საერთო სასამართლოების ძირითადი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი (2010-2022)

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | ანალიზი 30 მაისი 2023

საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოები სტატისტიკას აწარმოებენ  უზენაესი სასასამართლოს მიერ შემუშავებული სტატისტიკური ფორმების მიხედვით, რომელიც იგზავნება უზენაეს სასამართლოში. თავის მხრივ, უზენაესი სასამართლო სტატისტიკურ ფორმებში ასახული მონაცემების მიხედვით ამუშავებს სტატისტიკურ ანგარიშებს.

 

წლების განმავლობაში, უზენაესი სასამართლო საკუთარ ვებ-გვერდზე კვარტალურად აქვეყნებდა საერთო სასამართლოების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს, ხოლო ყოველწლიურად გამოსცემდა სტატისტიკური მონაცემების კრებულს „მართლმსაჯულება საქართველოში“, სადაც უფრო დეტალურად იყო წარმოდგენილი საერთო სასამართლოების სტატისტიკური მონაცემები. უზენაესი სასამართლოს მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული  სტატისტიკური ანგარიშების მომხარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომობისთვის, IDFI-ს მიერ შემუშავდა პროგრამული  საშუალება, რომელიც  უზრუნველყოფს მონაცემთა ვიზუალიზაციას და სტატისტიკური მონაცემების დამუშავებად ფორმატში ხელმისაწდვომობას.  2021 წლის შემდეგ უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნება მნიშვნელოვანი შეფერხებით მიმდინარეობდა. აღნიშნული სავარაუდოდ დაკავშირებული იყოს უზენაესი სასამართლოს ახალი ვებ-გვერდის და სტატისტიკის წარმოების ახალი პროგრამული სისტემის დანერგვის პროცესთან.

 

2023 წლის 23 თებერვალს IDFI-მ საქართველოს უზენაესს სასამართლოს მიმართა  2021 და 2022 წლების იმ სტატისტიკური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით, რომელიც პროაქტიულად არც ძველ და არც ახალ ვებ-გვერდზე  არ იყო ხელმისაწვდომი. 2023 წლის 12 აპრილს, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ , უზენაესმა სასამართლომ IDFI-ს მოაწოდა 2022 წლის ძირითადი სტატისტიკური მონაცემები და 2021 წლის სტატისტიკური კრებული „მართლმსაჯულება საქართველოში“, ხოლო 2022 წლის „მართლმსაჯულება საქართველოსთან“ დაკავშირებით ინსტიტუტს განუმარტა, რომ აღნიშნული მონაცემები დამუშავების პროცესში იყო. IDFI-სთვის სტატისტიკური ანგარიშების მოწოდების შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტები უზენაესმა სასმართლომ, ასევე გამოაქვეყნა საკუთარ ახალ ვებ-გვერდზე.  

 

დღეის მდგომრეობით, 2022 წლის სასამართლო სტატისტიკა ხელმისაწდვომია მხოლოდ საქართველოს საერთო სასამართლოების ძირითადი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით. შესაბამისად, ქვემოთ ჩვენს მიერ  წარმოდგენილია 2010-2022 წლების ამ მონაცემების  ტენდენციების ანალიზი, სასართლო საქმეების კატეგორიების მიხედვით. 

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2010-2022 წლებში  პირველი ინსტანციის სასამართლოებში ყველაზე მეტი (19,361)  სისხლის სამართლის საქმე შევიდა 2022 წელს.

 

- 2022 წელს წინა წელთან შედარებით სასამართლოებში შესული სისხლის სამართლის საქმეების რიცხვი 16,3%-ით, ხოლო განხილული საქმეების რიცხვი 20,3%-ით გაიზარდა.

 

- 2022 წელს განაჩენის გამოტანით დასრულებული საქმების 68,4%-ში (11,865 საქმე) გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმებების ყველაზე მაღალი წილი (89,1%) 2013 წელს იყო.

 

- 2022 წელს გამამართლებელი  განაჩენების (9,5%) და ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენების (4,3%) პროცენტული წილი, 2010-2022 წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

- 2022 წელს, საგამოძიებო ორგანოებიდან შემოსული შუამდგომლობის შედეგად სასამართლოების მიერ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა  შეეფარდა 4,830 პირს (38,5%), ხოლო 7,711 პირს გირაო და სხვა არასაპატიმრო ღონისძიება (61,5%).  პატიმრობის  შეფარდების ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი 2013 წელს იყო - 26,8%.

 

-  2013 წლის შემდეგ, 2020 წლამდე სააპელაციო სასამართლოების მიერ განაჩენის უცვლელად დატოვების (სტაბილურობის) პროცენტული  მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდებოდა და 2020 წლის მდგომარეობით 87,5% შეადგინა. 2022 წლის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 83,8%-მდე არის შემცირებული.

