნება კოორდინირებული დეზინფორმაციის კამპანიის კვალი. მარკ ოუენ ჯონსმა, ყატარის ჰამად ბინ ხალიფას უნივერსიტეტის მკვლევარმა, Twitter-ზე გაანალიზა 22,000 პოსტი, რომელიც შეიცავდა სიტყვებს „5G” და “corona”. მისი თქმით, კვლევისას მოხერხდა ასობით ანგარიშის იდენტიფიცირება, რომელიც სოციალურ ქსელში არაავთენტურ ქცევაშია შემჩნეული, რაც აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ შესაძლოა აღნიშნული ანგარიშები ცენტრალიზებულად იმართებოდნენ. ასევე, ჯონსის თქმით, ტენდენცია, რომელიც აღნიშნულ პოსტებთან დაკავშირებით შეიმჩნევა, ძალიან ჰგავს რუსეთის ე.წ. ინტერნეტის კვლევის სააგენტოს ქმედებას, რომლის კვალიც აშკარად იკვეთებოდა აშშ-ის 2016 წლის არჩევნების დროს გაღვივებულ დეზინფორმაციის კამპანიაში.

 

გავრცელებული კონსპირაციული თეორიების გამო, არა ერთ ქვეყანაში მოხდა თავდასხმა 5G ანძებზე. დიდ ბრიტანეთში 80-მდე ანძა დაწვეს. ასევე, 5G ანტენებზე მოხდა თავდასხმა ახალ ზელანდიაში, ნიდერლანდებში, კვიპროსში, ბელგიაში, იტალიაში, შვედეთსა და ფინეთში. შემთხვევას ჰქონდა ადგილი ჩრდილოეთ ოსეთშიც, სადაც, როგორც კავშირგაბმულობის ფირმის წარმომადგენელმა განაცხადა, ადგილობრივებმა მათი ანტენა დაწვეს, რის შემდეგაც ერთი სოფელი ინტერნეტის გარეშე დარჩა. მისივე განცხადებით, ამ ვანდალური აქტის ავტორებს არ სჯერათ კორონავირუსის და თვლიან, რომ 5G და „დაჩიპვის“ გამო გამოიგონეს.

 

5G-სა და კორონავირუსის შესახებ კონსპირაციის თეორიების გავრცელებაში კოორდინირებული კამპანიის ნიშნებს ხედავს Blackbird.AI-ც, ნიუ-იორკში მოქმედი კომპანია, რომელიც დეზინფორმაციას იკვლევს. მათ 50,000 პოსტი შეისწავლეს Twitter-სა და Reddit-ზე, რის საფუძველზეც, მათივე თქმით, მომხმარებლების არაავთენტური ქცევა აშკარად შეინიშნება. იმავეს ამტკიცებს Global Disinformation Index, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასევე ონლაინ დეზინფორმაციას იკვლევს, თუმცა ისინი კონკრეტულად არ ასახელებენ აღნიშნული კოორდინირებული დეზინფორმაციის კამპანიის უკან მდგომ სახელმწიფოებს, ჯგუფებს და კონკრეტულ პირებს.

 

5G-ის შესახებ კონსპირაციული თეორიები და საქართველო

 

კორონავირუსის პანდემიასა და 5G ტექნოლოგიას შორის კავშირების შესახებ კონსპირაციული თეორიები საქართველოშიც აქტიურად ვრცელდება კონკრეტული დეზინფორმაციის წყაროებისა და ჯგუფების მიერ. ამ შინაარსის მასალა გაავრცელეს შემდეგმა წყაროებმა: iTv.ge, geomediatv.ge, wnews.ge, pirveli.site, Facebook-გვერდი „დედაქალაქი“, რომლებიც კორონა ვირუსსა და 5G-ს შორის კავშირებზე ცნობილი საჯარო პირის, ლალი მოროშკინას Facebook-პოსტის საფუძველზე იუწყებოდნენ.

 

 

თუმცა, ცალკეული პირებისა და წყაროების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე უფრო საყურადღებო ის კოორდინირებული ქმედებებია, რომელიც სოციალურ ქსელებში, ქართულ აუდიტორიაზეა გათვლილი. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს Facebook-ზე შექმნილი ჯგუფი STOP 5G GEORGIA. ჯგუფი ამჯერად 21,000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც საქართველოსთვის არც ისე პატარა რიცხვია. ასევე, არსებობს მეორე ამგვარი ჯგუფი - „შევაჩეროთ 5G საქართველოში“, “, რომელშიც 6,000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული.

 

 

 

„შევაჩეროთ 5G საქართველოში“-ის ადმინმა, რევაზ მალაციძემ www.manifest.ge-ზე პეტიციაც შექმნა მოთხოვნით „შეჩერდეს 5G ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოში“. პეტიციის ავტორები არიან მაია დვალიძე (სამედიცინო ფსიქოლოგი), გიორგი ჯავშანაშვილი, ირაკლი აბაშიძე ( ეკონომისტი), რევაზ მალაციძე (IT სპეციალისტი). პეტიციას ამჟამად 3,000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. პეტიციის ტექსტში ვკითხულობთ:

 

„5G სისტემის შესახებ მთელს მსოფლიოში დამოუკიდებელი მკვლევარების მიერ ჩატარებულია ასობით სამეცნიერო გამოკვლევა რადიაციული სხივების ბიოლოგიურ ეფექტებზე.


