ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 22 აპრილი 2024

მოკლე შეჯამება


ციფრულმა ტრანსფორმაციამ და ახალი ტექნოლოგიების განვითარებამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა მონაცემების გამოყენებით საზოგადოებრივი კეთილდღეობის გასაზრდელად. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მონაცემების ხელმისაწვდომობით გამოწვეული სოციალური და საზოგადოებრივი კეთილდღეობის არგუმენტთან ერთად, აქტუალური გახდა ხელმისაწვდომი მონაცემების კერძო სექტორის გამოყენებით მიღებული ეკონომიკური სარგებელი. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, კერძო სექტორი მნიშვნელოვან მოგებას არა მხოლოდ ბიზნეს/ეკონომიკური საქმიანობით შექმნილი მონაცემებიდან, არამედ ღია სამთავრობო მონაცემების შედეგად იღებს. 

 

ევროკავშირის ქვეყნებში ბოლო წლებში აქტიურად ტარდებოდა კვლევები ღია მონაცემების ხელმისაწვდომობით გამოწვეული შესაძლო ეკონომიკური სარგებლის შესახებ. აღნიშნული კვლევა, საქართველოს რეალობაში არის ერთ-ერთი პირველი ანალიტიკური ნაშრომი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში გამოყენებული მეთოდოლოგიების ადაპტირებითა და საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, ადგენს ღია მონაცემების ეკონომიკურ ასპექტებს. ასევე, გამოყოფს მაღალი გავლენისა და პოტენციალის მქონე სექტორებს, და აიდენტიფიცირებს იმ მონაცემთა ბაზებს, რომელთა ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ეკონომიკურად მომგებიანია საქართველოში მოქმედი კერძო კომპანიებისთვის. 

 

საქართველოში ღია სამთავრობო მონაცემების ეკონომიკური პოტენციალის შესწავლის მიზნით შემდეგი აქტივობები განხორციელდა:

 

     -  საერთაშორისო ლიტერატურის მიმოხილვა - შესწავლილ იქნა ღია მონაცემების ეკოსისტემის განვითარებისა და ეკონომიკური სარგებლის შესახებ არსებული ლიტერატურა.

      -  მეთოდოლოგიის შემუშავება - ევროკავშირის ქვეყნებში გამოყენებული მეთოდოლოგიების ადაპტირებით, შემუშავდა მეთოდოლოგია და მეთოდები, რომლებიც ადგენენ ღია მონაცემების ბაზრის, მათ შორის პირდაპირი და არაპირდაპირი ბაზრის ზომას, ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის საშუალებით წარმოქმნილი ახალი სამუშაო ადგილების ოდენობას, ასევე, ავლენს ღია მონაცემებზე მაღალი გავლენისა და პოტენციალის მქონე სექტორებს.

      -  რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის განხორციელება - კერძო სექტორის საჭიროებების გასარკვევად, გამოყენებულ იქნა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის კომბინირებულ მონაცემთა შეგროვების მეთოდები. მათ შორის, ონლაინ გამოკითხვა, ფოკუს ჯგუფ შეხვედრები და სიღრმისეული ინტერვიუები. ჯამში გამოიკითხა 100 კომპანია. 

 

     -  საერთაშორისო  პრაქტიკის მაგალითები - ცალკეული სექტორებისთვის,  ღია მონაცემების მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, გამოვლინდა საერთაშორისო კარგი პრაქტიკის მაგალითები. მათ შორის, იდენტიფიცირდა მონაცემთა პორტალის გამოყენებით დაინტერესებული მხარეების მიერ შექმნილი  აპლიკაციები / სერვისები.

      -  კერძო-საჯარო დიალოგის (PPD) ხელშეწყობა - ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროების საკითხებზე გაიმართა კერძო-საჯარო დიალოგი, რომლის ფარგლებშიც  წარდგენილ იქნა კვლევის მთავარი მიგნებები და რეკომენდაციები.  

 

კვლევის ფარგლებში ღია სამთავრობო მონაცემების კანონმდებლობისა და პრაქტიკის კუთხით რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა:

 

      - ღია სამთავრობო მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ქვეყანას არ აქვს ერთიანი ხედვა და სტრატეგია, ასევე, ღია სამთავრობო მონაცემების ერთიანი მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო. 

      - მართალია არსებობს ღია მონაცემების ოფიციალური პორტალი, მაგრამ აღსრულების მექანიზმების არარსებობის პირობებში, საჯარო დაწესებულებები მასზე მონაცემებს წლებია არ აქვეყნებენ/აახლებენ. 

      - ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის კანონის არასათანადო აღსრულების გამო, რთულია დადგინდეს რა მონაცემთა ბაზებია დაცული საჯარო დაწესებულებებში.

      - კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის საჭიროა ღია სამთავრობო მონაცემების ეკონომიკური და სხვა საზოგადოებრივი კეთილდღეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. 

