ქართული პოლიტიკური და სტრატეგიული კომუნიკაციების დღის წესრიგი ორ ძირითად სვეტზე დგას: საკუთარი თავის პოზიტიურად წარმოჩენასა და ოპონენტების დისკრედიტაციაზე. ბოლო წლებში, პოლიტიკური ბრძოლის ამ იარაღების გამოყენებას ყველაზე აქტიურად სოციალურ ქსელებში ვაწყდებით. საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებმა შექმნეს ასობით კვლევა, “ფაქთჩექი”, სტატია, ბლოგი თუ სხვა მასალა. საზოგადოებისთვის უკვე კარგადაა ნაცნობი ტერმინების - “ტროლისა” და “ბოტის” მნიშვნელობა.
ინტერნეტსივრცეში არსებობენ ე.წ. Sockpuppet-ებიც (წინდა-თოჯინა/ მარიონეტი), რომლებიც წარმოადგენენ ასევე ყალბ ონლაინ იდენტობას. Sockpuppet-ი, ძირითადად, იქმნება პიროვნების ან ორგანიზაციის შექებისთვის, დასაცავად ან მხარდასაჭერად, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისათვის, მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციისთვის. მათი შექმნის მიზანია შეზღუდვებისა და წინაღობებისთვის გვერდის ავლა. ეს არის რამდენიმე განსხვავებული მომხმარებელი (user), რომელსაც სინამდვილეში ერთი ადამიანი მართავს. Sockpuppet-ები არასასურველები არიან ბევრ ონლაინ საზოგადოებასა და ფორუმზე.
ბლოგი მიმოიხილავს Sockpuppet-ების კოორდინირებულ ქმედებებს ქართული პოლიტიკის ირგვლივ, პოპულარულ ენციკლოპედიაში - ვიკიპედია.
პორტალმა ვიკიპედიამ, 2022 წლის 25 მაისიდან - 2024 წლის 3 იანვრამდე პერიოდში ჩაატარა გამოძიება და გამოავლინა მომხმარებელი ArsenalAtletico2017, რომელიც ათეულობით მარიონეტის შექმნით ცდილობდა საზოგადოებრივ აზრზე მოეხდინა გავლენა. მათ შორის, საკუთარ შექმნილ sockpuppet-ებს, ორ მომხმარებელს, რომლებსაც თავად მართავდა, ერთმანეთში აკამათებდა, რათა გამოეწვია კამათში სხვა მომხმარებლების ჩართვა და მსგავსი მანიპულაციური ხერხით დაპირისპირების კერების შექმნა.
საგულისხმოა, რომ ექაუნთის შექმნისას, ArsenalAtletico2017, ძირითადად, არედაქტირებდა ნაკლებად ცნობილი ამერიკელი ნეონაცისტის, ფრენსის პარკერ იოკის (Francis Parker Yockey) ვიკიპედიის გვერდს, შექმნა ახალი გვერდები იოკის წიგნების შესახებ. ბოლო ხანებში იგი გადაერთო ქართულ პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე. განხილვებისას, რამდენიმე კომენტარში აღნიშნავდა, რომ არის ქართველი და ამიტომ არედაქტირებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს.
მომხმარებლის პირველი საეჭვო მოქმედება 2022 წლის 25 მაისს დაფიქსირდა, როცა ArsenalAtletico2017-მა განსაკუთრებული აქტიურობა დაიწყო ფრენსის პარკერ იოკის ირგვლივ. ამ პროცესში ის მუშაობდა სტატიებზე, რომელიც იოკის ნაშრომებს ეხებოდა. ვიკიპედიის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მომხმარებლის უკანასკნელი 500 აქტივობა, პირდაპირ თუ ირიბად, იოკისა და მის შემოქმედებას ეხებოდა. ამ უცნაური გააქტიურებიდან მალევე ვიკიპედიაზე მომხმარებელი DerTag14 შეიქმნა, რომელმაც ასევე იოკისთან დაკავშირებით დაიწყო წერა და სტატიაში სახელწოდებით “ეზოთერული ნაციზმი” (Esoteric Nazism), მის შესახებ ცალკე სექციაც კი შექმნა. DerTag14 Sockpuppet-ად გამოვლინდა და მისი ანგარიში დაიბლოკა. ეს ისტორია აქ არ დასრულებულა: 2022 წლის 26 მაისს შეიქმნა კიდევ ერთი ახალი ანგარიში Basedofficial14, რომელმაც გააგრძელა მუშაობა იოკის ერთ-ერთი ნაშრომის შესახებ სტატიაზე. რედაქტორი, რომელმაც ამხილა Basedofficial14 წერს, რომ მისი ხელწერა ძალიან ჰგავდა ArsenalAtletico2017-ისას, რადგან ისიც მიდრეკილი იყო იოკის ანტისემიტიზმი გადაეფარა მისი შემოქმედების ზოგადი შეჯამების გზით. ამ შენიშვნის საფუძველზე, Basedofficial14 ასევე Sockpuppet-ად გამოცხადდა და მისი ანგარიშიც დაიბლოკა. ამავე მიზეზით, 2022 წლის 4 ივნისს დაიბლოკა ArsenalAtletico2017-ის კიდევ ერთი ყალბი იდენტობა - Reumnon.
