2016 წლის 17 მაისს მსოფლიო ბანკმა მსოფლიოს განვითარების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ციფრული ტექნოლოგიების განვითარებით მიღებული სარგებელის გავრცელებაზე და ამ ტექნოლოგიების როლზე ეკონომიკის განვითარების პროცესში. განვითარებადი ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით, ანგარიშში წარმოდგენილია ტექნოლოგიური განვითარების თანმდევი ის გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის ციფრულ რევოლუციას ტრანსფორმაციული პოტენციალის მიღწევაში. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანმდევი ტრანსფორმაციის მიღწევა შეუძლებელია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, მოქალაქეების ჯანმრთელობასა და განათლებაში ინვესტიციის და კარგი მმართველობის გარეშე.
მსოფლიო ბანკის 2016 წლის ანგარიშში განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის კონტექსტში საქართველოც მოხვდა. კერძოდ, ანგარიში მოიცავს დასაქმების, ციფრული ჩართულობის, ელ-მმართველობის, გადასახადების გადახდის ელექტრონული სისტემის და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის შეფასებას მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში.
დასაქმების მიმართულებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე საქართველოში სამუშაოს მხოლოდ 40%-ია კომპიუტერიზებული მაშინ, როდესაც ქვეყანაში სამუშაოს პოტენციურად 60%-ის ავტომატიზირება არის შესაძლებელი. ანგარიშის ავტორების დასკვნით, ეკონომიკურ ზრდასთან არის დაკავშირებული როგორც სამუშაოს კომპიუტერიზების ისე დასაქმებულთა მიერ ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებელი, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდასთან ერთად იზრდება. 2013 წლის მონაცემებით, საქართველოში, სადაც ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $5,000-ზე ნაკლებია, დასაქმებულთა 30% იყენებს ICT-ს.
ციფრული ჩართულობის კვლევისას ანგარიშის ავტორებმა 17 ციფრული ჩართულობის ინიციატივა გამოიკვლიეს, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“- ს ინიციატივა Fix My Street – Georgia მოხვდა. ავტორების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის ჩართულობა არ არის საკმარისი წინაპირობა ციფრული ჩართულობის ინიციატივის წარმატებით განხორციელებისთვის, მსგავსი პარტნიორობა მაინც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ანგარიშში ასევე განხილულია გადასახადის დარეგისტრირებისა და გადახდის ელექტრონული სისტემის გავლენა საგადასახადო შემოწმების ალბათობაზე. როგორც კვლევამ ცხადყო, საქართველოში გადასახადების დარეგისტრირებისა და გადახდის ელექტრონული სისტემების დანერგვამ საგადასახადო შემოწმების ალბათობა 15%-ით შეამცირა. დადებითი ცვლილება მოყვა საქართველოში ელექტრონული შესყიდვების ტრანზაქციული სისტემის დანერგვასაც კონკურენციის გაზრდის მხრივ. როგორც კვლევამ ცხადყო ელექტრონული შესყიდვების ტრანზაქციული სისტემის დანერგვის შემდეგ საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ფირმების რაოდენობა თითქმის 20%-ით გაიზარდა.
IDFI გთავაზობთ ანგარიშის იმ ნაწილების მიმოხილვას, სადაც საქართველოს სხვადასხვა მაჩვენებელია განხილული.
შესავალი
მსოფლიოს მასშტაბით ციფრული ტექნოლოგიები არნახული სისწრაფით ვრცელდება, თუმცა, მათი განვითარებით მიღებული სარგებელი ამ დინამიკას საგრძნობლად ჩამორჩება. ანგარიშის ავტორები ციფრული ტექნოლოგიებით მიღებული სარგებელის არასაკმარისი სისწრაფით გავრცელების მიზეზად ორ ფაქტორს ასახელებენ:
ტექნოლოგიების განვითარების ერთ-ერთი თანმდევი რისკია განვითარებულ ეკონომიკაში სამუშაო ბაზრის პოლარიზება და უთანასწორობის გაღრმავება, რადგან ციფრული ტექნოლოგია ანაცვლებს იმ სამუშაოს რომლის ავტომატიზირება შესაძლებელია და და ქმნის მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის აუცილებლობას. შესაბამისად, იზრდება კონკურენცია დაბალ შემოსავლიან სამსახურებზე. ამის ფონზე არ არის გასაკვირი, რომ უფრო განათლებული, მეტად დაკავშირებული და მეტი შესაძლებლობების მქონე ადამიანები ციფრული რევოლუციის პერიოდში უფრო მეტ სარგებელს იღებენ.
