ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 5 ოქტომბერი 2023

სტატია მომზადებულია საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის (IMS) ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტის - „ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში”- ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოცხადებული ანალიტიკური სტატიების კონკურსისთვის „მონაცემები ცვლილებებისთვის“. ნაშრომის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს IDFI-ის/IMS-ის შეხედულებებს.


სტატიის ავტორი:  ნინო ბრეგაძე

 

შესავალი


ტყე საქართველოს უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია. ტერიტორიის ტყით დაფარულობის თვალსაზრისით, საქართველოს საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს - ტყეებს ქვეყნის ფართობის თითქმის 43%-ს უჭირავს. (1)


სარგებელი, რომელიც ტყეებს ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის მოაქვს - შეუფასებელია. წყლის რეგულირება, ნიადაგის დაცვა, კლიმატის რეგულირება, რეკრეაცია და ესთეტიკური ღირებულება - ეს ყოველივე სწორედ ტყის ეკოსისტემის სიჯანსაღეზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ასევე ტყის სიჯანსაღეზეა დამოკიდებული ისეთი დარგები, როგორებიცაა, მაგალითად, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.
ტყეები გვამარაგებს არამერქნული რესურსით (მაგ: სოკო, ტყის ხილი და კენკრა, სამკურნალო მცენარეები), სამასალე და საშეშე მერქნით. ამ უკანასკნელზე ყველაზე მეტად ქვეყნის მოწყვლადი, სოფლად მცხოვრები მოსახლეობაა დამოკიდებული.


ეს ტენდენცია არც სხვა განვითარებადი ქვეყნებისთვისაა უცხო. გლობალურად, 1,6 მილიარდი ადამიანი (მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 25%) დამოკიდებულია ტყეებზე, რომელთაგან უმეტესობა მსოფლიოს ყველაზე ღარიბი მოსახლეობაა. (2)


შეშის არამდგრადი, გადაჭარბებული მოხმარება და სიღარიბე ერთგვარ მანკიერ წრეს ქმნიან. ადამიანებს სიღარიბე უბიძგებთ ტყის რესურსები, მაგალითად, საშეშე მერქანი დიდი რაოდენობით და არასწორი მეთოდებით გამოიყენონ, შედეგად კი კიდევ უფრო ღარიბდებიან, რადგან ბუნებრივ გარემოს ადგება ზიანი.


სწორედ ამიტომაა, რომ ტყის რესურსების გამოყენება, რეგულირება და სატყეო პოლიტიკა მეტად მგრძნობიარე საკითხებია და მრავალ უწყებრივ მიდგომას მოითხოვს. ილუსტრაციისთვის გავიხსენოთ შიდა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი. იგი 100,000-ზე 31,72 ადამიანია, რაც ევროპისა და კავკასიის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.(3)


შიდა ჰაერის დაბინძურება, სამწუხაროდ, სწორედ შეშის გამოყენების შედეგია. განსაკუთრებით ნედლი შეშის წვისას, კუსტარული შეშის ღუმელების გამოყენებისას, გამოიყოფა წვრილი ნაწილაკები და მავნე აირები. სამწუხაროდ, უხშირესად ღუმელთან მოხუცები, ბავშვები, ქალები, შშმ პირები იმყოფებიან და მეტად ზარალდებიან.


მაინც რამდენად მოთხოვნადია შეშა საქართველოში? არსებობს თუ არა რეალურად დეფიციტი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის და რამდენად დიდია არელეგალური ჭრების მოცულობა? ქვემოთ სწორედ ამ კითხვებზე პასუხის პოვნას შევეცდებით და გავაანალიზებთ, თუ სად წყდება მონაცემთა ჯაჭვი და რა პრობლემა იმალება სტატისტიკის მიღმა.