5G სიხშირის გვერდითი მოვლენების შესახებ მეცნიერებმა შემდეგი ფაქტორები ჩამოთვალეს: თვალის დაავადებები -კატარაქტა; წნევის პრობლემები; მუდმივი დაღლილობის შეგრძნება; ნევროლოგიური დარღვევები; იმუნური სისტემის დარღვევა; უნაყოფობა მამაკაცებში; კიბოს რისკის გაზრდა და სხვა.
მეცნიერების საბოლოო დასკვნა კი ასეთია: 5G ტექნოლოგია არის მართვის, კონტროლის, თვალთვალის და ხელოვნური ინტელექტის სამართავი საშუალება, რომლის მასიური დანერგვაც, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, გამოიწვევს ეკო სისტემის გამოუსწორებელ დაზიანებას, ასევე ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას უჯრედულ დონეზე.


აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვას მთელს მსოფლიოში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მრავალ ქალაქში 5G ანტენების მონტაჟი ადგილობრივმა ხელისუფლებებმა გააჩერეს.


მოსახლეობამ მრავალ ქვეყანაში, ქუჩის აქციებით გააპროტესტა, ზოგან კი პირდაპირ დაარბიეს და გაანადგურეს აღნიშნული ინოვაციისთვის დამონტაჟებული ანტენები.
ტექნიკური პროგრესი ყოველთვის მისასალმებელია ოღონდ არა ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე!


ვინაიდან, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხელისუფლების ვალდებულებაა, მოგიწოდებთ: დაუყოვნებლივ შეაჩეროთ აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოში!“

 

ორივე ჯგუფში გავრცელებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ქართულ აუდიტორიაში 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი კონსპირაციული თეორია დომინირებს:

 

- 5G ტექნოლოგია იწვევს სხვადასხვა სახის დაავადებებს;
- 5G აქვეითებს იმუნიტეტს;
- 5G ტექნოლოგია მასობრივი კონტროლის იარაღია;
- 5G აზიანებს ეკოსისტემას.

 

გარდა სხვადასხვა სახის არაავთენტური მასალისა და კონსპირაციის თეორიებისა, ჯგუფებში აქტიურად ზიარდება ინფორმაცია იმგვარი წყაროებიდან, რომლებიც რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადრეც ყოფილან შემჩნეული. ასეთებია, მაგალითად, tvalsazrisi.ge, geoworld.ge, რომლებიც განსაკუთრებული სიხშირით აშუქებენ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას , Sputnik და თავად RT.

 

 

 

 

 

 

ჯგუფებში, ასევე, გვხვდება პოსტები, რომლებიც 5G-სა და კორონავირუსს შორის კავშირებს ეხება. ამასთან დაკავშირებით უმეტესწილად დომინირებს მოსაზრება, რომ კორონავირუსის პანდემიას, საყოველთაო ტესტირებას და შეზღუდვებს მთავრობები იყენებენ მასობრივი კონტროლის დასამყარებლად და 5G ანტენების დასამონტაჟებლად, რასაც სხვა შემთხვევაში, დიდი წინააღმდეგობა შეხვდებოდა. აღნიშნული ნარატივი კი დიდწილად თანხვედრაშია იმ კონსპირაციის თეორიასთან, რომელიც გლობალურად ვრცელდება 5G-სა და კორონავირუსის შესახებ.

 

 

 

სინამდვილეში 5G წარმოადგენს უსადენო კავშირის ტექნოლოგიის მე-5 თაობას, რომელსაც სმარტფონები და სხვა მობილური მოწყობილობები ინტერნეტ კავშირისთვის იყენებენ. როგორც 4G LTE და 3G ქსელები, 5G-ც რადიოტალღების საშუალებით ვრცელდება, რომლებიც ადამიანისთვის უსაფრთხო ელექტრომაგნიტურ სპექტრს არ აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ 5G-ის შესახებ დეზინფორმაციის გამავრცელებლები ირწმუნებიან, რომ რადიოტალღების გამოსხივება ადამიანის ჯანმრთელობისთვისაა საზიანო, 5G რადიოტალღები არაა იონიზებადი და, შესაბამისად, ვერ დააზიანებს ვერც ადამიანის უჯრედებს და ვერც რაიმე დაავადების, მაგალითად - კორონავირუსის, გამომწვევი ვერ იქნება. არც ერთი ავტორიტეტული კვლევა არ იძლევა იმგვარი ეჭვის საფუძველს, რომ 5G ტექნოლოგია რაიმე საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ადამიანების ჯანმრთელობისთვის.

 

მიუხედავად ამისა, მიმდინარე COVID-19 პანდემიის პირობებში განსაკუთრებით, საყურადღებოა დეზინფორმაციის კამპანიები, ვინაიდან მათ შესაძლოა მოსახლეობაში გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებისადმი უნდობლობა გააღვივონ, რაც შემდეგომ ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხისშემცველი. გარდა ამისა, თავისთავად საყურადღებოა 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის კამპანიაც, ვინაიდან ამგვარი კონსპირაციის თეორიების ფართოდ გავრცელებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ერთი მხრივ, ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას, მეორე მხრივ კი ტექნოლოგიური პროგრესის მიმართ სკეპტიციზმის ზრდას,. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას აქტიურად მიეწოდოს სრული და ამომწურავი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია როგორც ჯანმრთელობის საკითხებთან, ასევე - იმ ტექნოლოგიურ ინოვაციებთან დაკავშირებით, რისი დანერგვაც იგეგმება ქვეყანაში. ამ გზით შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ უნდობლობისა და საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხის შესუსტება, რაც გაამარტივებს როგორც ისეთი გამოწვევების წინაშე ბრძოლას, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია, ასევე - სწრაფ ტექნოლოგიურ პროგრესს.

 

 ___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024