იმისათვის, რომ ტექნოლოგიური განვითარებით მიღებული სარგებელი თანაბრად გადანაწილდეს მოსახლეობაზე და მაქსიმალურად მოხდეს მათი ჩართვა ციფრულ რევოლუციაში, ტექნოლოგიებთან წვდომის გარდა საჭიროა ეფექტიანი სოციალური, ეკონომიკური და საჯარო პოლიტიკის განხორციელება. ანგარიშის ავტორების აზრით, ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს, კვალიფიციურ ადამიანურ რესურსსა და კარგ მმართველობასთან ერთად მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს რეფორმების დროულ განხორციელებას. ავტორების განცხადებით, რეფორმების დაყოვნება სულ უფრო უკან ხევს სახელმწიფოებს იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც დროულად ახერხებენ საჭირო რეფორმების გატარებას.
ციფრული ტექნოლოგიის უპირატესობების უკეთ შესაფასებლად ანგარიშში გამოკვლეულია ინტერნეტის, მობილური ტელეფონის და მათთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე. დოკუმენტის პირველ ნაწილში მოყვანილი ანალიზი ცხადყოფს, რომ ციფრული ტექნოლოგიებიდან მიღებული პოტენციური სარგებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, თუმცა ვერ ხერხდება ამ სარგებლის მასშტაბების გაფართოება.
დასაქმება
კვლევაში განხილულ საკითხებს შორისაა სამუშაოს კომპიუტერიზაციის მაჩვენებელი განვითარებად ქვეყნებში. ავტორების განცხადებით, განვითარებად ქვეყნებში გაცილებით მაღალია ისეთი პროფესიების რაოდენობა, რომელსაც შესაძლოა ავტომატიზირება შეეხოს, რადგან განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი პროფესიები უკვე აღარ არსებობს. თუმცა, სავარაუდოდ, განვითარებად ქვეყნებში ეს პროცესი შედარებით ნელა განხორციელდება, რადგან, ამჟამად, ამ ქვეყნების ქალაქში მცხოვრებ დასაქმებულთა მხოლოდ 1/3 იყენებს ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიებს (ICT).
კვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე საქართველოში სამუშაოს მხოლოდ 40%-ია კომპიუტერიზებული მაშინ, როდესაც ქვეყანაში სამუშაოს პოტენციურად 60%-ის კომპიუტერიზებაა შესაძლებელი. ამ მიმართულებით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლატვია და ლიტვა, რომელთა პოტენციური და რეალური მაჩვენებელი ერთმანეთის ტოლია და კომპიუტერიზებული სამუშაო მთლიანი სამუშაოს დაახლოებით 60%-ს აღწევს (გრაფა 1).
ციფრული ტექნოლოგიებისგან მიღებული სარგებელის ფართოდ გავრცელებას განაპირობებს ამ ტექნოლოგიების გამოყენება დასაქმების სხვადასხვა სფეროში. საერთო ჯამში, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას დადებითი გავლენა აქვს დასაქმებაზე და დასაქმებულთა ხელფასებზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს სარგებელი მოსახლეობაზე არათანაბრად ნაწილდება. ანგარიშის მიხედვით, დასაქმების სფეროში ციფრული ტექნოლოგიების გავლენა სამი მექანიზმის საშუალებით ვრცელდება:
მიუხედავად ამ სარგებლისა, ICT სფეროში დასაქმებულთა წილი მსოფლიოში ჯერ კიდევ მცირეა. ICT სფეროში დასაქმებისთვის არსებობს შესვლის მაღალი ბარიერი და გენდერული შეზღუდვა (სფეროში ძირითადად კაცები არიან დასაქმებულნი).