ArsenalAtletico2017-ის და მისი მარიონეტების ადრეული აქტიურობა მიზნად ისახავდა რედაქტირებების ისტორიის შექმნას, რათა შემდგომში წარმოჩენილიყვნენ როგორც სანდო რედაქტორები.
27 ივნისს გამოვლინდა კიდევ ერთი შესაძლო Sockpuppet-ი, Isquad33, რომელმაც ყურადღება კვლავ იოკის ირგვლივ მუშაობით მიიქცია, თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევაში, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა: მომხმარებელმა დაარედაქტირა სტატია ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვის გამომწვევი მხატვრული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” (And Then We Danced) შესახებ. მომხმარებელი, რომელმაც Isquad33 ამხილა, შენიშვნაში წერს, რომ მან სტატიიდან რამდენიმე წყარო წაშალა. ასევე, ანა სუბელიანი მოიხსენია, როგორც “ლიბერალი აქტივისტი”, როცა ყველა არსებულ წყაროში ეს უკანასკნელი მოხსენიებული იყო როგორც “სამოქალაქო აქტივისტი”.
დაბლოკვამდე მომხმარებელმა გამოამჟღავნა ჰომოფობიური და პოლიტიკური განწყობების მაჩვენებელი ქცევებიც. კერძოდ, სტატიაში სახელწოდებით “2021 Tbilisi Pride protests” დაამატა ბმული, რომელსაც მკითხველი გადაჰყავდა სტატიაში სახელწოდებით “Dickhead” (თარგმნას არ საჭიროებს). იგივე სტატიაში, გარდა ამ ცვლილებისა, დაამატა საქართველოს მთავრობისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესახებ ვიკიპედიაში არსებული სტატიების ბმულები. ამ ფაქტით შეიძლება დავასკვნათ, რომ ნეონაცისტურად განწყობილი ArsenalAtletico2017 ჰომოფობიური შეხედულებების გარდა, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისათვის ხელსაყრელ ნარატივსაც იზიარებს, კერძოდ, ცდილობს, დააკავშიროს ერთმანეთთან Pride პროტესტები და ქართული ოპოზიცია, რაც საზოგადოების ნაწილში მათ დისკრედიტაციას ემსახურება.
საინტერესოა ამავე მომხმარებლის კიდევ ერთი Sockpuppet-ის, Silveresc-ის საქმიანობაც, რომელიც სხვა მომხმარებელს ირაკლი კობახიძის შესახებ სტატიის რედაქტირებისას დაუპირისპირდა და გააპროტესტა მისი “ანტიევროპული” და “ანტიდასავლური” შეხედულებების მქონედ მოხსენიება. 2024 წლის თებერვლის დასაწყისში ArsenalAtletico2017-ს მსგავსი მომხმარებელი ისევ გამოჩნდა, ამჯერად, სახელით Liverpoolfan12600. ის ირაკლი კობახიძის შესახებ სტატიიდან იმავე ნაწილის წაშლას ცდილობდა, რომელიც წარსულში Silveresc-მა გააპროტესტა. Liverpoolfan12600 ამტკიცებდა, რომ მიუხედავად მსგავსი რიტორიკისა, ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი სწორედ მაშინ მიიღო, როცა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იყო.
ეს ვიკიპედიის გამოძიების ნაწილი არ არის, თუმცა თავად ArsenalAtletico2017-ის მოქმედებების ისტორიის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში ის ცდილობდა ჩაესწორებინა სტატია “გლდანის ციხის სკანდალი”, თუმცა ამის გაკეთება ორჯერ ვერ მოახერხა, საავტორო უფლებების დარღვევის გამო. მომხმარებელი ასევე მუშაობდა სტატიებზე ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს კონსტიტუციის შესახებ.