 

კვლევის ფარგლებში ევროკავშირის მეთოდოლოგიების ადაპტირებით, IDFI-მ საქართველოში ღია სამთავრობო მონაცემების შესახებ მნიშვნელოვანი გამოთვლების გაკეთება შეძლო. კერძოდ, დადგინდა, რომ საქართველოს ღია მონაცემების ბაზრის მიახლოებითი ზომა შეადგენს მშპ-ს 0.9%-ს, რაც 2023 წლის მოსალოდნელი მშპ-ს გათვალისწინებით, 714.2 მილიონ ლარს უტოლდება. მათ შორის,  ღია მონაცემების პირდაპირი ბაზრის ზომა არის 153.9 მილიონი ლარი, ხოლო არაპირდაპირი ბაზრის ზომა 560.3 მილიონი ლარი. 2023 წელს საქართველოში ღია მონაცემებით პირდაპირ დასაქმებული იყო დაახლოებით 800 პირი, ხოლო ღია მონაცემებით ირიბად შექმნილი იყო დაახლოებით 2,912 სამუშაო ადგილი.   

 

ღია მონაცემების ბაზრის განვითარების საბაზისო სცენარის მიხედვით, 2030 წლის მდგომარეობით, საქართველოს ღია მონაცემების ბაზრის ზომა იქნება დაახლოებით 1 მილიარდი ლარი, ხოლო მაღალი პროგრესის პირობებში - 1.4 მილიარდი ლარი.  საბაზისო სცენარის მიხედვით, 2030 წლამდე  საქართველოში  ღია მონაცემებით დამატებით  დასაქმდება 268 პირი,  ხოლო მაღალი პროგრესის პირობებში - 3,802 პირი. 

 

საქართველოზე ადაპტირებული მეთოდოლოგიით, ღია მონაცემებზე ყველაზე მაღალი პოტენციალის და გავლენის მქონე სექტორებად შეფასდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სახელმწიფო მმართველობა, და ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორები.  საშუალო პოტენციალისა და გავლენის მქონე სექტორებად კი ვაჭრობა, ტრანსპორტი და მრეწველობა. 

 

ღია მონაცემებზე ყველაზე მაღალი პოტენციალის და გავლენის მქონე სექტორების იდენტიფიცირების შემდეგ, კვლევის ფარგლებში, აღნიშნული სექტორის წარმომადგენლების საჭიროებების გათვალისწინებით, გამოვლინდა მათთვის მნიშვნელოვანი მონაცემთა ბაზები. გამოკითხვამ აჩვენა, რომ კომპანიები ყველაზე ხშირად ამუშავებენ და აინტერესებთ ბიზნესთან, ფინანსებთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული მონაცემები. თუმცა, თითოეული სექტორის რომელიმე რესპონდენტმა მაინც, ინტერესი გამოხატა ისეთ მონაცემებზე, რომლებიც დაკავშირებულია ტურიზმთან, სოფლის მეურნეობასთან, დემოგრაფიულ და სოციალურ საკითხებთან, ტრანსპორტთან, ასევე, საჭიროდ დასახელდა გეოსივრცითი მონაცემები / რუკები. 


თითოეული სექტორის მიერ დასახელებულ ყველაზე მნიშვნელოვან ღია სამთავრობო ბაზებს შორისაა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეესტრები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ანგარიშგების პორტალები. რესპონდენტთა დიდი ნაწილის მოსაზრებით, თუ აღნიშნული ბაზები API (აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი) ხელმისაწვდომი გახდება, მარტივად შეძლებენ მონაცემების დამუშავებას და სასურველი აპლიკაციების შექმნას.

 

      - საბანკო სექტორისთვის სასურველი მონაცემების უმრავლესობა დაკავშირებულია მათი მომხმარებლების შესახებ  დამატებით პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობასთან. თუმცა, მათი ჩამონათვალი ასევე მოიცავს ისეთ ბაზებს, რომლებიც მათი შინაარსით წარმოადგენს ღია სამთავრობო მონაცემთა ბაზებს და ფარავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი, მშენებლობა და სხვა.

 

      - სადაზღვევო სექტორისთვის სასურველი  მონაცემთა ბაზები დაკავშირებულია ჯანდაცვის სერვისების და მედიკამენტების მოხმარების სრულყოფილ სტატისტიკასთან, გარდაცვალების სრულყოფილ სტატისტიკასთან, უძრავი ქონების საბაზრო ფასებთან, საკადასტრო კოდების მიხედვით დაზღვეულისა და დაზღვევის არმქონე ქონების იდენტიფიცირებასთან, მეტეოროლოგიურ მონაცემებთან და სხვა.

 

      - ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის წარმომადგენლებისთვის  სასურველი  მონაცემთა ბაზები დაკავშირებულია საკადასტრო რუკებთან, ინფრასტრუქტურულ  პროექტებთან, ბიზნეს სუბიექტებისა და საჯარო მოხელეების საკომუნიკაციო მონაცემებთან, სახელმწიფო შესყიდვებთან, ტურისტულ და სატრანსპორტო მონაცემებთან და სხვა. 

 

      - ვაჭრობის და ტრანსპორტის სექტორის წარმომადგენლების მიერ სასურველ მონაცემთა ბაზებად დასახელდა  ექსპორტ-იმპორტის დეტალური მონაცემები, ცალკეული პროდუქტების წარმოების და მოხმარების დეტალური სტატისტიკა, სატრანსპორტო საშუალებებში მგზავრთა ნაკადების შესახებ ინფორმაცია და სხვა. 