განვითარებად ქვეყნებში ICT სექტორში დასაქმებულთა საშუალო წილი 1%-ია. როგორც მოცემულ გრაფაში ჩანს, საქართველოში ICT-ის წარმოება, ვაჭრობა და მომსახურების სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა ოდნავ უსწრებს უშუალოდ ICT სპეციალისტების რაოდენობას, თუმცა ვერ აღწევს საშუალო 1%-საც კი (გრაფა 2).
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახის სამუშაოზე ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენება არათანაბრადაა განაწილებული, ტექნოლოგიის გამოყენების მნიშვნელობა მთლიანობაში მაინც იზრდება. ამჟამად, განვითარებადი ქვეყნების ქალაქებში დასაქმებულების დაახლოებით 1/3 იყენებს კომპიუტერს. თუმცა, ანგარიშის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი სწრაფად გაიზრდება მათი ეკონომიკების განვითარების და უფრო კომპლექსური სამუშაოების შექმნის შემთხვევაში.
როგორც გრაფა 3-ში მოყვანილი დინამიკა აჩვენებს, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდასთან ერთად იზრდება დასაქმებულთა მიერ ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებელიც. 2013 წლის მონაცემებით, საქართველოში, სადაც ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $5,000-ზე ნაკლებია, დასაქმებულთა 30% იყენებს ICT-ს.
შედარებისთვის, ესტონეთში (მშპ ≈ $12,000) და ჩეხეთში (მშპ ≈ $15,000) დასაქმებულთა ის წილი, რომელიც ICT-ს იყენებს 40%-ზე მეტია. ხოლო ნორვეგიაში, სადაც მშპ დაახლოებით $65,000-ია, დასაქმებულთა დაახლოებით 50% იყენებს ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიებს.
ამასთან, მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოს ქალაქებში შრომისუნარიანი ასაკის მქონე მოსახლეობის მხოლოდ 5% ფიქრობს, რომ ICT უნარების არქონა დასაქმებისა და მაღალი ხელფასის მიღების ბარიერია (გრაფა 4). ეს მაჩვენებელი ცხრილში მოყვანილ სხვა განვითარებადი ქვეყნების მაჩვენებლებზე გაცილებით დაბალია.
მსოფლიო ბანკის ანგარიშში დასაქმებულის პროდუქტიულობის გაზრდასთან მიმართებით სხვა საინტერესო სტატისტიკური მონაცემებიცაა მოყვანილი საქართველოს კონტექსტში. მაგალითად, საქართველოში ქალაქში მცხოვრები დასაქმებული და უმუშევარი მოქალაქეების 20% სამსახურს ინტერნეტის საშუალებით ეძებს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ზოგიერთი განვითარებადი ქვეყნების მაჩვენებელს (ბოლივია, განა, ლაოსის დემოკრატიული რესპუბლიკა, შრი ლანკა, ვიეტნამი - 5%).
ასევე გაზრდილია ნახევარ განაკვეთიანი სამსახურების პროცენტული წილი, რომელიც დასაქმებულებს განსხვავებული გრაფიკით ან სხვა ადგილიდან მუშაობის საშუალებას აძლევს. საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, ეს მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში 5%-დან 10%-მდე გაიზარდა.
ციფრული ჩართულობა
არსებობდა მოლოდინი, რომ ინტერნეტის ახალ ეპოქა ანგარიშვალდებულების და მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელს საგრძნობლად გაზრდიდა, რა დროსაც რიგითი მოქალაქეები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვას და ვირტუალური თვითმმართველი თემების საშუალებით მთავრობის პასუხისმგებლობის ამაღლებას შეძლებდნენ. თუმცა, მოქალაქეების ჩართულობის მიმართულებითაც ვერ მოხერხდა მოსალოდნელი შედეგების მიღწევა. ანგარიშის ავტორების განცხადებით, ინტერნეტის მეშვეობით გადაწყვეტილების მიმღებთა და სხვადასხვა საჯარო მომსახურების გამწევთა ანგარიშვალდებულების გაზრდის წარმატებით განხორციელების ყველაზე ძლიერი ფაქტორი მაინც პოლიტიკოსებისა და სხვადასხვა საჯარო სერვისების მიმწოდებელთა შორის არსებული ურთიერთობა და მათ შორის ანგარიშვალდებულების არსებობაა.