შეშის მოთხოვნა-მიწოდების მონაცემთა ანალიზი


გაზიფიცირებული სოფლების მატების მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობისთვის შეშა კვლავ გათბობის ძირითადი რესურსია. ამ ტენდენციის მიზეზები კომპლექსურია - შეშის სიიაფიდან - ყოველდღიურობაში ჩამჯდარ ჩვევებამდე და ტრადიციებამდე.


საქართველოს ენერგო ბალანსის შესახებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) ყოველწლიურად ამზადებს. 2021 წლის ანგარიშში მოტანილია მონაცემები შეშისა და სხვა ბიოსაწვავის შესახებ. აქ აღნიშნულია, რომ 2021 წელს წარმოებული შეშა თითქმის მთლიანად შინამეურნეობებმა მოიხმარეს, ჯამში - 1,249,600.00 მ3 .


კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელია საქსტატის მიერ 2022 წლის შინამეურნეობების მიერ მოხმარებული ენერგორესურსების ანგარიშში:
დიაგრამა 1: შინამეურნეობების მიერ საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის მოხმარებული ენერგორესურსები, საქსტატი, 2022 წ.


 

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წელს შინამეურნეობებმა (საქართველოს მასშტაბით, სოფლად და ქალაქად) საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის, 1,766.5 ათასი მ3 მოიხმარეს.


სად და როგორ მოიპოვებენ შინამეურნეობების შეშას?


მოსახლეობის მოთხოვნას საშეშე მერქანზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ეროვნული სატყეო სააგენტო აკმაყოფილებს. აჭარის ა/რ-ში - აჭარის სატყეო სააგენტო.


სსსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2021 წლის ანგარიშში შეგვიძლია ვნახოთ, თუ რა რაოდენობის საშეშე მერქანი გამოიყო მოსახლეობისათვის და რა რაოდენობა აითვისა მოსახლეობამ რეალურად.


დიაგრამა 2: 2021 წელს მოსახლეობის მიერ ათვისებული საშეშე მერქნი რ-ბა (კუბ. მეტრი), ეროვნული სატყეო სააგენტო

 

 

ეროვნული სატყეო სააგენტოს 2021 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გამოყოფილი 306,132 მ3 მერქნული რესურსიდან მოსახლეობამ აითვისა მხოლოდ 252,906.53 მ3. ამ რიცხვს უნდა დავამატოთ 52, 809 მ3 - საშეშე მერქნის რაოდენობა, რომელიც აჭარის სატყეო სააგენტომ 2021 წელს გამოყო. შეიძლება ითქვას, განსაცვიფრებელია სხვაობა შინამეურნეობების მიერ მოხმარებულ შეშის მოცულობასა და სატყეო სააგენტოს მიერ გამოყოფილ საშეშე მერქნის მოცულობას შორის.

 

კიდევ ერთი მონაცემი, რაც დაგვეხმარება პრობლემის მასშტაბურობის აღქმაში არის ბილეთების რაოდენობა, რომელთა მეშვეობითაც მოხდა საშეშე მერქნის ათვისება. სატყეო სააგენტო 2021 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სოციალური ჭრის ფარგლებში ხე-ტყის დამზადების ბილეთები შეიძინა 36,544.0-მა კომლმა, მაშინ, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის 2022 წლის კვლევის მიხედვით, მხოლოდ კახეთის რეგიონში, სათბობ რესურსად მხოლოდ შეშას 36,649 (!) კომლი იყენებს, ხოლო შეშისა და ბუნებრივი აირის კომბინაციას - 24,044 კომლი. მარტივად რომ ვთქვათ, ფაქტობრივად, ქვეყნის მასშტაბით ლეგალურად გამოყოფილი შეშა მხოლოდ ერთი რეგიონის მოსახლეობისთვისაც არ არის საკმარისი.


ვინაიდან შეშის იმპორტი არ ხდება, შეგვიძლია გამოვთქვათ საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სხვაობა მოხმარებული შეშის რაოდენობასა და ლეგალურად, საჯარო უწყებების მიერ გამოყოფილ რაოდენობას შორის არალეგალური ჭრებით ივსება.