 

კვლევის შედეგების საფუძველზე მომზადდა რეკომენდაციები, რომელთა უმეტესობა გულისხმობს ქვეყანაში ღია სამთავრობო მონაცემების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოსა და ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას, საჯარო დაწესებულებების მიერ კერძო სექტორისთვის პრიორიტეტად დასახელებული მონაცემთა ბაზების ღია ფორმატში ხელმისაწვდომობას, ღია სამთავრობო მონაცემების შესახებ ცნობიერების კამპანიების წარმოებას, და საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას. 

 

რეკომენდაციები

 

- საქართველოს მთავრობამ დააჩქაროს ღია მონაცემების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს და ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და მიღება.

 

- ეროვნულ დონეზე გააქტიურდეს ღია მონაცემების ეკონომიკური შედეგების დაკვირვების და ღია მონაცემების ბაზრის გაზომვის პრაქტიკა. 

 

- ქვეყანამ, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყების ჩართულობით, უზრუნველყოს ღია მონაცემების მზაობის ინდექსში მონაწილეობა. 

 

- საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უზრუნველყოს გამოკვლევის  „საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში“ სამიზნე პოპულაციის  იმგვარი შერჩევა, რომ შესაძლებელი იყოს კვლევის შედეგების თითოეული სექტორის მიხედვით განზოგადება.

 

- გადაიხედოს სახელმწიფო სექტორში ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ფასიანი სერვისების მიზანშეწონილობა. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებულ იქნას კონკრეტული მონაცემთა ბაზის გახსნით მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები.

 

- საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება, სადაც განსაზღვრული იქნება საჯარო სექტორის ღია მონაცემების მართვისა და სავალდებულო გამოქვეყნების ერთიანი  სტანდარტები.

 

- საქართველოს მთავრობამ და სსიპ ციფრული მმართველობის  სააგენტომ ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ ღია მონაცემების პორტალის განახლება, და მისი პოტენციური სარგებელის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია.

 

- საჯარო დაწესებულებებმა მაქსიმალურად  უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული და დაგეგმილი მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების იმგვარი ფორმირება და მართვა, რომ შესაძლებელი იქნას მათი ღია მონაცემების პორტალზე განთავსება.

 

- საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზებიდან და რეესტრებიდან პერსონალური ან/და სხვა დახურული ინფორმაციის გამოცალკევება და ღია მონაცემთა ფორმატში მათი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა, ხოლო  ტექნიკურად აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ საკითხებზე აწარმოონ მაქსიმალურად დეტალური სტატისტიკა.

 

- საჯარო მოხელეებისთვის შემუშავდეს ერთიანი სახელმძღვანელო, რომელიც მათ დაეხმარება ღია მონაცემების დამუშავება/გამოქვეყნებაში. ასევე, ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების აღსრულებაში, www.data.gov.ge-ზე ღია მონაცემთა გამოქვეყნების, განახლებისა და მართვის გაუმჯობესებაში.    

 

- საჯარო დაწესებულებებმა შექმნან საზოგადოებრივი გამოკითხვის ელექტრონული მოდულები, რითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება უწყების საქმიანობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე მონაცემთა ღიაობასთან და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

 

- ყველა საჯარო დაწესებულებამ, შეძლებისდაგვარად, უზრუნველყოს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების ღია მონაცემთა პორტალზე (www.data.gov.ge) განთავსება.

 

- კერძო სექტორის წარმომადგენლების პოზიციების გათვალისწინებით, პირველ რიგში მნიშვნელოვანია შემდეგი მონაცემთა ბაზების/პორტალების API ხელმისაწვდომობა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეესტრები (მათ შორის, უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეესტრები), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (procurement.gov.ge) და ანგარიშგების (reportal.ge) პორტალები.

 

- ღია მონაცემებზე დაფუძნებული და ინოვაციური სერვისების დანერგვის მიზნით, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად გაეცნონ საერთაშორისო კარგ პრაქტიკებს და მსგავსი სერვისების საქართველოში განსავითარებლად იდენტიფიცირება გაუკეთონ საჭირო ღია სამთავრობო მონაცემებს. 

 

- მნიშვნელოვანია, კერძო კომპანიებმა პროაქტიულად მოახდინონ მათთვის მნიშვნელოვანი სამთავრობო მონაცემების ხელმისაწვდომობის აუცილებლობის კომუნიკაცია შესაბამის საჯარო უწყებებთან, და კერძო-საჯარო დიალოგისა და პარტნიორობის ფარგლებში, ჩაერთონ მათთვის საინტერესო მონაცემების სათანადო შეგროვებისა და ღია ფორმატში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

 

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ მიბმულ დოკუმენტში. 

 

/public/upload/Analysis/OGD-Report-Final-GEO-2024.pdf

  

შენიშვნა: ამ ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად. დოკუმენტში გამოქვეყნებული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას. 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024