ანგარიშის ავტორებმა 17 ციფრული ჩართულობის ინიციატივა გამოიკვლიეს (გრაფა 5), სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“- ს ინიციატივა Fix My Street – Georgia მოხვდა. როგორც ავტორები აღნიშნავენ, სამოქალაქო სექტორის და მთავრობის პარტნიორობის 9 შემთხვევიდან 3 წარმატებით განხორციელდა. ხოლო დარჩენილი 8 შემთხვევა, სადაც მსგავსი პარტნიორობა არ მომხდარა, წარუმატებლად დასრულდა. ანგარიშის ავტორების დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის ჩართულობა არ არის საკმარისი წინაპირობა ციფრული ჩართულობის ინიციატივის წარმატებით განხორციელებისთვის, მსგავსი პარტნიორობა მაინც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ელ-მმართველობა
მსოფლიო განვითარების ანგარიშში ასევე განხილულია განვითარებად ქვეყნებში ელექტრონული მმართველობის სისტემების დანერგვის დინამიკა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ განვითარებად ქვეყნებში მთავრობები უპირატესობას ანიჭებენ ინვესტიციების ჩადებას მთავარ ადმინისტრაციულ სისტემებში (ფინანსური მართვა, საბაჟო და გადასახადების მართვა) და ნაკლებად ცდილობენ მოქალაქეებისთვის ან ბიზნესისთვის განკუთვნილი მომსახურების დანერგვას (გადასახადების ელექტრონული გადახდის სისტემა, ერთი ვებგვერდიდან ყველა სახელმწიფო მომსახურების მიღება)(გრაფა 6). ელექტრონული მმართველობის სისტემებში ინვესტიცია კი იზრდება ქვეყნის მშპ-ის ზრდასთან ერთად.
ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ მთავრობები უფრო ინტენსიურად იყენებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ვიდრე კერძო ფირმები. მსოფლიო ბანკის მიერ 30 განვითარებად ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ყველა ქვეყანაში, ერთის გამოკლებით (შვედეთი), საჯარო სექტორის პროცენტულად უფრო მეტ დასაქმებულს უწევს ციფრული ტექნოლოგიების (ინტერნეტი, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი) ყოველდღიურად გამოყენება, ვიდრე არასასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულებს (მსხვილი კომპანიების გამოკლებით).
როგორც ცხრილიდან (გრაფა 7) ირკვევა, საქართველოში ციფრულ ტექნოლოგიებს ყველაზე აქტიურად მსხვილი კომპანიები (50+ დასაქმებული) იყენებენ. საქართველოში, მსხვილ კომპანიებში დასაქმებულთა 40% იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს ყოველდღიურ საქმიანობაში, საჯარო სამსახურში - 30%, ხოლო კერძო სექტორის დანარჩენ კომპანიებში - 30%-ზე ნაკლები.
გადასახადების გადახდის ელექტრონული სისტემა
გადასახადების გადახდის ელექტრონული სისტემის დანერგვის მიზანი ბიზნესისთვის ადმინისტრაციული ტვირთის და საგადასახადო ინსპექციასთან ურთიერთობის მინიმუმამდე დაყვანაა. ელექტრონული სისტემა ასევე ამცირებს ბიზნესის მხრიდან გადასახადის დარეგისტრირების, გადახდის და ანაზღაურების დაბრუნებისთვის საჭირო დროს.