 

- 2022 წელს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრით შევიდა 1,358 საქმე, რაც წინა წლის მაჩვენებელს 25%-ით აღემატება. უზენაესი სასამართლოს შემთხვევაში 2022 წლის სტაბილურობის მაჩვენებელი (95,2%) ერთ-ერთი ყველაზე მაღალია 2010-2022 წლებში.

 

- 2022 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში შევიდა 14,152 ადმინისტრაციული საქმე, რაც წინა წელთან შედარებით  8,6%-ით მეტია;

 

- 2022 წელს განხილული ადმინისტრაციული  საქმეების  67,8% (5819 საქმე) დამთავრდა ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ,  32% (2,746 საქმე) ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ, ხოლო 0,2% (18 საქმე) მორიგებით. 

 

- 2018 წლის შემდეგ ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ დასრულებული ადმინისტრაციული დავების მაჩვენებელი მცირდება. მაგალითად, 2012-2017 წლებში ეს მაჩვენებელი 40%-დან 63%-მდე მერყეობდა, ხოლო 2018-2022 წლებში 29%-დან 35%-მდე.

 

- მიუხედავად იმისა, რომ პირველ  ინსტანციაში ადმინისტრაციული საქმეების უმრავლესობა მთავრდება ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ, 2021-2022 წლებში სააპელაციო ინსტანციას უფრო ხშირად ადმინისტრაციული ორგანოები მიმართავდნენ, ვიდრე ფიზიკური და იურიდიული პირები.

 

- 2022 წელს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 13,645 პირს, რაც  2021 წელთან შედარებით  46,9%-ით მეტია.

 

- 2022 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში შევიდა 97,557 სამოქალაქო საქმე, ხოლო განხილულია 46,494  საქმე.

 

- 2021-2022 წლებში სამოქალაქო სარჩელის მიღებაზე დაახლოებით იმდენივე პირს ეთქვა უარი, რამდენსაც 2010-2020 წლებში ერთად.

 

- ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებების ძალაში დატოვების მაჩვენებელი  სამოქალაქო საქმეებთან შედარებით,  ადმინისტრაციულ საქმეებსა და სისხლის სამართლის საქმეებზე უფრო მაღალია.

 

 

დასკვნა

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მიღებული ძირითადი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს რომ, 2022 წელს წინა წელთან შედარებით სამივე კატეგორიის საქმეებზე სასამართლოზე  მიმართვიანობის რიცხვი გაზრდილია. 

 

2010 წლის შემდეგ, სასამართლოებში შესული სისხლის სამართლის საქმეების 2022 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, გარკვეულწილად ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს.  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლო 5 წელში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სისხლის სამართლის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების წილი, რაც ერთის მხრივ შესაძლებელია განპირობებული იყოს სასამართლოს მიერ ბრალეულობის დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების სტანდარტის ამაღლებით, ხოლო მეორეს მხრივ საგამოძიებო უწყებების მიერ არაკვალიფიციურად წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობის ზრდით.

 

მიუხედავად იმისა რომ, 2022 წელს  სასამართლოების მიერ სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთის შეფარდების ისტორიულად ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა, კვლავ მაღალია საგამოძიებო ორგანოების შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენება. მაგალითად 2013 წელს, აღკვეთის ღონისძიებებში პატიმრობის წილი  26,8%-მდე შემცირდა, თუმცა მომდევნო წლებში კვლავ მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2022 წელს წინასწარი პატიმრობა უფრო მეტ პირს შეეფარდა ვიდრე მსჯავრდებული პირებს სასამართლო განაჩენით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.

 

ადმინისტრაციული დავების შემთხვევაში, განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს 2018 წლის შემდეგ ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ დასრულებული დავების შემცირებული და სააპელაციო  სასამართლოებში  უცვლელად დატოვებული გადაწყვეტილებების გაზრდილი  მაჩვენებლები.  აღნიშნულ ფონზე, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრების მაღალი  მაჩვენებლები, გარკვეულწილად მათ მიერ, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დავების წარმოებისას სახელმწიფო რესურსის მაქსიმალურ გამოყენებაზე მიუთითებს.

 

2021-2022 წლები ასევე, გამორჩეული იყო სამოქალაქო სარჩელის მიღებაზე  უარის თქმის მაღალი მაჩვენებლებით. კერძოდ,  2021-2022 წლებში სამოქალაქო სარჩელის მიღებაზე დაახლოებით იმდენივე პირს ეთქვა უარი, რაც 2010-2020 წლებში ერთად. აღნიშნულ სტატისტიკას, სავარაუდოდ შემდეგ წლებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რომლის, მიხედვით გაუქმდა ცალკეული ნორმები რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.    

 

/public/upload/00_studies/2023/analysis_of_basic_statistical_data_of_courts_of_georgia.pdf

 

 

ანალიზი  მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, Luminate-ის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023