სწორედ აქ შედის სტატისტიკური მონაცემები ჩიხში. საქსტატი ყოველწლიურად აქვეყნებს არალეგალური ტყის ჭრების რაოდენობას. მაგალითად, 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ 11,541 მ3 მოიჭრა არალეგალურად.

 

დიაგრამა 3: შეშის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზი 2021 წლის მაგალთზე

 

 

ასეთი დაბალი მონაცემი შეიძლება იმით აიხსნას, რომ გარემოს ზედამხედველობის სამსახურს არ ჰყოფნის რესურსი სრულყოფილად აწარმოოს არალეგალური ჭრების მონიტორინგი. სწორედ ამ პრობლემას უსვამს ხაზს სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2021 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში - „ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები, რომელიც კვლავ არ კარგავს აქტუალურობას, მნიშვნელოვნად უკავშირდება ტყის რესურსების კონტროლის სისტემის ნაკლოვანებებს“.(4)

 

დასკვნა


ირკვევა, რომ სატყეო სექტორის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას შეგვიძლია გაურკვეველი წარმოშობის შეშის არსებობის უგულებელყოფა მივიჩნიოთ. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ტყის კოდექსის მიღება აღიარებულია, როგორც დიდი ნაბიჯი პროგრესისკენ, საგულისხმოა, რომ 2026 წლიდან სატყეო სააგენტო აკრძალავს სოციალურ ჭრებს და თავად დაამზადებს საშეშე მერქანს, მაგრამ კვლავ ტრადიციული რაოდენობით. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს რისკი, ათასობით ოჯახის მოთხოვნა შეშაზე კვლავ არამდგრადი და არაკანონიერი გზით იქნეს მოპოვებული, გარემოს დიდი ზიანი მიადგეს, ტყეების ყველა ეკოლოგიური და რეკრეაციული ფუნქცია დაეცეს. ამგვარად, დასაწყისში ნახსენები მანკიერი წრიდან გასასვლელი არ ჩანს.


მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები საჯარო მმართველობის ოქროს სტანდარტია. დაუშვებელია გაურკვეველი წარმომავლობის შეშის არსებობის უგულებელყოფა და სატყეო რეფორმის ამგვარად დაწყება. თუ არსებობს გონივრული ეჭვი საქსტატის მონაცემების სისწორესთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ჩატარდეს ეროვნული დონის კვლევა საშეშე მერქანზე რეალური მოთხოვნის შესაბამისად და მხოლოდ შემდეგ გაუქმდეს სოციალური ჭრები და დაიხარჯოს ქვეყნის ბიუჯეტის თუ დონორული თანხები სატყეო რეფორმის ფარგლებში.

 

***

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

1. საქართველოს პარლამენტი, (2013), ეროვნული სატყეო კონცეფცია. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2157869?publication=0

 

2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, (2022), საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/ilxUZ

 

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, (2021), საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია. ხელმისაწვდომია: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/32027

 

4. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, (2022), შინამეურნეობების მიერ მოხმარებული ენერგორესურსების ანგარიში. ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/787/energoresursebis-mokhmareba-shinameurneobebshi

 

5. ეროვნული სატყეო სააგენტო, (2021), წლიური ანგარიში. ხელმისაწვდომია:
https://forestry.gov.ge/Ge/Reports

 

6. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, (2021), საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა, სტატისტიკური პუბლიკაცია. ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/media/49756/GAREMO_geo_2021.pdf

 

7. CENN, (2022), სათბობი რესურსების ბაზრის კვლევა - კახეთი. ხელმისაწვდომია:
https://shorturl.at/fxHY3



8. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, (2021), ხე-ტყის კომერციული და სოციალური მართვის შემდგომი რეაგირების აუდიტის ანგარიში. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/kwJM8

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023