2023 წელს ვიკიპედიაზე ArsenalAtletico2017-ის ორ ძირითად Sockpuppet-ს, Silveresc-სა და Cutoc-ს ვხვდებით. ამ შემთხვევაში ArsenalAtletico2017-ის მიდგომა უფრო კომპლექსური და, შეიძლება ითქვას, სტრატეგიულად უკეთ გათვლილი იყო. Cutoc და Silveresc ერთსა და იმავე სტატიაზე მუშაობდნენ. Silveresc 2023 წლის აგვისტოში მუშაობა დაიწყო აფხაზეთის ომისა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ენციკლოპედიაში არსებული სტატიების რედაქტირებაზე და წყაროების წაშლაზე, შემდეგ კი ორივე სტატიის შემთხვევაში ჩაერთო ე.წ Editing War-ში (რედაქტირების ომი). სწორედ აქ დაიწყო მოქმედება მეორე ყალბმა მომხმარებელმა - Cutoc-მა. ეს უკანასკნელი უფრო ნაკლებად რადიკალურ პოზიციას იჭერდა, აკრიტიკებდა Silveresc-ს რადიკალური შეხედულებებისთვის და ხაზს უსვამდა, რომ არსებობის უფლება ყველა პოზიციას აქვს. მეტიც, მოგვიანებით ის რიგ შემთხვევებში დაეთანხმა კიდეც Silveresc-ს. ამ კონკრეტულთან მიმართებით კი, საკუთრივ საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ სტატიების რედაქტირებაზე მნიშვნელოვანი ArsenalAtletico2017-ის ტაქტიკაა. ის მოქმედებისთვის ორ საკუთარ Sockpuppet-ს იყენებს. გავიხსენოთ, რომ ამ ეტაპზე მისი ძირითადი ანგარიში უკვე დაბლოკილია და მას “სუფთა” ახალი ანგარიში სჭირდება, ასეთი კი ამ მოცემულობაში Cutoc უნდა გახდეს. სწორედ ამას ემსახურება შედარებით რადიკალური მარიონეტის კრიტიკა, რათა მეორე მარიონეტმა ადმინისტრატორის ნდობა მოიპოვოს. მიუხედავად ამ თავდადებული ცდისა, ადმინისტრატორმა ArsenalAtletico2017-ის ორივე ანგარიშში ამოიცნო და, რა თქმა უნდა, დაბლოკა ისინი.
2023 წლის მარტის აქციებიდან, დაახლოებით, 1 თვეში, 23 აპრილს ArsenalAtletico2017-ის ერთ-ერთმა ყალბმა მარიონეტმა (Silveresc-მა) უპასუხა კომენტარს “ხალხის ძალის” შესახებ არსებული ინგლისურენოვანი სტატიის განხილვის სექციაში. კომენტარში აღნიშნული იყო, რომ “ხალხის ძალა” პრორუსული პოლიტიკური პარტიაა და სტატიაში ეს უნდა აღნიშნულიყო, თუმცა Silveresc-მა პარტიის პრორუსულობა უარყო. მისი თქმით, “ხალხის ძალას” პრორუსულობა არ გამოუმჟღავნებია და “საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის გამო აშშ-ის გაკრიტიკება პრორუსობას არ ნიშნავს”.
საბოლოოდ, 2022 წლის მაისში ArsenalAtletico2017 დაიბლოკა. შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნა ადმინისტრატორმა არ დააკმაყოფილა. მომხმარებელი წერდა, რომ ის იდეოლოგიური შეხედულებების გამო დაჩაგრეს, ვიკიპედია მემარცხენე შეხედულებების მიმართ მიკერძოებული იყო და არსებული ვითარება არ გაჰკვირვებია. ცოტა ხანში “შეწყალება” ისევ ითხოვა და აღიარა, რომ არღვევდა ენციკლოპედიის წესებს, რის გამოც წუხდა და შეცდომას აღარ გაიმეორებდა, თუმცა ამჯერადაც უარი მიიღო, რის მიზეზადაც ადმინისტრატორმა Sockpuppet-ების შექმნა დაასახელა.
სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” მფლობელმა კომპანიამ, Meta-მ, 2023 წლის 3 მაისს საგარეო საფრთხეების კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებამ შეიტყო, რომ Meta-მ წაშალა საქართველოში არსებული არაავთენტური ქსელი, რომელშიც 117 აქტივი შედიოდა. Meta-მ კოორდინირებულად მოქმედი ქსელი საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს დაუკავშირა. კომპანიის თქმით, "ოპერაციაში ჩართული ადამიანები ცდილობდნენ, ერთმანეთთან კავშირი და საკუთარი იდენტობები შეენიღბათ". "რეალურად, ეს ოპერაცია საპროტესტო აქციებს მიმდინარე რეჟიმში პასუხობდა, მათ შორის, პოსტები ვრცელდებოდა ღამითაც. სამთავრობო გზავნილების უფრო დიდ აუდიტორიაზე გასავრცელებლად $33,500 დაიხარჯა" (Meta).
სოციალური ქსელები და ფეისბუქი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ვიკიპედია. თუმცა სტატიაში მოყვანილი მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ ჩვენს მიერ განხილული მოქმედებების ავტორი, მცირედი მანიპულაციებითა და ცვლილებებით ცდილობდა საზოგადოების პოზიტიური აზრი მიემართა მმართველი ძალის წევრების მიმართ და გარკვეულწილად “გაეშავებინა” ოპოზიცია, 2021 წლის მარტის პროტესტები და ამით შეექმნა საზოგადოებრივი განწყობა. ამის მაგალითად გამოდგება საპროტესტო აქციის დაკავშირება ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, რაც ზეპარტიული პროტესტის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
შესაძლოა დღეის გადმოსახედიდან აღნიშნულ ბლოგში მიერ აღწერილი პრობლემა ნაკლებად მწვავე იყოს ვიდრე სოციალურ მედიაში გაჩაღებული კამპანიური ბრძოლა, თუმცა ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის ყველა საშუალება, მათ შორის უკვე ვიკიპედიაც გამოიყენება.
-
მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, SIDA-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. SIDA შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.