5 და 6 ნოემბერს, IDFI-ს ორგანიზებით იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სალექციო ბლოკ-კურსი “ფინანსური აღრიცხვა და ინვესტიციები” და ტრენინგი “აკადემიური წერა”. ღონისძიება ჩატარდა პროექტ “სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება”-ს ფარგლებში. პროექტი ხორციელდება IDFI-ს მიერ ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.
ბლოკ-კურსს უძღვებოდნენ ბრემენის უნივერსიტეტის მკვლევრები - სებასტიან ტიდემანი, მაქს ნოიბაუერი და ოლივერ სტაინებახი. სალექციო ბლოკ-კურსის პირველ დღეს მკვლევრებმა განიხილეს საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები (IFRS) და იმსჯელეს IFRS-ის დანერგვის უპირატესობებსა და შეზღუდვებზე. გერმანიიდან მოწვეულმა მკვლევარებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტს გაუზიარეს საერთაშორისო გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან დაკავშირებით და გააცნეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და საერთაშორისო ვაჭრობის საფუძვლები.
სალექციო ბლოკ-კურსის მეორე დღეს ტიდემანმა, ნოიბაუერმა და სტაინებახმა ისაუბრეს ბიზნესა და ფინანსური ანალიზის საფუძვლებზე და სტუდენტებთან ერთად განიხილეს ამ საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე ქეისი. ლექციის დასრულების შემდეგ, მაიქლ სტრეიტმა და ჯულიან აბიმ ჩაატარეს ტრენინგი აკადემიურ წერასთან დაკავშირებით. გერმანელმა მკვლევარებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს ბრემენის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტრუქტურა და ისაუბრეს სამაგისტრო ნაშრომის მოთხოვნებსა და სპეციფიკაზე. ტრენინგის მიზანი აკადემიური ნაშრომის თავისებურებების გაცნობის გარდა, ორგანიზაციული ჩვევების, მათ შორის დროის ეფექტიანი მართვის გაუმჯობესება იყო.
ორდღიანი ლექციებისა და ტრენინგის ბოლოს, ღონისძიებაში მონაწილე 30-მდე სტუდენტსა და ახალგაზრდა მეცნიერს გადაეცა IDFI-ს, ბრემენის და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივი სერტიფიკატი.
გერმანელი მკვლევარების მიერ ჩატარებული ბლოკ-კურსების სერია გრძელდება თბილისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. თსუ-ში სალექციო კურსები “ფინანსური აღრიცხვა და ინვესტიციები” ჩატარდება 9 და 10 ნოემბერს, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში 14:00სთ-დან 17:30სთ-მდე.