როგორც კვლევა ცხადყოფს, გადასახადის დარეგისტრირებისა და გადახდის ელექტრონული სისტემის შემოღების შემდეგ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საგადასახადო შემოწმების ალბათობა საშუალოდ 13%-ით შემცირდა. თუმცა, იმ ქვეყნებში, სადაც ელექტრონული საგადასახადო სისტემა არ მოიცავდა გადასახადების ელექტრონულად გადახდას, სისტემას საგადასახადო შემოწმებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია. ამ მიგნებას ცხადყოფს საქართველოს მაგალითი, სადაც გადასახადების დარეგისტრირებისა და გადახდის ელექტრონული სისტემების დანერგვამ საგადასახადო შემოწმების ალბათობა15%-ით შეამცირა (გრაფა 8).
სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა
მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, კორუფციისა და უკანონო გარიგებების მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სფერო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის მატარებელია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ელექტრონული შესყიდვების სისტემის დანერგვა. ასეთი სისტემა უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას და ამით მნიშვნელოვნად ამცირებს სახელმწიფო დანახარჯებს და უკეთესი ხარისხის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების წინაპირობას ქმნის.
თუმცა, როგორც კვლევა ცხადყოფს, ელექტრონული შესყიდვების სისტემის დანერგვას არაერთგვაროვანი შედეგი მოჰყვა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვის შემდეგ შესწავლილი ქვეყნების ერთ ნახევარში შემცირდა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიების რაოდენობა, ხოლო მეორეში გაიზარდა ისე, რომ საშუალო მაჩვნებელი უცვლელი დარჩა. საქართველოს შემთხვევაში ელექტრონული შესყიდვების ტრანზაქციული სისტემის დანერგვის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ფირმების რაოდენობა თითქმის 20%-ით არის გაზრდილი (გრაფა 9).
დასკვნა
საქართველოს მსგავსად, მრავალმა ქვეყანამ განახორციელა ინვესტიცია ციფრულ ტექნოლოგიებში, თუმცა ვერ შეძლო სათანადო გარემოს შექმნა ტექნოლოგიაზე დაფუძნებული განვითარების მისაღწევად. ამის მიზეზი არის ის, რომ, ICT ინფრასტრუქტურასა და IT სფეროში ინვესტიციის გარდა, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განვითარება საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას და განვითარების ხელშემწყობი სფეროების წახალისებას.
ტექნოლოგიური განვითარების თანმდევი პროცესია რუტინული სამუშაოს კომპიუტერიზება. თუმცა, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული განვითარების მისაღწევად ასევე აუცილებელია იმ სექტორების ხელშეწყობაც, რომლებსაც ციფრული ტექნოლოგია ვერ ანაცვლებს. შესაბამისად, ციფრული ტექნოლოგიების სარგებელის გავრცელება საჭიროებს ყოვლისმომცველი ციფრული განვითარების სტრატეგიას, რომელიც, ერთის მხრივ, ინტერნეტის ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს, ხოლო, მეორეს მხრივ, წაახალისებს კონკურენციას ბაზარზე, ხელს შეუწყობს მოსახლეობაში თანამედროვე უნარ-ჩვევების განვითარებას და უზრუნველყოფს ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.
სწორედ ICT სტრატეგიის არარსებობა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოში ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განვითარების მისაღწევად. როგორც IDFI-ის კვლევამ აჩვენა, საშუალო და გრძელვადიანი ICT სტრატეგიის არარსებობა საქართველოს ბაზარს ინვესტორებისთვის არაპროგნოზირებადს და რისკიანს ხდის, რაც ხელს უშლის მდგრადი განვითარების მიღწევას და ციფრული ტექნოლოგიებისგან მიღებული სარგებელის ფართო მასშტაბებზე გავრცელებას.
მსოფლიო ბანკის 2016 წლის განვითარების ანგარიშში საქართველო განეკუთვნება დაბალი და საშუალო (low- and middle- income) შემოსავლის მქონე ქვეყანას, რომელიც განვითარების გარდამავალ ეტაპზე იმყოფება. გასატარებელი პოლიტიკის კუთხით, მსოფლიო ბანკის ანგარიშში წარმოდგენილია სამი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც განვითარების ამ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში კომპლექსურ რეფორმას საჭიროებს: